ას-432-746-09 6 ივლისი, 2009 წელი
¹ ქ.თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე)
მოსამართლეები:
ნ. კვანტალიანი (მომხსენებელი), ლ. ლაზარაშვილისაქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი _ ლ. ა-ძე (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე _ ნ. ზ-შვილის უფლებამონაცვლე მ. ა-შვილი (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 21 აპრილის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – ვალდებულების შესრულება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
ნ. ზ-შვილმა სარჩელი აღძრა სასამართლოში ლ. ა-ძის მიმართ მოპასუხისათვის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების შესახებ შემდეგი საფუძვლებით: მხარეთა შორის გაფორმდა სესხის და იპოთეკის ხელშეკრულებები, რომელთა თანახმად მოპასუხეს დაუგროვდა მოსარჩელის მიმართ დავალიანება 5985 აშშ დოლარის ოდენობით, საიდანაც 1140 აშშ დოლარი ძირითადი თანხაა, დანარჩენი კი _ 2002 წლის 25 თებერვლიდან დარიცხული 3%.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო შემდეგი დასაბუთებით: ლ. ა-ძეს სესხი დაფარული აქვს სრულად. ამასთან, იმავე მოთხოვნით მოსარჩელეს უკვე ჰქონდა აღძრული სარჩელი, რომელიც საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 7 მაისის კანონიერ ძალაში შესული განჩინებით დარჩა განუხილველად.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 5 ნოემბრის გადაწყვეტილებით ნ. ზ-შვილის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ლ. ა-ძეს დაეკისრა 3876,20 აშშ დოლარის გადახდა.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში ლ. ა-ძემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 21 აპრილის განჩინებით ნ.ზ-შვილის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა, სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით და საქმეში მის უფლებამონაცვლედ ჩააბა მ. ა-შვილი. აღნიშნული განჩინება სასამართლომ დააფუძნა იმ გარემოებას, რომ ნ.ზ-შვილის მიერ წარმოდგენილი მოთხოვნის დათმობის გარიგების თანახმად, ნ.ზ-შვილმა ლ.ა-ძის მიმართ არსებული მოთხოვნის უფლება დაუთმო მ.ა-შვილს.
სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე ლ. ა-ძემ შეიტანა კერძო საჩივარი და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი საფუძვლებით: სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლი, ვინაიდან მოცემული დავის საგანია ნ. ზ-შვილის მოთხოვნების სამართლებრივი საფუძვლების არსებობა-არარსებობის დადგენა, რაც შეეხება მ.ა-შვილს მასთან მხარეს არავითარი სამართლებრივი ურთიერთობა არ ჰქონია, შესაბამისად, ამ უკანასკენლს უფლება არა აქვს, რაიმე მოსთხოვოს მას.
მოცემული საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ სააპელაციო სასამართლოში ლ. ა-ძის სააპელაციო საჩივრის განხილვისას მოწინააღმდეგე მხარე ნ.ზ-შვილმა სასამართლოს წარუდგინა მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულება, რომლის თანახმად ნ.ზ-შვილმა ლ.ა-ძის მიმართ სადავო მოთხოვნის უფლება დაუთმო მ.ა-შვილს და აღნიშნულის საფუძველზე მოითხოვა მოცემულ საქმეში მის უფლებამონაცლედ მ.ა-შვილის ჩართვა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ლ. ა-ძის კერძო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სადავო ან სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი სამართლებრივი ურთიერთობიდან ერთ-ერთი მხარის გასვლის შემთხვევაში (მოქალაქის გარდაცვალება, იურიდიული პირის რეორგანიზაცია, მოთხოვნის დათმობა, ვალის გადაცემა და სხვა) სასამართლო დაუშვებს ამ მხარის შეცვლას მისი უფლებამონაცვლით. უფლებამონაცვლეობა შესაძლებელია პროცესის ყოველ სტადიაზე. დასახელებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საქმის განხილვისას მოდავე მხარის ნაცვლად მისი უცვლებამონაცვლის ჩაბმა დაკავშირებულია მხარეთა შორის არსებული სამართლებრივი ურთიერთობიდან მის გასვლასთან, რა დროსაც მხარე კარგავს და სხვა პირს გადასცემს თავის საპროცესო სტატუსს. უფლებამონაცვლეობის ერთ-ერთ წინაპირობას წარმოადგენს მოდავე მხარის მიერ მოწინააღმდეგე მხარის მიმართ არსებული მოთხოვნის სხვა პირისათვის დათმობა. ასეთ დროს მოთხოვნის დამთმობის სანაცვლოდ საქმეში მხარედ უნდა ჩაებას ის პირი, რომელმაც მოთხოვნა მიიღო და ამასთან ერთად შეიძინა მისი სასამართლო წესით დაცვის უფლებაც.
მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალებით დადასტურებულია, რომ ნ. ზ-შვილმა მ. ა-შვილს დაუთმო და ამ უკანასკნელმა, ნ.ზ-შვილისათვის სათანადო თანხის გადახდის სანაცვლოდ, მიიღო ლ. ა-ძის მიმართ თანხის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება, რის საფუძველზეც განხორციელდა სადავო უფლებამონაცვლეობა.
საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის დასკვნას და მიიჩნევს, რომ მოცემულ დავაში მოსარჩელის უფლებამონაცვლედ მ.ა-შვილის ჩაბმა სავსებით კანონიერია, ვინაიდან მოპასუხის მიმართ არსებული სადავო მოთხოვნის მ.ა-შვილისათვის დათმობით ნ.ზ-შვილი გავიდა მასა და ლ.ა-ძეს შორის არსებული ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობიდან, როგორც ამას ზემოხსენებული ნორმა ითვალისწინებს.
ამდენად, ლ.ა-ძის კერძო საჩივარი დაუსაბუთებელია და გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი: B
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ლ. ა-ძის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 21 აპრილის განჩინება დარჩეს უცვლელად.
სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.