Facebook Twitter

ას-437-751-09 6 ივლისი, 2009 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე)

მოსამართლეები:

ნ. კვანტალიანი (მომხსენებელი), ლ. ლაზარაშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი _ ა. კ-ოვი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე _ ო. ს-შვილი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 14 აპრილის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი _ ვალდებულების შესრულება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

ო. ს-შვილმა სარჩელი აღძრა სასამართლოში ა. კ-ოვის მიმართ თანხის დაკისრების შესახებ შემდეგი საფუძვლებით: მოპასუხემ ზეპირი გარიგების საფუძველზე ო.ს-შვილისგან ისესხა 3000 აშშ დოლარი 2007 წლის 30 სექტემბრამდე, რაც ხელწერილით აღიარა. მოგვიანებით ა.კ-ოვმა მოსარჩელისაგან ისესხა დამატებით 550 ლარი, თუმცა მხარეთა მიერ შეთანხმებულ ვადაში მას თანხა არ დაუბრუნებია. ამდენად, მოპასუხეს უნდა დაეკისროს ნასესხები თანხის _ 3000 აშშ დოლარისა და 550 ლარის, ო.ს-შვილის მიერ ა.კ-ოვის სახლის დაყადაღებისთვის გადახდილი 50 ლარის, სააღსრულებო მოსაკრებლის _ 100 ლარის, საჯარო რეესტრში ყადაღის დარეგისტრირების გადასახადის _ 20 ლარის, საჯარო რეესტრის განახლების მოსაკრებლის _ 15 ლარის, სახელმწიფო ბაჟის _ 165 ლარის, საბანკო მომსახურების _ 5 ლარისა და ადვოკოტის მომსახურებისათვის დახარჯული 800 ლარის გადახდა.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო შემდეგი დასაბუთებით: სარჩელში მითითებული თანხა ო. ს-შვილმა ჩადო საერთო ბიზნესში იმ პირობით, რომ მოგების შემთხვევაში კუთვნილი 300 აშშ დოლარის გარდა მიიღებდა მოგების მესამედს. ბიზნესი წარუმატებელი აღმოჩნდა და ა.კ-ოვი იძულებული გახდა, დაეწერა სარჩელში მითითებული ხელწერილი. დანარჩენი თანხის დაკისრების მოთხოვნა უსაფუძვლოა, რადგან სამოქალაქო საპროცესო კოდექსი სარჩელში გათვალისწინებული ხარჯების ანაზღაურების შესაძლებლობას არ ითვალისწინებს.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 27 იანვრის გადაწყვეტილებით ო. ს-შვილის სარჩელი ა. კ-ოვის მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ა. კ-ოვს დაეკისრა ო. ს-შვილის სასარგებლოდ 300 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარისა და 550 ლარის, ო. ს-შვილის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის _ 165 ლარისა და 50 ლარის, საადვოკატო მომსახურების _ 120 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის, 30,60 ლარის, სულ 3000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარისა და 795,60 ლარის გადახდა.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში ა. კ-ოვმა გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 14 აპრილის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად და მხარეს დაუბრუნდა სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 32 ლარი შემდეგ გარემოებათა გამო: სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ ამავე პალატის 2009 წლის 10 მარტის განჩინებით ო. ს-შვილს დაუდგინდა ხარვეზი და დაევალა 7 დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის _ 124,8 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარისა და 31,82 ლარის გადახდის ქვითრის წარდგენა. აღნიშნული განჩინების ასლი აპელანტს 2009 წლის 10 მარტს ჩაბარდა და მან წარმოადგინა 32 ლარის გადახდის ქვითარი. სააპელაციო პალატის მითითებით, ა. კ-ოვის შუამდგომლობის საფუძველზე, სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 18 მარტის განჩინებით, მას ხარვეზის შევსების ვადა 20 დღით გაუგრძელდა და განჩინების ასლი 2009 წლის 18 მარტს ჩაბარდა, თუმცა მას სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზი სრულად არ გამოუსწორებია. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არსებობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილით გათვალისწინებული სააპელაციო საჩივრის გაუხილველად დატოვების საფუძველი.

სააპელაციო სასამართლოს აღნიშნულ განჩინებაზე ა. კ-ოვმა შეიტანა კერძო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის დაბრუნება იმავე სასამართლოში ხელახლა განსახილველად იმ საფუძვლით, რომ გასაჩივრებული განჩინება უკანონოა, სასამართლომ არ გამოიყენა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 48-ე და 64-ე მუხლები.

მოცემული საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 10 მარტის განჩინებით ა. კ-ოვის სააპელაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და მიეცა 7 დღის ვადა მის გამოსასწორებლად, სახელმწიფო ბაჟის გადასახდელად.

საქმეში წარმოდგენილი ხელწერილით დასტურდება, რომ მხარეს ხარვეზის თაობაზე განჩინება 2009 წლის 10 მარტს ჩაბარდა.

2009 წლის 16 მარტს ა.კ-ოვმა განცხადებით მიმართა სააპელაციო სასამართლოს, წარადგინა 32 ლარის გადახდის ქვითარი და მოითხოვა დარჩენილი თანხის გადასახდელად ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელება.

სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 18 მარტის განჩინებითYშუამდგომლობა დაკმაყოფილდა და აპელანტს ხარვეზის შევსების ვადა 20 დღით გაუგძელდა. აღნიშნულის მიუხედავად, ა.კ-ოვს ხარვეზის გამოსწორების მიზნით სასამართლოსათვის არ მიუმართავს და არც რაიმე შუამდგომლობა არ წარუდგენია.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ა. კ-ოვის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს, ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება. დასახელებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ სააპელაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო განსაზღვრავს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომელიც ხარვეზის შესავსებად უნდა განხორციელდეს და საპროცესო ვადას, რომლის განმავლობაშიც აპელანტი ვალდებულია, შეასრულოს განჩინებაში დადგენილი მოქმედებები. სასამართლოს მიერ მითითებული ვადის გასვლის შემდეგ კი სააპელაციო საჩივარი დარჩება განუხილველი.

მოცემულ შემთხვევაში ა.კ-ოვის სააპელაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და აპელანტს მიეცა ვადა მის გამოსასწორებლად. ა.კ-ოვმა გადაიხადა სახელმწიფო ბაჟის ნაწილი და მოითხოვა ხარვეზის გამოსასწორებლად მისთვის მიცემული ვადის გაგრძელება, რაც სასამართლომ დააკმაყოფილა და მხარეს სახელმწიფო ბაჟის სრულად დასაფარად განუსაზღვრა სავსებით გონივრული ვადა _ 20 დღე. აღნიშნული ვადის გასვლის მიუხედავად ა.კ-ოვს ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით სასამართლოსათვის არ მიუმართავს.

საფუძველს მოკლებულია კერძო საჩივრის ავტორის მითითება, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად დატოვა ა.კ-ოვის სააპელაციო საჩივარი განუხილველად, რა დროსაც არ გამოიყენა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 48-ე მუხლი. აღნიშნული ნორმის მიხედვით, სასამართლოს, მხარეთა ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, შეუძლია ერთ ან ორივე მხარეს გადაუვადოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდა ანდა შეამციროს მათი ოდენობა, თუ მხარე სასამართლოს წარუდგენს უტყუარ მტკიცებულებებს. ამ დანაწესის შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ სასამართლო უფლებამოსილია, გაითვალისწინოს თითოეული მხარის ფინანსური მდგომარეობა და სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეუმციროს ან მისი გადახდა სხვა დროისათვის გადაუვადოს მხარეს, რომელიც სათანადო მტკიცებულებით დამაჯერებლად დაასაბუთებს თავის მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობას.

განსახილველ შემთხვევაში აპელანტ ა.კ-ოვს სასამართლოსათვის სახელმწიფო ბაჟის ოდენობის შემცირების ან მისი გადახდის გადავადების მოთხოვნით არ მიუმართავს და, შესაბამისად, არც სახელმწიფო ბაჟის გადახდის შეუძლებლობა არ დაუდასტურებია უტყუარი მტკიცებულებით, რის გამოც სააპელაციო სასამართლომ აღნიშნული ნორმა მართებულად არ გამოიყენა.

რაც შეეხება სასამართლოს მიერ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 64-ე მუხლის გამოუყენებლობას, კერძო საჩივარი ამ ნაწილშიც დაუსაბუთებელია, ვინაიდან ა.კ-ოვის მოთხოვნის საფუძველზე სააპელაციო პალატამ 2008 წლის 18 მარტის განჩინებით მას ხარვეზის შევსების ვადა გაუგრძელა, შემდგომ კი მხარეს საპროცესო ვადის დამატებით გაგრძელების თაობაზე სასამართლოსათვის არ მიუმართავს.

ამდენად, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინება კანონიერია და მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი: B

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ა. კ-ოვის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 14 აპრილის განჩინება დარჩეს უცვლელად.

სასამართლო ბაჟი გადახდილია.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.