Facebook Twitter

¹ას-439-789-07 18 ივნისი, 2007წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მ.გოგიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ნ. კვანტალიანი, მ. ცისკაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი _ ა. ღ-ი

გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 24 აპრილის განჩინება

დავის საგანი _ ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო განცხადების წარმოებაში მიღება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2005 წლის 4 სექტემბერს ა. ღ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოპასუხე სს ,,-- -- --’’ მიმართ და მოითხოვა დათხოვნის დღეს შრომის წიგნაკის გაუცემლობის გამო იძულებით გაცდენილიMდროისათვის საშუალო ხელფასის სრული ანაზღაურება. 2006 წლის 6 ოქტომბერს სს ,,-- -- --’’ წარმომადგენელმა თბილისის საქალაქო სასამართლოს წინაშე იშუამდგომლა სარჩელის განუხილველად დატოვების შესახებ, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოში მიმდინარეობდა დავა იმავე საქმეზე, იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 275-ე მუხლის ,,ე’’ ქვეპუნქტის თანახმად, სარჩელის განუხილველად დატოვების საფუძველი იყო. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 6 ოქტომბრის განჩინებით სასამართლომ გაიზიარა მოპასუხის შუამდგომლობა და ა. ღ-ს სარჩელი განუხილველად დატოვა.

აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ა. ღ-მა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ 2007 წლის 19 მარტის განჩინებით ა. ღ-ს კერძო საჩივარი არ დააკმაყოფილა, უცვლელად დატოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 6 ოქტომბრის განჩინება.

2007 წლის 19 აპრილს ა. ღ-მა მიმართა სააპელაციო სასამართლოს და ახლად აღმოჩენილ გარემოებათაA გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 19 მარტის განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად პირველი ინსტანციის სასამართლოში დაბრუნება მოითხოვა.

სააპელაციო პალატამ 2007 წლის 24 აპრილის განჩინებით ა. ღ-ს განცხადება დაუშვებლად მიიჩნია და მიუთითა, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 424-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, განცხადება გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ შეტანილ უნდა იქნეს გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოში. განცხადებას განიხილავს სასამართლო იმ შემთხვევაშიც, როდესაც არსებობს ზემდგომი სასამართლოს განჩინება ამ გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების შესახებ.

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 24 აპრილის განჩინება საქართველოს უზენაეს სასამართლოში 2007 წლის 28 მაისს კერძო საჩივრით გაასაჩივრა ა. ღ-მა და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით პირველი ინსტანციის სასამართლოს დავალდებულება საქმის წარმოებაში მიღებასთან დაკავშირებით.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივი დასაბუთებულობა და მიაჩნია, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 24 აპრილის განჩინება შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი ან თუ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.

მითითებული ნორმის თანახმად, საკასაციო პალატამ შეამოწმა გასაჩივრებული განჩინება, მისი კანონიერება, დასაბუთებულობა და მიაჩნია, რომ სააპელაციო პალატამ მართებულად განმარტა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 424-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის თანახმადაც, განცხადება გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ შეტანილ უნდა იქნეს გადაწყვეტილების (განჩინების) გამომტან სასამართლოში. განცხადებას განიხილავს გადაწყვეტილების გამომტანი სასამართლო იმ შემთხვევაშიც, როდესაც არსებობს ზემდგომი სასამართლოს განჩინება ამ გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების შესახებ. სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო მხოლოდ იმ შემთხვევაში განიხილავს განცხადებას გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ, თუ იგი მის მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებას ეხება.

საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო პალატის მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ ვინაიდან, მოცემულ შემთხვევაში, ა. ღ-ს სარჩელი განუხილველად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 6 ოქტომბრის განჩინებით, რომელიც ასევე უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლს 19 მარტის განჩინებით, ამიტომ ა. ღ-მა განცხადებით ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ სარჩელის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინების გამომტან სასამართლოს უნდა მიმართოს, ანუ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას და არა აღნიშნული განჩინების უცვლელად დატოვების შესახებ განჩინების გამომტან თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ა. ღ-ს კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

მოცემულ საქმეზე უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 24 აპრილის განჩინება;

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.