Facebook Twitter

ას-410-726-09 2 ივლისი, 2009 წ.

ქ.თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე)

თ. თოდრია (მომხსენებელი), რ. ნადირიანი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – კ. ტ-შვილი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – კოოპერატივი “ა-ი” (მოსარჩელე)

დავის საგანი – გამარტივებული წესით დავალიანების გადახდა

გასაჩივრებული სასამართლოს განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 2 მარტის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

გორის სასოფლო-სამეურნეო კოოპერაციული საკრედიტო ასოცოაცია – რეგისტრირებული კოოპერატივი “ა-მა” განცხადება შეიტანა სასამართლოში გამარტივებული წესით დავალიანების გადახდევინების შესახებ.

მან მიუთითა, რომ 2002 წლის 30 სექტემბრის საკრედიტო ხელშეკრულებით კ. ტ-შვილმა გორის სასოფლო-სამეურნეო საკრედიტო ასოციაცია რ/კ “ა-იდან” სესხის სახით მიიღო 8280,5 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარებში - 18000 ლარი 12 თვის ვადით, წლიური 18%-ით. სესხი იყო მიზნობრივი – ხორბლის წარმოებისათვის. პროცენტთან ერთად სესხი უნდა დაბრუნებულიყო 2003 წლის 30 სექტემბრამდე. ვადის გადაცილების შემთხვევაში მსესხებელი ვალდებული იყო გადაეხადა საურავი ყოველ ვადაგადიცლებულ დღეზე 0,2%-ის ოდენობით. მიუხედავად არაერთი გაფრთხილებისა, კ. ტ-შვილმა ვალი სრულად არ დაფარა. განმცხადებელმა მოითხოვა კ. ტ-შვილს დაეკისროს ძირითადი თანხის პროცენტისა და საურავის გადახდა სულ 16701,84 აშშ დოლარის ოდენობით.

გორის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 25 სექტემბრის გადახდის ბრძანების საფუძველზე კ. ტ-შვილს გორის სასოფლო-სამეურნეო კოოპერაციული ასოციაცია – რეგისტრირებული კოოპერატივის სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისრა 16701,84 აშშ დოლარის დავალიანების და სახელმწიფო ბაჟის - 875 ლარის გადახდა.

გადახდის ბრძანების ჩაბარების შემდეგ კ. ტ-შვილმა 2007 წლის 28 ნოემბერს სასამრთლოს მიმართა შესაგებელი-პროტესტით, რომლითაც მოითხოვა გორის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 25 სექტემბრის გადახდის ბრძანების გაუქმება და საქმის სასარჩელო წესით განხილვა.

გორის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 18 დეკემბრის განჩინებით გაუქმდა გორის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 25 სექტემბრის გადახდის ბრძანება და დაინიშნა საქმის განხილვა სასარჩელო წარმოების წესით.

გორის რაიონულმა სასამართლომ 2007 წლის 21 მაისს მოპასუხე – კ. ტ-შვილის გამოუცხადებლობს გამო მიიღო დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რომლითაც დაკმაყოფილდა მოსარჩელე გორის სასოფლო-სამეურნეო კოოპერაციული საკრედიტო ასოციაცია – რეგისტრირებული კოოპერატივი “ა-ის” სარჩელი.

აღნიშნულ დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე საჩივარი შეიტანა კ. ტ-შვილმა.

გორის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 30 ივლისის განჩინებით კ. ტ-შვილის საჩივარი მიღებულ იქნა წარომებაში. ამავე სასამართლოს 2008 წლის 25 ივნისის განჩინებით არ დაკმაყოფილდა კ. ტ-შვილის საჩივარი და ძალაში დარჩა გორის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 21 მაისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება.

აღნიშნულ განჩინებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა კ. ტ-შვილმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 2 მარტის საოქმო განჩინებით აპელანტ კ. ტ-შვილის სააპელაციო საჩივარი მისი გამოუცხადებლობის გამო დარჩა განუხილველად.

აღნიშნულ საოქმო განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა კ. ტ-შვილმა. მან მიუთითა, რომ სასამართლო პროცესზე ვერ გამოაცხადდა ავადმყოფობის გამო. მან წარმოადგინა ფლავის ამბულატორიის ექმის მ. მიქაბერიძის მიერ გაცემული ცნობა იმის შესახებ, რომ კ. ტ-შვილს 2009 წლის 2 მარტიდან 7 მარტის ჩათვლით აღენიშნებოდა მწვავე ბრონქიტი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კერძო საჩივრის ავტორმა მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო კერძო საჩივარს და მიაჩნია, რომ კ. ტ-შვილის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 229-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო მთავარ სხოდმაზე არ გამოცხადდება მოსარჩელე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით, მოპასუხის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლოს შეუძლია გამოიტანოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ მოპასუხე არ მოითხოვს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანას, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სარჩელის განუხილველად დატოვების შესახებ.

სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ სააპელაციო პალატის სხდომაზე არ გამოცხადდა აპელანტი, რომელსაც კანონით დადგენილი წესით გაეგზავნა სასამართლო უწყება სასამართლო პროცესის დანიშვნის შესახებ. მოწინააღმდეგე მხარემ – რ/კ “ა-ის” წარმომადგენელმა – დ. წ-ამ იშუამდგომლა სასამართლო პროცესზე სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საპატიო მიზეზად ჩაითვლება მხარის ავადმყოფობა, რომელიც დადასტურებული უნდა იქნეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე.

საკასაციო პალატა თვლის, რომ მოცემულ შემთხვევაში მხარის მიერ წარმოდგენილ ცნობას ხელს არა აწერს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელი, ასევე ცნობაში არ არის მითითებული პროცესზე გამოუცხადებლობის შეუძლებლობაზე.

საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ კ. ტ-შვილის გამოუცხადებლობა სასამართლო პროცესზე სწორად მიიჩნია არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლად, რაც სააპელაციო სასამართლოს აძლევდა უფლებას, გამოუცხადებელი მხარის მიმართ გამოეტანა განუხილველად დატოვების განჩინება.

საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მხარეები სასამართლო სხდომაზე მოწვეულნი იყვნენ კანონით დადგენილი წესით და ამ შემთხვევაში ადგილი არა აქვს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლით გათვალისწინებული გარემოებების არსებობას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

კ. ტ-შვილის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 2 მარტის განჩინება;

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.