Facebook Twitter

¹ას-403-719-09 25 მაისი, 2009 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატამ

მოსამართლე: მ. სულხანიშვილი

საქმის ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა ნ. ძ-ურის კერძო საჩივრის დასაშვებობის საკითხი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 31 მარტის განჩინებაზე.

პ ა ლ ა ტ ა მ გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

საკასაციო სასამართლო საქმის ზეპირი განხილვის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს და მიაჩნია, რომ ნ. ძ-ურის კერძო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.

ამავე კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, თუ საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი არ დაიშვება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2009 წლის 5 მაისის განჩინებით კერძო საჩივრის ავტორს დაევალა განჩინების ასლის ჩაბარებიდან 3 დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის _ 50 ლარის ჩარიცხვის დამადასტურებელი ქვითრის წარმოდგენა (ს.ფ. 73-74). აღნიშნული განჩინების ასლი კერძო საჩივრის ავტორს გაეგზავნა კანონით დადგენილი წესით და ჩაბარდა 2009 წლის 13 მაისს (ს.ფ. 75-76), შესაბამისად ხარვეზის შესავსებად განსაზღვრული საპროცესო ვადა ამოიწურა მიმდინარე წლის 18 მაისს. აღნიშნულ ვადაში კერძო საჩივრის ავტორის მიერ ხარვეზი არ იქნა შევსებული.

2009 წლის 22 მაისს ნ. ძ-ურმა განცხადებით მომართა საკასაციო პალატას, რასაც დაურთო სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.

მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ კერძო საჩივრის ავტორს ხარვეზის შესავსებად მიცემული საპროცესო ვადა ამოეწურა 2009 წლის 18 მაისს, ხოლო მის მიერ ხარვეზი გამოსწორებულ იქნა მიმდინარე წლის 22 მაისს, ანუ საპროცესო ვადის 4 დღის გასვლის შემდეგ. ზემოაღნიშნული მუხლიდან გამომდინარე ნ. ძ-ურის მიერ საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ წარმოდგენილი დოკუმენტი განუხილველი უნდა დარჩეს და მას უნდა დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი _ 50 ლარის ოდენობით.

პალატა თვლის, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის ბოლო წინადადების თანახმად, კერძო საჩივარი დაუშვებელია და უნდა დარჩეს განუხილველი.

პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით, 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ნ. ძ-ურის კერძო საჩივარი, როგორც დაუშვებელი დარჩეს განუხილველად.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.