საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
ას-422-666-08 30 ივნისი, 2008 წ.
ქ. თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მიხეილ გოგიშვილი (თავმჯდომარე)
მოსამართლეები:
ნუნუ კვანტალიანი (მომხსენებელი), ლალი ლაზარაშვილისაქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – ზ. ყ-შვილი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – ი. ა-შვილი
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 14 მარტის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ზ. ყ-შვილმა სარჩელი აღძრა სასამართლოში ი. ა-შვილის მიმართ ზიანის _ 1500 ლარის ანაზღაურების შესახებ შემდეგი საფუძვლებით: 2001 წლის 18 აგვისტოს თიანეთის რაიონის საკრებულოს თავმჯდომარე ი. ა-შვილის დავალებით მოსარჩელის სახლის მიმდებარე არხში დამონტაჟდა 30 მმ სიგანის მილი, რომლის გაუმართაობის გამო დაიტბორა ზ.ყ.-ის ეზო და სარდაფი, დაუზიანდა პროდუქტი. მოსარჩელემ არაერთგზის უშედეგოდ მიმართა მოპასუხეს ზიანის ნებაყოფლობით ანაზღაურების მოთხოვნით.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.
მცხეთის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 10 აგვისტოს გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც მოსარჩელემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 14 თებერვლის განჩინებით ზ.ყ.-ის სააპელაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა ხარვეზიანად და აპელანტს დაევალა 10 დღის ვადაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის პირველი ნაწილის “ე” და “ვ” ქვეპუნეტების, მეორე ნაწილის, ასევე 177-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ დამტკიცებული ნიმუშის დაცვით შედგენილი სააპელაციო საჩივრის წარდგენა.
ხარვეზის განჩინება აპელანტს ჩაბარდა და მან, ხარვეზის გამოსწორების მიზნით, სააპელაციო საჩივრით მიმართა სასამართლოს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 14 მარტის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო: სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილითYდა მიიჩნია, რომ აპელანტს სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზი არ გამოუსწორებია, ვინაიდან მხარის მიერ წარდგენილი სააპელაციო საჩივარი კანონის დანაწესს არ პასუხობს.
სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე ზ. ყ-შვილმა შეიტანა კერძო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება და სააპელაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა იმ საფუძვლით, რომ მან სააპელაციო პალატის მიერ დადგენილი ხარვეზი გამოასწორა და სასამართლომ შესაბამისი კანონის ნორმა არ გამოიყენა.
საქმის მასალებით ირკვევა, რომ სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 14 თებერვლის განჩინებით ზ.ყ.-ის სააპელაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და მიეცა 10-დღიანი ვადა მის გამოსასწორებლად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის პირველი ნაწილის “ე” და “ვ” ქვეპუნქტების, მეორე ნაწილის, ასევე 177-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ დამტკიცებული ნიმუშის დაცვით შედგენილი სააპელაციო საჩივრის წარსადგენად.
სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში აპელანტმა წარადგინა სააპელაციო საჩივარი, რომლითაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის ზეპირი მოსმენით განხილვა. ამასთან, აღნიშნული სააპელაციო საჩივარი წარდგენილ იქნა დაბეჭდილი სახით, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ დამტკიცებული ნიმუშის დაცვის გარეშე.
სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 14 მარტის განჩინებით ზ.ყ.-ის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი ხარვეზის გამოუსწორებლობის გამო.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ზ. ყ-შვილის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ზემოჩამოთვლილ მოთხოვნებს, ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება. დასახელებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ სააპელაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო განსაზღვრავს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომელიც ხარვეზის შესავსებად უნდა განხორციელდეს და საპროცესო ვადას, რომლის განმავლობაშიც აპელანტი ვალდებულია, შეასრულოს განჩინებაში დადგენილი მოქმედებები. სასამართლოს მიერ მითითებული ვადის გასვლის შემდეგ კი სააპელაციო საჩივარი დარჩება განუხილველი.
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო პალატამ სავსებით სწორად იხელმძღვანელა კანონის ზემოხსენებული ნორმით, როდესაც ზ.ყ.-ის სააპელაციო საჩივარი განუხილველად დატოვა, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში აპელანტს ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინებაში დასახელებული მითითებები არ შეუსრულებია და სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის პირველი ნაწილის “ე” და “ვ” ქვეპუნქტების, ასევე 177-ე მუხლის მეორე ნაწილის მოთხოვნათა მიხედვით შედგენილი სააპელაციო საჩივარი სასამართლოსათვის არ წარუდგენია. რაც შეეხება ხარვეზის გამოსწორების მიზნით ზ.ყ.-ის მიერ წარდგენილ სააპელაციო საჩივარს, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას და მიიჩნევს, რომ იგი კანონით გათვალისწინებული ფორმითა და საფუძვლებით შეტანილი არ არის.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ზ. ყ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 14 მარტის განჩინება დარჩეს უცვლელი.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.