Facebook Twitter

ას-419-769-07 2 ივლისი, 2007 წ.

ქ.თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატის მოსამართლე

თ. თოდრია

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – მ. ს-ი (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარეები – ს. გ-ი, ლ. ა-ი (მოპასუხეები)

დავის საგანი– ბინიდან გამოსახლება

გასაჩივრებული სასამართლოს განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 19 მარტის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ე. ა-მა სარჩელით მიმართა სასამართლოს ს.გ-ისა და ლ.ა-ის მიმართ და მოითხოვა მოპასუხეთა გამოსახლება ქ.თბილისში, ... ქ. ¹8-ში მდებარე ბინიდან. ამავე სასამართლოს შეგებებული სარჩელით მიმართა ს.გ-მა, რომელმაც, საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ კანონის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოითხოვა მის მიერ შეძენილი სადავო ორი ოთახის მესაკუთრედ ცნობა.

თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2001 წლის 6 ნოემბრის გადაწყვეტილებით ე.ა-ს უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უსაფუძვლობის გამო, დაკმაყოფილდა ს. გ-ის შეგებებული სარჩელი და იგი ცნობილ იქნა ქ.თბილისში, ... ქ.¹8-ში მდებარე სახლის 34 კვ.მ-ის მესაკუთრედ.

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ე. ა-მა.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002 წლის 5 ივნისის გადაწყვეტილებით ე. ა-ის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2001 წლის 6 ნოემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ე. ა-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, ასევე არ დაკმაყოფილდა ს. გ-ისა და ლ. ა-ის შეგებებული სარჩელი.

მოცემული სამოქალაქო დავა არაერთგზის განიხილეს ზემდგომი ინსტანციების სასამართლოებმა, ბოლოს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 19 მარტის განჩინებით ს. გ-ის განცხადება, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, საქმის წარმოების განახლების შესახებ არ დაკმაყოფილდა. ამავე სასამართლოს 2007 წლის 19 მარტის განჩინებით თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003 წლის 9 ივლისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებაზე კრედიტორ მ. ს-ის (როგორც ე. ა-ის უფლებამონაცვლის) სასარგებლოდ სააღსრულებო ფურცელი გაიცა ს. გ-ისა და ლ. ა-ის სარჩელისა და მოპასუხე მ. ს-ის მიმართ საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობებიდან გამომდინარე კომპენსაციის დაკისრების შესახებ სამოქალაქო საქმეზე გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ.

ზემოაღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა მ. ს-მა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2007 წლის 1 ივნისის განჩინებით მ. ს-ს დაევალა ამ განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის სახით 50 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის წარმოდგენა. განჩინებით მას განემარტა, რომ სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში კერძო საჩივარი განუხილველი დარჩებოდა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების განხილვის, კერძო საჩივრის შემოწმების შედეგად თვლის, რომ მ. ს-ის კერძო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის საფუძველზე საკასაციო სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა მ. ს-ის კერძო საჩივრის დასაშვებობა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2007 წლის 1 ივნისის განჩინებით მ. ს-ს დაევალა ამ განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის სახით 50 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის წარმოდგენა. განჩინებით კერძო საჩივრის ავტორს განემარტა, რომ სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში კერძო საჩივარი განუხილველი დარჩებოდა (ს.ფ. 576-577). მოცემული განჩინება საქმეში მითითებულ მისამართზე მ. ს-ს გაეგზავნა 2007 წლის 6 ივნისს (ს.ფ. 578), რაც კერძო საჩივრის ავტორს პირადად ჩაჰბარდათ 2007 წლის 14 ივნისს (ს.ფ. 579). კერძო საჩივრის ავტორს შეეძლო განჩინებაში მითითებული ხარვეზი გამოესწორებინა 2007 წლის 19 ივნისის ჩათვლით, მაგრამ, როგორც საქმის მასალებით ირკვევა, კერძო საჩივრის ავტორს საკასაციო სასამართლოსთვის არ წარმოუდგენია სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველად დარჩება.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მოცემულ შემთხვევაში ეს ნორმა ვრცელდება კერძო საჩივარზე.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მ. ს-ის კერძო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლით, 396-ე მუხლის მესამე ნაწილით, 284-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

მ. ს-ის კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 19 მარტის განჩინებაზე დარჩეს განუხილველი;

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.