Facebook Twitter

¹ას-411-727-09 8 მაისი 2009 წელი.

ქ.თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა,

მოსამართლე რ. ნადირიანი

საკასაციო სასამართლომ საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა გ. გ-ძის წარმომადგენელ ნ. ს-შვილის კერძო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 19 მარტის განჩინებაზე.

პალატამ გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 10 ივლისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით მ. მ-იანის სარჩელი მოპასუხე გ. გ-ძის მიმართ მფლობელობის შეწყვეტილად აღიარების თაობაზე დაკმაყოფილდა. ქ. თბილისში, ... მე-2 შესახვევი ¹2-ში მდებარე ¹3 ოთახსა და დამხმარე ფართზე მოპასუხე გ. გ-ძის მფლობელობა აღიარებულ იქნა შეწყვეტილად. ამავე სასამართლოს 2008 წლის 12 დეკემბრის განჩინებით გ. გ-ძის საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 10 ივლისის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გადასინჯვისა და საქმის განახლების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნული დაუსწრებელი გადაწყვეტილება და განჩინება სააპელაციო წესით გაასაჩივრა გ. გ-ძის წარმომადგენელმა ნ. ს-შვილმა, მოითხოვა მათი გაუქმება და საქმის წარმოების განახლება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 19 მარტის განჩინებით გ. გ-ძის წარმომადგენელ ნ. ს-შვილის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად სააპელაციო საჩივრის შეტანის კანონით დადგენილი საპროცესო ვადის დარღვევის გამო.

აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა გ. გ-ძის წარმომადგენელმა ნ. ს-შვილმა, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის დაბრუნება სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განხილვისათვის.

საკასაციო პალატა თვლის, რომ გ. გ-ძის წარმომადგენელ ნ. ს-შვილის კერძო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 416-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კერძო საჩივრის შეტანის ვადა არის 12 დღე. ამ ვადის გაგრძელება ან აღდგენა დაუშვებელია, იგი იწყება მხარისათვის განჩინების გადაცემის მომენტიდან. განჩინების გადაცემის მომენტად ითვლება განჩინების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან ამ კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარისათვის და მისი წარმომადგენელისათვის უწყება ჩაბარებულად ითვლება თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს. წარმომადგენელი ვალდებულია უწყების ჩაბარების შესახებ აცნობოს მხარეს. ამავე კოდექსის 74-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე სრულწლოვან წევრს.

საქმეში არსებული მასალებით დასტურდება, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 19 მარტის განჩინების ასლი გ. გ-ძესა და მის წარმომადგენელს გაეგზავნათ და ჩაჰბარდათ კანონით დადგენილი წესით, კერძოდ, გ. გ-ძეს განჩინების ასლი ფოსტის მეშვეობით პირადად ჩაჰბარდა 2009 წლის 6 აპრილს (ს.ფ. 49), ხოლო მის წარმომადგენელს, კერძოდ, ნ. ს-შვილის მამამთილს _ გ. ს-შვილს _ 2009 წლის 24 მარტს (ს.ფ.109).

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოცემულ შემთხვევაში, კერძო საჩივრის შემოტანის ვადის ათვლა უნდა დაიწყოს 2009 წლის 24 მარტიდან (წარმომადგენლისათვის განჩინების ჩაბარების დღე). კერძო საჩივრის შემოტანის ბოლო ვადა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 60-61-ე მუხლების შესაბამისად, იყო 2009 წლის 6 აპრილი, გ. გ-ძის წარმომადგენელმა ნ. ს-შვილმა კი იგი წამოადგინა 12 დღიანი საპროცესო ვადის დარღვევით - 2009 წლის 21 აპრილს, ანუ 15 დღის დაგვიანებით.

ამასთან, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ გასაჩივრების ვადის ათვლა რომც დაწყებულიყო იმ დღიდან, როდესაც უშუალოდ გ. გ-ძეს ჩაჰბარდა გასაჩივრებული განჩინების ასლი, კერძო საჩივრის შემოტანის კანონით დადგენილი 12 დღიანი ვადა მაინც დარღვეული იქნებოდა, ვინაიდან ამ შემთხვევაში, საჩივრის შემოტანის ბოლო ვადა იყო _ 20 აპრილი.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ გ. გ-ძის კერძო საჩივარი დაუშვებელია და უნდა დარჩეს განუხილველად გასაჩივრების ვადის გაშვების გამო.

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 416-ე მუხლის პირველი ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

გ. გ-ძის წარმომადგენელ ნ. ს-შვილის კერძო საჩივარი განუხილველად დარჩეს;

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება;

განჩინების ასლი გაეგზავნოთ მხარეებს.