ას-40-394-07 2 აგვისტო, 2007 წ.
ქ.თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მიხეილ გოგიშვილი (თავმჯდომარე),
მ. ცისკაძე (მომხსენებელი), თეიმურაზ თოდრია
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი _ გ. ს-ის ძე ჯ-ი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე _ გ. ბ-ის ძე ჯ-ი (მოსარჩელე)
დავის საგანი – მესაკუთრედ ცნობა, სამემკვიდრეო მოწმობის გაუქმება, იპოთეკის ხელშეკრულების ბათილად ცნობა, აუქციონის შედეგების ბათილად ცნობა და რეესტრში შესაბამისი ცვლილებების შეტანა
გასაჩივრებული სასამართლოს განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 20 ნოემბრის განჩინება
კერძო საჩივრის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ს. ჯ-ს საკუთრების უფლებით ეკუთვნოდა ქ.თბილისში, ... ქ. ¹56ა-ში მდებარე საცხოვრებელი სახლი, რომელიც აშენებულია 225 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე, ძირითად და დამხმარე შენობა-ნაგებობებით საერთო ფართი _ 212 კვ.მ.
ს. ჯ-ი გარდაიცვალა 1987 წელს, მას დარჩა ორი შვილი _ ბ. და გ. ჯ-ები. ისინი მამის სიცოცხლეში ფლობდნენ ზემოაღნიშნულ მისამართზე მდებარე საცხოვრებელი სახლის½1/2-1/2 ნაწილს და ფაქტობრივად გაყოფილი ჰქონდათ სამკვიდრო. ბ. ჯ-ს შვილია გ. ჯ-ი. 1999 წელს გარდაიცვალა ბ. ჯ-ი, მისი გარდაცვალების შემდეგ საცხოვრებელ ბინაში დარჩა მისი ცოლ-შვილი. მოსარჩელემ მიუთითა, რომ ბაბუის, ს. ჯ-ს გარდაცვალების შემდეგ მემკვიდრეობა არ გაუფორმებია, იგი სამოქალაქო კოდექსის 1421-ე მუხლის თანახმად მემკვიდრეობას მიღებულად თვლიდა, ვინაიდან ფაქტიურად ფლობდა და მართავდა სამკვიდროს.
გ. ბ-ის ძე ჯ-მ 2004 წლის ივნისში სარჩელით მიმართა სასამართლოს მოპასუხეების გ. ს-ის ძე ჯ-ს, ქ. თბილისის ნოტარიუსი ლ. გ-ის, ქ. თბილისის ნოტარიუსი დ. შ-ის, თბილისის ...ბიუროს, .. .. მიმართ და მოითხოვა დადგენილად ჩაითვალოს, რომ მამამისს, აწ გარდაცვლილ ბ. ჯ-ს ფაქტობრივად მიღებული ჰქონდა მამის ს. ჯ-ზე რიცხული სახლთმფლობელობის 1/2 ნაწილი მდებარე ქ.თბილისში, ... ქ. ¹56ა-ში და ეს ნაწილი წარმოადგენდა მის საკუთრებას; მოითხოვა ასევე დადგენილად ჩაითვალოს, რომ მას, როგორც ბ. ჯ-ს მემკვიდრეს მიღებული ჰქონდა მამის სამკვიდრო ქონება, მდებარე ქ.თბილისში, ... ქ. ¹56ა-ში სახლთმფლობელობის 1/2-ის სახით და ეს ქონება წარმოადგენს მის საკუთრებას; მოსარჩელემ მოითხოვა ასევე ბათილად იქნეს ცნობილი 2000 წლის 29 ივნისს გ. ს-ის ძე ჯ-ს სახელზე გაცემული მემკვიდრეობის მოწმობა სახლთმფლობელობის 1/2 ნაწილში; ბათილად იქნეს ცნობილი გ. ჯ-ს მიერ მ.კ-ის სასარგებლოდ 2001 წელს გაფორმებული იპოთეკის ხელშეკრულება ... ქ. ¹56ა-ში მდებარე სახლთმფლობელობის 1\2 ნაწილის იპოთეკით დატვირთვის შესახებ; ბათილად იქნეს ცნობილი 2001 წლის 22 აგვისტოს ჩატარებული აუქციონის შედეგები ქ.თბილისში ... ქ. ¹56ა-ში მდებარე სახლთმფლობელობის 1/2 ნაწილში და შესაბამისი ცვლილებები იქნეს შეტანილი საჯარო რეესტრში.
გ. ს-ის ძე ჯ-მ შესაგებელში მიუთითა, რომ გ. ბ-ის ძე ჯ-ს უნდა მიეცეს თავისი კუთვნილი წილი სამკვიდრო ქონების 1\2-დან; მან მოითხოვა ასევე ნოტარიუსი შ-ის მიერ 2000 წლის 29 ივნისს გაცემული სამემკვიდრეო მოწმობის გაუქმება; სადავო ბინაზე 2001 წელს გაფორმებული იპოთეკის ხელშეკრულების გაუქმება; ასევე გ. კ-ის სახელზე საცხოვრებელი სახლის რეგისტრაციის გაუქმება; მან მოითხოვა ასევე ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2001 წლის 6 აპრილის განჩინების გაუქმება.
ქ.თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 25 მარტის გადაწყვეტილებით გ. ბ-ის ძე ჯ-ს სარჩელი დაკმაყოფილდა; დადგენილად იქნა მიჩნეული ის ფაქტი, რომ გ. ბ-ის ძე ჯ-ს მამას აწ გარდაცვლილ ბ. ს-ის ძე ჯ-ს ფაქტობრივად ჰქონდა მიღებული მამის ს. ჯ-ს სახელზე რიცხული სახლთმფლობელობის 1/2 ნაწილი მდებარე ქ.თბილისში, ... ქ. ¹56ა-ში და ეს ნაწილი წარმოადგენს მის საკუთრებას; დადგენილად იქნა მიჩნეული ის ფაქტი, რომ გ. ბ-ის ძე ჯ-ს, როგორც ბ. ს-ის ძე ჯ-ს შვილს, მიღებული ჰქონდა მამის სამკვიდრო ქონება, მდებარე ქ.თბილისში, ... ქ. ¹56ა-ში სახლთმფლობელობის 1/2-ის სახით და ეს ქონება წარმოადგენს მის საკუთრებას; ბათილად იქნა ცნობილი 2000 წლის 29 ივნისს გ. ს-ის ძე ჯ-ს სახელზე გაცემული სამკვიდრო მოწმობა ქ.თბილისში ... ქ. ¹56ა-ში მდებარე სახლთმფლობელობის 1/2 ნაწილში. ბათილად იქნა ცნობილი გ. ს-ის ძე ჯ-ს მიერ გ. კ-ის სასარგებლოდ 2000 წლის 1 ივლისს გაფორმებული იპოთეკის ხელშეკრულება ... ქ. ¹56ა-ში მდებარე სახლთმფლობელობის ½1/2 ნაწილის იპოთეკით დატვირთვის შესახებ; ბათილად იქნა ცნობილი 2001 წლის 22 აგვისტოს ჩატარებული აუქციონის შედეგები ... ქ. ¹56ა-ში მდებარე სახლთმფლობელობის ნაწილში და შესაბამისად ცვლილებები იქნა შეტანილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურების ჩანაწერებში.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა გ. კ-მა.
გ. ს-ის ძე ჯ-მა სააპელაციო სასამართლოს მიმართა შესაგებლით და მიუთითა, რომ რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება კანონიერია, მაგრამ მისი მოსაზრებით სასამართლოს მთლიანად უნდა გაეუქმებინა როგორც იპოთეკის ხელშეკრულება, ისე აუქციონის შედეგები. მან შესაგებლით მოითხოვა სადავო ბინის იპოთეკის ხელშეკრულების ბათილად ცნობა; ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს მიერ 2001 წლის 6 აპრილს სამოქალაქო საქმე ¹2\832-ზე გამოტანილი განჩინების გაუქმება; სადავო ბინაზე ჩატარებული აუქციონის შედეგების მთლიანი გაუქმება; ასევე, მის სახელზე გაცემული სამემკვიდრეო მოწმობის მთლიანად გაუქმება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 20 ნოემბრის განჩინებით გ. კ-ს სააპელაციო საჩივარი და გ. ს-ის ძე ჯ-ს შეგებებული სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.
სააპელაციო პალატის განჩინება დასაბუთებულია იმით, რომ გ. კ-ს სასამართლო სხდომის დღის შესახებ ეცნობა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით, რაც დადასტურებულია საფოსტო გზავნილით, მაგრამ იგი არ გამოცხადდა სხდომაზე და გამოუცხადებლობის მიზეზი არ აცნობა სასამართლოს. სასამართლომ გ.კ-ის სააპელაციო საჩივარი განუხილველად დატოვა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 387-ე მუხლის მესამე ნაწილის, 229-ე მუხლის მეორე ნაწილის და 275-ე მუხლის “დ” პუნქტის საფუძველზე.
სააპელაციო პალატამ გ. ს-ის ძე ჯ-ს შეგებებული სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძვლად მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 379-ე მუხლის ბოლო წინადადებაზე, რომლის შესაბამისად სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შემთხვევაში არ განიხილება შეგებებული სააპელაციო საჩივარიც. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა ასევე გ. ს-ის ძე ჯ-ს მითითება იმის შესახებ, რომ მის მიერ სააპელაციო სასამართლოში 2005 წლის 8 ივლისს წარდგენილი შესაგებელი წარმოადგენს შეგებებულ სარჩელს, ხოლო 2006 წლის 31 მაისს წარდგენილი “დამატებითი შესაგებელი - შუამდგომლობა – განცხადება” შეგებებული სარჩელის დაზუსტებას. სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ გ. ს-ის ძე ჯ-ს მიერ წარმოდგენილი შესაგებელი არც ფორმით და არც შინაარსით არ პასუხობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 177-178-189-ე მუხლით დადგენილი შეგებებული სარჩელის მოთხოვნებს. იგი თავისი შინაარსიდან გამომდინარე შეგებებულ სააპელაციო საჩივარს წარმოადგენს.
გ. ს-ის ძე ჯ-მა კერძო საჩივრით გაასაჩივრა სააპელაციო პალატის განჩინება და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი საფუძვლებით:
მისი მოსაზრებით, სააპელაციო პალატამ არასწორად დატოვა მისი “შესაგებელი სარჩელი” განუხილველი იმის გამო, რომ გ.კ-ს სააპელაციო საჩივარი განუხილველად იქნა დატოვებული. კერძო საჩივრის ავტორი ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მან 2005 წლის 18 ივლისს თბილისის საოლქო სასამართლოს სააპელაციო პალატაში შეიტანა შესაგებელი, რომლითაც მოითხოვა იპოთეკის ხელშეკრულების გაუქმება, ასევე, ქ.თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს საქმე ¹2/832-ზე 2001 წლის 6 აპრილს განჩინების გაუქმება. მან ამ შესაგებლით მოითხოვა ასევე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ... ბიუროს 2001 წლის 22 აგვისტოს და 29 აგვისტოს აუქციონის გაუქმება. გ. ს-ის ძე ჯ-ი მიუთითებს, რომ ვინაიდან სააპელაციო სასამართლოში მოცემული საქმე არ იყო განხილული, მან 2006 წლის 31 მაისს იმავე სასამართლოში შეიტანა დამატებითი “შესაგებელი სარჩელი” და სასამართლოს სთხოვა მისი მოთხოვნების განხილვა. სააპელაციო სასამართლომ კი არ გაითვალისწინა მისი მოთხოვნა და მიიღო უკანონო განჩინება მისი საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატა საქმის მასალების შესწავლის, კერძო საჩივრის მოტივების შემოწმების შედეგად თვლის, რომ გ. ს-ის ძე ჯ-ს კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
დადგენილია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 20 ნოემბრის განჩინებით გ. კ-ს სააპელაციო საჩივარი და გ. ს-ის ძე ჯ-ს შეგებებული სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად (ს.ფ. 244-248).
საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად ჩათვალა დადგენილად, რომ გ. ს-ის ძე ჯ-ს მიერ სააპელაციო სასამართლოში 2005 წლის 8 ივლისს წარდგენილი შესაგებელი არც ფორმით და არც შინაარსით არ პასუხობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 177-178-ე და 189-ე მუხლით დადგენილ იმ მოთხოვნებს, რომელსაც კანონმდებელი შეგებებული სარჩელის აღმძვრელ პირს უყენებს.
როგორც საქმის მასალებით ირკვევა, გ. ს-ის ძე ჯ-მ შესაგებელში მიუთითა, რომ რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება კანონიერია, იგი დაეთანხმა მოსარჩელის მოთხოვნას, მაგრამ მისი მოსაზრებით სასამართლოს მთლიანად უნდა გაეუქმებინა როგორც იპოთეკის ხელშეკრულება, ისე აუქციონის შედეგები. მან შესაგებლით მოითხოვა სადავო ბინის იპოთეკის ხელშეკრულების ბათილად ცნობა; ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს მიერ 2001 წლის 6 აპრილს სამოქალაქო საქმე ¹2\832-ზე გამოტანილი განჩინების გაუქმება; სადავო ბინაზე ჩატარებული აუქციონის შედეგების მთლიანი გაუქმება; ასევე, მის სახელზე გაცემული სამემკვიდრეო მოწმობის მთლიანად გაუქმება.
საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ გ. ს-ის ძე ჯ-ს მიერ სააპელაციო პალატაში წარდგენილი შესაგებელი თავისი შინაარსით არ წარმოადგენს შეგებებულ სარჩელს; სააპელაციო პალატამ სწორად ჩათვალა, რომ იგი თავისი შინაარსიდან გამომდინარე და პროცესუალური ბუნების გათვალისწინებით წარმოადგენს შეგებებულ სააპელაციო საჩივარს. შესაბამისად სააპელაციო პალატამ სწორად გამოიყენა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 379-ე მუხლის ბოლო წინადადება, რომლის შესაბამისად სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შემთხვევაში არ განიხილება შეგებებული სააპელაციო საჩივარიც.
ყოველივე ზემოაღნიშნული მიუთითებს იმაზე, რომ გ. ს-ის ძე ჯ-ს შეგებებული სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებისას სააპელაციო სასამართლოს კანონი არ დაურღვევია, რის გამოც გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-420-ე, 284-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
გ. ს-ის ძე ჯ-ს კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
უცვლელი დარჩეს მოცემულ საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 20 ნოემბრის განჩინება;
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.