№201აპ-17 ქ. თბილისი
ა. დ-ა, 201აპ-17 26 სექტემბერი, 2017 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე)
პაატა სილაგაძე, ბესარიონ ალავიძე
სხდომის მდივან – კონსტანტინე თოდრიას
პროკურორ _ ლევან ჟორჟოლაძის
ადვოკატების – გ. ო-ის, მ. ქ-ას
მსჯავრდებულ - დ. ა-ის
გამართლებულ - ბ. მ-ას
კანონიერი წარმომადგენლების - ი. მ-ას, ლ. ჩ-ის
მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ დ. ა-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. ო-სა და თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორ ლევან ჟორჟოლაძის საკასაციო საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 21 თებერვლის განაჩენზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 30 ნოემბრის (დ. ა-ის მიმართ - 2016 წლის 5 დეკემბრის) განაჩენით:
2. ბ. მ., – - – ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში; გამართლებულ ბ. მ-ას განემარტა, რომ უფლება აქვს, აუნაზღაურდეს მიყენებული ზიანი. ბ. მ-ას მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდა და გირაოს თანხა განაჩენის აღსრულებიდან ერთ თვეში დაუბრუნდა მის შემტან პირს.
3. დ. ა., - ნასამართლობის არმქონე, – ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით და მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 5 წლით. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე დანიშნული თავისუფლების აღკვეთის ვადა შეუმცირდა 1/3-ით და მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 3 წლითა და 4 თვით, რაც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 74-ე მუხლის თანახმად, ჩაეთვალა პირობით და საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა - 4 წელი. დ. ა-ს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 45-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე სასჯელის დანიშვნის სხდომიდან - 2016 წლის 5 დეკემბრიდან, ერთი წლის განმავლობაში აეკრძალა დაზარალებულ ლ. ჯ-ის მონახულება. დ. ა-ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა დაკავებაში ყოფნის პერიოდი - 2016 წლის 1 ივლისიდან იმავე წლის 4 ივლისის ჩათვლით. დ. ა-ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდა და გირაოს თანხა განაჩენის აღსრულებიდან ერთ თვეში დაუბრუნდა მის შემტან პირს.
4. ბ. მ-სა და დ. ა-ს ბრალად ედებოდათ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედების ჩადენა, რაც გამოიხატა შემდეგში:
2016 წლის 1 ივლისს, საღამოს საათებში, ბ. მ-მ და დ. ა-მა ლ. ჯ. აიყვანეს თ-ში, გ-ის „-“ მ/რ-ის - კორპუსის სახურავზე, სადაც დანისა და ფიზიკური ძალადობის გამოყენებით, სიცოცხლის მოსპობისა და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარით მოსთხოვეს და შემდეგ გასტაცეს „აიფონის“ ფირმის მობილური ტელეფონი.
5. განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულ დ. ა-ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა გ. ო-მა და თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ლევან ჟორჟოლაძემ. დაცვის მხარემ ითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის განაჩენისა და დ. ა-ის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან განრიდებაზე უარის თქმის შესახებ 2016 წლის 25 ნოემბრის საოქმო განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით - დ. ა-ის მიმართ განრიდების გამოყენება. სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე ადვოკატმა გ. ო-მა დააზუსტა მოთხოვნა და მოითხოვა დ. ა-ის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 5 დეკემბრის განაჩენისა და 2016 წლის 25 ნოემბრის განჩინების გაუქმება დ. ა-ის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან განრიდებაზე უარის თქმის შესახებ და მსჯავრდებულის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან განრიდების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით საქმის პროკურორისათვის დაბრუნება. პროკურორმა ლევან ჟორჟოლაძემ ითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის განაჩენში ცვლილების შეტანა: ბ. მ-ას დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, დ. ა-ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მის მიმართ უფრო მძიმე სასჯელის - თავისუფლების აღკვეთის შეფარდება.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 21 თებერვლის განაჩენით არ დაკმაყოფილდა სააპელაციო საჩივრები და გასაჩივრებული განაჩენი დარჩა უცვლელად.
6. კასატორი – დ. ა-ის ინტერესების დამცველი, ადვოკატი გ. ო. ითხოვს დ. ა-ის დამნაშავედ ცნობის ნაწილში თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმებას და მის მიმართ აღდგენითი მართლმსაჯულების ღონისძიებების გამოყენებას შემდეგი მოტივებით: პირველი ინსტანციის სასამართლომ დ. ა-ს უსამართლოდ დაუნიშნა პირობითი მსჯავრი, რომელიც არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესებიდან არ გამომდინარეობდა. წინასასამართლო სხდომაზე დაცვის მხარემ იშუამდგომლა დ. ა-ის განრიდება და შესაბამისი ორგანოდან დ. ა-ის ინდივიდუალური შეფასების ანგარიშის გამოთხოვა, მაგრამ სასამართლომ მისი მოთხოვნები არ დააკმაყოფილა. დ. ა-მა სასამართლოს აღიარებითი ჩვენება მხოლოდ მისი ბრალეულობის ნაწილში მისცა, რაც სხვა მტკიცებულებებითაც დადასტურდა. ამდენად, არსებით სასამართლო სხდომაზე დაცვის მხარემ კვლავ იშუამდგომლა განრიდების თაობაზე, მაგრამ სასამართლომ იმ მიზეზით, რომ ბრალდებული კვალიფიკაციას სრულად არ ეთანხმებოდა, განრიდების გამოყენებაზე უარი განაცხადა. საბოლოოდ, სასამართლომ სწორედ იმ კვალიფიკაციით დაადგინა განაჩენი, როგორც ის დ. ა-ის ჩვენებით დასტურდებოდა. აქედან გამომდინარე, განრიდებაზე უარის თქმის განჩინების გასაჩივრების შესაძლებლობა დაცვის მხარეს მხოლოდ შემაჯამებელ გადაწყვეტილებასთან ერთად მიეცა. კასატორის პოზიციით, იმ დრომდე, სანამ კანონმდებელი პირს უფლებას აძლევს გაასაჩივროს განაჩენი, მანამდე მას მოთხოვნის დაყენების უფლება ყოველთვის გააჩნია. თუ დ. ა. ბრალად წარდგენილი კვალიფიკაციით აღიარებდა ბრალს, ერთი მხრივ, იგი იმ დანაშაულსაც აღიარებდა, რაც რეალურად არ ჩაუდენია, ხოლო, მეორე მხრივ, არაბრალეულ პირსაც დაადანაშაულებდა.
7. კასატორი - პროკურორი ლევან ჟორჟოლაძე ითხოვს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის განაჩენში ცვლილების შეტანას, ბ. მ-სა და დ. ა-ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და დ. ა-ის მიმართ უფრო მკაცრი სასჯელის - თავისუფლების აღკვეთის შეფარდებას. კასატორის მითითებით, დ. ა-მა და ბ. მ-ამ იცოდნენ ლ. ჯ-ის ვინაობა და მისი მისამართი. მათთვის აგრეთვე ცნობილი იყო, რომ ლ. ჯ. ძვირად ღირებულ მობილურ ტელეფონს ფლობდა. დ. ა. და ბ. მ. ყაჩაღობამდე ორი დღით ადრე ლ. ჯ-ის ბინაში მივიდნენ, სადაც მის დედას ლ-ს ადგილსამყოფელი ჰკითხეს და მობილურის ტელეფონის ნომერი გამოართვეს. 2016 წლის 1 ივლისს დ. ა. და ბ. მ., ე. მ-თან ერთად კვლავ მივიდნენ ლ. ჯ-ის სახლში, სადაც ლ. ადგილსამყოფელი იკითხეს. საბოლოოდ, მათ ლ. კორპუსის სახურავზე აიყვანეს. დ. ა-მა მას დანა მიაბჯინა და მობილური მოსთხოვა. როგორც ბ. მ., ისე დ. ა. ურტყამდნენ ლ. ჯ-ს. ლ. წაიქცა, რა დროსაც ბ-ამ მას „აიფონ 6“ ამოაცალა, დაიყვირეს, ტელეფონი ჩვენ გვაქვსო და გაიქცნენ. კასატორის მითითებით, სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა, რომ თითქოს მოწმემ ვერ ახსნა ის გარემოება, თუ რატომ არ ჰქონდა გამოძიებისათვის მიცემულ ჩვენებაში მითითებული - ყაჩაღობამდე ორი დღით ადრე ბ. მ-ა და დ. ა-ის ლ. ჯ-ის ბინაში მისვლის ფაქტი, უკანონოა და არ შეესაბამება საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის 24-ე ნაწილს.
8. პროკურორის მითითებით, ლ. ჯ-სა და ნ. ქ-ის ჩვენებებით დადგენილია, თუ როგორ წაიყვანა ბ. მ-მ სასაუბროდ ლ. ჯ., როგორ ავიდნენ ისინი კორპუსის სახურავზე და შემდეგ როგორ განვითარდა მოვლენები. დაზარალებული ორივე ბრალდებულის მიმართ უთითებდა ტელეფონის წართმევისა და ფიზიკური ძალადობის შესახებ. თუკი პირდაპირ მტკიცებულებად მხოლოდ თვითმხილველი მოწმის ჩვენებას მივიჩნევთ, ნებისმიერ დანაშაულზე (განსაკუთრებით, ფარული ხასიათის) შეუძლებელი გახდება გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანა.
9. რაც შეეხება დ. ა-თვის შეფარდებულ სასჯელს, კასატორი მიიჩნევს, რომ იგი არ არის სამართლიანი, ვინაიდან დ. ა. არ ნანობს ჩადენილ ქმედებას. მას გააჩნია ფეთქებადი ხასიათი. ამასთან, მოცემულ საქმეში დაზრალებულიც არასრულწლოვანია.
10. საკასაციო პალატის სხდომაზე კასატორებმა - პროკურორმა ლევან ჟორჟოლაძემ და ადვოკატმა გ. ო-მა მხარი დაუჭირეს საკასაციო საჩივრებს და მოითხოვეს მათი დაკმაყოფილება. გამართლებულ ბ. მ-ას ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა, მ. ქ-ამ ითხოვა ბ. მ-ას მიმართ თბილისის სააპელაციო სასამართლოს გამამართლებელი განაჩენის ძალაში დატოვება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. საკასაციო პალატამ მხარეთა მონაწილეობით განიხილა საკასაციო საჩივრები, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრების საფუძვლიანობა და დაასკვნა, რომ მსჯავრდებულ დ. ა-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. ო-სა და თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორ ლევან ჟორჟოლაძის საკასაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:
2. საკასაციო პალატა სრულად ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას, რომ დ. ა-მა ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ხოლო ბ. მ-ას ბრალად წარდგენილი ქმედება არ ჩაუდენია. საქმეში წარმოდგენილია ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს დ. ა-ის მიერ ყაჩაღობის დამოუკიდებლად ჩადენას. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული ზეპირი (მათ შორის, ბრალდებულ დ. ა-სა და რ. ს-ის ჩვენებები) და წერილობითი მტკიცებულებები მიუთითებს საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედების შემადგენლობის მხოლოდ დ. ა-ის მიერ ჩადენაზე. ამდენად, დ. ა-ის ქმედების კვალიფიკაციისა და ბ. მ-ას მიმართ მტკიცებულებათა არასაკმარისობის გამო მისი გამართლების ნაწილში საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას.
3. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მასალებიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება შეესაბამება არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსითა და საერთაშორისო სამართლით დადგენილ ნორმებს და შეფარდებული სასჯელი სრულად უზრუნველყოფს არასრულწლოვანთა სასჯელის მიზნების მიღწევას, კერძოდ, საკასაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს დ. ა-ის ინდივიდუალური შეფასების ანგარიშს და მასში აღწერილ დადებით ფაქტორებს, კერძოდ, იმას რომ მსჯავრდებული აქტიურად არის დაკავებული სპორტით და მისი თავისუფალი დრო ორგანიზებულია. ამავდროულად, მხედველობაშია მისაღები უარყოფითი ფაქტორებიც, კერძოდ, დ. ა., მართალია, აღიარებს ჩადენილ ქმედებას, მაგრამ უჭირს მომხდარში საკუთარი პასუხისმგებლობის გააზრება. იგი საუბრისას მხოლოდ საკუთარ ზარალზე აკეთებს აქცენტს და მიაჩნია, რომ ამ სიტუაციაში უფრო მეტად თვითონ და მისი ოჯახის წევრები დაზარალდნენ და უჭირს გაიაზროს ზიანი, რომელიც სხვას მიადგა მისი ქცევის შედეგად. ამ შემთხვევაში გასათვალისწინებლია ადამიანის უფლებათა კომისრის 2009 წლის 19 ივნისის მიმოხილვა, რომელიც შეიცავს წინადადებებს ბავშვთა და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების გასაუმჯობესებლად, კერძოდ, 5.4 პუნქტში აღნიშნულია, რომ ბავშვის უფლებათა კონვენციის მე-40 მუხლის თანახმად, ბავშვს, რომელმაც დაარღვია სისხლის სამართლის კანონმდებლობა, უნდა მოეპყრან მისი ღირსების შესაბამისად, იმგვარად, რომ პატივისცემით განაწყონ ადამიანის ძირითადი უფლებების დაცვისადმი. ამასთან, მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ბავშვის ასაკი და სახელმწიფომ ხელი უნდა შეუწყოს მის რეინტეგრაციას. ამ შემთხვევაში დ. ა-ს სამართალწარმოების ყველა სტადიაზე მოეპყრნენ მისი ღირსების შესაბამისად. ჩადენილი ქმედების სახიდან, სიმძიმიდან, საქმეში არასრულწლოვანი დაზარალებულის არსებობისა და ინდივიდუალური შეფასების ანგარიშიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ დ. ა-ის სასჯელის სახე და ზომა უზრუნველყოფს მისი პატივისცემით განწყობას ადამიანის, მათ შორის - მისი თანატოლების (ვინაიდან დაზარალებული აგრეთვე არასრულწლოვანია) ძირითადი უფლებების დაცვისადმი. გასათვალისწინებლია ის გარემოებაც, რომ პირველი ინსტანციისა და სააპელაციო სასამართლოებმა დ. ა-ის მიმართ გამოიყენეს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსით მინიჭებული შეღავათი და 74-ე მუხლის თანახმად, მძიმე კატეგორიის დანაშაული (ყაჩაღობა, ჩადენილი ძალადობითა და ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით) სრულად ჩაუთვალეს პირობით.
4. დ. ა-ის მიმართ განსაზღვრული სასჯელი შეესაბამება როგორც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის, ისე საერთაშორისო სამართლით დადგენილ ნორმებს, კერძოდ, ბავშვის უფლებათა კონვენციის მე-3 მუხლს, რომელიც ავალდებულებს სახელმწიფოს, რომ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების აღსრულების პროცესში ნებისმიერი გადაწყვეტილება მიზნად ისახავდეს ბავშვის ჭეშმარიტი და საუკეთესო ინტერესის დაცვას; ამავე კონვენციის 32-ე მუხლის პირველი პუნქტისა და მე-2 პუნქტის ”გ” ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფოს აკისრია ვალდებულება, რომ სასჯელის შესაბამისი სახის გათვალისწინებისას მხედველობაში მიიღოს ბავშვის ჯანმრთელობა, განათლება, ეკონომიკური ექსპლუატაცია, ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, მორალური და სოციალური განვითარების ფაქტორები. არასრულწლოვანთა მიმართ მართლმსაჯულების განხორციელების შესახებ გაეროს მინიმალური სტანდარტული წესების („პეკინური წესები“) მე-5 მუხლის თანახმად, ზემოქმედების ზომები უნდა იყოს თანაზომადი, არა მარტო ჩადენილი ქმედების გარემოებებთან, არამედ -არასრულწლოვნის მდგომარეობასა და მოთხოვნილებებთან.
5. ამდენად, როგორც სასჯელი, ისე დაზარალებულ ლ. ჯ-ის ერთი წლის განმავლობაში ნახვის აკრძალვა (არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 45-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად) ჩადენილი ქმედების გარემოებების, დ. ა-ის მდგომარეობის, მისი მოთხოვნილების თანაზომადია და ემსახურება არასრულწლოვნის ჭეშმარიტი და საუკეთესო ინტერესის დაცვას. ზემომითითებული გარემოებებიდან გამომდინარე, სწორედ შეფარდებული სასჯელის სახე და ზომა (და არა განრიდების ხელშეკრულება) წარმოადგენს ადეკვატურ ღონისძიებას დ. ა-ის რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის, მისი მხრიდან ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და ადამიანის ძირითადი უფლებების დაცვისადმი პატივისცემით განწყობისათვის.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილით, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მსჯავრდებულ დ. ა-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. ო-სა და თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორ ლევან ჟორჟოლაძის საკასაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 21 თებერვლის განაჩენი დარჩეს უცვლელად.
3. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი
მოსამართლეები: პ. სილაგაძე
ბ. ალავიძე