¹ას-457-771-09 29 ივნისი, 2009 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე)
მოსამართლეები:
ნ. კვანტალიანი (მომხსენებელი), ლ. ლაზარაშვილისაქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი _ ი. გ-შვილი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე _ აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულო, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს აბაშის სარეგისტრაციო სამსახური (მოპასუხეები)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 1 აპრილის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება
დავის საგანი _ რეგისტრაციის გაუქმება, უძრავი ნივთის მესაკუთრედ ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ი. გ-შვილმა სარჩელი აღძრა აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ და მოითხოვა აბაშის რაიონის სოფელ პირველ მაისში ვ. გ-შვილის სახელზე რიცხული სახლისა და მიწის ნაკვეთის რეგისტრაციის გაუქმება, მითითებული უძრავი ქონების მესაკუთრედ ცნობა და საჯარო რეესტრისათვის საცხოვრებელი სახლისა და მიწის ნაკვეთის მის სახელზე რეგისტრაციის დავალება შემდეგი საფუძვლებით: აბაშის რაიონის სოფელ პირველ მაისში მდებარე საცხოვრებელი სახლი და მიწის ნაკვეთი ირიცხებოდა მოსარჩელის სახელზე. 2003 წელს მან შიტყო, რომ 1984 წლის ჩანაწერით მისი კომლი გაუქმდა, კომლში ჩაეწერა და სადავო უძრავი ქონების მესაკუთრედ უკანონოდ აღირიცხა მოსარჩელის მამა ვ. გ-შვილი.
მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს. აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მითითებით, ი. გ-შვილის კომლი კანონიერად გაუქმდა, რადგან იგი იყო კომლის უკანასკნელი წევრი, საცხოვრებლად გადავიდა ქ.თბილისში და სოფელთან კავშირი გაწყვიტა, რის გამოც, იმ დროს მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, მისი კომლი ავტომატურად გაუქმდა.
აბაშის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 1 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ი. გ-შვილის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, აბაშის რაიონის სოფელ პირველი მაისის 1983-1985 წლების საკომლო წიგნში ი. გ-შვილის კომლის გაუქმების შესახებ ჩანაწერი გაუქმდა, დანარჩენ ნაწილში კი სასარჩელო მოთხოვნებს უარი ეთქვა დაკმაყოფილებაზე.
რაიონული გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში ი. გ-შვილმა გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 1 აპრილის განჩინებით, აპელანტის გამოუცხადებლობის გამო, სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო: სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ ივ.გ-შვილის სააპელაციო საჩივრის განხილვა დაინიშნა 2009 წლის 1 აპრილს, 14.00 საათზე, რის შესახებ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 216-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, ეცნობა აპელანტის წარმომადგენელს. აღნიშნულის მიუხედავად, აპელანტი სასამართლოს მთავარ სხდომაზე არ გამოცხადდა და არც გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის თაობაზე უცნობებია სასამართლოსათვის. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 387-ე მუხლის პირველი, მესამე ნაწილებით, 229-ე მუხლის მეორე ნაწილით და მიიჩნია, რომ სასამართლოს მთავარ სხდომაზე აპელანტის გამოუცხადებლობის მიხედავად, მოწინააღმდეგე მხარეს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა არ მოუთხოვია და საქმის განხილვის გადადებაზე უარი განაცხადა, შუამდგომლობა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე ი. გ-შვილის წარმომადგენელმა ე. წ-ოვამ შეიტანა კერძო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის დაბრუნება იმევე სასამართლოსათვის სააპელაციო საჩივრის განსახილველად შემდეგი საფუძვლებით: ივ.გ-შვილის სააპელაციო საჩივრის განხილვა დანიშნული იყო 2009 წლის 25 მარტს, თუმცა მოწინააღმდეგე მხარის გამოუცხადებლობის გამო და იმის გათვალისწინებით, რომ სასამართლოს მისთვის სასამართლო უწყების ჩაბარების დასტური არ გააჩნდა, ე.წ-ოვა დასთანხმდა, სხდომის 2009 წლის 1 აპრილს, 14 საათისათვის გადადებას. ამასთან, კერძო საჩივრის ავტორმა განუმარტა სასამართლოს, რომ პროცესზე უნდა ჩასულიყო ქ.თბილისიდან და მოითხოვა სხდომის 15 საათზე დანიშვნა, რაზეც სასამართლომ დაარწმუნა, რომ დაგვიანებისათვის მას პრობლება არ შეექმნებოდა. სასამართლოს მიერ დანიშნულ დღეს იგი სხდომაზე გამოცხადდა 30 წუთის დაგვიანებით, ვინაიდან გზაში მწყობრიდან გამოვიდა სატრანსპორტო საშუალება, რომლითაც იგი მგზავრობდა. ე.წ-ოვამ სცადა ამის შესახებ ეცნობებინა სასამართლოსათვის და დარეკა მისი მარწმუნებლის ყოფილი წარმომადგენლისთვის გაგზავნილ განჩინებაში მითითებულ მოსამართლის თანაშემწის ტელეფონის ნომერზე, მაგრამ აღნიშნული ნომერი არასწორი აღმოჩნდა. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 72-ე მუხლის პირველი ნაწილის «ზ» ქვეპუნქტი გულისხმობს, რომ სასამართლო უწყება სხვა მონაცემებთან ერთად უნდა შეიცავდეს სასამართლოსთან დასაკავშირებლად ზუსტ და უტყუარ მონაცემებს, რაც მოცემულ შემთხვევაში არ შესრულდა.
მოცემული საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ სააპელაციო სასამართლოში ი. გ-შვილის სააპელაციო საჩივრის განხილვა დაინიშნა 2009 წლის 1 აპრილს, 14.00 საათზე, რის შესახებ აპელანტის წარმომადგენელ ე.წ-ოვას კანონის მოთხოვნათა დაცვით ეცნობა. აღნიშნულ გარემოებას ადასტურებს საქმეში წარმოდგენილი ხელწერილი.
სააპელაციო სასამართლომ საქმის განხილვა დაიწყო 2009 წლის 1 აპრილს, 14.25 საათზე და გაგრძელდა 14.45 საათამდე. მიუხედავად ამისა, სასამართლოს მიერ დანიშნულ დროს არც ივ.გ-შვილი და არც მისი წარმომადგენელი სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდნენ და არც თავისი გამოუცხადებლობის მიზეზი სასამართლოს არ უცნობებიათ.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ი. გ-შვილის წარმომადგენელ ე. წ-ოვას კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 387-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილების თანახმად, თუ სააპელაციო საჩივრის აღმძვრელი პირი არ გამოცხადდება საქმის ზეპირ განხილვაზე, მოწინააღმდეგე მხარის თხოვნით სააპელაციო სასამართლო გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. ყველა სხვა შემთხვევაში გამოიყენება ამ კოდექსში ჩამოყალიბებული ნორმები პირველი ინსტანციის სასამართლოში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ. ამავე კოდექსის 229-ე მუხლის მეორე ნაწილის პირველი წინადადების მიხედვით, თუ მოპასუხე არ მოითხოვს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანას, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სარჩელის განუხილველად დატოვების შესახებ. დასახელებული ნორმებიდან გამომდინარე, სასამართლო სხდომაზე იმ აპელანტის არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობისას, რომელსაც საქმის განხილვის დრო კანონით დადგენილი წესით ეცნობა, სასამართლო მოწინააღმდეგე მხარის შუამდგომლობის საფუძველზე გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ მოწინააღმდეგე მხარე არ მოითხოვს დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებას, სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილია, განუხილველად დატოვოს სააპელაციო საჩივარი.
მოცემულ შემთხვევაში 2009 წლის 1 აპრილის სასამართლო სხდომაზე აპელანტი მხარე არ გამოცხადდა და არც თავისი გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზი პალატას არ აცნობა, მოწინააღმდეგე მხარემ კი იშუამდგომლა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ.
საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის დასკვნას, რომ აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს აბაშის სარეგისტრაციო სამსახურის წარმომადგენელთა ზემოხსენებული შუამდგომლობა საფუძვლიანია და ივ.გ-შვილის სააპელაციო საჩივარი სწორად დარჩა განუხილველი.
საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებას, რომ აპელანტის წარმომადგენელი ე.წ-ოვა საქმის განხილვისათვის დადგენილ დროს სასამართლოში საპატიო მიზეზით ვერ გამოცხადდა, რადგან სასამართლომ ვერ უზრუნველყო თავისი საკონტაქტო მონაცემების მხარისათვის მიწოდება და ე.წ-ოვამ ვერ შეატყობინა სააპელაციო პალატას ქ.თბილისიდან ქ.ქუთაისში მგზავრობისას სატრანსპორტო საშუალების დაზიანების შესახებ.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მესამე ნაწილით, კანონმდებელი განსაზღვრავს იმ გარემოებებს, რომელთა არსებობისას მხარეს გარკვეული საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობა საპატიოდ ეთვლება და ასეთი შეუსრულებლობის მიზეზი საპატიოდ ჩაითვლება მხოლოდ ობიექტურად დაუძლეველი გარემოების არსებობის შემთხვევაში. ე.წ-ოვას ასეთი მიზეზის არსებობა, ამავე კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად, სათანადოდ არ დაუსაბუთებია. ამასთან, საქმეში არ მოიპოვება მტკიცებულება, რომელიც კერძო საჩივარში დასახელებულ ფაქტებს (სატრანსპორტო საშუალების დაზიანებას, სასამართლოში გამოცხადებას, თუნდაც 30 წუთის დაგვიანებით) დაადასტურებდა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ი. გ-შვილის წარმომადგენელ ე. წ-ოვას კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 1 აპრილის განჩინება დარჩეს უცვლელად.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.