ას-43-378-09 2 აპრილი 2009წ.
ქ.თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
რ. ნადირიანი, თ. თოდრია
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – დ. ბ-ძე (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – სს “პ. ბ.” (მოსარჩელე).
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 12 დეკემბრის განჩინება.
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის წარმოებაში მიღება.
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ბათუმის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართა სს “პ. ბ.” მოპასუხე დ. ბ-ძის წინააღმდეგ და მოითხოვა თანხის დაკისრება.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 16 სექტემბრის გადაწყვეტილებით სს „პ. ბ.“ სარჩელი დაკმაყოფილდა მთლიანად, კერძოდ: დ. ბ-ძეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა ფულადი თანხის გადახდა 1692,06 აშშ დოლარის ოდენობით. მასვე დაეკისრა მოსარჩელის სასარგებლოდ მის მიერ წინასწარ გადახდილი სახ. ბაჟის ანაზღაურება 100 ლარის ოდენობით. ვალდებულების შესრულებისათვის, სასამართლომ ამავე გადაწყვეტილებით დაადგინა უზრუნველსაყოფად დ. ბ-ძის მიერ დაგირავებული ქონების რეალიზაცია.
დასახელებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა დ. ბ-ძემ, მოითხოვა გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მისი უსაფუძვლობისა და ხანდაზმულობის გამო.
სააპელაციო საჩივარი იყო ხარვეზიანი, კერძოდ: არ იყო გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 150 ლარის ოდენობით, რომლის შესავსებად აპელანტს 2008 წლის 27 ოქტომბრის განჩინებით, განესაზღვრა ვადა, განჩინების ასლის ჩაბარებიდან 7 დღე და განემარტა, რომ თუ დანიშნულ ვადაში ხარვეზს არ შეავსებდა, სააპელაციო საჩივარი დარჩებოდა განუხილველი.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 18 ნოემბრის განჩინებით, აპელანტს მისი შუამდგომლობის საფუძველზე გაუგრძელდა ხარვეზის შევსების ვადა განჩინების ასლის ჩაარებიდან 10 დღით და განემარტა, რომ თუ დანიშნულ ვადაში ხარვეზს არ შეავსებდა, სააპელაციო საჩივარი დარჩებოდა განუხილველი.
ხარვეზის ვადის გაგრძელების შესახებ განჩინების ასლი აპელანტს გაეგზავნა და ჩაბარდა კანონით დადგენილი წესით 2008 წლის 24 ნოემბერს, რომლის თანახმადაც აპელანტს ხარვეზის გამოსასწორებლად ვადა ჰქონდა 2008 წლის 04 დეკემბრამდე.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 12 დეკემბრის განჩინებით აპელანტ დ. ბ-ძის საჩივარი დარჩა განუხილველი.
სააპელაციო პალატის განმარტებით, საქმეზე წარმოდგენილი სასამართლოს გზავნილითა და საფოსტო განყოფილებიდან დაბრუნებული შეტყობინებით ირკვევა, რომ აპელანტს დ. ბ-ძეს, 2008 წლის 18 ნოემბრის ხარვეზის ვადის გაგრძელების განჩინება გაეგზავნა და ჩაბარდა კანონით დადგენილი წესით 2008 წლის 24 ნოემბერს, რომლის თანახმადაც აპელანტს ხარვეზის გამოსასწორებლად ვადა ჰქონდა 2008 წლის 04 დეკემბრამდე. მიუხედავად აღნიშნულისა აპელანტს სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში ხარვეზი არ შეუვსია.
Aაღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა დ. ბ-ძემ.
კერძო საჩივრის ავტორის განცხადებით მას ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელებისა და 2008 წლის 12 დეკემბრის განჩინებები ჩაბარდა ერთდროულად.
კერძო საჩივარის ავტორის განცხადებით, მას კერძო საჩივრის წარმოდგენის დღისათვის უკვე გამოსწორებული აქვს ხარვეზი.
კერძო საჩივრის ავტორმა მოთხოვა 2008 წლის 12 დეკემბრის განჩინების გააუქმება და დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე საჩივრის წარმოებაში მიღება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, გაეცნო კერძო საჩივარს და თვლის, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
როგორც საქმის მასალებით დადგენილია, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 18 ნოემბრის განჩინებით აპელანტ - დ. ბ-ძეს გაუგრძელდა ხარვეზის შევსების ვადა განჩინების ასლის ჩაარებიდან 10 დღით და განემარტა, რომ თუ დანიშნულ ვადაში ხარვეზს არ შეავსებდა, სააპელაციო საჩივარი დარჩებოდა განუხილველი.
ზემოაღნიშნული განჩინების ასლი აპელანტს ჩაბარდა კანონით დადგენილი წესით 2008 წლის 24 ნოემბერს, რომლის თანახმადაც აპელანტს ხარვეზის გამოსასწორებლად ვადა ჰქონდა 2008 წლის 04 დეკემბრამდე. აღნიშნული ირკვევა საქმეზე წარმოდგენილი სასამართლოს გზავნილითა და საფოსტო განყოფილებიდან დაბრუნებული შეტყობინებით. მიუხედავად ამისა აპელანტს სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში ხარვეზი არ შეუვსია.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 12 დეკემბრის განჩინებით დ. ბ-ძის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარზე ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება. ამავე კოდექსის 374-ე მუხლის პირველი ნაწილის ბოლო წინადადების შესაბამისად კი, თუ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ესა თუ ის პირობა არ არსებობს, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ, რომელზედაც შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ ზემოხსენებული ნორმებით მართებულად იხელმძღვანელა და სააპელაციო საჩივარი განუხილველად დატოვა, ვინაიდან აპელანტს სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზი არ გამოუსწორებია.
რაც შეეხება კერძო საჩივრის ავტორის მიერ მითითებულ გარემოებას, რომ მას ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელებისა და 2008 წლის 12 დეკემბრის განჩინებები ერთდროულად ჩაბარდა, აღნიშნულს საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს, ვინაიდან დ. ბ-ძეს არ წარმოუდგენია აღნიშნულის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება. საქმეში არსებობს სასამართლო გზავნილი და საფოსტო განყოფილებიდან დაბრუნებული შეტყობინება, სადაც ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელების თაობაზე 2008 წლის 18 ნოემბრის განჩინების ასლის ჩაბარების თარიღად მითითებულია 24 ნოემბერი, რაც დადასტურებულია ასევე დ. ბ-ძის ხელმოწერით. (ს.ფ. 144), ხოლო 2008 წლის 12 დეკემბრის განჩინების ასლის ჩაბარების თარიღია 18 დეკემბერი.
ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძვლები და იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 414-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
დ. ბ-ძის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 12 დეკემბრის განჩინება.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.