ას-444-794-07 17 სექტემბერი, 2007 წ.
ქ.თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მიხეილ გოგიშვილი (თავმჯდომარე)
მ. ცისკაძე (მომხსენებელი), ნუნუ კვანტალიანი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის შემომტანი პირი – ს. ლ-ე (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს “ .. ..” (მოპასუხე)
გასაჩივრებული სასამართლოს განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 16 აპრილის განჩინება
დავის საგანი _ თანხის გადახდის დაკისრება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და
სარჩელის განსახილველად მიღება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ს. ლ-მ 2006 წლის თებერვალში სასარჩელო განცხადებით მიმართა სასამართლოს მოპასუხე შპს “ .. ..” დირექტორის ნ. ლ-ის მიმართ და მოითხოვა მოპასუხისათვის 100 აშშ დოლარისა და 195 ლარის გადახდის დაკისრება.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 23 ივნისის გადაწყვეტილებით ს. ლ-ის სარჩელი შპს “ .. ..” დირექტორის ნ. ლ-ის მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე დაკმაყოფილდა. შპს “ .. ..” დირექტორს ნ. ლ-ს ს. ლ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 325 ლარის გადახდა.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ს. ლ-მ და მოითხოვა მოპასუხისათვის 3000 აშშ დოლარის დაკისრება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 6 ოქტომბრის განჩინებით ს. ლ-ის სააპელაციო საჩივარი ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 23 ივნისის გადაწყვეტილებაზე დატოვებულ იქნა განუხილველი.
აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა ს. ლ-მ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2007 წლის 12 თებერვლის განჩინებით ს. ლ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 6 ოქტომბრის განჩინება.
ს. ლ-მ 2007 წლის მარტში სასარჩელო განცხადება წარადგინა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მ. გ-ის სახელზე (ქ.ქუთაისში, ... ქ. ¹32-ში), მოპასუხე შპს “ .. ..” მიმართ და მოითხოვა მოპასუხისათვის 5850 ლარის გადახდის დაკისრება და ამ თანხის ერთ თვეში გადახდა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 16 აპრილის განჩინებით ს. ლ-ის სარჩელი როგორც დაუშვებელი დარჩა განუხილველი. სააპელაციო სასამართლომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 177-ე მუხლზე მითითებით განუმარტა ს. ლ-ს, რომ აღნიშნული სარჩელით მას შეუძლია მიმართოს შესაბამის პირველი ინსტანციის სასამართლოს, რომელიც კანონით დადგენილი წესით იმსჯელებს აღნიშნული სარჩელის დასაშვებობასა და საფუძვლიანობაზე.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 16 აპრილის განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა ს. ლ-მ, რომლითაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და მისი სარჩელის განხილვა. კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, პირველ ინსტანციაში სხვა მოთხოვნებთან ერთად იგი ითხოვდა ზარალის ანაზღაურებას. სასამართლომ არ გამოიყენა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 103-ე მუხლის მეორე ნაწილის მოთხოვნა. მისი სარჩელი შედგენილი იყო ქუთაისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის მ. გ-ის სახელზე და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში მის გადასვლასთან დაკავშირებით გაუგებრობის გამო აღმოჩნდა ეს სასარჩელო განცხადება სააპელაციო სასამართლოში. კერძო საჩივრის ავტორმა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე მუხლის მეორე ნაწილზე მითითებით განმარტა, რომ აღნიშნული ნორმის თანახმად სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილია არ დააბრუნოს საქმე უკან და თავად განიხილოს მისი სასარჩელო განცხადება.
ს. ლ-მ განცხადებით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა სახაზინო წესით ადვოკატის დანიშვნა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 47-ე მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე, ვინაიდან იგი რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველ ოჯახთა ერთიან ბაზაში და სარგებლობს მთელი რიგი შეღავათებით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატა ს. ლ-ის განცხადების _ სახელმწიფოს ხარჯზე ადვოკატის მოწვევის თაობაზე _ მოტივების შემოწმების შედეგად თვლის, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 47-ე მუხლის მეორე ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, თუ მხარეს არ შეუძლია ადვოკატის ხარჯების ანაზღაურება, სასამართლოს უფლება აქვს ამ მხარის შუამდგომლობის საფუძველზე მოიწვიოს ადვოკატი სახელმწიფოს ხარჯზე, თუ განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გამო ადვოკატის მონაწილეობა ამ საქმის განხილვაში მიზანშეწონილია. საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ კანონმდებელი სახელმწიფოს ხარჯზე ადვოკატის მოწვევის საკითხის გადაწყვეტას უკავშირებს განსახილველი საქმის მნიშვნელობასა და სირთულეს. ვინაიდან ს. ლ-ის კერძო საჩივრის განხილვა არ წარმოადგენს მნიშვნელოვანი სირთულის საქმეს, ამიტომ ს. ლ-ის განცხადება სახელმწიფოს ხარჯზე ადვოკატის დანიშვნის თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საკასაციო პალატა საქმის მასალების განხილვის, კერძო საჩივრის მოტივების შემოწმების შედეგად თვლის, რომ ს. ლ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 16 აპრილის განჩინება შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმის მასალებით ირკვევა, რომ ს. ლ-მ 2007 წლის მარტში სასარჩელო განცხადება წარადგინა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მ.გ-ის სახელზე (ქ.ქუთაისში, ... ქ. ¹32-ში), შპს “ .. ..” თანხის დაკისრებისა და ამ თანხის ერთი თვის ვადაში გადახდის თაობაზე. საქმის ფურცელ 17-ზე წარმოდგენილი კონვერტიდან ირკვევა, რომ ს. ლ-ს სასარჩელო განცხადება და თანდართული მასალები წარდგენილი აქვს ქ.ქუთაისში, ... ქ. ¹32-ში, ბატონ მ. გ-ის სახელზე.
საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გამოიყენა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 177-ე მუხლი. ამ მუხლის პირველი ნაწილის თანახმად საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოში აღიძვრება სარჩელით, ხოლო ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში _ განცხადებით. პირის მიერ არაგანსჯად სასამართლოში სარჩელის აღძვრის შედეგების შესახებ მითითებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 186-ე მუხლის პირველი ნაწილის “ე” ქვეპუნქტში; ამ ნორმის თანახმად მოსამართლე არ მიიღებს სარჩელს თუ საქმე ამ სასამართლოს განსჯადი არ არის. იმავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად კი ზემოაღნიშნული საფუძვლით მოსამართლის უარი განცხადების მიღებაზე ხელს არ უშლის, განმეორებით მიმართოს პირმა სასამართლოს იმავე სარჩელით თუ აცილებული იქნება დაშვებული დარღვევა. იმავე კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილის მეორე წინადადებაში აღნიშნულია, თუ სარჩელის მიღებაზე უარის თქმა მოტივირებულია იმით, რომ ეს სარჩელი ამ სასამართლოს განსჯადი არ არის, მოსამართლე ვალდებულია მიუთითოს თავის განჩინებაში, თუ რომელ სასამართლოს მიმართოს მოსარჩელემ.
საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ს. ლ-ს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინებით სწორად განემარტა, რომ აღნიშნული სარჩელით მას შეუძლია მიმართოს განსჯად პირველი ინსტანციის სასამართლოს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე, 284-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
უარი ეთქვას ს. ლ-ს სახელმწიფოს ხარჯზე ადვოკატის მოწვევის თაობაზე.
ს. ლ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
მოცემულ საქმეზე უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 16 აპრილის განჩინება.
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.