Facebook Twitter

ას-415-731-09 2 ივლისი, 2009 წ. ქ.თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე)

თ. თოდრია (მომხსენებელი), რ. ნადირიანი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – მ. ჩ-იანი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარეები – პ. ს-იანი, რ. პ-იანი, ს. კ-ოვა (მოსარჩელეები)

დავის საგანი – ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა

გასაჩივრებული სასამართლოს განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 19 თებერვლის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის წარმოებაში მიღება

აღწერილობითი ნაწილი

პ. ს-იანმა, ს. კ-ოვამ და რ. პ-იანმა 2008 წლის 31 მარტს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში სარჩელი აღძრეს მ. ჩ-იანის მიმართ და მოითხოვეს 1999 წლის 5 ივლისს პ. ს-იანს, რ. პ-იანს, ს. კ-ოვასა და მ. ჩ-იანს შორის წილების ნასყიდობის ხელშეკრულებების ბათილად ცნობა, წილების უკან დაბრუნება, ასევე მოსარჩელეებისათვის მიყენებული მატერიალური ზიანის, კერძოდ, პ. ს-იანის სასარგებლოდ 55 000 ლარისა და მორალური ზიანის - 5000 ლარის, რ. პ-იანისათვის 55 000 ლარისა და მორალური ზიანის საკომპენსაციოდ 5 000 ლარის, ხოლო ს. კ-ოვასათვის 5000 ლარისა და მორალური ზიანის - 5000 ლარის დაკისრება.

მოსარჩელეებმა მიუთითეს, რომ ყოფილი ტანსაცმლის ინდკერვის ¹7 ატელიეს, შემდგომში შპს ფირმა „თამარის“ შრომითი კოლექტივის წევრებს, სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ქ.თბილისის სახელმწიფო ქონების მართვისა და პრივატიზების დეპარტამენტის მიერ 1996 წლის 6 თებერვალს გაცემული საკუთრების დამადასტურებელი ¹23\690-პ მოწმობის თანახმად, საკუთრებაში გადაეცათ თბილისში, კ.გამსახურდიას გამზირ ¹2-ში მდებარე 297,0 კვ.მ არასაცხოვრებელი ფართი. მათ განესაზღვრათ წილები: პ.ს-იანს - 2,6%, რ. პ-იანს - 1,3, ს. ბერგულკოს კი - 1,3%.

1999 წლის ივლისში ატელიეს გამგის - ი. კ-იანის დავალებით მოპასუხე მ.ჩ-იანს გაჰყვნენ ნოტარიუს ნ.მ-იას სანოტარო ბიუროში, სადაც, მოპასუხის განმარტებით, ხელი უნდა მოეწერათ ¹7 ატელიედან მათი წილის გამოყოფაზე.

ნოტარიუსთან დაახვედრეს წინასწარ გამზადებული ქართულ ენაზე შედგენილი დოკუმენტები, რომლებზეც მოპასუხემ ისე მოაწერინა ხელი, რომ არ გააცნო მათი შინაარსი, ხოლო ნოტარიუსს თარჯიმანი არ მოუწვევია. აღსანიშნავია ისიც, რომ მათთვის ხელშეკრულების ასლები არ გადმოუციათ.

2007 წლის აპრილში თავად მოპასუხე ჩ-იანმა მოისურვა ატელიეს ტექნიკურად გაყოფა. მან პ.ს-იანის შვილს სახლში მიუტანა დოკუმენტები, საიდანაც შეიტყვეს, რომ თურმე ხელი მოწერილი ჰქონდა არა ატელიედან ცალკე გამოყოფაზე, არამედ წილების გასხვისების თანდართულ ხელშეკრულებებზე.

მოსარჩელეებმა არაერთხელ მოითხოვეს, მოპასუხეს გადმოეცა კუთვნილი ფართობი, რაზეც მან უარი თქვა და არც რაიმე საკომპენსაციო თანხა გადაუხდია. ამ გზით მოპასუხე ჩ-იანმა ხელში ჩაიგდო მათი წილი საკუთრება. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის 2008 წლის 20 მარტის დადგენილებით, სისხლის სამართლის საქმე ¹07078030 გაეგზავნა თბილისის ვაკე-საბურთალოს პროკურორს წინასწარი გამოძიების განახლების მიზნით.

მათ სადავო ხელშეკრულებებზე ხელი მოაწერეს მოპასუხე ჩ-იანის უშუალო ზემოქმედებით. მან დაარწმუნა იმაში, რომ ხელს აწერდნენ მათი წილების გამოყოფის ხელშეკრულებაზე. მან იცოდა, რომ ქართული წერა-კითხვა არ იცოდნენ, გამოიყენა მათი ნდობა და, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დაეუფლა წილებს, მან თავის სასარგებლოდ ხელი მოაწერინა ისეთ დოკუმენტზეც, რაც უსპობდა შემოსავლის ერთადერთ წყაროს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 13 აგვისტოს გადაწყვეტილებით პ. ს-იანის, რ. პ-იანისა და ს. კ-ოვას სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანეს პ. ს-იანმა და რ. პ-იანმა.

თბილისის სააპელაციო სასამათლოს 2009 წლის 19 თებერვლის განჩინებით რ. პ-იანისა და პ. ს-იანის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა, შეჩერდა საქმის წარმოება რ. პ-იანისა და პ. ს-იანის სააპელაციო საჩივარზე.

აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა მ. ჩ-იანმა. მან მიუთითა, რომ გასაჩივრებული განჩინება დაუსაბუთებელია, მასში არ არის აღნიშნული ის გარემოებები, თუ რა გავლენას მოახდენს სისხლის სამართლის წესით განხილვა სამოქალაქო საქმეზე. სასამართლომ არ მიუთითა იმის დამადასტურებელი მტკიცებულება, თუ რომელ ფაქტზე აღიძრა საქმე სისხლის სამართლის წესით, არ გაითვალისწინა საქმის მასალებში არსებული მოსარჩელეების განმარტება, რომლითაც ისინი მიუთითებნენ პირველი ინსტანციის სასამართლოში სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე ყალბი დოკუმენტების გაკეთებისა და გამოყენების ფაქტზე, რითაც სასამართლომ ი.დიულად დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება მიიღო.

სამოტივაციო ნაწილი

საკასაციო სასამართლო საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო კერძო საჩივარს და მიაჩნია, რომ მ. ჩ-იანის კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

დადგენილია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის 2008 წლის 20 მარტის დადგენილებით დაკმაყოფილდა პ. ს-იანის, რ. პ-იანისა და ს. ბერგულკოს საჩივარი, აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე წინასწარი გამოძიების განსაახლებლად გადაეგზავნა ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონულ პროკურატურას.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის 2008 წლის 20 მარტის დადგენილებიდან ირკვევა, რომ დაწყებულია წინასწარი გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე 1999 წლის 5 ივლისს, ერთი მხრივ, პ. ს-იანს, რ. პ-იანსა და ს. ბ-ულოკოს და, მეორე მხრივ, მ. ჩ-იანს შორის გაფორმებული წილის დათმობის ხელშეკრულების დადებისას, რ. პ-იანის, პ. ს-იანისა და ს. ბ-ულკოს სახელით შესრულებული ყალბი დოკუმენტის გაკეთებისა და გამოყენების ფაქტზე.

საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას იმის შესახებ, რომ, ვინაიდან დავის საგანს წარმოადგენს 1999 წლის 5 ივლისის წილის გასხვისების ხელშეკრულებები, რომელთა ბათილობის ფაქტობრივ საფუძვლად მითითებულია ის გარემოებები, რომელთა დადგენაც მიმდინარეობს სისხლის სამართლის საქმეზე, აღნიშნულ საქმეებს შორის არსებობს ისეთი კავშირი, რა დროსაც სამოქალაქო საქმის განხილვა შეუძლებელია სისხლის სამართლის საქმის გადაწყვეტამდე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 279-ე მუხლის პირველი “დ” პუნქტის თანახმად, სასამართლო ვალდებულია, შეაჩეროს საქმის წარმოება, თუ საქმის განხილვა შეუძლებელია სხვა საქმის გადაწყვეტამდე, რომელიც განხილულ უნდა იქნეს სამოქალაქო, სისხლის სამართლის ან ადმინისტრაციული წესით.

კონკრეტულ შემთხვევაში სამართლებრივი შეფასება უნდა მიეცეს “შეუძლებლობის” ცნებას ანუ რა შემთხვევა შეიძლება ქმნიდეს ისეთ ობიექტურ სირთულეს, რომელიც შეუძლებელს ხდის ამ საქმის გამოკვლევას. “შეუძლებლობა” წარმოადგენს ისეთ ობიექტურ სირთულეს ან დაბრკოლებას, რომელიც გულისხმობს, უპირველეს ყოვლისა, ისეთი გარემოებებს, რომლის დადგომა არის განპირობებული მართლმსაჯულების განხორციელების დამაბრკოლებელი ფაქტორებით. კონკრეტულ შემთხვევაში ასეთ ობიექტურ სირთულედ სააპელაციო სასამართლოს მიერ მითითებულია სისხლის სამართლის საქმის განხილვა.

აღნიშნულთან დაკავშირებით საკასაციო პალატა განმარტავს, რომ განჩინებაში მოყვანილი გარემოება არ წარმოადგენს ზემოაღნიშნული ნორმით გათვალისწინებულ ისეთ შემთხვევას, რომელიც მიჩნეულ უნდა იქნეს მოცემული საქმის გამოკვლევის შეუძლებლობის განმაპირობებელ ობიექტურ სირთულედ ან დაბრკოლებად, რამდენადაც მითითებული ნორმის დანაწესიდან გამომდინარე, კანონმდებელი ასეთ სირთულედ მოიაზრებს მოცემული საქმის განხილვისათვის აუცილებელ ისეთ არსებით ფაქტობრივ გარემოებას, რომელიც წარმოადგენს სხვა სასამართლოს განხილვის საგანს და ამდენად, პროცესუალურად შეუძლებელს ხდის კონკრეტული საქმის განხილვას. ამასთან ერთად გასათვალისწინებელია, რომ აღნიშნული ობიექტური გარემოებების საფუძველზე სხვა სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებით მას შემდეგში შეიძლება მიეცეს პრეიუდიციული მნიშვნელობა ამ საქმის გადაწყვეტისას.

ამრიგად, საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება საქმის წარმოების შეჩერების შესახებ სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია. ამ შემთხვევაში არ არსებობს განსახილველი ნორმით გაათვალისწინებული საქმის განხილვის შეუძლებლობის მიზეზები.

ამასთან ერთად გასათვალისწინებელია, რომ აღნიშნული საქმის განხილვისას სასამართლოს შეეძლო, თვითონ გამოეკვლია ის ფაქტობრივი გარემოებები, რომლის გამოც შეჩერდა მოცემული საქმის წარმოება, კერძოდ, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ აღნიშნული დადგენილების შესაბამისად, გამოძიებისას დასადგენ გარემოებათა წრეს განეკუთვნება: ხელშეკრულების დამოწმებისას გამოარკვია თუ არა ნოტარიუსმა საკითხი იმის შესახებ, იცოდნენ თუ არა ხელშეკრულების შინაარსი, მონაწილეობდა თუ არა სანოტარო მოქმედებების განხორცილებისას შესაბამისი ენის მცოდნე თარჯიმანი, განემარტათ თუ არა სანოტარო მოქმედებაში მონაწილე ქართული ენის არმცოდნე პირებს ამ მოქმედებათა შინაარსი მათთვის გასაგებ ენაზე; დადგენილებაში ასევე მითითებულია ხელშეკრულებაზე ხელმოწერების გამოსაკვლევად ალტერნატიული გრაფიკული ექსპერტიზის ჩატარების მიზანშეწონილებაზე. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ზემოაღნიშნულ საკითხებზე სააპელაციო სასამართლოს თვითონ შეეძლო ემსჯელა და არ არსებობს მოცემულ შემთხვევაში აღნიშნული საქმის შეჩერების ობიექტური წინაპირობა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მ. ჩ-იანის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს მოცემულ საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 19 თებერვლის განჩინება საქმის წარმოების შეჩერების შესახებ;

3. უარი ეთქვას რ. პ-იანსა და პ. ს-იანს საქმის წარმოების შეჩერების შესახებ შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე;

4. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.