საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
№173აპ-17 ქ. თბილისი
დ. ა-ლ, 173აპ-17 6 სექტემბერი, 2017 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),
ნინო გვენეტაძე, პაატა სილაგაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 27 იანვრის განაჩენზე მსჯავრდებულ ა. დ-სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ლ. მ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 1 დეკემბრის განაჩენით ა. დ., –ნასამართლობის არმქონე, – ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 500 ლარი. გაუქმდა მსჯავრდებულ ა. დ-ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო.
2. აღნიშნული განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 27 იანვრის განაჩენით მსჯავრდებულ ა. დ-ის საუარესოდ შეიცვალა:
ა. დ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 1 000 ლარი.
3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
2016 წლის 6 აგვისტოს, დაახლოებით 19:00 საათზე, ხ-ის რაიონის სოფელ გ-ში არსებულ საავტომობილო გზაზე ა. დ-ემ პირადი მოტივით, ხელთ არსებული ცულის გამოყენებით ს. დ-ეს სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა, რა დროსაც ს. დ-ეს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა დაცვის მხარემ.
5. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით დაცვის მხარე ითხოვს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 27 იანვრის განაჩენის გაუქმებასა და ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 1 დეკემბრის განაჩენის ძალაში დატოვებას იმ მოტივით, რომ სააპელაციო სასამართლოს დასაბუთება ეწინააღმდეგება საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზნებს, რომლის თანახმადაც, მთავარ პრინციპს წარმოადგენს არა სასჯელის სიმკაცრე, არამედ მისი გარდუვალობა (სათანადო რეაგირება). რაიონულმა სასამართლომ გაითვალისწინა შემამსუბუქებელი გარემოებები, კერძოდ, ის რომ ა. დ-ემ აღიარა და გულწრფელად მოინანია ჩადენილი ქმედება, დაზარალებულსა და ბრალდებულს შორის ნათესაური კავშირისა და მათი შერიგების ფაქტი, სასამართლო პროცესის მიმდინარეობისას ბრალდებულის ყოფაქცევა, მისი ასაკი და ქონებრივი მდგომარეობა. სააპელაციო სასამართლომ შეფასების ფარგლებს გარეთ დატოვა დამამძიმებელი გარემოებების არსებობისა და ა. დ-ის სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირების ფაქტი.
6. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
7. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არც ერთი ზემოაღნიშნული საფუძველი, კერძოდ, განსახილველ შემთხვევაში კასატორი ასაჩივრებს მხოლოდ შეფარდებული სასჯელის ზომას და სადავოდ არ ხდის მისთვის ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენას. სასჯელის სამართლიანობასთან დაკავშირებით, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ სრულად შეაფასა როგორც ჩადენილი ქმედების სახე, სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო გარემოებები და პირის ინდივიდუალური მახასიათებლები, ისე - საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების მიღწევის შესაძლებლობანი.
8. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის მნიშვნელოვანი სამართლებრივი და საპროცესო დარღვევებით განხილვის ფაქტი (რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე) წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებიდან არ გამომდინარეობს და ვინაიდან არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნებიც, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
9. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ ა. დ-სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ლ. მ-ის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი
მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე
პ. სილაგაძე