№ას-432-674-08 29 ოქტომბერი, 2008 წ.
ქ.თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემედგენლობა: მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე)
თეიმურაზ თოდრია (მომხსენებელი), როზა ნადირიანი
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი _ ლ. ა-იძე (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარეები – ნ. ა-აძე, სს „თბილისის საერთაშორისო აეროპორტი“ (მოპასუხეები)
გასაჩივრებული სასამართლო განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 20 მარტის განჩინება
დავის საგანი – გარიგების ბათილად ცნობა და ზიანის ანაზღაურება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ლ. ა-ის უფლებამონაცვლე ლ. ა-იძემ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას სარჩელით მიმართა ნ. ა-აძის მიმართ. საქმეში მესამე პირებად ჩართულ იქნა ეკონომიკის სამინისტრო და სს „თბილისის საერთაშორისო აეროპორტი“. მოსარჩელემ მოითხოვა 31.12.1997, 29.12.1998, 01.5.1999, 30.12.1999 წლების თარიღებით ლ. ა-სა და სს „თბილისის საერთაშორისო აეროპორტს“ შორის გაფორმებული იჯარის ხელშეკრულებების ბათილად ცნობა. მოთხოვნის საფუძვლად მითითებულ იქნა იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელე მხარისათვის ცნობილი გახდა, რომ 1997 წლის 4 სექტემბრიდან 1999 წლის 15 სექტემბრამდე „თბილისის საერთაშორისო აეროპორტი“ არ წარმოადგენდა რეგისტრირებულ იურიდიულ პირს, რაც არსებითად ცვლის ხელშეკრულებების პირობათა დარღვევის შემთხვევაში მხარეთა პასუხისმგებლობის სამართლებრივ რეჟიმს, ასევე მოსარჩელე მხარისათვის ცნობილი გახდა, რომ სადავო საოჯახო ხელშეკრულებები დადებულ იქნა „სახელმწიფო ქონების იჯარით გადაცემისას საიჯარო ქირის განსაზღვრისა და გადახდის წესის შესახებ“ მინისტრთა კაბინეტის 08.01.1995 წლის @№20 დადგენილებით განსაზღვრული წესის დარღვევით კონცესიის გადასახადისა და შეუსაბამოდ მაღალი საიჯარო ქირის დაკისრებით. მოსარჩელის მითითებით, აღნიშნული დადგენილების მოთხოვნათა შესაბამისად, მხოლოდ 29.12.2000 წლის ხელშეკრულება იქნა გაფორმებული. მოსარჩელის მითითებით მოთხოვნა დაყენებულია არა იურიდიული პირის - სს „თბილისის საერთაშორისო აეროპორტის“ მიმართ, ვინაიდან სააქციო საზოგადოება არ იყო რეგისტრირებული, არამედ არარეგისტრირებული პირის დირექტორის - ნ. ა-აძის მიმართ გამომდინარე იქიდან, რომ რეგისტრაციამდე დადებული გარიგებების შესაბამისად, იურიდიული პირის დამფუძნებლები პასუხს აგებენ პერსონალურად, როგორც სოლიდარული მოვალეები. სარჩელის მიხედვით სადავო ხელშეკრულებები უნდა იქნეს ცნობილი ბათილად როგორც მართლსაწინააღმდეგო, ამორალური, ამავე დროს ნებართვის გარეშე დადებული გარიგებები იქიდან გამომდინარე, რომ ქონება - საიჯარო ხელშეკრულების საგანი წარმოადგენდა სახელმწიფოს და არა არარსებული იურიდიული პირის საკუთრებას. ამავე დროს მოსარჩელემ მოითხოვა ზიანის ანაზღაურება უკანონო ხელშეკრულებებით მიღებული მატერიალური დანაკლისის გამო.
31.12.1997, 29.12.1998, 01.05.1999, 30.12.1999 წლების ხელშეკრულებების ბათილად ცნობის, 02.04.1997 წლის ხელშეკრულების კონცესიის გათვალისწინების ნაწილში ბათილად ცნობისა და უკანონოდ დაკისრებული კონცესიის გადასახადის მოპასუხისაგან ანაზღაურების მოთხოვნით სარჩელი ჯერ კიდევ 2000 წელს აღიძრა სს „თბილისის საერთაშორისო აეროპორტის“ მიმართ და საქმე დასრულდა მორიგებით 2001 წლის 6 ივნისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს განჩინებით, თუმცა, მოსარჩელის მითითებით, 2005 წელს აღძრული საქმე არ არის დავაზე იმავე მხარეებს შორის, მაგრამ იმავე საგანზეა და მსგავსი საფუძვლით, ამდენად, 2005 წელს აღძრული სარჩელი უნდა იქნეს ცნობილი დასაშვებად.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 8 ივლისის განჩინებით საქმე განსჯადობით გადაეცა სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 29 მარტის საოქმო განჩინებით საქმეში მოპასუხედ ნ. ა-აძესთან ერთად ჩაება საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო. იმავე სასამართლოს 2007 წლის 16 ივლისის სხდომაზე სარჩელზე მოპასუხედ ჩართულ იქნა სს „თბილისის საერთაშორისო აეროპორტი“, როგორც სადავო ხელშეკრულებათა მხარე, ხოლო ეკონომიკური განვითარების სამინისტრო, როგორც არასათანადო მოპასუხე, ამოირიცხა საქმიდან. მოსარჩელემ ასევე დააზუსტა სარჩელი და მოითხოვა 1997 წლის 2 აპრილისა და 2000 წლის 29 დეკემბრის ხელშეკრულებათა გაუქმება მოქმედების ვადის განსაზღვრის ნაწილში.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 16 ივლისის გადაწყვეტილებით ლ. ა-იძის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ლ. ა-იძემ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 20 მარტის განჩინებით ლ. ა-იძის სარჩელი მოპასუხეების - სს „თბილისის საერთაშორისო აეროპორტისა“ და ნ. ა-აძის მიმართ წარმოებით შეწყდა, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 16 ივლისის გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატამ დადგენილად, ცნო რომ ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2001 წლის 6 ივნისის განჩინებით დამტკიცდა მორიგება მხარეებს – ლ. ა-სა და სს „თბილისის საერთაშორის აეროპორტს“ შორის და შეწყდა წარმოება საქმეზე №2/66-01, რომელიც აღიძრა, ლ.ა-ის სარჩელის გამო, სს „თბილისის საერთაშორისო აეროპორტის“ მიმართ 31.12.1997, 28.12.1998, 01.05.1999, 30.12.1999 წლების იჯარის ხელშეკრულებების ბათილად ცნობისა და 1997 წლის 2 აპრილის ხელშეკრულების 2007 წლამდე ვადით დადებულად აღიარების, ასევე 1997 წლის 2 აპრილის ხელშეკრულების ბათილად ცნობის, კონცესიის გადასახადის დაკისრების ნაწილში და, უკანონოდ დაკისრებული კონცესიის გადასახადის გამო, მოპასუხისათვის №250 ლარის დაკისრების თაობაზე.
ასევე სააპელაციო პალატამ დადგენილად ცნო, რომ ლ.ა-ის უფლებამონაცვლის - ლ. ა-იძის მიერ 2005 წლის 5 ივლისს აღიძრა სარჩელი ნ. ა-აძის მიმართ. საქმეში მესამე პირებად ჩართულ იქნა ეკონომიკის სამინისტრო და სს „თბილისის საერთაშორისო აეროპორტი“. მოსარჩელემ მოითხოვა 31.12.1997, 29.12.1998, 01.05.1999, 30.12.1999 წლების თარიღებით ლ.ა-სა და სს „თბილისის საერთაშორისო აეროპორტს“ შორის გაფორმებული იჯარის ხელშეკრულებების ბათილად ცნობა, ასევე ზიანის ანაზღაურება უკანონო ხელშეკრულებებით მიღებული მატერიალური დანაკლისის გამო. საბოლოოდ სარჩელის დაზუსტების შემდეგ დავის მხარეებად დაფიქსირდნენ, ერთი მხრივ, მოსარჩელე ლ. ა-ის უფლებამონაცვლე ლ. ა-იძე და, მეორე მხრივ, მოპასუხეები სს „თბილისის საერთაშორისო აეროპორტი“ და ფიზიკური პირი ნ. ა-აძე.
სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ, როგორც 2000 წელს აღძრული, ისე 2005 წელს აღძრული დავის საგანი ანალოგიურია - 31.12.1997, 28.12.1998, 01.05.1999, 30.12.1999 წლების იჯარის ხელშეკრულებათა ბათილად ცნობასა და უკანონო ხელშეკრულებებიდან გამომდინარე ზიანის ანაზღაურებასთან.
პალატამ მიუთითა, რომ არ შეიძლება, მოთხოვნიდან გამომდინარე, მოსარჩელის მიმართ შესასრულებელი ვალდებულება ჩაითვალოს სხვადასხვად იმის გამო, რომ ერთ შემთხვევაში მოთხოვნა (2000 წლის სარჩელში, ს№2ბ-1891-02) მიმართული იყო მხოლოდ სს „თბილისის საერთაშორისო აეროპორტის“, ხოლო, მეორე შემთხვევაში, ასევე ნ. ა-აძის მიმართაც. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ სასამართლომ უკვე იმსჯელა 2000 წელს აღძრული სარჩელის საფუძვლებთან დაკავშირებით და შედეგად მიღებული სასამართლოს განჩინებები შესულია კანონიერ ძალაში, დაუშვებელია ხელმეორედ იმავე საკითხზე სასამართლო წარმოების განხორციელება.
სააპელაციო პალატის განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა ლ. ა-იძემ და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება. კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად შეწყვიტა საქმის წარმოება, რადგან აღნიშნულ დავაში მონაწილეობს ასევე სხვა პირი, ვის წინააღმდეგაც აღძრულია მოთხოვნა სხვა საფუძვლით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატა კერძო საჩივრის საფუძვლებისა და საქმის მასალების განხილვის შედეგად თვლის, რომ გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 20 მარტის განჩინებით შეწყდა წარმოება საქმეზე, ლ. ა-იძის სარჩელის გამო, მოპასუხეების - სს „თბილისის საერთაშორისო აეროპორტისა“ და ნ. ა-აძის მიმართ იჯარის ხელშეკრულებათა ბათილად ცნობისა და თანხის დაკისრების შესახებ.
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ აღნიშნული სარჩელი აღძრულია დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და საფუძვლით.
კერძო საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად შეწყვიტა საქმის წარმოება, რადგან აღნიშნულ დავაში მონაწილეობს ასევე სხვა პირი, ვის წინააღმდეგაც აღძრულია მოთხოვნა სხვა საფუძვლით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის “ბ” ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლო შეწყვეტს წარმოებას საქმეზე, თუU „არსებობს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ან განჩინება, რომელიც გამოტანილია დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით.“
იმისათვის, რომ სწორი პასუხი გაიცეს კითხვაზე, თუ რამდენად კანონიერად შეწყვიტა სააპელაციო სასამართლომ საქმის წარმოება, აუცილებელია განვიხილოთ, თუ რა იგულისხმება ზემოაღნიშნულ ნორმაში, რას ნიშნავს იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით.
უპირველეს ყოვლისა, უნდა აღინიშნოს, რომ სადავოს არ წარმოადგენს ის ფაქტი, რომ თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2001 წლის 6 ივნისის განჩინებით დადგენილ იქნა მხარეთა შორის მორიგება, რაც შევიდა კანონიერ ძალაში. აღნიშნული განჩინებით მორიგება შედგა ლ. ა-სა და სს „თბილისის საერთაშორისო აეროპორტს“ შორის.
საკასაციო პალატა ამახვილებს ყურადღებას იმ გარემოებაზე, რომ აღნიშნული განჩინებით, მხარეთა მორიგების საფუძველზე შეწყვეტილი საქმის დავის საგანს შეადგენდა 31.12. 1997, 28.12. 1998, 30.12.1999 წლების იჯარის ხელშეკრულებების ბათილად ცნობა, 1997 წლის 2 აპრილის ხელშეკრულების 2007 წლამდე ვადით დადებულად აღიარება, ასევე 1997 წლის 2 აპრილის ხელშეკრულების ბათილად ცნობა კონცესიის გადასახადის დაკისრების ნაწილში და, უკანონოდ დაკისრებული კონცესიის გადასახადის გამო, მოპასუხისთვის 8250 ლარის დაკისრება.
აღნიშნული მოთხოვნის საფუძველს წარმოადგენდა ის რომ, სადავო ხელშეკრულებები დადებულია იძულებით.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2005 წლის 5 ივლისს აღიძრა სარჩელი ნ. ა-აძის მიმართ, ხოლო მესამე პირებად საქმეში მონაწილეობდნენ ეკონომიკის სამინისტრო და სს „თბილისის საერთაშორისო აეროპორტი“. აღნიშნული სარჩელის აღძვრისას მოსარჩელე (ლ. ა-ის უფლებამონაცვლე ლ. ა-იძე) აყენებს იმავე მოთხოვნებს. ა-ის უფლებამონაცვლე ლ. ა-იძის მიერ აღძრული სარჩელის თანახმად, მოპასუხეს წარმოადგენს პირი, რომელიც არ მონაწილეობდა მხარედ კანონიერ ძალაში შესული განჩინებით შეწყვეტილ საქმეში (ნ. ა-აძე), ხოლო სს „თბილისის საერთაშორისო აეროპორტი“ წარმოადგენს მოპასუხეს პირველ და მეორე საქმეში.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ კანონი მოითხოვს ერთდროულად ყველა სამართლებრივი ელემენტის არსებობას იმისათვის, რომ წარმოიშვას საქმის შეწყვეტის საფუძველი განსახილველი ნორმის მიხედვით.
ამდენად, მიუხედავად იმისა, რომ დავის საგანი იგივეა, რაც 2001 წლის 6 ივნისის განჩინებით შეწყვეტილ საქმეზე, მოთხოვნას უდევს სხვა საფუძველი.
2005 წლის 5 ივლისს აღძრული სარჩელის საფუძველს წარმოადგენს არა ხელშეკრულებათა იძულებით დადების ფაქტი, არამედ ის, რომ სადავო ხელშეკრულებები დადებული იყო არარეგისტრირებულ იურიდიულ პირთან და სახელმწიფო ქონების იჯარით გაცემისას საიჯარო ქირის განსაზღვრისა და გადახდის წესის შესახებ” მინისტრთა კაბინეტის 1995 წლის 8 იანვრის №20 დადგენილების მოთხოვნათა დაცვის გარეშე. ამდენად, 2005 წლის 5 ივლისს აღძრულ სარჩელს გააჩნია ასევე განსხვავებული საფუძველი.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნულ საკითხზე მსჯელობისას მიიჩნია, რომ ამ უკანასკნელი საფუძვლით ლ. ა-იძე ითხოვდა საქმის წარმოების განახლებას, რაც არ დაკმაყოფილდა, ამდენად აღნიშნული გულისხმობს იმას, რომ 2005 წლის 5 ივლისს აღძრულ სარჩელს ჰქონდა იგივე საფუძველი.
საკასაციო პალატა არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს აღნიშნულ მოსაზრებას და განმარტავს, რომ დაუშვებელია სარჩელის საფუძვლისა და, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, საქმის განახლების საფუძვლების ერთმანეთში აღრევა. ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების განცხადების საფუძველს წარმოადგენენ კანონით განსაზღვრული გარემოებები, რომლებიც იწვევენ საქმის წარმოების განახლებას, ანუ ამ საფუძვლების არსებობის შედეგია პროცესუალურ-სამართლებრივი მოთხოვნის დაკმაყოფილება, ხოლო სასარჩელო მოთხოვნა არის მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობის. მის საფუძველს შეიძლება წარმოადგენდეს მატერიალურ-სამართლებრივი ნორმით გათვალისწინებული ფაქტობრივი გარემოებები, რომლებსაც უკავშირდება კონკრეტული მატერიალურ-სამართლებრივი შედეგი, რაც მოთხოვნის სახით წარმოგვიდგება.
საკასაციო პალატის აზრით, ზემოაღნიშნული შენიშვნების გათვალისწინებით სააპელაციო სასამართლომ უნდა იმსჯელოს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის “ბ” პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლიანობის შესახებ.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ლ. ა-იძის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 20 მარტის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას;
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. სულხანიშვილი
მოსამართლეები: თ. თოდრია
რ. ნადირიანი