Facebook Twitter

¹ას-439-830-06 11 იანვარი, 2007 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე)

თეიმურაზ თოდრია (მომხსენებელი), როზა ნადირიანი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი და კერძო საჩივრის ავტორი – შპს სადაზღვევო კომპანია „ .. ..“ (მოპასუხე)

წარმომადგენელი – ნ. ა-ე

მოწინააღმდეგე მხარე – ნ. გ-ი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული სასამართლო განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 13 აპრილის განჩინება

დავის საგანი - სადაზღვევო თანხის გადახდევინება

კასატორის კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და განჩინების გაუქმება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

ნ. გ-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს სადაზღვევო კომპანია „ .. .. “ მიმართ და მიუთითა, რომ 2003 წლის 21 ოქტომბერს ქ. თბილისში, ... ქუჩაზე ... მასივის მე-... კვარტლის ¹1 სახლის წინ “გაზ-24” მარკის ავტომანქანა, რომელსაც მართავდა რ. გ-ე, დაეჯახა მისი მეუღლის კუთვნილ “ვაზ-21011” მარკის ავტომანქანას, რომლის შედეგადაც გარდაიცვალა მისი მეუღლე გ. ვ-ი. მოსარჩელის განმარტებით, “გაზ-24” მარკის ავტომანქანა დაზღვეული იყო შპს სადაზღვევო კომპანია „ .. ..“ მიერ.

მოსარჩელემ ასევე მიუთითა, რომ 2004 წლის 20 თებერვალს, ავტოავარიის სისხლის სამართლის საქმის განხილვისას, როგორც დაზარალებულმა, აღძრა სამოქალაქო სარჩელი და ერთ-ერთ მოპასუხედ საქმეში ჩართო შპს სადაზღვევო კომპანია „ .. ..“. მოსარჩელემ მოითხოვა სადაზღვევო კომპანიისაგან 3750 ლარის ანაზღაურება, თუმცა საბოლოო კანონიერ ძალაში შესული განაჩენით შპს სადაზღვევო კომპანია „ .. ..” მიმართ წარდგენილი სარჩელი დატოვებულ იქნა განუხილველად.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ მოითხოვა შპს სადაზღვევო კომპანია „ .. ..“ 3750 ლარისა და ვადაგადაცილებისათვის კანონით გათვალისწინებული საურავის, სულ_5036,25 ლარის დაკისრება.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 1 მარტის გადაწყვეტილებით ნ. გ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.

საქალაქო სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ შპს სადაზღვევო კომპანია „ .. ..“ მიერ დ. გ-ის სახელზე სადაზღვევო პოლისი არ გაცემულა, ვინაიდან მოსარჩელემ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ვერ წარადგინა ამ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულებები.

ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ნ. გ-მა. საქმის განხილვა ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატაში დანიშნული იყო 2005 წლის 24 მაისს. მოწინააღმდეგე მხარე სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა, რის გამოც მოსარჩელის შუამდგომლობის საფუძველზე სააპელაციო პალატამ მიიღო დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რომლითაც გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 1 მარტის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ნ. გ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხე შპს სადაზღვევო კომპანია „ .. ..“ მოსარჩელე ნ. გ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 5036 ლარისა და 25 თეთრის გადახდა.

სააპელაციო სასამართლოს დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე საჩივარი შეიტანა შპს სადაზღვევო კომპანია “ .. ..“ დირექტორმა ი. ჟ-მა, რომლითაც მოითხოვა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება იმ საფუძვლით, რომ მათ სასამართლო სხდომის შესახებ არ ეცნობათ კანონით დადგენილი წესით. შპს სადაზღვევო კომპანია “ .. ..“ დირექტორმა ასევე მოითხოვა დაუსწრებელი გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 13 აპრილის განჩინებით შპს სადაზღვევო კომპანია „ .. ..“ საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 24 მაისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება, ასევე არ დაკმაყოფილდა შპს სადაზღვევო კომპანია „ .. ..“ მოთხოვნა დაუსწრებელი გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერების შესახებ.

სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა საჩივრის ავტორის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ მათ სასამართლო სხდომის შესახებ არ ეცნობათ კანონით დადგენილი წესით. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ შპს სადაზღვევო კომპანია „ .. ..“ სასამართლო სხდომაზე მოწვეულ იქნა კანონით დადგენილი წესით და ამ შემთხვევაში საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის პირველი ნაწილის “ბ” და “დ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული გარემოებებ არ არსებობდა.

აღნიშნულ განჩინებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა შპს სადაზღვევო კომპანია „ .. ..“ დირექტორმა ი. ჟ-მა.

საკასაციო საჩივარში მითითებულია, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილება გამოტანილია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე და 241-ე მუხლების მოთხოვნათა დარღვევით, კერძოდ, კასატორის მოსაზრებით, იგი სასამართლო სხდომაზე მოწვეული არ ყოფილა 70-78 მუხლებით დადგენილი წესით, არ ეცნობა საქმის ფაქტობრივი გარემოებების შესახებ, სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად არ ამართლებდა მოთხოვნას.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 13 აპრილის განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა შპს სადაზღვევო კომპანია „ .. ..” დირექტორმა ი. ჟ-მა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 5 ივნისის განჩინებით, ბაჟის გადაუხდელობის გამო კერძო საჩივარი მიჩნეულ იქნა ხარვეზიანად და შპს სადაზღვევო კომპანია „ .. ..“ განესაზღვარა ხარვეზის შესავსებად განჩინების ჩაბარებიდან 10 დღე.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 11 ივლისის განჩინებით შპს სადაზღვევო კომპანია „ .. ..“ კერძო საჩივარი, სახელმწიფო ბაჟის გადაუხდელობის გამო, მიჩნეულ იქნა დაუშვებლად და, შემდგომი განხილვის მიზნით, საქმის მასალებთან ერთად გადაეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატა საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო და კერძო საჩივრების მოტივების შემოწმების შედეგად თვლის, რომ შპს სადაზღვევო კომპანია „ .. ..“ საკასაციო და კერძო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 387-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ საქმის განხილვაზე მოწინააღმდეგე მხარე არ გამოცხადდება, სააპელაციო საჩივრის შემტანი პირის თხოვნით სააპელაციო სასამართლო გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას, რომელიც შეიძლება დაემყაროს მომჩივნის ახსნა-განმარტებას.

ამ მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლო სხდომაზე მოწინააღმდეგე მხარის გამოუცხადებლობისათვის შემთხვევაში იყენებს სამოქალქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლს, რომელიც ადგენს, რომ, თუ სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდება მოპასუხე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება ამ კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით და მოსარჩელე შუამდგომლობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე, მაშინ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად ითვლება. ამავე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით კი, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას, სარჩელი დაკმაყოფილდება.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოცემულ საქმეზე ნ.გ-ის სააპელაციო საჩივრის განხილვა დაინიშნა 2005 წლის 24 მაისს, რის შესახებაც მოწინააღმდეგე მხარეს საქმეში მითითებულ მისამართზე კანონის სრული დაცვით გაეგზავნა უწყება სასამართლო პროცესზე მოწვევის შესახებ. მითითებული უწყების შესაბამისად, იგი გაფრთხილდა გამოუცხადებლობის შედეგებზე, კერძოდ, არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის შემთხვევაში მის წინააღმდეგ მიღებული იქნებოდა დაუსწრებელი გადაწყვეტილება. მითითებული უწყება ადრესატს ვერ ჩაჰბარდა. სასამართლო დამტარებლის მიერ სასამართლო უწყებაზე მინაწერით დასტურდება, რომ საქმეში მითითებულ მისამართზე – ქ.ქუთაისში, ... გამზირის ¹21-ში შპს სადაზღვევო კომპანია „ .. ..“ არ ფუნქციონირებს.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 76-ე მუხლის შესაბამისად, მხარეები და მათი წარმომადგენლები მოვალენი არიან, აცნობონ სასამართლოს საქმის წარმოების განმავლობაში თავიანთი მისამართის შეცვლის შესახებ. ასეთი ცნობის უქონლობისას უწყება გაიგზავნება სასამართლოში ცნობილ უკანასკნელ მისამართზე და ჩაბარებულად ითვლება, თუნდაც ადრესატი ამ მისამართზე აღარ ცხოვრობდეს. სააპელაციო პალატას დამტკიცებულად მიაჩნია, რომ შპს “ .. ..” მისამართია: ქ.ქუთაისი, ... გამზირი ¹21, ვინაიდან სტატისტიკისა და სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ 2004 წლის 27 თებერვალს გაცემულ ცნობაშიც იგივე მისამართია მითითებული.

ამ ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ სასამართლო პროცესზე შპს სადაზღვევო კომპანია „ .. ..” მოწვევის თაობაზე უწყება სწორად ჩათვალა ჩაბარებულად, ხოლო სასამართლო პროცესზე მისი (მოწინააღმდეგე მხარის) გამოუცხადებლობა ასევე სწორად მიიჩნია არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობად, რაც სააპელაციო სასამართლოს აძლევდა უფლებას, გამოუცხადებელი მხარის, შპს სადაზღვევო კომპანია „ .. ..” წინააღმდეგ გამოეტანა დაუსწრებელი გადაწყვეტილება.

საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ შპს სადაზღვევო კომპანია „ .. ..“ სასამართლო მთავარ სხდომაზე მოწვეული იყო კანონით დადგენილი წესით და ამ შემთხვევაში ადგილი არ აქვს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის პირველი ნაწილის “ბ” და “დ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული გარემოებების არსებობას.

საკასაციო პალატა თვლის, რომ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებენ სასარჩელო მოთხოვნას. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 840-ე მუხლის მიხედვით, მზღვეველი თავისი ვალდებულების ფარგლებში მოვალეა უშუალოდ აანაზღაუროს ზიანი, თუ პირი, რომელსაც ზიანი მიადგა მას წარუდგენს მოთხოვნას. რაც ასევე გათვალისწინებულია საქართველოს კანონით ავტომოტოტრანსპორტის მფლობელთა სავალდებულო დაზღვევის შესახებ 4-ე და 10-ე მუხლებით.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს კანონი არ დაურღვევია, რის გამოც არ არსებობს საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

საკასაციო პალატას ასევე სწორად მიაჩნია გასაჩივრებული განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერებაზე უარის თქმის შესახებ შემდეგ გარემოებათა გამო:

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა სააპელაციო პალატის 2006 წლის 5 ივნისის განჩინებით კერძო საჩივარი ხარვეზიანად იქნა მიჩნეული და კერძო საჩივრის ავტორს განესაზღვრა ამ განჩინების ჩაბარებიდან 10_დღიანი ვადა სახემწიფო ბაჟის გადასახდელად (ს.ფ.98-99). შპს სადაზღვევო კომპანია „ .. ..“ წარმომადგენელ ნ. ა-ს განჩინების ასლი ჩაჰბარდა 2006 წლის 16 ივნისს (ს.ფ. 101).

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 11 ივლისის განჩინებით დაუშვებლად იქნა ცნობილი შპს სადაზღვევო კომპანია „ .. ..“ წარმომადგენლის_ნ. ა-ის კერძო საჩივარი ვინაიდან ხარვეზი სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში არ გამოუსწორებია.

საკასაციო პალატა თვლის, რომ შპს სადაზღვევო კომპანია „ .. ..“ წარმომადგენელმა ნ. ა-მ არ დაიცვა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე “დ” ქვეპუნქტის მოთხოვნა. კერძო საჩივრის ავტორის მიერ არ განხორციელდა პროცესუალური მოქმედება სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში.

მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ, სახელმწიფო ბაჟის გადაუხდელობის გამო სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, სწორად მიიჩნია კერძო საჩივარი დაუშვებლად.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ არ არსებობს საკასაციო და კერძო საჩივრების დაკმაყოფილების საფუძველი და გასაჩივრებული განჩინება უცვლელად უნდა დარჩეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 410-ე, 419-420-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

შპს სადაზღვევო კომპანია „ .. ..“ წარმომადგენლის ნ. ა-ის საკასაციო და კერძო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს.

უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 13 აპრილის განჩინება.

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.