Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

¹ას-445-687-08 .. ივლისი, 2008წ.

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მიხეილ გოგიშვილი (თავმჯდომარე),

ლალი ლაზარაშვილი (მომხსენებელი), ნუნუ კვანტალიანი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი (მოპასუხე) _ მ.ბ-ძე (წარმომადგენელი მ. გ-ძე)

თანამოპასუხე მ.ბ-ძი

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) _ ნ.ნ-შვილი

გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ თ.-ის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 20..წ. .. მარტის განჩინება

სარჩელის დავის საგანი _ შვილთან ურთიერთობის განსაზღვრა

კერძო საჩივრის დავის საგანი _ გადაწყვეტილების განმარტება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

20..წ. .. ივნისს თ.-ის ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოს სასარჩელო განცხადებით მიმართა ნ.ნ-შვილმა მოპასუხეების _ მ.ბ-ძისა და ნ.მ-შვილიის მიმართ. მოსარჩელე ითხოვდა: შვილთან _ გ. ნ-შვილთან ურთიერთობაში მოპასუხე ნ. მ-შვილის ჩარევის აკრძალვას, შვილთან ურთიერთობის დღეების განსაზღვრას და საქმის საბოლოო გადაწყვეტამდე შვილის მასთან საცხოვრებლად გადაცემას.

მოსარჩელე მიუთითებდა, რომ 1996 წლიდან იმყოფებოდა არარეგისტრირებულ ქორწინებაში მ. ბ-ძესთან. 1997 წელს მათ შეეძინათ შვილი გ. ნ-შვილი. ამავე წლიდან ნ. მ-შვილის (სიდედრის) ჩარევის გამო მათ შორის დაიწყო უსიამოვნებები, რის შედეგადაც მ. ბ-იძე საცხოვრებლად გადავიდა დეიდებთან, ხოლო შვილი ორ წლამდე ცხოვრობდა მამასთან. შემდეგი ორი წელი ბავშვი იზრდებოდა, როგორც დედასთან, ისე მამასთან. ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ნ. მ-შვილის აგრესიული საქციელის გამო მოსარჩელეს შვილი საერთოდ არ ჰყავდა ნანახი. იმის მიუხედავად, რომ ნ. მ-შვილს შვილიშვილისა და სიძის ურთიერთობაში ხელშეშლის აღკვეთის მიზნით ჩამოერთვა ხელწერილი, ნ. ნ-შვილს ბავშვთან ურთიერთობის საშუალება მაინც არ ეძლეოდა. აღნიშნულის გათვალისწინებით, ილახებოდა მისი, როგორც მშობლის უფლებები. მოსარჩელე მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად მიუთითებდა სამოქალაქო კოდექსის 1197-ე და 1202-ე მუხლებზე (ს.ფ. 6-7).

თ.-ის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 20..წ. 11 მარტის გადაწყვეტილებით ნ. ნ-შვილის სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხე ნ. მ-შვილს აეკრძალა მამა-შვილის _ ნ. ნ-შვილისა და გ. ნ-შვილის ურთიერთობაში ჩარევა; მოსარჩელეს მიეცა უფლება, კვირაში ორი დღე (შაბათ-კვირა) და არდადეგების ნახევარი დრო თავისთან ჰყოლოდა შვილი _ გ. ნ-შვილი.

რაიონულმა სასამართლომ აღნიშნული გადაწყვეტილების საფუძვლად მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 1197-ე მუხლზე, ამავე კოდექსის 1202-ე მუხლის პირველ ნაწილზე და განმარტა, რომ შვილების მიმართ მშობლებს თანაბარი უფლება-მოვალეობები გააჩნდათ. მშობელს, რომელიც შვილთან ერთად არ ცხოვრობდა, ჰქონდა შვილთან ურთიერთობის უფლება და ვალდებული იყო მონაწილეობა მიეღო მის აღზრდაში. მშობელს, რომელთანაც შვილი ცხოვრობდა, უფლება არ ჰქონდა ხელი შეეშალა მეორე მშობლისათვის, ურთიერთობა ჰქონოდა შვილთან და მონაწილეობა მიეღო მის აღზრდაში (ს.ფ. 77-78).

მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მ. ბ-ძემ და ნ. მ-შვილმა, რომლებმაც მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება (ს.ფ. 80-83).

თ.-ის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 20..წ. .. ოქტომბრის გადაწყვეტილებით გაუქმდა თ.-ის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 20..წ. 11 მარტის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, ნ. ნ-შვილის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ნ. ნ-შვილს უფლება მიეცა ენახულებინა შვილი _ გ. ნ-შვილი კვირაში ერთ დღეს _ შაბათს და სასკოლო არდადეგების ნახევარი, დილის 11.00 საათიდან 19.00 საათამდე; ნ. ნ-შვილის სარჩელი ნ. მ-შვილის მიმართ მამა-შვილის ურთიერთობაში ჩარევის აკრძალვის შესახებ არ დაკმაყოფილდა.

მოპასუხე ნ. მ-შვილის მიმართ სარჩელის დაუკმაყოფილებლობის საფუძვლად სააპელაციო სასამართლომ იმ გარემოებაზე მიუთითა, რომ საქმეში არ მოიპოვებოდა მტკიცებულება, რაც ამ უკანასკნელის მიერ მამა-შვილის ურთიერთობაში ჩარევას დაადასტურებდა. შესაბამისად, სარჩელი ამ ნაწილში დაუსაბუთებელი იყო.

სარჩელის დანარჩენ ნაწილთან მიმართებაში, სააპელაციო სასამართლომ მართებულად ჩათვალა რაიონული სასამართლოს მიერ სამოქალაქო კოდექსის 1202-ე მუხლის პირველი ნაწილის გამოყენება, თუმცა შვილისა და მშობელთა ინტერესებიდან გამომდინარე, გასაჩივრებული გადაწყვეტილება მხოლოდ იმგვარად შეცვალა, რომ ნ. ნ-შვილს უფლება მისცა ენახულებინა შვილი _ გ. ნ-შვილი კვირაში ერთ დღეს _ შაბათს და სასკოლო არდადეგების ნახევარი, დილის 11.00 საათიდან 19.00 საათამდე (ს.ფ. 125-1..).

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ნ. ნ-შვილმა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება (ს.ფ. ..8).

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 20..წ. .. იანვრის განჩინებით ნ. ნ-შვილის საკასაციო საჩივარი თ.-ის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 20..წ. .. ოქტომბრის გადაწყვეტილებაზე დატოვებულ იქნა განუხილველად ხარვეზის შეუვსებლობის გამო (ს.ფ. ..6-..9).

20..წ. 20 სექტემბერს თ.-ის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას განცხადებით მიმართა ნ. ნ-შვილმა, რომელმაც ითხოვა თ.-ის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 20..წ. .. ოქტომბრის გადაწყვეტილების განმარტება, კერძოდ, დასახელებული გადაწყვეტილებით ჰქონდა თუ არა სასამართლოს მიერ დადგენილ დღეებში შვილის თან წაყვანის ან გასეირნების უფლება (ს.ფ. ..2).

თ.-ის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 20..წ. .. მარტის განჩინებით ნ. ნ-შვილის განცხადება დაკმაყოფილდა, თ.-ის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 20..წ. .. ოქტომბრის გადაწყვეტილების მესამე აბზაცში ჩამოყალიბებული წინადადება: “ნ.ნ-შვილს მიეცეს უფლება ინახულოს შვილი გ. ნ-შვილი კვირაში ერთ დღეს შაბათს და სასკოლო არდადეგების ნახევარი დილის 11 საათიდან 19 საათამდე”, განიმარტა იმგვარად, რომ აღნიშნული დროის მონაკვეთში ნ. ნ-შვილს უფლება მიეცა შვილთან _ გ. ნ-შვილთან ჰქონოდა შეუზღუდავი ურთიერთობა.

სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, განსამარტი გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავდა რაიმე სახის მითითებას მშობლისათვის კანონით მინიჭებული შვილთან ურთიერთობის შემზღუდავი _ ბავშვის აღზრდის საწინააღმდეგო გარემოებების არსებობის შესახებ. გადაწყვეტილებით გაზიარებული იქნა 20..წ. 11 მარტის გადაწყვეტილებაში ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს მიერ სამოქალაქო კოდექსის 1202-ე მუხლის პირველი ნაწილის გამოყენება, რომლის თანახმად, მშობელს, რომელიც შვილთან ერთად არ ცხოვრობს, უფლება აქვს ურთიერთობა ჰქონდეს შვილთან და ვალდებულია მონაწილეობა მიიღოს მის აღზრდაში. მშობელს, რომელთანაც შვილი ცხოვრობს, უფლება არა აქვს ხელი შეუშალოს მეორე მშობელს, ურთიერთობა იქონიოს შვილთან და მონაწილეობა მიიღოს მის აღზრდაში.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ თ.-ის საოლქო სასამართლოს 20..წ. წლის .. ოქტომბრის გადაწყვეტილებით ნ. ნ-შვილისათვის შვილთან ურთიერთობის დადგენილი წესი: “ნ.ნ-შვილს მიეცეს უფლება ინახულოს შვილი გ. ნ-შვილი კვირაში ერთ დღეს შაბათს და სასკოლო არდადეგების ნახევარი დილის 11 საათიდან 19 საათამდე” გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეწყობის მიზნით, ექვემდებარებოდა განმარტებას იმგვარად, რომ სასამართლოს მიერ მითითებული დროის ამ მონაკვეთში მას ჰქონოდა შვილთან შეუზღუდავი ურთიერთობა (ს.ფ. 209-..2).

სასამართლოს აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა მ. ბ-ძემ (წარმომადგენელი მ. გ-ძე), რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება.

კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, საქმეში არსებული მტკიცებულებები სრულიად ასაბუთებს არასრულწლოვანი გ. ნ-შვილის დედასთან განშორების (თუნდაც მცირე დროით) არამიზანშეწონილებას, მით უფრო, იმ პირობებში, როდესაც ნ. ნ-შვილი ცუდ ზეგავლენას ახდენს შვილზე. მ. ბ-ძის მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრება განაპირობა ნ. ნ-შვილისათვის შვილის დამოუკიდებლად წაყვანის უფლება მინიჭებამ, რაც სააპელაციო სასამართლომ ბაშვის ინტერესებიდან გამომდინარე იმგვარად შეცვალა, რომ მოსარჩელეს მხოლოდ შვილის მონახულების უფლება დაუტოვა.

კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, გადაწყვეტილების განმარტებისას სააპელაციო სასამართლო გასცდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ..2-ე მუხლით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებს. გაუგებარია მისი განმარტება ნ. ნ-შვილისათვის შვილთან შეუზღუდავი ურთიერთობის მინიჭებაზე იმ ვითარებაში, როდესაც საოლქო სასამართლო 20..წ. .. ოქტომბრის გადაწყვეტილებაში მითითებულია ტერმინი “მონახულება” და არა “წაყვანა”. წინააღმდეგ შემთხვევაში მ. ბ-ძე საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილებას საკასაციო წესით გაასაჩივრებდა (ს.ფ. ..9-..1).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, კერძო საჩივრის საფუძვლების გამოკვლევის შედეგად მიიჩნევს, რომ მ. ბ-ძის (წარმომადგენელი მ. გ-ძე) კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად დარჩეს თ.-ის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 20..წ. .. მარტის განჩინება, შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ..2-ე მუხლის პირველი ნაწილი განსაზღვრავს გადაწყვეტილების განმარტების პირობებს, კერძოდ, სასამართლოს გადაწყვეტილების განმარტების აუცილებლობის საჭიროება დგება და შესაბამისად, განმარტების შესახებ სასამართლოს საპროცესო ვალდებულება წარმოიშობა სასამართლო გადაწყვეტილების შინაარსობრივი ბუნდოვანების, უზუსტობის, ურთიერთსაწინააღმდეგობის, ურთიერთგამომრიცხაობის, მისი ნამდვილი აზრის გაურკვევლობის დროს. ყველა ასეთ შემთხვევაში დასაშვებია მისი განმარტება იმის აუცილებელი გათვალისწინებით, რომ განმარტების სახით არ მოხდეს გადაწყვეტილების აზრისა და შინაარსის შეცვლა.

თ.-ის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 20..წ. .. ოქტომბრის გადაწყვეტილებით, რომლის განმარტებასაც ნ. ნ-შვილი ითხოვს, დადგენილია ნ. ნ-შვილის უფლება, ინახულოს შვილი კვირაში ერთ დღეს _ შაბათს და სასკოლო არდადეგების ნახევარი, დილის 11.00 საათიდან 19.00 საათამდე. აღნიშნული გადაწყვეტილების სამართლებრივი საფუძველია სამოქალაქო კოდექსის 1202-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომელიც შვილისაგან განცალკევებით მცხოვრები მშობლის შვილთან ურთიერთობის, მის აღზრდაში მონაწილეობის აქტიურ შესაძლებლობას ითვალისწინებს. სააპელაციო სასამართლოს მითითებულ გადაწყვეტილებაში არ არის საუბარი რაიმე დამაბრკოლებელ გარემოებებზე, რაც მითითებულ პერიოდში ნ. ნ-შვილის მიერ ბავშვთან შეუზღუდავ ურთიერთობას გამორიცხავს.

საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მსჯელობას იმასთან დაკავშირებით, რომ გადაწყვეტილების განმარტებისას სააპელაციო სასამართლო გასცდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ..2-ე მუხლით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებს, რამდენადაც სასამართლოს მიერ განსაზღვრულ დროის მონაკვეთში შვილთან შეუზღუდავი ურთიერთობის დადგენა გამომდინარეობდა განსამარტი გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში ჩამოყალიბებული ფაქტობრივი და იურიდიული დასაბუთებიდან, აღნიშნული საკითხი მთლიანად წარმოადგენდა თ.-ის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 20..წ. .. ოქტომბრის გადაწყვეტილების მსჯელობის საგანს, რაც სწორად აისახა სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებაში. ნ. ნ-შვილისათვის შვილის მონახულების უფლების მინიჭება, განსამარტი გადაწყვეტილების შინაარსიდან გამომდინარე, არ გულისხმობს დროის დადგენილ მონაკვეთში მამის შვილთან ურთიერთობის რაიმე შეზღუდვას, ამგვარი დანაწესი არ შეესაბამება გადაწყვეტილების სამართლებრივ საფუძვლად მითითებულ სამოქალაქო კოდექსის 1202-ე მუხლის პირველი ნაწილის ნამდვილ შინაარსს და იმავდროულად, შეუძლებელს ხდის მშობელსა და შვილს შორის ნამდვილი ურთიერთობის ჩამოყალიბებას.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო არ აკმაყოფილებს კერძო საჩივარს და უცვლელად ტოვებს სააპელაციო სასამართლოს განჩინებას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 419-420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მ. ბუაჩიძის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თ.-ის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 20..წ. .. მარტის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.