საკასაციო საჩივრების დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
№197აპ-17 ქ. თბილისი
ლ. გ-ი, 197აპ-17 28 სექტემბერი, 2017 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),
ნინო გვენეტაძე, პაატა სილაგაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 27 თებერვლის განაჩენზე საქართველოს მთავარი პროკურატურის პროკურორ გიორგი ლილუაშვილისა და მსჯავრდებულ გ. ლ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ი. ქ-ის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 8 თებერვლის განაჩენით გ. ლ., ნასამართლევი, – ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი და მე-3 ნაწილებით და მიესაჯა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2015 წლის 28 მაისიდან.
2. ამავე განაჩენით ო. მ., ნასამართლობის არმქონე, – ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და განესაზღვრა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობით, 3 წლის გამოსაცდელი ვადით; მასვე სასჯელის ვადაში მოხდილად ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო – 2015 წლის 28 მაისიდან იმავე წლის 21 სექტემბრის ჩათვლით.
3. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 27 თებერვლის განაჩენით შეიცვალა: ო. მ-ს საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით განესაზღვრა ჯარიმა – 1500 ლარი, რაც სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით, შეუმსუბუქდა და საბოლოოდ განესაზღვრა ჯარიმა – 500 ლარი. განაჩენი დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელად.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ გ. ლ-ემ ჩაიდინა ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და გასაღება, ხოლო ო. მ-მა – საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა, რაც გამოიხატა შემდეგში:
· გ. ლ-ემ გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა და ინახავდა ქარხნული წესით დამზადებულ „BERETTA-ს“ მოდელის №- პისტოლეტს, რომელიც 2015 წლის 21 თებერვალს 550 ლარად მართლსაწინააღმდეგოდ გაასაღა ხ-ის რაიონის დაბა ს-ში, რ-ის ქ. №--ში მცხოვრებ გ. მ-ზე. ბალისტიკური ექსპერტიზის 2015 წლის 23 თებერვლის №- დასკვნით, №- იარაღი წარმოადგენს ქარხნული წესით დამზადებულ, „BERETTA-ს“ მოდელის, 1934 წლის ნიმუშის, 7,65 მმ კალიბრიgy პისტოლეტს, მიეკუთვნება ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას და ვარგისია სროლისათვის.
· ო. მ-მა გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა და ხ-ის რაიონის დაბა ს-ში, -ის ქ. №--ში, თავის საცხოვრებელ სახლში, მართლსაწინააღმდეგოდ ინახავდა ქარხნული წესით დამზადებულ 68 ვაზნას, რომლებიც ბალისტიკური ექსპერტიზის 2015 წლის 29 მაისის №- დასკვნით, მიეკუთვნება საბრძოლო მასალათა კატეგორიას და ვარგისია დანიშნულებისამებრ გამოსაყენებლად.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს პროკურორმა გიორგი ლილუაშვილმა და მსჯავრდებულ გ. ლ-ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ი. ქ-ემ.
6. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით ბრალდების მხარე ითხოვს განაჩენში ცვლილების შეტანას და ო. მ-სათვის სასჯელის სახედ და ზომად თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრას, ხოლო დაცვის მხარე – განაჩენის გაუქმებას და გ. ლ-ის გამართლებას იმ მოტივით, რომ საქმეში არ არსებობს მტკიცებულება, რომელიც უტყუარად დაადასტურებდა გ. ლ-ის რაიმე სახით მონაწილეობას უკანონო ქმედების ჩადენაში.
7. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და მივიდა დასკვნამდე, რომ ისინი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
8. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არც ერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
9. საკასაციო საჩივრებისა და საქმის შესწავლის შედეგად საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს გარემოება, რომლის გამოც საქმეს ექნებოდა არსებითი მნიშვნელობა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.
10. დაცვის მხარე ვერ უთითებს ისეთ სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო პალატის განმარტებას. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და არც საკასაციო პალატის მიერაა მოსალოდნელი ამ საქმეზე პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება, ვინაიდან მსჯავრდებულ გ. ლ-თვის შერაცხული ქმედება წარმოადგენს საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებულ დანაშაულს, ხოლო რაიმე ისეთი გარემოება, რაც შესაძლოა, საკასაციო პალატის პრაქტიკის შეცვლის საფუძველი გამხდარიყო, საქმიდან და საკასაციო საჩივრიდან არ იკვეთება. გ. ლ-სათვის ინკრიმინირებული დანაშაულის ჩადენა დასტურდება სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით, კერძოდ: მოწმეების – ვ. ს-ას, დ. გ-ის, გ. მ-ის ჩვენებებით, საქართველოს შს მინისტრის 2015 წლის 2 თებერვლის დადგენილებით დანაშაულებრივ ჯგუფში პოლიციის მუშაკის ჩართვის (ჩანერგვის) შესახებ, სატელეფონო საუბრების ფარული მიყურადება-ჩაწერის შედეგად მოპოვებული კრებსითი ამონაბეჭდებით, აუდიო-ვიდეოჩანაწერით, ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების – საკონტროლო შესყიდვის ჩატარების შესახებ 2015 წლის 20 თებერვლის დადგენილებით, ფულადი თანხის გამოყოფის 2015 წლის 20 თებერვლის ოქმით, პისტოლეტის დათვალიერების ოქმით, ბალისტიკური ექსპერტიზის №- და ფიზიკო-ტექნიკური ექსპერტიზის № დასკვნებით, ექსპერტების – ლ. ბ-სა და ვ. ბ-ის ჩვენებებით და სხვ.. აღნიშნულიდან გამომდინარე, ადვოკატ ი. ქ-ის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
11. რაც შეეხება ბრალდების მხარის მითითებას, რომ მსჯავრდებულ ო. მ-ს სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა, რათა მიღწეულ იქნეს სასჯელის მიზნები, პალატა მიუთითებს, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულად შეაფასა სასჯელის დანიშვნის როგორც ზოგადსავალდებულო გარემოებები და პირის ინდივიდუალური მახასიათებლები, ისე – საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების მიღწევის შესაძლებლობანი. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ნასამართლობის არმქონე პირისათვის, დანაშაულის დამამძიმებელი გარემოებების არარსებობის პირობებში, მისი ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გათვალისწინებით, არასაპატიმრო სასჯელის განსაზღვრა არ ეწინააღმდეგება საკასაციო სასამართლოს პრაქტიკას (#1275ap-07, №1087აპ-10).
12. ამდენად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული არც ერთი მოთხოვნა, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
13. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. პროკურორ გიორგი ლილუაშვილისა და მსჯავრდებულ გ. ლ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ი. ქ-ის საკასაციო საჩივრები არ იქნეს დაშვებული განსახილველად.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი
მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე
პ. სილაგაძე