¹ას-424-738-09 15 ივნისი, 2009 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე)
მოსამართლეები:
ნ. კვანტალიანი (მომხსენებელი), ლ. ლაზარაშვილისაქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი _ საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე _ შპს « .. ..» (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 15 აპრილის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი _ ვალდებულების შეუსრულებლობის გამო პირგასამტეხლოს ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრომ სარჩელი აღძრა შპს « .. ..-ის» მიმართ ვალდებულების შეუსრულებლობის გამო პირგასამტეხლოს _ 126 218,8 ლარის ანაზღაურების შესახებ შემდეგი საფუძვლებით: 2005 წლის 4 აგვისტოს მხარეებსა და სს «ს-ს» შორის დაიდო სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულება, რომლის თანახმად მოპასუხეს 2005 წლის 25 ოქტომბრისთვის მოსარჩელისათვის უნდა მიეწოდებინა ოთხი ავტომანქანა «კამაზი» ამწე კალათით, ოთხი _ საბურღი დანადგარით და ორი სატვირთო ავტომანქანა. მოპასუხემ ვალდებულება დროულად და სათანადოდ ვერ შეასრულა.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო შემდეგი დასაბუთებით: შპს « .. ..-მა» ნაკისრი ვალდებულება დროულად ვერ შეასრულა ფორსმაჟორული გარემოებების გამო, მოგვიანებით კი მოსარჩელემ ფაქტობრივად მოშალა ხელშეკრულება, რის გამოც სადავო თანხის ანაზღაურების საფუძველი არ არსებობს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 25 ნოემბრის გადაწყვეტილებით საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, შპს « .. ..-ს» დაეკისრა მოსარჩელის სასარგებლოდ 33 651,6 ლარის გადახდა, ხოლო დანარჩენ ნაწილში უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრომ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 15 აპრილის განჩინებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე მუხლისა და 275-ე მუხლის «გ» ქვეპუნქტის საფუძველზე სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად აპელანტის გამოუცხადებლობის გამო.
სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრომ შეიტანა კერძო საჩივარი და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი საფუძვლებით: აპელანტის სასამართლო პროცესზე გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო საპატიო მიზეზით. საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2009 წლის ¹35-მ ბრძანების საფუძველზე სამინისტროს წარმომადგენლები _ ი. ხ-ძე, ნ. ი-ძე და გ. ყ-შვილი საქმის განხილვის დღეს მივლინებით იმყოფებოდნენ ქ.ახალციხეში, მაგისტრალური მილსადენის გახსნაზე, რის გამოც სასამართლოს მიერ დანიშნულ დროს პროცესზე აპელანტის ინტერესები უნდა დაეცვა მის წარმომადგენელ ნ. წ-ძეს. სასამართლოს სხდომის დაწყებამდე ნ.წ-ძის ჯანმრთელობის მდგომარეობა მოულოდნელად გაუარესდა და დასჭირდა სასწრაფო ქირურგიული ოპერაცია, რის შესახებაც, დროის სიმცირის გამო, სასამართლოს გაფრთხილება ვერ მოხერხდა. ნიშანდობლივია, რომ მოცემული საქმე განეკუთვნება არა სამოქალაქო, არამედ ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განსახილველ დავათა რიგს, ვინაიდან მხარეთა შორის სხვადასხვა ტიპის ავტომანქანათა შესყიდვის ხელშეკრულება დაიდო ადმინისტრაციული კანონმდებლობის, კერძოდ, «საქართველოს 2005 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ», «სახელმწიფო შესყიდვების შესახებ» კანონებისა და საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს დებულების საფუძველზე.
მოცემული საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ სააპელაციო სასამართლოში საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს სააპელაციო საჩივრის განხილვა დაინიშნა 2009 წლის 15 აპრილს, 11 საათზე, რის შესახებ მხარეებს კანონით დადგენილი წესით ეცნობათ, თუმცა სასამართლოს მიერ დადგენილ დროს აპელანტი საქმის განხილვაზე არ გამოცხადდა და არც თავისი გამოუცხადებლობის მიზეზი სასამართლოს არ აცნობა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო წარმოდგენილი კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ საპელაციო პალატამ სავსებით სწორად იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე მუხლითა და 275-ე მუხლის «გ» ქვეპუნქტით, რომელთა თანახმად საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით. ამასთან, სასამართლო, მხარის განცხადებით ან თავისი ინიციატივით, განუხილველად დატოვებს სარჩელს, თუ სასამართლო სხდომაზე მოსარჩელე (განმცხადებელი) არ გამოცხადებულა, ხოლო მოპასუხე თანახმაა, სარჩელი (განცხადება) განუხილველად იქნეს დატოვებული. დასახელებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილია, განუხილველად დატოვოს სააპელაციო საჩივარი იმ შემთხვევაში, როდესაც აპელანტი, რომელსაც სასამართლო უწყება კანონით დადგენილი წესით ჩაბარდა, საქმის განხილვაზე არასაპატიო მიზეზით არ გამოცხადებულა და არც თავისი გამოუცხადებლობის მიზეზი სასამართლოსათვის არ უცნობებია.
მოცემულ შემთხვევაში საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს სადავოდ არ გაუხდია ის ფაქტობრივი გარემოება, რომ მას სასამართლო უწყება მისი სააპელაციო საჩივრის 2009 წლის 15 აპრილს, 11 საათზე განხილვის თაობაზე კანონით დადგენილი წესით ჩაბარდა.
კერძო საჩივრის ავტორი თავისი გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზად მიიჩნევს საქმის განხილვის დღეს მისი წარმომადგენლების _ ი. ხ-ძის, ნ. ი-ძისა და გ. ყ-შვილის მივლინებით ქ.ახალციხეში ყოფნის ფაქტს, ასევე მათ ნაცვლად სასამართლოში მივლენილი ნ.წ-ძის ავადმყოფობას, რაც, დროის სიმცირის გამო, სასამართლოს ვერ ეცნობა.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარის მიერ მითითებული გარემოება საქმის განხილვაზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზად ვერ მიიჩნევა და საქმის მასალებით არ დგინდება ისეთი გარემოება, რომელიც სასამართლო პროცესზე გამოუცხადებლობის შესახებ სააპელაციო პალატისათვის შეტყობინებას ობიექტურად შეუძლებელს გახდიდა. კერძო საჩივარზე დართული საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2009 წლის 15 აპრილის ბრძანებიდან ირკვევა, რომ აპელანტმა მისი წარმომადგენლების _ ი. ხ-ძის, ნ. ი-ძისა და გ. ყ-შვილის მივლინებაში გამგზავრების თაობაზე სასამართლოში საქმის განხილვამდე სულ ცოტა ერთი დღით ადრე მაინც იცოდა და, შესაბამისად, შეეძლო უზრუნველეყო სასამართლო სხდომაზე სხვა წარმომადგენლის გამოცხადება ან გამოუცხადებლობის თაობაზე შეტყობინება.
რაც შეეხება ნ. წ-ძის გამოუცხადებლობას, რომელსაც, მხარის აზრით, სასამართლოში მისი ინტერესები უნდა დაეცვა, ამ უკანასკნელმა წარმოადგინა სტომატოლოგის ცნობა, რომლის მიხედვით პაციენტს 2009 წლის 15 აპრილს, 10.30 საათზე ჩაუტარდა მკურნალობა და იგი ვერ შესძლებდა ვერც იმავე დღეს და ვერც მომდევნო ორი დღის განმავლობაში სასამართლოში გამოცხადებას.
საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნულ ცნობაში დასახელებული გარემოება ასევე ვერ ადასტურებს, რომ 2009 წლის 15 აპრილს, 11 საათზე საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრომ ობიექტურად ვერ შესძლო სასამართლოში თავისი ინტერესების დამცველის წარმოდგენა ან, ასეთის შეუძლებლობისას, აღნიშნულის თაობაზე სასამართლოსათვის შეტყობინება. ნიშანდობლივია, რომ კერძო საჩივრის ავტორი იურიდიული პირია და უნდა უზრუნველყოს თავისი წარმომადგენლის სასამართლო სხდომაზე გამოცხადება.
ამდენად, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინებით სააპელაციო საჩივარი მართებულად დარჩა განუხილველად.
საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის არგუმენტს, რომ მოცემული დავა უნდა განხილულიყო ადმინისტრაციული სამართლწარმოების წესით. აღსანიშნავია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ 2008 წლის 1 სექტემბრის განჩინებით იმსჯელა მოცემული დავის განსჯადობის საკითხზე და სავსებით სწორად მიიჩნია, რომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-11 მუხლის შესაბამისად, საქმე უნდა განხილულიყო სამოქალაქო სამართალწარმოების წესით, ვინაიდან მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საჯარო უფლებამოსილების განხორციელების მიზნით არ დადებულა, ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის «ზ» ქვეპუნქტიდან არ გამომდინარეობს და კერძო სამართლებრივი ხელშეკრულებას წარმოადგენს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 15 აპრილის განჩინება დარჩეს უცვლელად.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.