Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

ას-39-324-08 2 აპრილი, 2008 წ.

ქ.თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

როზა ნადირიანი, თეიმურაზ თოდრია

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი _ სს “არქეოპოლისი” (მოსარჩელე)

წარმომადგენელი – ა. გ-ლია

მოწინააღმდეგე მხარე _ სს “გაერთიანებული სადისტრიბუციო ენერგოკომპანია” (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 28 ნოემბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი _ დარიცხული გადასახადის უკანონოდ ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2005 წლის 10 ოქტომბერს სს „არქეოპოლისმა“ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას სს „საქართველოს გაერთიანებული სადისტრიბუციო ენერგოკომპანიის“ წინააღმდეგ.

სარჩელში მითითებულია, რომ 2004 წლის აგვისტოში სს „საქართველოს გაერთიანებული სადისტრიბუციო ენერგოკომპანიის“ სენაკის ფილიალის მიერ შემოწმდა სს „არქეოპოლისის“ ¹985837 მრიცხველი. შემოწმება მოხდა ვიზუალურად და მოპასუხის წარმომადგენელმა შეადგინა ელექტროაღრიცხვიანობის შემოწმების აქტი ¹01584 სადაც მითითებულია, რომ მრიცხველი საჭიროებს ლაბორატორიულ შემოწმებას, რისთვისაც სს „არქეოპოლისის“ მუშაკებმა მრიცხველი ჩააბარეს ინდ. მეწარმე „დ.სვანიძეს“.

2005 წლის 26 აპრილს მოპასუხის ფილიალმა სს „არქეოპოლისს“ შესწორების კოეფიციანტით 2003 წლის 1 სექტემბრიდან 2004 წლის 2 სექტემბრამდე დაარიცხა ელექტროენერგიის ღირებულება 19849,2 ლარი.

მოსარჩელე მიიჩნევს, რომ ელექტროენერგიის ღირებულების დარიცხვა არაკანონიერია და ბათილად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგი მოსაზრების გამო:

აბონენტსა და მოპასუხეს შორის წინასწარ შეთანხმებით არ ყოფილა დადგენილი, რომ მრიცხველის მოშლის ან დაზიანების შემთხვევაში გამოყენებული იქნებოდა მოპასუხის მიერ დადგენილი ფორმულა ელექტროენერგიის ღირებულების გამოსაყვანად ან დასაანგარიშებლად.

მოპასუხე თანხის დარიცხვისას დაეყრდნო ამავე კომპანიის 2004 წლის 20 აპრილის ¹25 ბძრანებით დამტკიცებული ელექტროენერგიის აღრიცხვიანობის შემოწმებისა და დარიცხვის მეთოდებისა და პროცედურების (კომპანიის შიდა განაწესით) დადგენილ ფორმულას, რაც არ წარმოადგენს ნორმატიულ აქტს, იგი არ არის რეგისტრირებული საქართველოს ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრში.

უდავოა ის გარემოება, რომ მოსარჩელე არ იტაცებდა ელექტროენერგიას, რაც დასტურდება მოპასუხის 2005 წლის 8 სექტემბრის წერილით. ამდენად, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ არ არსებობს მისთვის 19849,2 ლარის გადახდის დაკისრების სამართლებრივი საფუძველი, ვინაიდან მხარეთა შორის არ არსებობს შეთანხმება ზემოთ მითითებული მეთოდიკის გამოყენების თაობაზე. 2006 წლის 29 ივნისს მოსარჩელე სს „არქეოპოლისმა“ დააზუსტა სარჩელი და მოითხოვა სს „საქართველოს გაერთიანებული სადისტრიბუციო ენერგოკომპანიის“ ელექტროენერგიის აღრიცხვიანობის შემოწმების ¹01584 აქტით დადგენილი დარღვევის და ამ დარღვევის აქტზე დარიცხვის ცენტრალური კომისიის მიერ გამოცემული 2005 წლის 26 აპრილის გადაწყვეტილებით არქეოპოლისზე დარიცხული თანხის 19849,2 ლარის არაკანონიერად ცნობა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 2 მაისის გადაწყვეტილებით სს “არქეოპოლისის” სარჩელი სს “საქართველოს გაერთიანებული სადისტრიბუციო ენერგოკომპანიის” წინააღმდეგ სს “საქართველოს გაერთიანებული სადისტრიბუციო ენერგოკომპანიის” მიერ 2004 წლის აგვისტოს თვის ელექტროენერგიის აღრიცხვიანობის შემოწმების ¹01584 აქტით დადგენილი დარღვევის და ამ აქტის საფუძველზე დარიცხვის ცენტრალური კომისიის მიერ გამოცემული 2005 წლის 26 აპრილის გადაწყვეტილებით სს “არქეოპოლისზე” დარიცხული 19849,2 ლარის არაკანონიერად აღიარების მოთხოვნით არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სს “არქეოპოლისის’ წარმომადგენელმა ა. გ-ლიამ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 28 ნოემბრის განჩინებით სს “არქეოპოლისის” სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 18 სექტემბრის განჩინებით სს „არქეოპოლისის“ სააპელაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და განსაზღვრული იქნა 10 დღიანი ვადა ხარვეზის გამოსასწორებლად; პალატამ მიიჩნია, რომ ხარვეზის შესახებ განჩინება აპელანტს ჩაბარდა 2007 წლის 24 სექტემბერს, ხოლო მის წარმომადგენელს - 2007 წლის 21 სექტემბერს; საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ 2007 წლის 28 ნოემბრისათვის ხარვეზი გამოსწორებული არ იყო.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 28 ნოემბრის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა სს “არქეოპოლისის” წარმომადგენელმა ა. გ-ლიამ.

კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, პირველი ინსტანციის სასამართლოში მათ მიერ გადახდილი იყო მთლიანად სახელმწიფო ბაჟი. ამჟამად სააქციო საზოგადოება “არქეოპოლისი” განიცდის ეკონომიურ სიძნელეებს და მატერიალურად გაჭირვებულ მდგომარეობაშია, რის გამოც ვერ შეძლეს სახელმწიფო ბაჟის გადახდა.

აღნიშნულიდან გამომდინარე კერძო საჩივრის ავტორმა მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ონ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატა გაეცნო წარმოდგენილ კერძო საჩივარს, საქმის მასალებს, და თვლის, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 18 სექტემბრის განჩინებით ს.ს. ,,არქეოპოლისის” სააპელაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და განესაზღვრა ვადა სახელმწიფო ბაჟის გადასახდელად.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ აღნიშნული გაჩინება აპელანტს ჩაბარდა 2007 წლის 24 სექტემბერს, (ს.ფ.118) ხოლო მის წარმომადგენელს 21 სექტემბერს. (ს.ფ.119) მხარეს ხარვეზი არ გამოუსწორებია დადგენილ ვადაში, რის გამოც სააპელაციო პალატამ 2007 წლის 28 ნოემბრის განჩინებით ს.ს. ,,არქეოპოლისის” სააპელაციო საჩივარი დატოვა განუხილველი.

პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად დატოვა განუხილველი სააპელაციო საჩივარი, ვინაიდან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად თუ სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს, ხოლო 374-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად თუ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ესა თუ ის პირობა არ არსებობს, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ, რაზედაც შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე და საქმეზე დადგენილი გარემოებების შესაბამისად, ს.ს. ,,არქეოპოლისის” მხრიდან ხარვეზის დროულად შეუვსებლობა წარმოადგენდა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების სამოქალაქო საპროცესო კოდექსით გათვალისწინებულ სამართლებრივ საფუძველს.

საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის განმარტებას იმის თაობაზე, რომ ვინაიდან სააქციო საზოგადოება მძიმე ეკონომიურ მდგომარეობაშია და ვერ შეძლო სახელმწიფო ბაჟის გადახდა, აღნიშნულ გარემოებაზე მითითება შეიძლება გახდეს სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 28 ნოემბრის განჩინების გაუქმების საფუძველი.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ.

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ რადგან მხარემ სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში არ შეავსო ხარვეზი, შესაბამისად დაკარგა აღნიშნული საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება. აქედან გამომდინარე არ ასებობს საჩივარში მითითებული გარემოების, კერძოდ მისი მძიმე ეკონომიური მდგომარეობის გათვალისწინების საფუძველი, მითუმეტეს რომ მას რაიმე დამადასტურებელი მტკიცებულება ამისა არც წარმოუდგენია.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო პალატა თვლის რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს მისი უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის გამო.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ონ ა წ ი ლ ი:

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ს.ს. ,,არქეოპოლისის” წარმომადგენლის ა. გ-ლიას კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 28 ნოემბრის განჩინება

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.