Facebook Twitter

ას-454-768-09 6 ივლისი, 2009წ.

თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე)

ლ. ლაზარაშვილი (მომხსენებელი), ნ. კვანტალიანი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი _ გ. პ-იანი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე _ მ. ჩ-ავა (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 7 აპრილის განჩინება

სარჩელის დავის საგანი _ იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაცია, ზიანის ანაზღაურება

კერძო საჩივრის დავის საგანი _ სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2007 წლის 10 სექტემბერს ბათუმის საქალაქო სასამართლოს სასარჩელო განცხადებით მიმართა მ. ჩ-ავამ მოპასუხე გ. პ-იანის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხისათვის 8 900 ლარის დაკისრება, იპოთეკით დატვირთული ქონების აუქციონზე რეალიზაცია და 400 აშშ დოლარის (ეკვივალენტი ლარებში) ოდენობით ზიანის ანაზღაურება (ს.ფ. 1-2).

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 17 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით მ. ჩ-ავას სარჩელი დაკმაყოფილდა (ს.ფ. 30-32).

დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე იმავე სასამართლოში საჩივარი შეიტანა გ. პ-იანმა (წარმომადგენელი მ. ა-შვილი), რომელმაც მოითხოვა აღნიშნული გადაწყვეტილების გაუქმება (ს.ფ. 40-42).

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 14 მარტის განჩინებით გ. პ-იანის (წარმომადგენელი მ. ა-შვილი) საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 17 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება (ს.ფ. 57-59).

პირველი ინსტანციის სასამართლოს განჩინება სააპელაციო წესით გაასაჩივრა გ. პ-იანმა (წარმომადგენელი მ. ა-შვილი), რომელმაც მოითხოვა აღნიშნული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მ. ჩ-ავას სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება მოპასუხისათვის 5000 აშშ დოლარის დაკისრების ფარგლებში (ს.ფ. 62-67).

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 5 აგვისტოს განჩინებით გ. პ-იანის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 17 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2008 წლის 14 მარტის განჩინება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდა იმავე სასამართლოს (ს.ფ. 129-135).

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 20 თებერვლის გადაწყვეტილებით მ. ჩ-ავას სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა: გ. პ-იანს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხის 5000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა, მასვე დაეკისრა მ. ჩ-ავაზე ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება 400 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის ოდენობით, დადგინდა აღნიშნული თანხის უზრუნველსაყოფად ბათუმში, ... ქ. ¹39-47 ბინა ¹30-ში მდებარე იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების რეალიზაცია იძულებითი აუქციონის წესით (ს.ფ. 163-168).

დასახელებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა გ. პ-იანმა (წარმომადგენელი მ. ა-შვილი), რომელმაც მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს 2009 წლის 20 თებერვლის გადაწყვეტილების გაუქმება იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციისა და 400 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის ოდენობით ზიანის ანაზღაურების ნაწილში (ს.ფ. 172-177).

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 23 მარტის განჩინებით გ. პ-იანს დაევალა ხარვეზის შევსება, კერძოდ, აღნიშნული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 4 დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის სახით 216 აშშ დოლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის სასამართლოში წარდგენა (ს.ფ. 180-181).

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 7 აპრილის განჩინებით გ. პ-იანის სააპელაციო საჩივარი ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 20 თებერვლის გადაწყვეტილებაზე დატოვებულ იქნა განუხილველად.

სააპელაციო სასამართლომ სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება დაასაბუთა აპელანტის მიერ სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის (დოკუმენტის) განსაზღვრულ ვადაში სასამართლოში წარუდგენლობით. სასამართლოს აღნიშნული მსჯელობა დაეფუძნა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე, 374-ე მუხლებს (ს.ფ. 186-188).

სააპელაციო სასამართლოს დასახელებული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა გ. პ-იანმა (წარმომადგენელი მ. ა-შვილი), რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღება (დასაშვებად ცნობა).

კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, მის მიერ სახელმწიფო ბაჟი გადახდილია კანონით დადგენილ ვადაში, რის თაობაზეც არსებობს შესაბამისი მტკიცებულება ბანკის ქვითრის სახით. აღნიშნული ქვითარი კერძო საჩივრის ავტორმა გააგზავნა 1 აპრილს, მაგრამ ვინაიდან გზავნილი ფოსტაში დღის ბოლოს მივიდა, ფოსტის თანამშრომელმა იგი გაატარა 2 აპრილის რიცხვით, რის შედეგადაც გაშვებულ იქნა 2009 წლის 23 მარტის განჩინებით დადგენილი 4-დღიანი საპროცესო ვადა.

კერძო საჩივრის ავტორი ითხოვს მის მიერ ერთი დღის დაგვიანებით სახელმწიფო ბაჟის ქვითრის გაგზავნის საპატიოდ მიჩნევას, მით უფრო, ისეთ ვითარებაში, როდესაც უშუალოდ თანხის გადახდა სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაშია განხორციელებული (ს.ფ. 199).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, კერძო საჩივრის საფუძვლების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ გ. პ-იანის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 7 აპრილის განჩინება, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმის მასალებით დგინდება, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 23 მარტის განჩინება, რომლითაც გ. პ-იანს დაევალა სააპელაციო საჩივრის ხარვეზის შევსება, 2009 წლის 28 მარტს ჩაჰბარდა როგორც აპელანტს, ისე მის წარმომადგენელ მ. ა-შვილს (ს.ფ. 184,185).

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 60-61-ე მუხლების შესაბამისად, ორივე ზემოაღნიშნულ შემთხვევაში ხარვეზის შესავსებად დადგენილი საპროცესო მოქმედების შესრულების 4-დღიანი ვადის ათვლა დაიწყო 2009 წლის 29 მარტს და დამთავრდა 2009 წლის 1 აპრილს. მითითებულ ვადაში სააპელაციო საჩივრის ხარვეზი აპელანტს არ შეუვსია.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გამოიყენა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილი, რომლის თანახმად, თუ სააპელაცო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს, ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.

კანონის ზემოთ დასახელებული ნორმების შინაარსი, საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან ერთობლიობაში შეფასების შედეგად, სრულიად ასაბუთებს გ. პ-იანის სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების მართლზომიერებას, რის შესაბამისადაც გასაჩივრებული განჩინება უცვლელად დატოვებას ექვემდებარება.

საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მსჯელობას მის მიერ სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის ფოსტაში 2009 წლის 1 აპრილს ჩაბარების თაობაზე, რამდენადაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილიდან გამომდინარე მხარეს აღნიშნულის დამადასტურებელი რაიმე კონკრეტული მტკიცებულება სასამართლოსათვის არ წარმოუდგენია.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გ. პ-იანის სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმებისას კანონი არ დაურღვევია, რის გამოც არ არსებობს კერძო საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

გ. პ-იანის (წარმომადგენელი მ. ა-შვილი) კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 7 აპრილის განჩინება;

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.