Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

¹ას-420-664-08 .. ივლისი, 2008 წ.

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე)

თეიმურაზ თოდრია (მომხსენებელი), როზა ნადირიანი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – დ.ლ-შვილი

მოწინააღმდეგე მხარეები – ქ. თ.ის ი.-ს.ს რაიონის გამგეობა

დავის საგანი –ბინიდან გამოსახლება

გასაჩივრებული სასამართლოს განჩინება – თ.ის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 20..წ. .. იანვრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის წარმოებაში მიღება

აღწერილობითი ნაწილი

20..წ. .. იანვარს ქ. თ.ის ი.-ს.ს რაიონის გამგებლის მოადგილე გ.ქორქაშვილმა სარჩელით მიმართა სასამართლოს მოპასუხეების - ე. გ-ს, თ. ჭ-ს, ი. ჭ-ს, ბ. ა-ს, ა. თ-ს, ლ. ა-სა და სხვათა მიმართ და მოითხოვა უკანონო მფლობელობიდან ქონების გამოთხოვა ანუ ავარიული კორპუსიდან მოპასუხეების გამოსახლება შემდეგი საფუძვლით: ქ. თ.ში, ...-3-ის III მ\რ\ში მდებარე 3..-ე კორპუსი არის ავარიული, რის გამოც შექმნილია რეალური საშიშროება მისი უეცარი ჩამოქცევისა, რასაც შეიძლება მოჰყვეს ადამიანთა მსხვერპლი, ახლო მდებარე სახლების მდგრადობის მკვეთრად გაუარესება და მიწისქვეშა კომუნიკაციების დაზიანება. მოსალოდნელი ასეთი მძიმე შედეგების თავიდან აცილების მიზნით, ქ. თ.ის მუნიციპალიტეტის კაბინეტმა ..97 წლის .. ნოემბერს მიიღო დადგენილება ¹......1..0 ისნის რაიონში, ვარკეთილი 3-ის III მ\რ-ის 3..-ე ავარიულ კორპუსში მცხოვრებთათვის ბინების შესაყიდად საკომპენსაციო თანხების გაცემისა და შენობის აღდგენა-გამაგრების ღონისძიებათა შესახებ“. ამ დადგენილების საფუძველზე ყოფილი ისნის რაიონის გამგეობის მიერ ..97-98 წლებში კოპუსიდან გასახლებულ იქნა ყველა ოჯახი, რომლებმაც ბინების სანაცვლოდ მიიღეს შესაბამისი ფულადი კომპენსაცია და კორპუსი გამოთავისუფლდა. შემდგომში კორპუსი თვითნებურად იქნა დაკავებული მოპასუხეთა მიერ. აღნიშნული კორპუსის მიმართ აღდგენა-გამაგრების სამუშაოების შესახებ ქ. თ.ის მთავრობის 20..წ. .. აგვისტოს დადგენილებით კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ მოპასუხეებისა და მათთან ერთად მცხოვრები პირების უსაფრთხოებას რეალური საშიშროება ემუქრება, შესაბამისად, უბედური შემთხვევის თავიდან აცილების მიზნით, ი.-ს.ს რაიონის გამგეობას ევალება კორპუსში შეჭრილ მოქალაქეთა გამოსახლება (ს.ფ. 6-7). ვინაიდან კორპუსი გამგეობის ბალანსზეა, გამგეობის ხელმძღვანელობის მიერ მოპასუხეები სრულყოფილად არიან ინფორმირებულები შექმნილი მდგომარეობის შესახებ და გაფრთხილებული არიან იმ მოსალოდნელი მძიმე შედეგების თაობაზე, რომლებიც შეიძლება მოჰყვეს მათ კორპუსში დარჩენას და მიცემული აქვთ წინადადება დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ კორპუსი (ს.ფ. 8-35, 52-58, 61-67). ვინაიდან მოპასუხეები უარს აცხადებენ ნებაყოფლობით ფართის გათავისუფლებაზე, მოსარჩელე მოითხოვს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ..0-ე, ..2-ე მუხლების შესაბამისად, უკანონოდ დაკავებული ფართის გამოთხოვასა და კანონიერი მესაკუთრისათვის დაბრუნებას ანუ მოპასუხეთა გამოსახლებას.

მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს და განმარტეს, რომ მათ შორის არიან როგორც აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული, ისე აღნიშნული სტატუსის არმქონე სოციალურად დაუცველი პირები. აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ მოპასუხეთა წარმომადგენელმა განმარტა, რომ სადავო კორპუსში დროებით საცხოვრებლად შესახლდნენ ი.-ს.ს რაიონის ყოფილი გამგებლის - დ-ს სიტყვიერი ნებართვით. სხვა საცხოვრებელი არ გააჩნიათ. მოპასუხეები თვლიან, რომ კორპუსიდან არ უნდა გამოსახლდნენ მანამ, სანამ არ მოხდება დევნილთა აფხაზეთში დაბრუნება ან მათი ალტერნატიული ფართით უზრუნველყოფა. ამასთან, მზად არიან თავიანთ თავზე აიღონ კორპუსის შესაძლო დანგრევის შედეგად გამოწვეული ზიანის რისკი. მოპასუხეთა აზრით, მოსარჩელეს არა აქვს მათი გამოსახლების მოთხოვნის უფლება, ვინაიდან არ წარმოადგენს სადავო საცხოვრებელი კორპუსის მესაკუთრეს.

20..წ. .. აპრილის სასამართლო სხდომაზე მოსარჩელის მიერ საბოლოოდ დაზუსტდა მოპასუხეთა სია და წარმოდგენილ იქნა სრულყოფილი სახით.

20..წ. .. ოქტომბერს სასამართლოს მთავარ სხდომაზე გამოცხადებულმა საქმეში დამოუკიდებელი მოთხოვნის გარეშე მესამე პირის სტატუსით ჩართული ქ. თ.ის მერიის წარმომადგენელმა განმარტა, რომ „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, თვითმმართველი ერთეულის ბალანსზე არსებული ქონება გადაეცა თვითმმართველ ერთეულს, შესაბამისად, მოსარჩელე ქ. თ.ის ი.-ს.ს რაიონის გამგეობა წარმოადგენს უფლებამოსილ პირს სადავო ქონების მიმართ. მესამე პირის – საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ სამინისტრო ზრუნავს დევნილთა უფლებებზე, თუმცა კონკრეტულ შემთხვევაში, გამომდინარე იქედან, რომ შენობა არის ავარიული, საკუთარ თავზე პასუხისმგებლობას ვერ აიღებს. მისივე განმარტებით, სამინისტროს დღეისათვის არ გააჩნია ფართი, რომლითაც მოხდებოდა აფხაზეთიდან დევნილ მოპასუხეთა დაკმაყოფილება.

თ.ის საქალაქო სასამრთლოს 20..წ. .. ოქტომბრის გადაწყვეტილებით ი.-ს.ს რაიონის გამგეობის სარჩელი დაკმაყოფილდა.

აღნიშნულ გადაწეყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა დ.ლ-შვილმა.

თ.ის სააპელაციო სასამართლოს 20..წ. .. იანვრის განჩინებით დ.ლ-შვილის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.

აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა დ.ლ-შვილმა. მან მიუთითა, რომ იგი წარმოადგენს მხარეს მოცემულ საქმეზე. იგი ნამდვილად ცხოვრობს იმ ბინაში, საიდანაც გამოასახლეს. აქედან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მითითება იმის შესახებ, რომ იგი არ არის მხარე მოცემულ საქმეზე უსაფუძვლოა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო კერძო საჩივარს და მიაჩნია, რომ დ.ლ-შვილის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

20..წ. .. იანვარს ქ. თ.ის ი.-ს.ს რაიონის გამგებლის მოადგილე გ.ქორქაშვილმა სარჩელით მიმართა სასამართლოს მოპასუხეების - ე. გ-ს, თ. ჭ-ს, ი. ჭ-ს, ბ. ა-ს, ა. თ-ს, ლ. ა-სა და სხვათა მიმართ და მოითხოვა უკანონო მფლობელობიდან ქონების გამოთხოვა.

მოცემულ შემთხვევაში, თ.ის საქალაქო სასამართლოს 20..წ. .. ოქტომბრის გადწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა დ.ლ-შვილმა, რომელიც არ წარმოადგენს მოცემულ საქმეზე მხარეს, იგი არ არის არც მოსარჩელე და არც მოპასუხე, არ არის თანამონაწილე და არც მესამე. აღნიშნული განჩინება პროცესუალურად არ ეხება მას და, შესაბამისად, არ დარღვეულა მისი საპროცესო უფლებები.

საქართველოს სამოქლაქო საპროცესო კოდექსის 364-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს პირველი ინსტანციით გამოტანილი გადაწყვეტილება მხარეებმა და მესამე პირებმა დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით შეიძლება კანონით დადგენილ ვადაში გაასაჩივრონ სააპელაციო სასამართლოში.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად დატოვა დ.ლ-შვილის სააპელაციო საჩივარი განუხილველად, ვინაიდან იგი არ არის მოცემულ საქმეზე გასაჩივრების უფლების მქონე სუბიექტი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

დ.ლ-შვილის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

უცვლელად დარჩეს თ.ის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 20..წ. .. იანვრის განჩინება;

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.