Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

ას-452-694-08 23 ივნისი, 2008 წ. ქ. თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მიხეილ გოგიშვილი (თავმჯდომარე)

მოსამართლეები:

ნუნუ კვანტალიანი (მომხსენებელი), ლალი ლაზარაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი _ გ. ა-შვილი

წარმომადგენელი _ რ. რ-აძე

მოწინააღმდეგე მხარე _ მენაშენეთა ამხანაგობა ,,ვ.-ის” თავმჯდომარე ქ. ა.-ი, ლ. კ.-ე, მ. დ.-ი, თ. ხ.-ი, გ. მ.-, ქ. უ.-ი

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 7 აპრილის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი: უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა, ნივთის მართლზომიერ მფლობელად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ქ. ა.-მა, ე. ბ.-ემ, მ. დ.-მ, ს. ა.-მ, ვ. გ.-ემ, ქ. ჭ.-მ, ო. ო.-მ, ლ. გ.-ემ, ო. გ.-მ, თ. ხ.-მა, ლ. ა.-ძემ, მ. ხ.-მა, დ. ქ.-მ, ე. ლ.-მ, მ. კ.-მა და მათმა წარმომადგენელმა გ. მ.-მ სარჩელი აღძრეს სასამართლოში მოპასუხეების _ ნ., ლ. ა.-ებისა და ც. ჭ.-ის მიმართ ქ.თბილისში, ...-ის ქ.¹7-ში მდებარე ფართის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვის შესახებ იმ საფუძვლით, რომ მოსარჩელეები არიან დასახელებულ მისამართზე არსებული უძრავი ქონების თანამესაკუთრეები, რომელსაც უკანონოდ ფლობენ მოპასუხეები და თავისი ნებით არ ათავისუფლებენ.

მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს.

გ. ა-შვილმა შეგებებული სარჩელი აღძრა სასამართლოში ამხანაგობა “ვ.-ის” მიმართ ქ.თბილისში, ...-ის ქ.¹7-ში მდებარე ფართის ნაწილის მართლზომიერ მფლობელად ცნობის შესახებ იმ საფუძვლით, რომ სადავო ფართს ფლობს საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის უფლების დათმობის ხელშეკრულების თანახმად.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 4 ივნისის განჩინებით საქმეში თანამოსარჩელედ ჩაება ამხანაგობა “ვ.-ი”, ლ.კ.-ე, მ.დ.-ი და თ.ხ.-ი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილებით მენაშენეთა ამხანაგობა ,,ვ.-ის”, ლ. კ.-ის, მ. დ.-ისა და თ. ხ.-ის სარჩელი ქ.თბილისში, ...-ის ქ.¹7-ში მდებარე საცხოვრებელი ბინიდან მოპასუხეების გამოსახლების თაობაზე არ დაკმაყოფილდა, გ. ა-შვილის შეგებებული სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და იგი ცნობილ იქნა ქ.თბილისში, ...-ის ქ.¹7-ში მდებარე 30 კვ.მ ფართის საცხოვრებელი სადგომის (18 კვ.მ საცხოვრებელი და 12 კვ.მ დამხმარე ფართის) მართლზომიერ მფლობელად და მოსარგებლედ.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მენაშენეთა ამხანაგობა ,,ვ.-ის” თავმჯდომარე ქ. ა.-მა, ლ. კ.-ემ, მ. დ.-მა, თ. ხ.-მა, ასევე მათმა წარმომადგენლებმა გ. მ.-მ და ქ. უ.-მა. მითითებული სააპელაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 7 აპრილის განჩინებით მოცემული სამოქალაქო საქმის წარმოება ამ განჩინებიდან არა უმეტეს 8 თვის ვადით, აპელანტ ლ. კ.-ის უფლებამონაცვლის დადგენამდე შეჩერდა შემდეგ გარემოებათა გამო: სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ საქმის წარმოების შეჩერების მოთხოვნით პალატას განცხადებით მიმართა ლ.კ.-ის მეუღლე ე. ვ.-მა და წარადგინა ლ.კ.-ის გარდაცვალების ცნობა, რომლის თანახმად აპელანტი გარდაიცვალა 2008 წლის 2 თებერვალს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 279-ე მუხლის “ა” ქვეპუნქტისა და 281-ე მუხლის “ა” ქვეპუნქტის შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო სამართლებრივ ურთიერთობებში საპროცესო უფლებამონაცვლეობა დასაშვებია, რის გამოც საქმის წარმოება უნდა შეჩერდეს აპელანტ ლ. კ.-ის უფლებამონაცვლის დადგენამდე.

სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანეს გ. ა-შვილმა და მისმა წარმომადგენელმა რ. რ.-ემ, მოითხოვეს მისი გაუქმება და საქმის დაბრუნება იმავე სასამართლოსათვის განსახილველად შემდეგი საფუძვლებით: სააპელაციო სასამართლომ არასწორად შეაჩერა საქმის წარმოება ლ. კ.-ის გარდაცვალების გამო, ვინაიდან დასახელებული პიროვნება არც ძირითად და არც დაზუსტებულ სარჩელში მოსარჩელედ დაფიქსირებული არ ყოფილა და პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაში იგი დასახელებულ იქნა შეცდომით. ასევე ლ.კ.-ეს თავისი ინტერესების დაცვა არც საქმეში მონაწილე მოსარჩელეთა წარმომადგენლებისათვის არ მიუნდია. ამასთან, აღსანიშნავია, რომ ლ.კ.-ე ამხანაგობა “ვ.-ის” წევრი არ ყოფილა. სააპელაციო სასამართლომ ასევე არასწორად განსაზღვრა საქმის შეჩერების ვადის ათვლის მომენტი, ვინაიდან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 279-ე და 281-ე მუხლების, სამოქალაქო კოდექსის 1424-ე, 1433-ე და 1500-ე მუხლების შესაბამისად, მხარის გარდაცვალებისას საქმის წარმოების შეჩერების ვადა უნდა აითვალოს არა აღნიშნული შესახებ განჩინების გამოტანის, არამედ მხარის გარდაცვალების მომენტიდან.

მოცემულ საქმეზე დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მენაშენეთა ამხანაგობა ,,ვ.-ის” თავმჯდომარე ქ. ა.-მა, ლ. კ.-ემ, მ. დ.-მა, თ. ხ.-მა, ასევე მათმა წარმომადგენლებმა გ. მ.-მ და ქ. უ.-მა. მითითებული სააპელაციო საჩივრის განხილვისას, 2008 წლის 28 მარტს სასამართლოს განცხადებით მიმართა ლ. კ.-ის მეუღლე ე. ვ.-მა, რომელმაც წარმოადგინა ლ.კ.-ის გარდაცვალების მოწმობა, სადაც აპელანტის გარდაცვალების თარიღად მითითებულია 2008 წლის 2 თებერვალი. განმცხადებელმა მოითხოვა საქმის წარმოების შეჩერება ლ.კ.-ის უფლებამონაცვლის დადგენამდე და განმარტა, რომ მას, როგორც აპელანტის მეუღლესა და ერთ-ერთ მემკვიდრეს, შეტანილი აქვს განცხადება ნოტარიუსთან ლ.კ.-ის სამკვიდროს მისაღებად.

სააპელაციო სასამართლომ 2008 წლის 7 აპრილის განჩინებით საქმის წარმოება ამ განჩინების მიღებიდან 8 თვით, ლ. კ.-ის უფლებამონაცვლის დადგენამდე შეაჩერა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლებისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ გ. ა-შვილის წარმომადგენლის _ რ. რ.-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

მოცემული კერძო საჩივრის საფუძველს წარმოადგენს ის გარემოება, რომ სააპელაციო სასამართლომ, ლ. კ.-ის გარდაცვალების გამო, საქმის წარმოება არასწორად შეაჩერა, ვინაიდან დასახელებული პირი საქმეში მოსარჩელეს არ წარმოადგენს და არც სხვა მოსარჩელეთათვის თავისი ინტერესების დაცვა კანონით დადგენილი წესით არ მიუნდია.

საკასაციო სასამართლო აღნიშნულ მოსაზრებას ვერ გაიზიარებს, რადგან საქმეში წარმოდგენილი თბილისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 4 ივნისის საოქმო განჩინებით გ.მ.-ს შუამდგომლობის საფუძველზე საქმეში თანამოსარჩელედ ჩაება ამხანაგობა “ვ.-”, ლ.კ.-ე, მ.დ.-ი და თ.ხ.-ი. მითითებული სხდომის ოქმიდან ირკვევა, რომ კერძო საჩივრის ავტორი გ.ა.-ი აღნიშნულ სასამართლო სხდომას ესწრებოდა და საქმეში მოსარჩელედ ლ.კ.-ის ჩართვა სადავოდ არ გაუხდია. ასევე საქმის მასალებში წარმოდგენილია ლ. კ.-ის მიერ ქ. უ.-ის სახელზე გაცემული მინდობილობა, რომლითაც მარწმუნებელი უფლებას აძლევს რწმუნებულს იმოქმედოს მისი სახელით ყველა სახელმწიფო დაწესებულებაში და ამხანაგობა “ვ.-თან” ურთიერთობაში.

ამდენად, სააპელაციო სასამართლომ სავსებით სწორად გამოიყენა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 279-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტი, რომლის თანახმად სასამართლო ვალდებულია შეაჩეროს საქმის წარმოება მოქალაქის გარდაცვალებისას, თუ სადავო-სამართლებრივი ურთიერთობა დასაშვებად თვლის უფლებამონაცვლეობას. დასახელებული ნორმა ადგენს სასამართლოს ვალდებულებას, შეაჩეროს საქმის წარმოება იმ შემთხვევაში, როდესაც სადავო სამართლებრივი ურთიერთობის სუბიექტი გარდაიცვლება და, დავის არსიდან გამომდინარე, დასაშვებია საქმის წარმოების გაგრძელება მისი უფლებამონაცვლის მონაწილეობით. მოცემულ შემთხვევაში სასამართლომ მართებულად მიიჩნია, რომ აღნიშნული სადავო-სამართლებრივი ურთიერთობა საპროცესო უფლებამონაცვლეობას უშვებს და საქმის წარმოება, მოსარჩელისა და აპელანტის _ ლ. კ.-ის გარდაცვალების გამო, სწორად შეაჩერა.

რაც შეეხება გ.ა.-ის არგუმენტს, რომ ლ.კ.-ე ამხანაგობა “ვ.-ის” წევრი არ იყო, აღნიშნულზე საკასაციო სასამართლო ვერ იმსჯელებს, ვინაიდან მითითებული საკითხი მოცემული დავის ფარგლებს სცილდება.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 281-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტის შესაბამისად, საქმის წარმოება შეჩერდება ამ კოდექსის 279-ე მუხლის “ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში _ გონივრული ვადით, მაგრამ არა უმეტეს ერთი წლისა. მითითებული ნორმა ადგენს საქმის წარმოების შეჩერების ვადას, რაც მოქალაქის გარდაცვალების შემთხვევაში არ უნდა აღემატებოდეს ერთ წელს. ამდენად, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო პალატის მიერ მოცემული საქმის წარმოების შეჩერება 8 თვით სავსებით გამართლებულია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

გ. ა-შვილისა და მის წარმომადგენელ რ. რ.-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 7 აპრილის განჩინება დარჩეს უცვლელი.

სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.