Facebook Twitter

ას-391-742-07 25 ივნისი, 2007 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მიხეილ გოგიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ნუნუ კვანტალიანი, მარიამ ცისკაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – ნაზი კარაევა

კერძო საჩივრის ავტორის წარმომადგენელი – მზია თომაშვილი

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 6 სექტემბრის განჩინება

დავის საგანი – სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2006 წლის 3 აპრილს რამაზან კარაევმა სასარჩელო განცხადებით მიმართა დმანისის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე ნაზი კარაევას მიმართ დედის – ჯავახირ კარაევას დანაშთი ქონებიდან მისი კუთვნილი წილის გამოყოფის მოთხოვნით. 2006 წლის 27 მაისს ნაზი კარაევამ დმანისის რაიონულ სასამართლოში შეგებებული სარჩელი აღძრა და სადავო ქონებაზე თავისი მოთხოვნა განაცხადა. დმანისის რაიონულ სასამართლოს დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით მიმართა ნიჯათ კარაევმა და მოითხოვა დედის სამკვიდრო ქონებიდან სავალდებულო წილის გამოყოფა.

2006 წლის 29 ივნისის დმანისის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით რამაზან კარაევის სარჩელი ნაზი კარაევას მიმართ არ დაკმაყოფილდა, არ დაკმაყოფილდა ნაზი კარაევას შეგებებული სარჩელი რამაზან კარაევის მიმართ და არ დაკმაყოფილდა ასევე მესამე პირის – ნიჯათ კარაევის დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნა რამაზან კარაევის მიმართ.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მახადინ კარაევმა, ბაირამ კარაევმა, მამედ კარაევმა, ნაზი კარაევამ და დამოუკიდებელი სასარჩელო განცხადების ავტორმა ნიჯათ კარაევმა.

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 25 სექტემბრის განჩინებებით განუხილველად იქნა დატოვებული ბაირამ კარაევის, მახადინ კარაევისა და მამედ კარაევის სააპელაციო საჩივრები დაუშვებლობის გამო.

2007 წლის 19 თებერვლის განჩინებით სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ განუხილველად დატოვა ნიჯათ კარაევის სარჩელი ხარვეზის დროულად შეუვსებლობის გამო.

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ განიხილა ნაზი კარაევას სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი. სააპელაციო პალატის 2006 წლის 28 ივლისის განჩინებით საჩივრის ავტორს განესაზღვრა 10 დღიანი ვადა ხარვეზის შესავსებად (ს.ფ.91). აღნიშნული განჩინება ნაზი კარაევასა და მისი ინტერესების დამცველ მზია თომაშვილის სახელზე სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 2 აგვისტოს გაიგზავნა (ს.ფ.940-95). 2006 წლის 24 აგვისტოს სააპელაციო სასამართლოში ხარვეზის შევსების მიზნით, ნაზი კარაევამ წარადგინა სააპელაციო საჩივარი, სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი და მისი კანონიერი წარმომადგენლის ადვოკატის ორდერი (ს.ფ.99).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 6 სექტემბრის განჩინებით განუხილველად დარჩა ნაზი კარაევასა და მისი ინტერესების დამცველ ადვოკატ მზია თომაშვილის სააპელაციო საჩივარი (ს.ფ.110).

სააპელაციო სასამართლოს მითითებით, სააპელაც1იო საჩივრის ავტორმა სასამართლოს მიერ დაწესებულ ვადაში არ გამოასწორა ხარვეზი, რაც სააპელაციო პალატამ საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძვლად მიიჩნია.

ნაზი კარაევას ინტერესების დამცველმა მზია თომაშვილმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 6 სექტემბრის განჩინება 2006 წლის 21 სექტემბერს კერძო საჩივრით გაასაჩივრა საქართველოს უზენაეს სასამართლოში და გასაჩივრებული განჩინების გაუქმება მოითხოვა.

კერძო საჩივრის ავტორმა აღნიშნული მოთხოვნის საფუძვლად მიუთითა, რომ მას ხარვეზის გამოსწორებისათვის მიცემული 10 დღიანი ვადა არ დაურღვევია, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 28 ივლისის ხარვეზის განჩინება მას 2006 წლის 16 აგვისტოს ჩაჰბარდა, ხოლო ხარვეზის შევსების შესახებ განცხადება თბილისის სააპელაციო სასამართლოში ამავე წლის 24 აგვისტოს შეიტანა, რაც წარმოდგენილი საფოსტო შეტყობინებითა და 2006 წლის 24 აგვისტოს თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოქალაქეთა მიღების მიერ ხარვეზის შევსების განცხადებაზე დასმული ბეჭდით დასტურდება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივი დასაბუთებულობა და მიაჩნია, რომ ნაზი კარაევასა და მისი ინტერესების დამცველ მზია თომაშვილის კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს და საქმე სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ხელახლა შესამოწმებლად უნდა დაუბრუნდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას შემდეგ გარემოებათა გამო:

როგორც გასაჩივრებული განჩინებიდან ირკვევა, ნაზი კარაევას სააპელაციო საჩივარი სააპელაციო პალატამ განუხილველად დატოვა სასამართლოს მიერ დაწესებულ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის გამო.

საქმეში წარმოდგენილი მასალებიდან ირკვევა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 28 ივლისის ხარვეზის განჩინება ნაზი კარაევასა და მის კანონიერ წარმომადგენელ მზია თომაშვილს 2006 წლის 2 აგვისტოს გაეგზავნათ. კერძო საჩივარზე დართული საფოსტო შეტყობინებიდან კი ნათლად ჩანს, რომ აღნიშნული განჩინება აპელანტს 16 აგვისტოს ჩაჰბარდა. აპელანტის კანონიერ წარმომადგენელ მზია თომაშვილისათვის აღნიშნული განჩინების ჩაბარების ფაქტი საქმის მასალებიდან არ დასტურდება. ამდენად, სასამართლოს მიერ დანიშნული 10 დღიანი ვადის ათვლა უშუალოდ აპელანტისათვის ხარვეზის ჩაბარების დღიდან დაიწყო, შესაბამისად, ხარვეზის გამოსწორება აპელანტს 2006 წლის 26 აგვისტოს ჩათვლით შეეძლო. როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა, აპელანტმა ხარვეზის შევსების შესახებ განცხადება სააპელაციო სასამართლოში სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში – 24 აგვისტოს შეიტანა (ს.ფ.99). საკასაციო პალატის მიერ საქმის მასალებში ვერ იქნა მოძიებული სხვა ისეთი დოკუმენტი, რომელიც აპელანტის მიერ ხარვეზის შევსების ვადის გაშვებას დაადასტურებდა.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 6 სექტემბრის განჩინება უნდა გაუქმდეს და საქმე სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ხელახლა ხელახლა შესამოწმებლად თბილისის სააპელაციო სასამართლოს იმავე პალატას უნდა დაუბრუნდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ნაზი კარაევას კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

მოცემულ საქმეზე გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 6 სექტემბრის განჩინება და საქმე ნაზი კარაევას სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ხელახლა შესამოწმებლად დაუბრუნდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს იმავე პალატას;

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.