Facebook Twitter

ას-451-800-07 3 ოქტომბერი, 2007წ.

ქ.თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე)

თეიმურაზ თოდრია (მომხსენებელი), როზა ნადირიანი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – გ. და ნ. გ-ები (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ი. მ-ი (მოსარჩელე)

დავის საგანი – ბინიდან გამოსახლება

გასაჩივრებული სასამართლოს განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 15 მარტის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განხილვა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2005 წლის 22 ივნისს ი. მ-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხეების - გ. და ნ. გ-ების წინააღმდეგ და მოითხოვა უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა.

მოსარჩელემ მიუთითა, რომ 2004 წელს მან ნასყიდობის ხელშეკრულებით შეიძინა, ქ.თბილისში, ... დასახლება ¹31-ში მდებარე ბინა, რომელიც ძველი მესაკუთრის მიერ ქირავნობის ხელშეკრულების საფუძველზე დროებით სარგებლობაში გადაცემული ჰქონდათ მოპასუხეებს. მიუხედავად მისი არაერთი მოთხოვნისა, გაეთავისუფლებინათ ბინა, მოპასუხეები განაგრძობენ ბინაში ცხოვრებას.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 12 დეკემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით მოსარჩელე ი. მ-ს სარჩელი დაკმაყოფილდა და მოპასუხეები ნ. და გ. გ-ები გამოსახლებულ იქნენ მოსარჩელის საკუთრებაში არსებული ბინიდან.

2005 წლის 28 დეკემბერს მოპასუხე გ. გ-მ სასამართლოს მიმართა საჩივრით და მოითხოვა 2006 წლის 12 დეკემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ 2006 წლის 8 დეკემბერს მოპასუხეთა წინააღმდეგ გამოიტანა განმეორებითი დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რომლითაც დაკმაყოფილდა ი. მ-ს სარჩელი და მოპასუხეები - გ. და ნ. გ-ები გამოსახლებული იქნენ სადავო ბინიდან (ს.ფ. 53-54).

პირველი ინსტანციის სასამართლოს განმეორებითი დაუსწრებელი გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს გ. და ნ. გ-ებმა და მოითხოვეს მისი გაუქმება იმ საფუძვლით, რომ 2006 წლის 8 სექტემბერს დანიშნულ სასამართლო სხდომაზე მათი გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო საპატიო მიზეზით, რის შესახებაც მათ აცნობეს სასამართლოს.

2007 წლის 15 მარტს თბილისის სააპელაციო სასამართლოში გ. და ნ. გ-ების სააპელაციო საჩივრის ზეპირი განხილვისათვის გამართულ სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადნენ აპელანტები, რომელთაც სხდომის დღის შესახებ ეცნობათ საპროცესო კანონით დადგენილი წესით; მოწინააღმდეგე მხარე ი. მ-ს წარმომადგენელმა დ. გ-მა მოითხოვა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 15 მარტის განჩინებით გ. და ნ. გ-ების სააპელაციო საჩივარი მხარეთა გამოუცხადებლობის გამო, დარჩა განუხილველად.

აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანეს გ. და ნ. გ-ებმა და აღნიშნეს, რომ პროცესზე მათი გამოუცხადებლობა განაპირობა იმან, რომ გ. გ-ი გახდა ცუდად. აღნიშნულის შესახებ პროცესის დაწყებამდე მიმართა სასამართლოს და მოითხოვა საქმის გადადება, თუმცა სასამართლომ არ გაითვალისწინა მათი მოთხოვნა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო კერძო საჩივარს და მიაჩნია, რომ გ. და ნ. გ-ების კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

დადგენილია, რომ სააპელაციო პალატის სხდომაზე არ გამოცხადდნენ აპელანტები, რომელთაც სხდომის დღის შესახებ ეცნობათ საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით, კერძოდ, აპელანტებს სასამართლოს უწყება სხდომის დღის შესახებ ჩაჰბარდათ პირადად. მართალია, გ. გ-მ წარმოადგინა განცხადება, მაგრამ სააპელაციო სასამართლომ აღნიშნულ განცხადებაში მოყვანილი გარემოება არ მიიჩნია საპატიო მიზეზად, ვინაიდან განცხადებაზე დართული ცნობა არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 215-ე მუხლით დადგენილ მოთხოვნებს, კერძოდ, ის არ შეიცავს პირდაპირ მითითებას გ. გ-ს პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობის თაობაზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საპატიო მიზეზად ჩაითვლება მხარის ავადმყოფობა, რომელიც დადასტურებული უნდა იქნეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 387-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოში, თუ არ არსებობს ამ მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, გამოიყენება ამ კოდექსში ჩამოყალიბებული ნორმები პირველი ინსტანციის სასამართლოში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ.

ამავე კოდექსის 229-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო სხდომაზე გამოცხადდება მოსარჩელე და მოპასუხე არ მოითხოვს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანას სასამართლოს გამოაქვს განჩინება სარჩელის განუხილველად დატოვების შესახებ.

მოცემულ შემთხვევაში, მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენელმა, აპელანტების გამოუცხადებლობის გამო, მოითხოვა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება, რის გამოც სააპელაციო სასამართლომ განუხილველად დატოვა გ. და ნ. გ-ების სააპელაციო საჩივარი.

საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ აპელანტების გამოუცხადებლობა სასამართლო პროცესზე სწორად მიიჩნია არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლად, რაც სააპელაციო სასამართლოს აძლევდა უფლებას, გამოუცხადებელი მხარეების მიმართ გამოეტანა განუხილველად დატოვების განჩინება.

საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მხარეები სასამართლო სხდომაზე მოწვეული იყვნენ კანონით დადგენილი წესით და ამ შემთხვევაში არ არსებობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლით გათვალისწინებული გარემოებები.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

გ. და ნ. გ-ები კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 15 მარტის განჩინება;

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.