Facebook Twitter

ას-413-763-07 3 ოქტომბერი, 2007 წ.

ქ.თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე)

თეიმურაზ თოდრია (მომხსენებელი), როზა ნადირიანი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – მ. ჭ-ე

მოწინააღმდეგე მხარე – .. ..

დავის საგანი – მიუღებული ხელფასის ანაზღაურება

გასაჩივრებული სასამართლოს განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 23 მარტის განჩინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

მ. ჭ-მ სარჩელი შეიტანა სასამართლოში სს “ .. ..” წინააღმდეგ სახელფასო დავალიანების ანაზღაურების შესახებ.

მოსარჩელემ მიუთითა, რომ იგი 1995 წლიდან მუშაობდა ხარაგაულის ...ის მთავარი ბუღალტრის ...ედ, ასევე იყო ... მოვალეობის შემსრულებელი. 2000 წლიდან მისი ხელფასი შეადგენდა 100-129 ლარს, ხოლო 2004 წლიდან კი 150 ლარს. ხარაგაულის ... გაერთიანდა .. .. იმერეთის ფილიალში და 2004 წელს აღნიშნული ფილიალის მენეჯერსა და მას შორის გაფორმდა ვადიანი შრომითი ხელშეკრულება 2004 წლის 15 დეკემბრამდე. 2004 წლის 15 ოქტომბრის ბრძანების საფუძველზე, შტატების შემცირების გამო, გაფრთხილების გარეშე შეწყდა მასთან გაფორმებული შრომითი ხელშეკრულება. მან მოითხოვა მიუღებელი ხელფასის სულ 1469,87 ლარის მოპასუხისათვის დაკისრება.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 20 ოქტომბრის გადაწყვეტილებით მ. ჭ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა მ. ჭ-მ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 14 თებერვლის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით მ. ჭ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნულ დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე საჩივარი შეიტანა მ. ჭ-მ.

ქუთაისის საააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 23 მარტის განჩინებით მ. ჭ-ის საჩივარი დარჩა განუხილველად.

მ. ჭ-მ კერძო საჩივარი შეიტანა სასამართლოში და მიუთითა, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად დატოვა მისი კერძო საჩივარი განუხილველად, კერძოდ, მას პირადად 2007 წლის 1 მარტს არ ჩაჰბარებია გადაწყვეტილების ასლი, მან ჩაბარების დღიდან 10 დღის ვადაში შეიტანა საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო კერძო საჩივარს და მიაჩნია, რომ მ. ჭ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 237-ე მუხლის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადაა 10 დღე გადაწყვეტილების ჩაბარების მომენტიდან.

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მ. ჭ-ს დაუსწრებელი გადაწყვეტილების ასლი ჩაჰბარდა 2007 წლის 1 მარტს. მას აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე საჩივარი უნდა შეეტანა 2007 წლის 12 მარტის ჩათვლით. მან კი საჩივარი შეიტანა არა 12 მარტს, არამედ 2007 წლის 15 მარტს ანუ 3 დღის დაგვიანებით.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია ვადის გასვლის შემდეგ განუხილველი დარჩება.

მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან მ. ჭ-ის მიერ საჩივარი დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე შეტანილია დაგვიანებით, ითვლება, რომ საჩივარი არ იქნა შეტანილი და იგი განუხილველად უნდა დარჩეს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად დატოვა მ. ჭ-ის საჩივარი განუხილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მ. ჭ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 23 მარტის განჩინება;

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.