Facebook Twitter

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

№169აპ-17 ქ. თბილისი

ტ. ლ-ი, 169აპ-17 7 სექტემბერი, 2017 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),

ნინო გვენეტაძე, პაატა სილაგაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 8 თებერვლის განაჩენზე შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის პროკურორ გიორგი ლეკიშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. გორის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 1 სექტემბრის განაჩენით ლ. ტ., –ნასამართლობის არმქონე, – ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 3 წლით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, სასჯელის ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 2 წლით განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო სასჯელის დარჩენილი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 1 წლით, ჩაეთვალა პირობით და ამავე კოდექსის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 1 წელი. მასვე საქართველოს სსკ-ის 43-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, 2 წლით ჩამოერთვა სახელმწიფო (საჯარო) სამსახურსა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლება. ლ. ტ-ეს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის დრო - 2016 წლის 22 მარტიდან იმავე წლის 28 მარტის ჩათვლით და სასჯელის მოხდა დაეწყო ამ განაჩენის მიღების დღიდან - 2016 წლის 1 სექტემბრიდან. მსჯავრდებულ ლ. ტ-ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - გირაო პატიმრობის უზრუნველყოფით გაუქმდა. ყადაღა მოეხსნა გირაოს უზრუნველსაყოფად გამოყენებულ უძრავ ქონებას, კერძოდ, ე. ტ-სა (პ/ნ -) და ლ. ტ-ის (პ/ნ -) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას, მდებარეს: მ-ში, ა-ის ქუჩის N-ში, საკადასტრო კოდი - N--. გირაოს შემტანებს აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში სრულად დაუბრუნდათ გირაოს სახით შეტანილი უძრავი ქონება.

2. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის პალატის 2017 წლის 8 თებერვლის განაჩენით დარჩა უცვლელად.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

2013 წლის ოქტომბერში ლ. ტ-ემ გასაღების მიზნით ყალბად დაამზადა მ-ის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის N- და N- ბრძანებები მ. ხ-ის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე საცხოვრებელი სახლის მშენებლობისათვის საპროექტო დოკუმენტაციის შეთანხმებისა და მშენებლობის სანებართვო მოწმობის გაცემის შესახებ, რათა მ. ხ-ის მიერ ლ. ტ-თვის გადაცემული ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლების პროექტებისათვის მიეცა იმდაგვარი სახე, რომ თითქოს ისინი მუნიციპალიტეტთან იყო შეთანხმებული. აღნიშნული ორივე პროექტის თითო ეგზემპლარზე ლ. ტ-ემ დააწება გამგეობის ბეჭედდასმული ფურცლები - ლუქები. ბეჭდის, და ხელმოწერის ქვემოთ ფურცლებზე, იყო ცარიელი ადგილი ტექსტის ჩასაწერად. ლ. ტ-ემ ამ ფურცლებზე თავისი ხელით გააკეთა ჩანაწერები, ერთზე - „დამოწმებულია მ-ს მუნიციპალიტეტის არქიტექტურულ სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის სამსახურის მიერ,“ რომლის ქვემოთაც თვითონ შეასრულა ხელმოწერა ამ სამსახურის უფროსის ი. ო-ის ხელმოწერაზე მიმსგავსებით, ხოლო მეორე პროექტზე - „შეთანხმებულია მ-ის მუნიციპალიტეტის არქიტექტურისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის მიერ,“ რომლის ქვემოთაც შეასრულა ხელმოწერა აღნიშნული სამსახურის არქიტექტურისა და ინფრასტრუქტურის განვითარების უფროსის - ზ. მა-ის ხელმოწერაზე მიმსგავსებით. ზემოაღნიშნული ყალბად დამოწმებული ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლების პროექტები, მ-ის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის N- და N- ყალბ ბრძანებებთან ერთად, 2013 წლის ნოემბრის დასაწყისში ლ. ტ-ემ გადასცა მ. ხ-ს, რომელსაც დოკუმენტების ნამდვილობაში ეჭვი არ შეუტანია. გარკვეული დროის გასვლის შემდეგ მ. ხ-მა მ-ში, მიწის ნაკვეთზე, საკადასტრო კოდით - -- დაიწყო ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის მშენებლობა. ზემოაღნიშნულ უნებართვო მშენებლობასთან დაკავშირებით, 2014 წლის 11 დეკემბერს მ. ხ. მ-ის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით დაჯარიმდა 8000 ლარით. მ-ში, -ოს მონასტრის მიმდებარედ, ამ ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის მშენებლობით კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლს, და ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავ ძეგლს მ-ის -ოს სამონასტრო კომპლექსის სახით მიადგა მნიშვნელოვანი ზიანი, ვინაიდან მ-ის -ოს სამონასტრო კომპლექსი შეტანილია მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში და „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, სამთავროს სამონასტრო კომპლექსის ინდივიდუალური დამცავი ზონის ვიზუალური დაცვის არეალს წარმოდგენს ტერიტორია უძრავი ძეგლის გარშემო 1000 მეტრის რადიუსით. ტერიტორია, სადაც მოქალაქე მ. ხ-მა უნებართვოდ განახორციელა ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის მშენებლობა (მიწის ნაკვეთი ს/კ -), ექცევა ძეგლის ვიზუალური დაცვის არეალში, რის გამოც საცხოვრებელი სახლის უნებართვო აშენებით მოხდა უხეში ჩარევა მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსახაში შეტანილი ძეგლის ვიზუალური დაცვის არეალში. ამ მშენელობამ გავლენა მოახდინა ძეგლის ისტორიულად ჩამოყალიბებულ გარემოზე და საფრთხე შეუქმნა მის ზოგადსაკაცობრიო ღირებულებას, მნიშვნელოვნად გააუარესა ძეგლის აღქმა და შეამცირა მისი ისტორიულ-კულტურული ღირებულება.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ.

5. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით ბრალდების მხარე ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 8 თებერვლის განაჩენში ცვლილების შეტანას და ლ. ტ-თვის უფრო მკაცრი სასჯელის, კერძოდ, თავისუფლების აღკვეთის შეფარდებას, პირობითი მსჯავრის გარეშე. ლ. ტ-ის მიერ ჩადენილი ქმედებით ზიანი მიადგა კულტურულ მემკვიდრეობას და ამასთან, იგი არ არის მოწოდებული, აანაზღაუროს მიყენებული ზიანი. მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი დანაშაულის სპეციფიკიდან გამომდინარე, ჩანს, რომ იგი მიდრეკილია დანაშაულის ჩადენისაკენ. კასატორის პოზიციით, დანიშნული სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების მიღწევას.

6. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

7. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არც ერთი ზემოაღნიშნული საფუძველი, კერძოდ, განსახილველ შემთხვევაში კასატორი ასაჩივრებს მხოლოდ შეფარდებული სასჯელის ზომას. სასჯელის სამართლიანობასთან დაკავშირებით, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ სრულად შეაფასა როგორც ჩადენილი ქმედების სახე, სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო გარემოებები და პირის ინდივიდუალური მახასიათებლები, ისე - საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების მიღწევის შესაძლებლობანი. საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მიერ მითითებულ მოტივაციას, რომლიდან გამომდინარეც შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული მაქსიმალური ვადის დანიშვნა მიზანშეუწონლად მიიჩნია.

8. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის მნიშვნელოვანი სამართლებრივი და საპროცესო დარღვევებით განხილვის ფაქტი (რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე) წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებიდან არ გამომდინარეობს და ვინაიდან არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნებიც, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

9. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის პროკურორ გიორგი ლეკიშვილის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე

პ. სილაგაძე