Facebook Twitter

ას-417-767-07 4 ივნისი, 2007 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

მოსამართლე მ. ცისკაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – ჯ. ი-ი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ლ. ფ-ე (მოსარჩელე)

დავის საგანი – ხელშეშლის აღკვეთა და ზიანის ანაზღაურება

გასაჩივრებული სასამართლოს განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 18 აპრილის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ლ. ფ-მ 2006 წლის 14 აგვისტოს სარჩელით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოპასუხეების ჯ. და ა. ი-ების მიმართ და მოითხოვა ხელშეშლის აღკვეთა და ზიანის ანაზღაურება.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 14 დეკემბრის გადაწყვეტილებით ლ. ფ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; ჯ. და ა. ი-ებს დაევალათ უკანონო ხელშეშლის აღკვეთა საზიარო ყორე-ქვის ღობეზე გამჭოლი სახის ერთი მეტრი სიმაღლის ღობის დამონტაჟებაში; ზიანის ანაზღაურების ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ჯ. ი-მა გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 18 აპრილის განჩინებით დაინიშნა ექსპერტიზა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 14 დეკემბრის გადაწყვეტილებაზე, ჯ. ი-ის სააპელაციო საჩივართან დაკავშირებულ ¹2ბ-362-07 სამოქალაქო საქმეზე; ექსპერტიზის წინაშე გამოსაკვლევად დაისვა შემდეგი საკითხი: ქ.ქუთაისში, ... მე-3 ჩიხი ¹4-სა და ¹8 საცხოვრებელ სახლებს შორის არსებული ქვის სასაზღვრო ღობეზე ტექნიკური თვალსაზრისით შესაძლებელია თუ არა ერთი მეტრი სიმაღლის ლითონის მავთულბადის ღობის აღმართვა და მავთულბადის ღობე გამოიწვევს თუ არა არსებული ქვის სასაზღვრო ღობის დანგრევას, ან წარმოქმნის თუ არა დაზიანების საფრთხეს; ექსპერტიზის ჩატარება დაევალა ლევან სამხარაულის სახელობის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ... ექსპერტიზის სამსახურს; განჩინებით დადგინდა, რომ ექსპერტიზის ხარჯები თანაბარწილად გადახდეთ მხარეებს წინასწარ; დაევალათ ჯ.ი-სა და ლ. ფ-ს ექსპერტიზის ხელშეკრულების გაფორმებისა და მასთან დაკავშირებული ხარჯების გადახდის მიზნით მიმართონ ექსპერტიზის შესაბამის ბიუროს განჩინების ასლის ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში. დადგინდა, რომ მოცემული საქმე ექსპერტიზის ბიუროს გადაეგზავნოს დაუყონებლივ; ექსპერტს განემარტა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 168-ე მუხლით გათვალისწინებული უფლება-მოვალეობები და დაევალა ექსპერტიზის ჩატარების შესახებ აცნობოს სასამართლოს. დაევალა ასევე, ექსპერტიზის ჩატარების უზრუნველყოფა ექსპერტიზის დაწყებიდან ერთი თვის ვადაში; ექსპერტიზის ჩატარებამდე შეჩერდა მოცემული საქმის წარმოება.

ზემოაღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა ჯ. ი-მა. მან კერძო საჩივარში მიუთითა, რომ იგი მეორე ჯგუფის ინვალიდია, პენსიონერი, სოციალურად დაუცველი და უმუშევარია, რის გამოც ექსპერტიზის ხარჯების გადახდა მას კანონით არ ევალება. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 47-ე მუხლისა და “სახელმწიფო ბაჟის შესახებ” საქართველოს კანონის მეხუთე მუხლის შესაბამისად მოითხოვა ექსპერტიზის ხარჯებისაგან გათავისუფლება. კერძო საჩივრის ავტორი მიუთითებს ასევე, რომ მას ექსპერტიზის დანიშვნა სასამართლოსთვის არ მოუთხოვია.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ შეამოწმა ჯ. ი-ის კერძო საჩივრის დასაშვებობა და თვლის, რომ იგი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

დადგენილია, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 18 აპრილის განჩინებით დაინიშნა ექსპერტიზა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 14 დეკემბრის გადაწყვეტილებაზე, ჯ. ი-ის სააპელაციო საჩივართან დაკავშირებულ ¹2ბ-362-07 სამოქალაქო საქმეზე; ექსპერტიზის წინაშე გამოსაკვლევად დაისვა შემდეგი საკითხი: ქ.ქუთაისში, ... მე-3 ჩიხი ¹4-სა და ¹8 საცხოვრებელ სახლებს შორის არსებული ქვის სასაზღვრო ღობეზე ტექნიკური თვალსაზრისით შესაძლებელია თუ არა ერთი მეტრი სიმაღლის ლითონის მავთულბადის ღობის აღმართვა და მავთულბადის ღობე გამოიწვევს თუ არა არსებული ქვის სასაზღვრო ღობის დანგრევას, ან წარმოქმნის თუ არა დაზიანების საფრთხეს; ექსპერტიზის ჩატარება დაევალა ლევან სამხარაულის სახელობის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს …... ექსპერტიზის სამსახურს; განჩინებით დადგინდა, რომ ექსპერტიზის ხარჯები თანაბარწილად გადახდეთ მხარეებს წინასწარ; დაევალათ ჯ.ი-სა და ლ. ფ-ს ექსპერტიზის ხელშეკრულების გაფორმებისა და მასთან დაკავშირებული ხარჯების გადახდის მიზნით მიმართონ ექსპერტიზის შესაბამის ბიუროს განჩინების ასლის ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში. დადგინდა, რომ მოცემული საქმე ექსპერტიზის ბიუროს გადაეგზავნოს დაუყონებლივ; ექსპერტს განემარტა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 168-ე მუხლით გათვალისწინებული უფლება-მოვალეობები და დაევალა ექსპერტიზის ჩატარების შესახებ აცნობოს სასამართლოს. დაევალა ასევე, ექსპერტიზის ჩატარების უზრუნველყოფა ექსპერტიზის დაწყებიდან ერთი თვის ვადაში; ექსპერტიზის ჩატარებამდე შეჩერდა მოცემული საქმის წარმოება (ს.ფ. 71-76).

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 414-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად კერძო საჩივრის შეტანა შეიძლება სასამართლოს მიერ გამოტანილ განჩინებაზე, მხოლოდ ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში. ამ ნორმის შინაარსი მიუთითებს იმაზე, რომ კერძო საჩივარი დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სამოქალაქო საპროცესო კოდექსი გასაჩივრებული განჩინების მიმართ პირდაპირ ითვალისწინებს კერძო საჩივრის შეტანას. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მეოცე თავი, რომელიც ექსპერტიზის საკითხებს არეგულირებს, ექსპერტიზის დანიშვნის თაობაზე სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივრის შეტანას არ ითვალისწინებს.

როგორც კერძო საჩივრის შინაარსიდან ირკვევა, ჯ. ი-მა სადავო გახადა ექსპერტიზის დანიშვნის გამო მისთვის ექსპერტიზის ხარჯების დაკისრება და მან მოითხოვა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 47-ე მუხლის და „სახელმწიფო ბაჟის“ შესახებ კანონის მე-5 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად ექსპერტიზის ხარჯებისაგან განთავისუფლება. საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ იმავე კოდექსის მეხუთე თავი, რომელიც პროცესის ხარჯებს ეხება, საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯების თაობაზე სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივრის შეტანას არ ითვალისწინებს.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 280-ე მუხლის “ე” ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლოს მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით შეუძლია შეაჩეროს საქმის წარმოება თუ სასამართლომ დანიშნა ექსპერტიზა. იმავე კოდექსის 282-ე მუხლის შესაბამისად საქმის წარმოების შეჩერების შესახებ სასამართლო განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა, გარდა ამ კოდექსის 280-ე მუხლის “ე” ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ამდენად, საქმის წარმოების შეჩერების შესახებ განჩინება შეიძლება გაასაჩივროს მხარემ კერძო საჩივრით, გარდა ექსპერტიზის დანიშვნის გამო საქმის წარმოების შეჩერების შესახებ განჩინებისა.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, ვინაიდან ჯ. ი-ის კერძო საჩივრით გასაჩივრებულია ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 18 აპრილის განჩინება, რომლის მიმართ სამოქალაქო საპროცესო კოდექსი პირდაპირ არ ითვალისწინებს კერძო საჩივრის შეტანას, ამიტომ იგი განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული დაუშვებლობის გამო.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 414-ე, 419-420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ჯ. ი-ის კერძო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 18 აპრილის განჩინებაზე დარჩეს განუხილველი დაუშვებლობის გამო.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.