Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

ას-434-676-08 23 ივნისი, 2008 წ.

ქ. თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მიხეილ გოგიშვილი (თავმჯდომარე)

მოსამართლეები:

ნუნუ კვანტალიანი (მომხსენებელი), ლალი ლაზარაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – ვ. გ-იძე (მოსარჩელე)

წარმომადგენელი _ გ. მ-შვილი

მოწინააღმდეგე მხარე – ნ. ს-იძე (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 16 აპრილის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – ნასყიდობის ხელშეკრულების გაუქმება, ბინიდან გამოსახლება, უფლებამონაცვლედ ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ვ. გ-იძემ სარჩელი აღძრა სასამართლოში ნ. ს-იძის მიმართ ნასყიდობის ხელშეკრულების გაუქმების, ბინიდან გამოსახლებისა და ს. გ.-ის უფლებამონაცვლედ ცნობის შესახებ შემდეგი საფუძვლებით: მოსარჩელის მეუღლე ს.გ.-ესა და მოპასუხეს შორის გაფორმდა ქ.გორში, ...-ის ქ.¹32/17-ში მდებარე ბინის 3500 აშშ დოლარად ნასყიდობის ხელშეკრულება გადახდის განვადებით. ნ.ს.-ემ თანხის ნაწილი გადაიხადა, თუმცა დარჩენილი თანხის გადახდაზე უარი განაცხადა. 2006 წლის 19 ივნისს ს. გ.-ე გარდაიცვალა და მის უფლებამონაცვლეს წარმოადგენს მოსარჩელე. მოპასუხის მიერ ნასყიდობის ხელშეკრულების პირობების დარღვევის გამო, ზემოხსენებული გარიგება უნდა გაუქმდეს.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ ნასყიდობის ნივთი იყო უფლებრივად ნაკლის მქონე, ამდენად, გადაუხდელ თანხას დაფარავს მხოლოდ მითითებული ნაკლის აღმოფხვრის შემდეგ.

გორის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილებით ვ. გ-იძის სარჩელი ნ.ს.-ესთან გადახდის განვადებით დადებულ უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულებაში ს. გ.-ის უფლებამონაცვლედ ცნობის ნაწილში დაკმაყოფილდა, დანარჩენ ნაწილში კი უარი ეთქვა.

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში ვ.გ.-ემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 16 აპრილის განჩინებით ვ.გ.-ის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო: სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ ვ. გ-იძის სააპელაციო საჩივრის განხილვა 2008 წლის 19 მარტის სასამართლო სხდომაზე გადაიდო ამავე წლის 16 აპრილის 10 საათისათვის, რის შესახებ აპელანტის წარმომადგენელ გ. მ.-სა და მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენელ ნ. ჩ.-ს ეცნობათ სხდომაზევე და ჩამოერთვათ ხელწერილი, ხოლო ვ. გ-იძესა და ნ. ს-იძეს გაეგზავნათ და ჩაბარდათ სასამართლო უწყებები. აღნიშნულის მიუხედავად, მხარეები 2008 წლის 16 აპრილის სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდნენ და არც აღნიშნულის საპატიო მიზეზი სააპელაციო პალატას არ აცნობეს. სასამართლომ ჩათვალა, რომ მოცემულ შემთხვევაში არსებობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 275-ე მუხლის პირველი ნაწილის “დ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი.

სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე ვ. გ-იძემ და მისმა წარმომადგენელმა გ. მ.-მა შეიტანეს კერძო საჩივარი, მოითხოვეს მისი გაუქმება და საქმის წარმოების განახლება შემდეგი საფუძვლებით: ვ.გ.-ე და მისი წარმომადგენელი 2008 წლის 16 აპრილის სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდნენ საპატიო მიზეზით _ მათი ავადმყოფობის გამო, რაც დასტურდება კერძო საჩივარზე დართული სამედიცინო ცნობებით. ამასთან, კერძო საჩივრის ავტორთა გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის არსებობის შესახებ გ.მ.-მა დეპეშით აცნობა სასამართლოს და მოითხოვა საქმის განხილვის გადადება.

სააპელაციო სასამართლომ დაადგინა და მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, რომ სააპელაციო სასამართლოში 2008 წლის 16 აპრილს ვ. გ-იძის სააპელაციო საჩივრის განხილვის თაობაზე მხარეებსა და მათ წარმომადგენლებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების დაცვით ეცნობათ, თუმცა დანიშნულ დროს ისინი საქმის განხილვაზე არ გამოცხადდნენ. სასამართლო სხდომის ოქმის შესაბამისად, სასამართლო სხდომა მიმდინარეობდა დილის 10 საათიდან 1030 საათამდე და თავისი გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის შესახებ არც ერთ მხარეს სააპელაციო პალატისათვის არ უცნობებია. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ განჩინებით, მხარეთა გამოუცხადებლობის გამო, სააპელაციო საჩივარი განუხილველად დატოვა.

2008 წლის 16 აპრილს, 16 საათზე სააპელაციო სასამართლოში შეტანილ იქნა დეპეშა, რომლითაც აპელანტ ვ. გ-იძის წარმომადგენელი გ. მ.-ი ატყობინებდა სასამართლოს თავისი და მარწმუნებლის ავადმყოფობის შესახებ, რის გამოც მოითხოვდა საქმის განხილვის გადადებას.

სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 16 აპრილის კერძო საჩივრით გასაჩივრებისას მხარემ წარმოადგინა შპს “ე.-ის” დირექტორის მიერ გაცემული სამედიცინო ცნობები, რომელთა თანახმად ირკვევა, რომ 2008 წლის 16 აპრილს ვ. გ-იძე იმყოფებოდა ნევროპათოლოგთან ამბულატორიულად მიღებაზე, ხოლო ამავე წლის 15 აპრილიდან გ. მ.-ის ასევე ამბულატორიულად მკურნალობდა შპს “ე.-ში”.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ვ. გ-იძისა და მის წარმომადგენელ გ. მ.-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე მუხლის შესაბამისად, მართებულად გამოიყენა ამავე კოდექსის 275-ე მუხლის “დ” ქვეპუნქტი, რომლის მიხედვით სასამართლო მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით, განუხილველად დატოვებს სარჩელს, თუ არც ერთი მხარე არ გამოცხადებულა. აღნიშნული ნორმის ანალიზი ცხადყოფს, რომ სასამართლო განუხილველად დატოვებს სარჩელს, თუკი დაადგენს, რომ სასამართლოს მიერ მხარეთათვის სასამართლო სხდომის თარიღის შეტყობინების მიუხედავად, მხარეები სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდნენ.

მოცემულ შემთხვევაში სადავო სხდომის დღის შესახებ სასამართლო უწყების მხარეთათვის ჩაბარების ფაქტი მათ კანონით დადგენილი წესით სადავოდ არ გაუხდიათ. აღსანიშნავია, რომ აპელანტმა თავისი გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზი სასამართლოს დაგვიანებით, თუმცა მაინც აცნობა, მაგრამ ვერც ვ.გ.-ემ და ვერც გ.მ.-მა თავისი ავადმყოფობის დამადასტურებელი სათანადო მტკიცებულების წარმოდგენა ვერ შეძლეს, კერძოდ:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, მხარის ავადმყოფობა საპატიოდ ჩაითვლება მხოლოდ იმ შეთხვევაში, თუ იგი დადასტურდება სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე მხარის გამოცხადების შეუძლებლობაზე. განსახილველ შემთხვევაში აპელანტისა და მისი რწმუნებულის მიერ წარმოდგენილი სამედიცინო ცნობებიდან ირკვევა, რომ, როგორც ვ. გ-იძე, ისე გ. მ.-ი მკურნალობდნენ ამბულატორიულად და მითითებულ ცნობებში მათი სასამართლოში გამოცხადების შეუძლებლობაზე არაფერია აღნიშნული.

ამდენად, დასახელებული დოკუმენტები აპელანტი მხარის 2008 წლის 16 აპრილის სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზად ვერ ჩაითვლება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ვ. გ-იძისა და მის წარმომადგენელ გ. მ.-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 16 აპრილის განჩინება დარჩეს უცვლელი.

სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.