საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
№276აპ-17 ქ. თბილისი
ბ-ი ი, 276აპ-17 27 ოქტომბერი, 2017 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),
ნინო გვენეტაძე, პაატა სილაგაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 15 მარტის განაჩენზე მსჯავრდებულ ი. ბ-ის ინტერესების დამცველი ადვოკატების – გ. ტ-სა და ი. ხ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 1 აგვისტოს განაჩენით ი. ბ-ი, ნასამართლობის არმქონე, – ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა – 1000 ლარი. გაუქმდა მის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება – შეთანხმება გაუსვლელობისა და სათანადო ქცევის შესახებ.
2. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 15 მარტის განაჩენით დარჩა უცვლელად.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ი. ბ-მა ჩაიდინა სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, რაც გამოიხატა შემდეგში:
· 2015 წლის 28 აპრილს, დაახლოებით 12:30 საათზე, ი. ბ-ი ცეცხლსასროლი იარაღის დემონსტრირებით დაემუქრა შპს „ყ-ის“ გ-ის, ს-ის, თ-ის ბიზნესცენტრის მენეჯერ რ. თ-ს მისსავე სამუშაო ოთახში, რა დროსაც დაზარალებულს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა დაცვის მხარემ.
5. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით დაცვის მხარე ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 15 მარტის განაჩენის გაუქმებასა და ი. ბ-ის გამართლებას.
6. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორი ზაზა კვირკველია შესაგებლით ითხოვს საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობას და ი. ბ-ის მიმართ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 15 მარტის განაჩენის უცვლელად დატოვებას.
7. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
8. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არც ერთი ზემოაღნიშნული საფუძველი, კერძოდ, განსახილველ შემთხვევაში კასატორი სადავოდ ხდის მისთვის ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენას. პალატა აღნიშნავს, რომ ი. ბ-ის ბრალეულობა სრულად დადასტურდა საქმეზე შეკრებილი და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული უტყუარი მტკიცებულებებით, კერძოდ: დაზარალებულ რ. თ-ის ჩვენებით დადგენილია, რომ ი. ბ-მა იარაღი გადატენა და დედის გინებით მიაბჯინა კისერზე, თან მოკვლით ემუქრებოდა; მოწმეების – ნ. ა-ისა და ვ. პ-ას ჩვენებებით, მენეჯერის კაბინეტიდან ისმოდა რ. თ-ის ხმა, რომელიც ამბობდა „იარაღი აქვს, იარაღი გაწიეო“; მოწმე ხ. ჯ-ის ჩვენებით, მან დაინახა მენეჯერის ოთახიდან გამოსული პირი, რომელიც იგინებოდა და იმუქრებოდა, ხოლო რ. თ-მა თანამშრომლებს უთხრა, რომ ამ პირმა მას იარაღი დაადო კისერზე; მოწმე ნ. ბ-ის ჩვენებით, მენეჯერის ოთახიდან ისმოდა გინების ხმა, რ. თ-ის ყვირილზე – „იარაღი ჩაწიე, ბიჭოო“, ჯ. ღ-ი შევიდა კაბინეტში; მოწმე კ. გ-ის ჩვენებით, მენეჯერის ოთახიდან მოესმა ყვირილის ხმა, იქიდან გამოვარდა ჯ. ღ-ი და გააფრთხილა, რომ ვიღაც კაცს იარაღი ჰქონდა და რ. თ-ს ემუქრებოდა; თვითონ როდესაც შევიდა მენეჯერის კაბინეტში, დაინახა, რომ ი. ბ-ი აგინებდა მენეჯერს და ემუქრებოდა – „შენ ნახე, თუ არ დაგაკარგვინო სამსახური, დაგბრიდავ, შენ არ იცი, მე ვინ ვარო“; აღსანიშნავია, რომ ი. ბ-ის სახელზე რეგისტრირებულია ცეცხლსასროლი იარაღი და დაზარალებულის მიერ მუქარის დროს გამოყენებული იარაღის აღწერილობა დაემთხვა დათვალიერების ოქმში მითითებულ ი. ბ-ის იარაღის აღწერილობას.
9. აღსანიშნავია, რომ ამ დანაშაულის შემადგენლობისათვის აუცილებელია არა მუქარის რეალურობა, არამედ – დაზარალებულში მისი განხორციელების საფუძვლიანი შიშის გამოწვევა. კასატორები საჩივარში ხაზს უსვამენ იმ გარემოებას, რომ სათვალთვალო კამერების ჩანაწერში კარგად ჩანს, რომ ი. ბ-ს მენეჯერის ოთახიდან გამოსვლისას უკან მოჰყვება დაზარალებული რ. თ-ი, რაც თითქოსდა იმაზე მიანიშნებს, რომ მას შიში არ გასჩენია. აღნიშნულთან დაკავშირებით პალატა მიუთითებს, რომ ამ მომენტისათვის ი. ბ-ს იარაღი აღარ უჭირავს, მიემართება გასასვლელისაკენ, რადგან მისთვის უკვე ცნობილია, რომ გამოძახებულია საპატრულო პოლიცია და სიტუაცია განმუხტულია. საყურადღებოა ისიც, რომ ამ ფაქტის შემდეგ რ. თ-ი გახდა შეუძლოდ, რის გამოც გამოიძახეს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა, რომელმაც იგი გადაიყვანა საავადმყოფოში, შოკის ბლოკში. ყოველივე მიუთითებს იმაზე, რომ რ. თ-მა რეალურად განიცადა სიცოცხლის მოსპობის შიში.
10. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის მნიშვნელოვანი სამართლებრივი და საპროცესო დარღვევებით განხილვის ფაქტი (რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე) წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებიდან არ გამომდინარეობს და ვინაიდან არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნებიც, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
11. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ ი. ბ-ის ინტერესების დამცველი ადვოკატების – გ. ტ-ისა და ი. ხ-ის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი
მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე
პ. სილაგაძე