Facebook Twitter

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

№278აპ-17 ქ. თბილისი

ბ. ა-ე, 278აპ-17 27 ოქტომბერი, 2017 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),

ნინო გვენეტაძე, პაატა სილაგაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 20 მარტის განაჩენზე თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ მირიან მეგრელიშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, ა. ბ-ს, - ბრალად დაედო ხულიგნობა, ე.ი. ქმედება, რომელიც უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს და გამოხატავს საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობას, ჩადენილი ძალადობით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, იარაღად სხვა საგნის გამოყენებით; ასევე – ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, ე.ი. სხეულის დაზიანება, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისათვის, ჩადენილი ორი პირის მიმართ, რამაც გამოიწვია სიცოცხლის მოსპობა.

2. ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, ჯ. კ-ს, - ბრალად დაედო ხულიგნობა, ე.ი. ქმედება, რომელიც უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს და გამოხატავს საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობას, ჩადენილი ძალადობით და წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ;

3. ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, ე. ს-ს, - ბრალად დაედო ხულიგნობა, ე.ი. ქმედება, რომელიც უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს და გამოხატავს საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობას, ჩადენილი ძალადობით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ; ასევე – ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა და ტარება, რაც გამოიხატა შემდეგში:

· 2015 წლის 23 ივნისს, დაახლოებით 03:45 საათზე, ჯ. კ-ი, ა. ბ-ი და ე. ს-ი, ნასვამები, იმყოფებოდნენ თ-ში, ყ-ის ქ. №--ის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც ასევე იყვნენ გ. ს-ი და ზ. კ-ი. ჯ. კ-მა, ა. ბ-მა და ე. ს-მა ყოველგვარი საბაბის გარეშე გ. ს-სა და ზ. კ-ს მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა, მათ შორის მოხდა შელაპარაკება, რაც გადაიზარდა ჩხუბში, რა დროსაც ა. ბ-მა, იარაღად დანის გამოყენებით, ასევე, ჯ. კ-მა და ე. ს-მა, წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფურად გ. ს-სა და ზ. კ-ს მიაყენეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, სცემეს მათ და ხმამაღლა იგინებოდნენ, რითიც დაარღვიეს საზოგადოებრივი წესრიგი და გამოხატეს საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობა. მათი ქმედება გაგრძელდა დაახლოებით 10 წუთს და ამ ქმედებით დაირღვა როგორც ყ-ის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი კორპუსების მოსახლეობის, ასევე – იმავე ქუჩაზე არსებული მაღაზიის პერსონალის სიმშვიდე და მყუდროება.

· ჩხუბით განაწყენებულმა ა. ბ-მა განიზრახა, შური ეძია და ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება მიეყენებინა გ. ს-სა და ზ. კ-თვის. ამ მიზნით ა. ბ-მა თავისი დიდი ზომის დანა მათ დაარტყა სხეულის სხვადასხვა მიდამოში, კერძოდ, გ. ს-ს მიაყენა ერთი ჭრილობა გულმკერდის არეში, ხოლო ზ. კ-ს – ერთი ჭრილობა მუცლის არეში, რის შემდეგაც თანამზრახველებთან ერთად შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილები გადაიყვანეს საავადმყოფოში, სადაც 2015 წლის 8 ივლისს გარდაიცვალა ზ. კ., ხოლო გ. ს-ს მიადგა სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე დაზიანება.

· ე. ს-მა გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა „ნაგანის“ მოდელის ცეცხლსასროლი იარაღი და 1895 წლის ნიმუშის, 7,62 მმ კალიბრიანი 16 საბრძოლო ვაზნა, რომლებსაც ასევე უკანონოდ ინახავდა. ე. ს. მართლსაწინააღმდეგოდ შეძენილ „ნაგანის“ მოდელის ცეცხლსასროლ იარაღს 7 საბრძოლო ვაზნით უკანონოდ ატარებდა 2015 წლის 23 ივნისს, დაახლოებით 04:00 საათზე, თ-ში, მ-ის ქ. №--ის მიმდებარე ტერიტორიაზე, ხოლო 9 ვაზნას ინახავდა თავის საცხოვრებელ სახლში – თ-ში, კ. ბ-ის ქ. №--ში. აღნიშნული იარაღი მიეკუთვნება ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას და ვარგისია გამოსაყენებლად, ხოლო ვაზნები არის 1895 წლის ნიმუშის, 7,62 მმ კალიბრიანი, მიეკუთვნება საბრძოლო მასალათა კატეგორიას და ვარგისია გამოსაყენებლად.

4. ა. ბ-ის ქმედება დაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მე-7 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და მე-8 ნაწილით, 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილით, ჯ. კ-ის ქმედება – საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ხოლო ე. ს-ის ქმედება – საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და 236-ე მუხლის 1-ლი-მე-2 ნაწილებით.

5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 21 მარტის განაჩენით ჯ. კ-ის ქმედება საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდა სსკ-ის 120-ე მუხლზე და განესაზღვრა 10 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობით, 1 წლის გამოსაცდელი ვადით; მასვე სასჯელის ვადაში მოხდილად ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის პერიოდი – 2015 წლის 23 ივნისიდან 2016 წლის 21 მარტის ჩათვლით და დაუყოვნებლივ გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან; ა. ბ-ი გამართლდა საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით წარდგენილ ბრალდებაში; მისი ქმედება საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მე-7 და მე-8 ნაწილებიდან გადაკვალიფიცირდა იმავე მუხლის მე-2 ნაწილზე და მიესაჯა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2015 წლის 23 ივნისიდან; ე. ს-ი გამართლდა საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში; იგი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით – 6 თვით, ხოლო იმავე მუხლის მე-2 ნაწილით – 3 წლით თავისუფლების აღკვეთა. სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და ე. ს-ს საბოლოოდ განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობით, 4 წლის გამოსაცდელი ვადით; მასვე სასჯელის ვადაში მოხდილად ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო – 2015 წლის 23 ივნისიდან 2016 წლის 21 მარტის ჩათვლით და დაუყოვნებლივ გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან.

6. სასამართლომ დაადგინა, რომ ა. ბ-მა ჩაიდინა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, რამაც გამოიწვია სიცოცხლის მოსპობა; ჯ. კ-მა – ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია, ხოლო ე. ს-მა – ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა და ტარება, რაც გამოიხატა შემდეგში:

· 2015 წლის 23 ივნისს, დაახლოებით 03:45 საათზე, ა. ბ. და ჯ. კ-ი, ნასვამები, იმყოფებოდნენ თ-ში, ყ-ის ქ. №--ის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც ასევე იყვნენ გ. ს-ი და ზ. კ-ი. ა. ბ-მა და ჯ. კ-მა მათ მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა, მათ შორის მოხდა შელაპარაკება, რაც გადაიზარდა ჩხუბში. ჯ. კ-მა გ. ს-ს მიაყენა ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია. ჩხუბით განაწყენებულმა ა. ბ-მა განიზრახა, შური ეძია და ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება მიეყენებინა ზ. კ-სათვის. ამ მიზნით მან თავისი კუთვნილი დიდი ზომის დანა, შურისძიების მოტივით, ზ. კ-ს დაარტყა მუცლის არეში, რის შემდეგაც ჯ. კ-თან ერთად შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, ხოლო ზ. კ-ი გარდაიცვალა საავადმყოფოში 2015 წლის 8 ივლისს.

· ე. ს-მა გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა „ნაგანის“ მოდელის ცეცხლსასროლი იარაღი და 1895 წლის ნიმუშის, 7,62 მმ კალიბრიანი 16 საბრძოლო ვაზნა, რომლებსაც ასევე უკანონოდ ინახავდა. ე. ს-ი მართლსაწინააღმდეგოდ შეძენილ „ნაგანის“ მოდელის ცეცხლსასროლ იარაღს 7 საბრძოლო ვაზნით უკანონოდ ატარებდა 2015 წლის 23 ივნისს, დაახლოებით 04:00 საათზე, თ-ში, მ-ის ქ. №--ის მიმდებარე ტერიტორიაზე, ხოლო 9 ვაზნას ინახავდა თავის საცხოვრებელ სახლში – თ-ში, კ. ბ-ის ქ. №--ში. აღნიშნული იარაღი მიეკუთვნება ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას და ვარგისია გამოსაყენებლად, ხოლო ვაზნები არის 1895 წლის ნიმუშის, 7,62 მმ კალიბრიანი, მიეკუთვნება საბრძოლო მასალათა კატეგორიას და ვარგისია გამოსაყენებლად.

7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 20 მარტის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 21 მარტის განაჩენი დარჩა უცვლელად.

8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა პროკურორმა მირიან მეგრელიშვილმა და ითხოვა ე. ს-სა და ჯ. კ-ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ხოლო ა. ბ-ის – სსკ-ის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში შემდეგი მოტივით:

შემთხვევა მოხდა საცხოვრებელი კორპუსების მიმდებარედ ღამე, 03:45 საათზე, როდესაც ხალხის უმეტესობას სძინავს; ასეთ დროს ბრალდებულთა მხრიდან საზოგადოებრივი წესრიგის უხეში დარღვევა შეურაცხმყოფელი და შემაწუხებელია საზოგადოებისათვის, რაც დადასტურებულია მოწმეთა ჩვენებებით.

9. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

10. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არც ერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

11. საკასაციო საჩივრისა და საქმის შესწავლის შედეგად საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს გარემოება, რომლის გამოც საქმეს ექნებოდა არსებითი მნიშვნელობა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.

12. საკასაციო პალატა სრულად იზიარებს გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას და მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულყოფილად და ობიექტურად შეაფასა. პალატა ასევე აღნიშნავს, რომ ხულიგნობის დროს პირმა უხეშად უნდა დაარღვიოს საზოგადოებრივი წესრიგი, ეს ქმედება უნდა გამოხატავდეს საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობას და ქმედება ჩადენილი უნდა იყოს ძალადობით ან ძალადობის მუქარით. ამ ნიშნებიდან ერთ-ერთი არარსებობა გამორიცხავს ხულიგნობას. თუ პირის შეგნება არ მოიცავს საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობის გამოხატვას, ძალადობით ან ძალადობის მუქარით ჩადენილ ქმედებას საზოგადოებრივი წესრიგის უხეში დარღვევა რომც მოჰყვეს, ხულიგნობა მაინც არ გამოიკვეთება. დამნაშავის მოტივი ხულიგნობის ჩადენის დროს არის საზოგადოებასთან დაპირისპირება, იმის დამტკიცება, რომ გაბატონებული ზნეობრივი ნორმები მისთვის არაფერს ნიშნავს.

13. მოცემულ საქმეში მართალია, დანაშაული ჩადენილია საცხოვრებელი კორპუსისა და მაღაზიის მიმდებარე ტერიტორიაზე, მაგრამ შემთხვევის ადგილზე ა. ბ-ი და ჯ. კ-ი სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ მხოლოდ გ. ს-სა და ზ. კ-ს. მათ სხვა პირის ან პირებისათვის შეურაცხყოფა არ მიუყენებიათ, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ბრალდებულებს არ ჰქონდათ საზოგადოებასთან დაპირისპირების სურვილი, საზოგადოებისადმი უპატივცემულო დამოკიდებულება და მათი მოქმედება მიმართული იყო მხოლოდ გ. ს-სა და ზ. კ-საკენ.

14. რაც შეეხება ე. ს-ს, საქმეში არსებული არც ერთი მტკიცებულებით არ დადასტურდა მისი ყოფნა ჩხუბის ადგილზე. პირიქით, მტკიცებულებებით დასტურდება, რომ იგი ჯ. კ-სა და ა. ბ-ს შეხვდა ჩხუბის შემდეგ.

15. გამომდინარე ზემოაღნიშნულიდან, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ასეთ პირობებში მსჯავრდებულთა ქმედებაში საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლით გათვალისწინებული ხულიგნობის შემადგენლობის არსებობაზე მსჯელობისათვის არავითარი კანონიერი საფუძველი არ არსებობს. ამასთან, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას (მაგალითისათვის იხ. №109აპ-10, №207აპ-08).

16. ამრიგად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული არც ერთი მოთხოვნა, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ პროკურორის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

17. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ მირიან მეგრელიშვილის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე

პ. სილაგაძე