Facebook Twitter

¹ას-425-739-09 11 ივნისი 2009 წ.

ქ. თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

რ. ნადირიანი, თ. თოდრია

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი –ე. დ-ია(მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე –ი. გ-შვილი (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 16 აპრილის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი –უკანონო ხელშეშლის აღკვეთა, ქონების დაბრუნება და ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

რუსთავის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მომართა ე. დ-იამ მოპასუხე პ. ც-ავას მიმართ ზიანის ანაზღაურების შესახებ. მოსარჩელემ სარჩელში მიუთითა, რომ საკუთრებაში აქვს ქ.რუსთავში ... ქ. ¹20-4-ში მდებარე ბინა, მის მეზობლად, კერძოდ კი ... ქ. ¹14-ში (ბი ნის ნომერი მოსარჩელისავთვის უცნობია) ცხოვროვბს ვინმე პ.ც-ავა, რომელიც მისი ნების საწინააღმდეგოდ 2008 წლის 7 თებერვლიდან დაუფლებულია მის საკუთრებაში არსებულ ბინას, შეტანილი აქვს ნივთები და ცხოვრობს იქ. მოსარჩელის მითითებით, მოპასუხის ქმედებით მას მიადგა ზიანი, ზიანის თანხა შეადგენს 5000 აშშ დოლარს, აღნიშნულიდან გამომდინარე მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხეზე ზიანის სახით 5000 აშშ დოლარის დაკისრება.

2008 წლის 3 სექტემბერს წარმოდგენილი შესაგებლით მოპასუხე პ. ც-ავამ სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ ქ.რუსთავში, ... ქ. ¹20-4-ში მდებარე ბინა არის მისი მეგობრის გ.ბ-შვილის მეუღლის – ი. გ-შვილის საკუთრება, რომელსაც იგი ფლობს დროებით, ამასთან დაუსაბუთებელია მოსარჩელის მხრიდან ზიანის ანაზღაურების წარმოშობის საფუძველი და მისი გაანგარიშების წესი.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა მოსარჩელე ე. დ-იას სარჩელი ი. გ-შვილის მიმართ უკანონო ხელშეშლის აღკვეთის, ქონების დაბრუნებისა და ზიანის ანაზღაურების შესახებ.

აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე 2009 8 აპრილს ე. დ-იამ რუსთავის საქალაქო სასამართლოში წარადგინა სააპელაციო საჩივარი და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 16 აპრილის განჩინებით ე. დ-იას სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი.

პალატამ მიიჩნია, რომ მოსარჩელე ე. დ-იას დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლი ჩაბარდა 2009 წლის 23 მარტს (ს.ფ.129-130), შესაბამისად სსსკ-ის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანისათვის კანონით დადგენილი ვადის ათვლა დაიწყო 2009 წლის 24 მარტიდან და დასრულდა 2009 წლის 6 აპრილს. სააპელაციო საჩივარი ე. დ-იამ რუსთავის საქალაქო სასამართლოში წარადგინა 2009 წლის 08 აპრილს (სბფ.132-142).

პალატამ განმარტა, რომ ე. დ-იამ სააპელაციო საჩივარი წარადგინა კანონით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ, რაც საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 16 აპრილის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ე. დ-იამ

კერძო საჩივრის ავტორმა მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატა გაეცნო ე. დ-იას კერძო საჩივარს და თვლის, რომ საქმეზე წარმოდგენილი კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმეზე დადგენილია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 16 აპრილის განჩინებით ე. დ-იას სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი.

საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასაბუთებას და მიიჩნევს, რომ ე. დ-იას მხრიდან ადგილი ჰქონდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსით განსაზღვრული საპროცესო ვადების დარღვევას.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის შესაბამისად სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა შეადგენს 14 დღეს. ამავე კოდექსის მე-60 მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვერულია მისი დასაწყისი. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში ვადის დენა დაიწყო 2009 წლის 24 მარტიდან, ვინაიდან მხარეს განჩინება ჩაბარდა 23 მარტს და აღნიშნული ვადა ამოიწურა 2009 წლის 6 აპრილს.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ. საჩივარი და საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველად დარჩება.

აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, ე. დ-იამ დაკარგა საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება, ვინაიდან მან კანონით დადგენილ ვადაში არ წარადგინა სააპელაციო საჩივარი. შესაბამისად საპელაციო სასამართლომ სწორად დატოვა განუხილველი ე. დ-იას სააპელაციო საჩივარი.

რაც შეეხება კერძო საჩივარს, მხარე კერძო საჩივარში არ მიუთითებს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების მოტივებზე და ვერ ასაბუთებს ისეთი საპატიო გარემოებების არსებობას, რამაც განაპირობა მისი მხრიდან საჩივრის წარუდგენლიბა დადგენილ ვადებში.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასაბუთებას და მიაჩნია, რომ ე. დ-იას მხრიდან ადგილი ჰქონდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსით განსაზღვრული საპროცესო მოთხოვნების დარღვევას, რაც სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების სამართლებრივი საფუძველია.

ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ გასაჩივრებული განჩინება მიღებულია კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით. შესაბამისად არ არსებობს მისი გაუქმების და კერძო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 369-ე, 63-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ე. დ-იას კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 16 აპრილის განჩინება დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.