¹ას-438-752-09 18 ივნისი 2009 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
რ. ნადირიანი, თ. თოდრია
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი –ბ. ს-ავა (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე –სს ,, .. ..” (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება –ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 22 აპრილის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი –უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ბ. ს-ავამ სარჩელით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოპასუხე სს ,, .. ..” მიმართ და მოითხოვა უკანონო მფლობელობიდან მისი კუთვნილი ტრანსფორმატორის გამოთხოვა
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 20 იანვრის გადაწყვეტილებით, მოსარჩელე ბ. ს-ავას სარჩელი უსაფუძვლობის გამო არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბ. ს-ავამ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 22 აპრილის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი.
პალატამ მიიჩნია, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 20 იანვრის დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლი მხარე, ბ. ს-ავაზე გადასაცემად ჩაიბარა რძალმა ლ. ფ-ძემ (ოჯახის წევრმა) 2009 წლის 06 მარტს, ხოლო სააპელაციო საჩივარი კი ბ. ს-ავას მიერ ქუთაისის საქალაქო სასამართლოში შეტანილ იქნა 2009 წლის 13 აპრილს, ანუ გასაჩივრების 14 (თოთხმეტ) დღიანი ვადის დარღვევით.
პალატამ მიიჩნია, რომ ბ. ს-ავას მიერ სააპელაციო საჩივარი შეტანილია კანონით დადგენილი ვადის დარღვევით, რაც სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 22 აპრილის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ბ. ს-ავამ.
კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად გაშვებული აქვს გასაჩივრების 14 დღიანი ვადა, რაც სინამდვილეს არ შეესაბამება. საქმეში არსებობს მისი 31.03.09 წ. განცხადება, რომლითაც ირკვევა, რომ გადაწყვეტილების დროულად მიღებაზე, პირადად, რამდენჯერმე დაუფკავშირდა მოსამართლის თანაშემწეს და მხოლოდ ამის შემდეგ ჩაიბარა იგი 2009 წლის 01 აპრილს, ხოლო მისი ჩაბარებიდან მე-12 დღეს შეიტანა სააპელაციო საჩივარი. შესაბამისად სააპელაციო საჩივარი შეტანილი აქვს კანონით დადგენილ ვადაში.
რაც შეეხება სასამართლო გადაწყვეტილების 06.03.09 წელს მის რძალზე ჩაბარებას, იგი ცნობილი გახდა მხოლოდ 01.04.09 წელს, როცა სასამართლოში მივიდა გადაწყვეტილების ასლის მისაღებად.
კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით სააპელაციო სასამართლო სწორედ ამ ფაქტს დაეყრდნო როცა მისი საჩივარი განუხილველი დატოვა, რითაც უხეშად დარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლის მოთხოვნები. საქმეში მართალია გდაწყვეტილება ჩაიბარა მისმა რძალმა– ლ. ფ-ძემ მაგრამ იგი ცხოვრობს სხვა მისამართზე, კერძოდ ... ქუჩა ¹91 და მასთან იმყოფებოდა სტუფმრად და არ წარმოადგენს მისი ოჯახის წევრს, თანაც ჩვილი ბავშვის დედაა და, როგორც თავად ისხენებს სასამართლო წარმომადგენლის მოსვლის დროს ბავშვის ტიროდა და ვერ გააცნობიერა თუ რა დოკუმენტზე აწერდა ხელს, შემდეგ ის ქაღალდები თაროზე შემოდო და დაავიწყდა მისთვის გადაცემა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ბ. ს-ავამ მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატა გაეცნო საქმეზე წარმოდგენილ კერძო საჩივარს და თვლის, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 22 აპრილის განჩინებით ბ. ს-ავას სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი დაუშვებლობის გამო.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის თანახმად სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა Dშეადგენს 14 დღეს. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარებად ითვლება ამ კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების შესაბამისად ჩაბარება.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 20 იანვრის დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლი ბ. ს-ავას გაეგზავნა სარჩელში მითითებულ მისამართზე და ჩაიბარა ბ. ს-ავას რძალმა ლ. ფ-ძემ (ოჯახის წევრმა) 2009 წლის 06 მარტს (ს.ფ. 98).
კერძო საჩივრის ავტორმა განმარტა, რომ მას გადაწყვეტილება კანონმდებლობით დადგენილი წესით არ ჩაბარებია, ვინაიდან ლ. ფ-ძე, რომელსაც ჩაბარდა სასამართლო გზავნილი არ ცხოვრობს ბ. ს-ავას ოჯახში და არ წარმოადგენს ოჯახის წევრს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითითებულ მისამართზე იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე სრულწლოვან წევრს. ამავე კოდექსის კოდექსის 75-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად უწყების მიღებაზე 74-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სუბიექტის უარის შემთხვევაში სასამართლო უწყება არ ჩაითვლება მოპასუხისათვის ჩაბარებულად. საკასაციო პალატას მიაჩნია რომ მოცემულ შემთხვევაში უწყება ჩაიბარა ბ. ს-ავას რძალმა, როგორც ოჯახის წევრმა, ხოლო ლ. ფ-ძეს უარი არ განუცხადებია სასამართლო გზავნილის ჩაბარებაზე, შესაბამისად მან თავის თავზე აიღო ბ. ს-ავასათვის გზავნილის გადაცემის ვალდებულება.
აღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას, რომ ბ. ს-ავამ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 20 იანვრის გადაწყვეტილება ჩაიბარა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი წესით – 2009 წლის 06 მარტს, ხოლო სააპელაციო საჩივარი წარადგინა კანონმდებლობით დადგენილი 14 დღიანი ვადის გასვლის შემდგომ – 2009 წლის 13 აპრილს და შესაბამისად, სააპელაციო პალატა უფლებამოსილი იყო დაეტოვებინა სააპელაციო საჩივარი განუხილველი დაუშვებლობის გამო.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ.
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ რადგან მხარემ კანონით გათვალისწინებულ ვადაში არ შეიტანა სააპელაციო საჩივარი შესაბამის სასამართლოში, დაკარგა აღნიშნული საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ბ. ს-ავას კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა
პალატის 2009 წლის 22 აპრილის განჩინება დარჩეს უცვლელად;
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.