ას-436-786-07 23 ივლისი, 2007 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე)
ნ. კვანტალ.ნი (მომხსენებელი), მ. ცისკაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი _ ლ. ბ-ი (მოპასუხე)
წარმომადგენელი – რ. Fგ-ა
მოწინააღმდეგე მხარე _ გ. კ-ე (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 13 მარტის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის დაბრუნება იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად
დავის საგანი _ თანხის დაბრუნება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
გ. კ-მ სარჩელი აღძრა სასამართლოში ლ. ბ-ს მიმართ სესხის _ 2163 აშშ დოლარის დაბრუნების შესახებ შემდეგ გარემოებათა გამო: 2005 წლის 28 თებერვალს მოპასუხემ თავისი რწმუნებულის მეშვეობით მოსარჩელისაგან ერთი თვით, ყოველთვიურად 3%-ის დარიცხვით ისესხა 2100 აშშ დოლარი. ლ. ბ-მა ნაკისრი ვალდებულება არ შეასრულა და დათქმულ დროს თანხა გ.კ-ს არ დაუბრუნა.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილებით გ. კ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, ლ. ბ-ს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 2163 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარისა და გ. კ-ის მიერ წინასწარ შეტანილი სახელმწიფო ბაჟის _ 54 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ლ. ბ-მა გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
2007 წლის 4 იანვარს ლ. ბ-ის წარმომადგენელმა რ. გ-მ განცხადებით მიმართა სააპელაციო სასამართლოს, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 279-ე მუხლის “დ” ქვეპუნქტის საფუძველზე, საქმის წარმოების შეჩერების მოთხოვნით და განმარტა, რომ ქ.თბილისის ვაკე-საბურთალოს შინაგან საქმეთა სამმართველოს მე-5 განყოფილებაში აღიძრა სისხლის სამართლის საქმე ქ.თბილისში, ... დასახლების 1 მ/რ-ის მე-... კორპუსში მდებარე ლ. ბ-ის კუთვნილი ¹29 ბინის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე. რ.გ-მ განცხადებას დაურთო ლ.ბ-ს მიერ მის სახელზე გაფორმებული რწმუნებულება და ქ.თბილისის ვაკე-საბურთალოს შს სამმართველოს მე-... განყოფილების ... პოლიციის ჯგუფის ინსპექტორ-გამომძიებელ გ.გ-ის მიერ 2006 წლის 13 მარტს გაცემული ¹71/6-2 ცნობა.
სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვა დაინიშნა 2006 წლის 13 მარტს, რის შესახებ სასამართლო უწყებები გაეგზავნათ მხარეებს, ასევე ლ. ბ-ს წარმომადგენლებს _ ხ. ღ-სა და ჟ. ზ-ს. საფოსტო განყოფილების შეტყობინებით, სასამართლო უწყებები აპელანტის მხრიდან ჩაბარდა მხოლოდ მის წარმომადგენელ ჟ.ზ-ს, თავად ლ. ბ-სათვის გაგზავნილი უწყება დაბრუნდა იმ მიზეზით, რომ ადრესატი აღნიშნულ მისამართზე არ ცხოვრობს, ხოლო ხ. ღ-ს უწყება არ ჩაბარდა, რადგან მისი ბინა დაკეტილი იყო და შეტყობინებაზე მიმღები არ გამოცხადდა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 13 მარტის განჩინებით ლ. ბ-ს სააპელაციო საჩივარი, მისი გამოუცხადებლობის გამო, დარჩა განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო: სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ ლ. ბ-სა და მის წარმომადგენელ ჟ. ზ-ს სასამართლო უწყებები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით ჩაბარდათ, რადგან, ამავე კოდექსის 71-ე მუხლის თანახმად, უწყება მიიღო აპელანტის წარმომადგენელმა, რაც მისი მხარისათვისაც ჩაბარებულად მიჩნევის საფუძველია. ამასთან, ლ.ბ-მა, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 76-ე მუხლის დარღვევით, არ აცნობა სასამართლოს საცხოვრებელი მისამართის შეცვლის თაობაზე, რის გამოც საქმეში მითითებულ უკანასკნელ მისამართზე უწყების გაგზავნა მხარისათვის უწყების ჩაბარებად უნდა ჩაითვალოს. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ამავე კოდექსის 387-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილებით, 229-ე მუხლით და მიუთითა, რომ მოწინააღმდეგე მხარემ იშუამდგომლა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება ლ. ბ-ს წარმომადგენელმა რ. გ-მ გაასაჩივრა კერძო საჩივრით, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის დაბრუნება იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად შემდეგი საფუძვლით: სააპელაციო სასამართლომ არასწორად ჩათვალა, რომ ლ. ბ-ს 2007 წლის 13 მარტის სხდომის თაობაზე სასამართლო უწყება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების დაცვით ჩაბარდა, ვინაიდან მას საცხოვრებელი მისამართი არ შეუცვლია, ხოლო საქმეში მითითებულ მისამართზე აპელანტს სასამართლო უწყება არ მიუღია. რაც შეეხება სასამართლოს მითითებას, უწყების აპელანტის წარმომადგენელ ჟ.ზ-სათვის ჩაბარებაზე, აღნიშნული პიროვნება 2007 წლიდან ლ.ბ-ის ინტერესებს აღარ იცავს. 2006 წლის 22 დეკემბრიდან ლ.ბ-ს წარმომადგენლად საქმეში ჩაება რ.გ-ა, რომლისთვისაც სადავო სხდომის ჩანიშვნის შესახებ სასამართლოს არ უცნობებია.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ლ. ბ-ს წარმომადგენელ რ.გ-ს კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს ხელახლა განსახილველად შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად გამოიყენა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 229-ე მუხლი, რომლის მიხედვით, თუ სასამართლოს მთავარ სხდომაზე არ გამოცხადდება მოსარჩელე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით და მოპასუხე არ მოითხოვს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანას, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სარჩელის განუხილველად დატოვების შესახებ. აღნიშნული ნორმის სამართლებრივი ანალიზი ცხადყოფს, რომ საქმის განხილვაზე მოსარჩელის გამოუცხადებლობისას სარჩელის განუხილველად დატოვებას კანონმდებელი უკავშირებს მოსარჩელისათვის სასამართლო სხდომის თარიღის შემცველი უწყების ამავე კოდექსის 70-78-ე მუხლების დაცვით ჩაბარების ფაქტს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 71-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მხარეებს და მათ წარმომადგენლებს სასამართლო უწყებით ეცნობებათ სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ სასამართლო ვალდებულია, უწყებით აცნობოს სასამართლო სხდომის დანიშვნის თარიღი როგორც მხარეს, ისე მის წარმომადგენელს.
მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ ლ. ბ-ის სააპელაციო საჩივრის განხილვა დანიშნა 2007 წლის 13 მარტს, რის შესახებ სასამართლო უწყება გაუგზავნა აპელანტ ლ. ბ-ს და მის წარმომადგენლებს _ ხ.ღ-სა და ჟ.ზ-ს.
საკასაციო პალატა იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებას და საქმის მასალებითაც დასტურდება, რომ სააპელაციო სასამართლომ უწყება არ გაუგზავნა 2007 წლის 13 მარტის სხდომის დანიშვნის თაობაზე ლ.ბ-ს წარმომადგენელ რ.გ-ს, რომლის წარმომადგენლობითი უფლებამოსილება დადასტურებულია საქმეში არსებული რწმუნებულებით.
ამდენად, სააპელაციო სასამართლომ ზემოხსენებული ნორმის მოთხოვნა დაარღვია და გასაჩივრებული განჩინებით ლ. ბ-ს სააპელაციო საჩივარი ისე დატოვა განუხილველი, რომ სასამართლო უწყებები აპელანტის წარმომადგენლისათვის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების დაცვით არ გაუგზავნია, რაც მითითებული განჩინების გაუქმების საფუძველს წარმოადგენს.
საქმის მასალებით დასტურდება, რომ 2007 წლის 4 იანვარს ლ. ბ-ს წარმომადგენელმა რ. გ-მ შუამდგომლობით მიმართა სააპელაციო სასამართლოს საქმის წარმოების შეჩერების შესახებ. სასამართლომ მითითებული შუამდგომლობა ყოველგვარი რეაგირების გარეშე დატოვა, რაც ასევე კანონის დარღვევად უნდა ჩაითვალოს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ლ. ბ-ის წარმომადგენელ რ. გ-ს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 13 მარტის განჩინება და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს ხელახლა განსახილველად.
სახელმწიფო ბაჟი გადახდილ..
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.