¹ას-411-761-07 29 მაისი, 2007 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატამ
შემადგენლობა:
მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
როზა ნადირიანი, მიხეილ გოგიშვილი
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი - ე. ფ-ი
მოწინააღმდეგე მხარე - .. ..
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 27 აპრილის განჩინება
დავის საგანი - სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე განჩინების გაუქმება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
თელავის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 29 იანვრის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა .. ..-ის სარჩელი. დაუსაბუთებლად იქნა ცნობილი ქურდული სამყაროს წევრის, გ. გ-ის ახალი ნათესავის ე. ფ-ის მფლობელობაში არსებული შემდეგი ქონება: ქ. თელავში, ... ქ.53-ში მდებარე საცხოვრებელი სახლი, თელავის რაიონის სოფ. ...ში მდებარე საცხოვრებელი სახლი და ქ. თელავში ა...ის 64-ში მდებარე მიწის ნაკვეთი. მითითებული ქონება ჩამოერთვა ქურდული სამყაროს წევრს გ. გ-ის ახლო ნათესავს ე. ფ-ს და გადაეცა სახელმწიფოს.
თელავის რაიონული სასამარალოს 2007 წლის 29 იანვრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ე. ფ-მა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 29 მარტის განჩინებით აპელანტს განესაზღრა ვადა ხარვეზის შესავსებად, კერძოდ, სახელმწიფო ბაჟის გადასახდელად.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 29 მარტის განჩინების ასლი კანონით დადგენილი წესით გაეგზავნა ე. ფ-ს და მის წარმომადგენელს ვ. თ-ს. ვ.თ-ს გზავნილი ჩაბარდა პირადად 2007 წლის 4 აპრილს, ხოლო ე. ფ-ისათვის გაგზავნილი უწყების ჩაბარების თარიღად მითითებულია 2007 წლის 11 აპრილი. იმ საფუძვლით, რომ ვ. თ-ის მიერ უწყების ჩაბარებიდან გასული იყო განჩინებით დადგენილი ვადა სააპელაციო სასამართლომ 2007 წლის 27 აპრილის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დატოვა განუხილველად.
სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე განჩინება ე. ფ-მა გაასაჩივრა კერძო საჩივრით და მიუთითა, რომ სააპელაციო საჩივარში მის წარმომადგენლად აღარ იყო მითითებული ვ. თ-ე, რომელთანაც, მართალია, რწმუნებულება გაფორმებული იყო სანოტარო წესით, მაგრამ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 440-ე მუხლის თანახმად იგი აღარ იყო უფლებამოსილი პირი შეეტანა სააპელაციო საჩივარი და აღარც მხარის წარმომადგენელს წარმოადგენდა. ამასთან, კერძო საჩივრის ავტორის აზრით, სასამართლოს არ ეკისრებოდა ვალდებულება სასამართლო უწყება ჩაებარებინა მისთვის. აღნიშნულიდან გამომდინარე კერძო საჩივრით ე. ფ-მა ითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის მასალების დაბრუნება სააპელაციო სასამართლოში სააპელაციო საჩივრის განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ განიხილა კერძო საჩივარი, გაეცნო საქმის მასალებს და თვლის, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
კერძო საჩივრის ავტორი არ უარყოფს იმ გარემოებას მას თავის წარმომადგენელთან რწმუნებულება გაფორმებული აქვს სანოტარო წესით. რწმუნებულებით ვ. თ-ს მინიჭებული აქვს უფლებამოსილება სასამართლოს ყველა ინსტანციის სასამართლოში მისი სახელით შეასრულოს მთელი რიგი საპროცესო მოქმედებანი, მათ შორის, წარმოადგინოს სააპელაციო საჩივარი, გადაიხადოს სახელმწიფო ბაჟი და ა.შ. რწმუნებულება გაფორმებულია ერთი წლის ვადით (ს.ფ 79) რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების სააპელაციო წესით გასაჩივრებისას აღნიშნული რწმუნებულება იყო ძალაში. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 440-ე მუხლით მართლაც შეზღუდულია წარმომადგენლის საქმიანობა სამოქალაქო პროცესში. წარმომადგენლად შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ პირებმა, რომლებსაც გავლილი აქვთ ტესტირება და გაწევრიანებული არიან საქართველოს ... ასოციაციაში. ეს გარემოება, რომ ვ. თ-ე წარმოადგენს საქართველოს ... ასოციაციის წევრს დგინდება მხარის მიერ წარმოდგენილი ს.ს.ი.პ “საქართველოს ... ასოციაციის” მიერ 2007 წლის 24 მაისს გაცემული ცნობიდან და ბუნებრივია, ვ. თ-ისათვის ცნობილი იყო ეს გარემოება. ამის თაობაზე ინფორმაცია უნდა ჰქონოდა თვით ე. ფ-საც. ამდენად პალატა მიიჩნევს, რომ ადგილი აქვს მხარის მიერ დავის განხილვის გაჭიანურების მცდელობას.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის თანახმად მხარეებსა და მათ წარმომადგენლებს სასამართლო უწყებით ეცნობებათ სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაბარდება ერთ-ერთ მათგანს. ჩაბარების დრო კერძო საჩივრის ავტორისათვის დავას არ იწვევს. ამიტომ აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე უწყება ჩაბარებულად ითვლება ვ. თ-ისათვის უწყების ჩაბარების მომენტიდან რა დროიდანაც გასულია განჩინებით სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე პალატა მიიჩნევს, რომ არ არსებობს განჩინების გაუქმების საფუძველი და იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ აწ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ე. ფ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს
Uუცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 27 აპრილის განჩინება.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.