Facebook Twitter

ას--451-842-06 9 იანვარი, 2007 წ.

ქ. თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

როზა ნადირიანი, თეიმურაზ თოდრია

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩირის ავტორი – ნ. გ-ი (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – ........... ბიურო (მოპასუხე)

მესამე პირი – სს „გ-ი“

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2006 წლის 19 მაისის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – ქონების ყადაღისაგან განთავისუფლება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2003 წლის 7 მაისს გორის რაიონულ სასამართლოში სარჩელი აღძრა გ. გ-მა მოპასუხე ............. ბიუროსა და მესამე პირის – სს „გ-ის“ წინააღმდეგ გორის რაიონის სოფელ .........-ში მდებარე მინიჰიდროელექტროსადგურ „ტ-ის“ ყადაღის სიიდან ამორიცხვა.

გორის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 24 თებერვლის განჩინებით სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 279-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, მოცემული საქმის წარმოება შეჩერდა გარდაცვლილი მოსარჩელის გ. გ-ის უფლებამონაცვლის დადგენამდე.

გორის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 17 მაისის განჩინებით საქმეზე წარმოება განახლდა და მასში გარდაცვლილი გ. გ-ის უფლებამონაცვლედ ჩაება ნ. გ-ი.

გორის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 2 ივნისის გადაწყვეტილებით გ. გ-ის უფლებამონაცვლის – ნ. გ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ნ. გ-მა.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2004 წლის 11 ოქტომბრის განჩინებით ნ. გ-ის სააპელაციო საჩივარი საქმის მასალებთან ერთად განსჯადობით განსახილველად გადაეცა თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატას.

2005 წლის 18 მაისს აპელანტმა ნ. გ-მა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 198-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ პუნქტზე და „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის „ე“ პუნქტზე მითითებით, სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით მოითხოვა სადავო ქონების – გორის რაიონის სოფელ .......-ში მდებარე მინიჰიდროელექტროსადგურ „ტ-ის“ მიმართ კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერება საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანამდე.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 18 მაისის განჩინებით ნ. გ-ის განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერების თაობაზე დაკმაყოფილდა. შეჩერდა თბილისის საოლქო სასამართლოს მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის ¹........ აღსრულება გორის რაიონის სოფელ .........-ში მდებარე მინიჰიდროელექტროსადგურ „ტ-ზე“, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანამდე.

აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანეს სს „გ-ის“ წარმომადგენლებმა.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 24 ივნისის განჩინებით ნ. გ-ის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. გაუქმდა გორის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 2 ივნისის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

ამავე პალატის 2005 წლის 24 ივნისის განჩინებით სს „გ-ის“ კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელი დარჩა თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 18 მაისის განჩინება და კერძო საჩივარი საქმის მასალებთან ერთად გადაეგზავნა უზენაეს სასამართლოს.

2005 წლის 30 მაისს სს „გ-მა“ დამატებითი კერძო საჩივარი შეიტანა საქართველოს უზენაეს სასამართლოში.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2006 წლის 13 მარტის განჩინებით სს „გ-ის“ კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა. გაუქმდა თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 18 მაისის განჩინება და საქმე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების თაობაზე განცხადების ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 19 მაისის განჩინებით გ. გ-ის განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ არ დაკმაყოფილდა. ამ განჩინების კანონიერ ძალაში შესვლამდე შენარჩუნდა თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 18 მაისის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 19 მაისის განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა ნ. გ-მა და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება.

კერძო საჩივრის ავტორის აზრით, სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 198-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილის „ე“ პუნქტი, სამოქალაქო კოდექსის 286-ე მუხლის 1-ლი ნაწილი, ამავე კოდექსის 289-ე მუხლის 1-ლი ნაწილი, 311-ე მუხლის 1-ლი ნაწილი და 312-ე მუხლის 1-ლი ნაწილი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს, განიხილა კერძო საჩივარი და თვლის, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის „ვ“ პუნქტის თანახმად, სასამართლო აღსრულებას აჩერებს სარჩელის წარდგენისას იმ ქონების ყადაღისაგან განთავისუფლების შესახებ, რომელზედაც მიქცეული გადახდა – სადავო ქონებაზე აღსრულების ნაწილში და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებამდე. მოცემულ შემთხვევაში კერძო საჩივრის ავტორი მიიჩნევს, რომ აღნიშნული ნორმის საფუძველზე სასამართლო ვალდებულია უპირობოდ შეაჩეროს აღსრულება, რადგან მას წარდგენილი აქვს სარჩელი სწორედ აღსრულებაში მიქცეული ქონების ყადაღისაგან განთავისუფლების თაობაზე. აღნიშნულ მოსაზრებას სასამართლო ვერ გაიზიარებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 198-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად ყადაღისაგან ქონების განთავისუფლების შესახებ სარჩელის აღძვრის შემთხვევაში ქონების რეალიზაციის შეჩერება წარმოადგენს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებას, ამიტომ მის მიმართ უნდა გამოყენებული იქნას იგივე ნორმები, რაც სარჩელის უზრუნველყოფის სხვა ღონისძიებების მიმართ, მათ შორის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 199-ე მუხლიც. ვინაიდან მოცემული დავის ერთ-ერთ მხარეს წარმოადგენს კომერციული ბანკი, სასამართლომ სრულიად მართებულად გამოიყენა 199-ე მუხლით გათვალისწინებული ღონისძიებანი, კერძოდ კი უზრუნველყოფის გარანტია, ხოლო ვინაიდან სასამართლოს მიერ მითითებულ ვადაში მხარემ არ მოახდინა მოპასუხისათვის მოსალოდნელი ზიანის ანაზღაურების უზრუნველყოფა, სასამართლო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 199-ე მუხლის თანახმად უფლებამოსილი იყო არ დაეკმაყოფილებინა განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის თაობაზე, ხოლო იმ შემთხვევაში თუ იგი გამოყენებული იქნებოდა, უნდა გაეუქმებინა კიდეც.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი უსაფუძვლოა და იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ნ. გ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

უცვლელი დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 19 მაისის განჩინება;

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.