საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
ას-410-656-08 23 ივნისი, 2008 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მიხეილ გოგიშვილი (თავმჯდომარე)
მოსამართლეები:
ნუნუ კვანტალიანი (მომხსენებელი), ლალი ლაზარაშვილისაქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი _ გ. ხ-იძე (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე _ სს “თ.-ი” (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 21 მარტის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – დავალიანების დარიცხვის შესახებ აქტის ბათილად ცნობა, უკანონოდ დარიცხული დავალიანების გადახდისაგან გათავისუფლება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
გ. ხ-იძემ სარჩელი აღძრა სასამართლოში სს “თ.-ის” მიმართ ელექტროენერგიის აღრიცხვიანობის შემოწმების აქტის ბათილად ცნობისა და უკანონოდ დარიცხული დავალიანების _ 3000 ლარის გადახდისაგან გათავისუფლების შესახებ შემდეგი საფუძვლით: ქ.თბილისში, ...-ის ქ.¹16-ში მდებარე ბინა მოსარჩელის საკუთრებას წარმოადგენს, თუმცა 2002 წლიდან იგი საცხოვრებლად გადავიდა დაბა სურამში. სს “თ.-ის” კომერციული პრეტენზიების სამსახურის 2007 წლის 18 მაისის ¹6-3030 წერილით გ.ხაჩიძემ შეიტყო, რომ 2007 წლის 27 მარტს ელექტროენერგიის დატაცების ფაქტთან დაკავშირებით შედგა აქტი და მას დაეკისრა დავალიანების 3000 ლარის გადახდა. ფაქტობრივად, მოსარჩელის მიერ ელექტროენერგიის დატაცება არ მომხდარა.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 9 იანვრის გადაწყვეტილებით გ. ხ-იძის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც მოსარჩელემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 21 მარტის განჩინებით გ. ხ-იძის სააპელაციო საჩივარი, დაუშვებლობის გამო, დარჩა განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო: სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ გ. ხ-იძეს საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების დასაბუთებული ასლი გადაეცა 2008 წლის 7 თებერვალს და სააპელაციო საჩივარი აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე შეიტანა ამავე წლის 22 თებერვალს. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ აპელანტმა დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი სააპელაციო საჩივრის შეტანის ერთთვიანი ვადა. პალატამ იხელმძღვანელა ამავე კოდექსის 63-ე მუხლით და სასამართლოს მიერ დადგენილი საპროცესო ვადის დარღვევით შეტანილი სააპელაციო საჩივარი განუხილველად დატოვა.
სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე გ. ხ-იძემ შეიტანა კერძო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება და სააპელაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა შემდეგი საფუძვლებით: სააპელაციო სასამართლომ არასწორად მიიჩნია, რომ აპელანტს საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლი ჩაბარდა 2008 წლის 7 თებერვალს. მითითებულ დროს სასამართლო გზავნილი ჩაბარდა ხაშურის საფოსტო განყოფილებას, რასაც ადასტურებს კერძო საჩივარზე დართულ კონვერტზე დასმული 2008 წლის 7 თებერვლით დათარიღებული ხაშურის საფოსტო განყოფილების ბეჭედი. ცხადია, რომ ხაშურის რაიონული ფოსტის მიერ სასამართლო გზავნილის 2008 წლის 7 თებერვალს მიღების პირობებში, მითითებული გზავნილი იმავე დღეს დაბა სურამში მყოფ გ.ხაჩიძეს ვერ ჩაბარდებოდა, არამედ იგი ადრესატს გადაეცა მომდევნო დღეს _ 8 თებერვალს.
მოცემული საქმის მასალებით ირკვევა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 9 იანვრის გადაწყვეტილებით გ. ხ-იძის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. საქმეში წარმოდგენილი ხელწერილით დასტურდება, რომ დასახელებული დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლი მოსარჩელეს პირადად ჩაბარდა 2008 წლის 7 თებერვალს, სააპელაციო საჩივარი კი მხარემ შეიტანა 2008 წლის 22 ივლისს.
სააპელაციო სასამართლომ 2008 წლის 21 მარტის განჩინებით გ. ხ-იძის სააპელაციო საჩივარი, როგორც კანონით დადგენილი ვადის დარღვევით შეტანილი, განუხილველად დატოვა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ გ. ხ-იძის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა შეადგენს 14 დღეს. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისთვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისთვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების შესაბამისად. მითითებული ნორმის შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ სააპელაციო საჩივარი შეტანილ უნდა იქნეს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის გადაცემის მომენტიდან 14 დღის განმავლობაში. ამასთან, მითითებული ვადა იმპერატიულადაა დადგენილი და მისი გაგრძელების შესაძლებლობას სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა არ ითვალისწინებს.
მოცემულ შემთხვევაში პირველი ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლი გ.ხაჩიძეს ჩაბარდა 2008 წლის 7 თებერვალს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის შეტანის 14-დღიანი ვადის ათვლა დაიწყო 2008 წლის 8 თებერვლიდან და, ამავე კოდექსის 61-ე მუხლის თანახმად, ამოიწურა 2008 წლის 21 თებერვალს.
საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებას, რომ მას პირველი ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილება ჩაბარდა 2008 წლის 8 თებერვალს საფოსტო გზავნილი მეშვეობით და სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაც სწორედ ამ მომენტიდან უნდა აითვალოს, ვინაიდან, როგორც ზემოთ აღინიშნა, საქმის მასალებში წარმოდგენილი ხელწერილი ადასტურებს გ.ხაჩიძის მიერ სადავო გადაწყვეტილების ასლის 2008 წლის 7 თებერვალს პირადად ჩაბარების ფაქტს.
ამდენად, სააპელაციო სასამართლომ სააპელაციო საჩივრის შეტანის კანონით დადგენილი ვადა 2008 წლის 7 თებერვლიდან სწორად აითვალა და დარღვეულად მართებულად ჩათვალა, რადგან გ.ხაჩიძემ სააპელაციო საჩივარი შეიტანა 2008 წლის 22 თებერვალს, აპელანტის მიერ გასაჩივრებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14-დღიანი ვადის გასვლის შემდეგ, რაც მისი სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
გ. ხ-იძის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 21 მარტის განჩინება დარჩეს უცვლელი.
სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.