Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

ას-458-807-07 11 თებერვალი, 2008 წ.

ქ. თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე)

მოსამართლეები:

ნ. კვანტალიანი (მომხსენებელი), მ. ცისკაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი _ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის ქუთაისის საგადასახადო ინსპექცია

მოწინააღმდეგე მხარე _ შპს “ბ.”

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 30 აპრილის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი _ გაკოტრების საქმის წარმოების შეწყვეტა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

შპს “ბ-მ” განცხადებით მიმართა სასამართლოს საზოგადოების გაკოტრების საქმის წარმოების გახსნის შესახებ შემდეგი საფუძვლით: შპს “ბ.” დარეგისტრირდა ამბროლაურის რაიონული სასამართლოს 1997 წლის 14 თებერვლის ¹15/4-34 დადგენილებით და მისი საწესდებო კაპიტალი შეადგენს 130 000 ლარს. უკანასკნელ პერიოდში საზოგადოების საფინანსო-ეკონომიკური მაჩვენებლები მნიშვნელოვნად გაუარესდა, შემოსავალმა იკლო და დაკვეთების მიღება-შესრულება გაძნელდა. 2006 წლის 15 ნოემბრის მდგომარეობით განმცხადებლის საგადასახადო დავალიანებამ ნარჩენის სახით შეადგინა 21363,31 ლარი, ხოლო საურავმა _ 71519,73 ლარი, სულ _ 92883,04 ლარი, რაც ყოველთვიური საურავის 0,07%-ის დამატებით იზრდება. აღნიშნულის გამო საზოგადოების ქონებას საგადასახადო ორგანოებმა დაადეს ყადაღა და მზადდება აუქციონი. განცხადების შეტანის დროისათვის შპს-ს ძირითადი ღირებულებაა 64911 ლარი, ამდენად, ნათელია, რომ შპს “ბ.” ზედავალიანების მქონე, გადახდისუუნარო საწარმოა. “გაკოტრების საქმეთა წარმოების შესახებ” კანონის მე-6-7, მე-13-15 მუხლების, ასევე “მეწარმეთა შესახებ” კანონის 13.1.3 მუხლის საფუძველზე შპს “ბ-ს” მიმართ უნდა გაიხსნას გაკოტრების საქმის წარმოება, შეჩერდეს საზოგადოების მიმართ ყოველგვარი იძულებითი აღსრულების ღონისძიება და გაკოტრების მმართველის თანამდებობაზე დაინიშნოს ნ.დ-ი.

ქუთაისის საგადასახადო ინსპექციის წარმომადგენელმა განცხადებას მხარი დაუჭირა.

ამბროლაურის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 19 დეკემბრის განჩინებით შპს “ბ-ს” განცხადება დაკმაყოფილდა, საზოგადოების მიმართ 2006 წლის 19 დეკემბერს გაიხსნა გაკოტრების საქმე, გაკოტრების მმართველად დაინიშნა ნ.დ., რომელსაც დაევალა დაუყოვნებლივ მიიღოს გაკოტრების მასა და კეთილსინდისიერად მართოს და განკარგოს იგი, შპს “ბ-ს” კრედიტორებს დაევალათ, ამ განჩინების გამოქვეყნებიდან ერთი თვის ვადაში წარუდგინონ ამბროლაურის რაიონულ სასამართლოს თავისი მოთხოვნები შესაბამისი ვალუტით თანხისა და ვალის საფუძვლების ჩვენებით, ვადის გასვლის შემდეგ განაწილება მოხდება მათი მოთხოვნების გაუთვალისწინებლად, მოვალე შპს “ბ-ს” აეკრძალა თავისი ქონების განკარგვა და მართვა, ყველა იმ პირს, რომელსაც შპს-ს ქონებას მიკუთვნებულ ნივთზე აქვს საკუთრების ან გირავნობის მოთხოვნის უფლება, ამ განჩინების გამოქვეყნებიდან ერთი თვის ვადაში, დაევალა განაცხადოს გაკოტრების მმართველთან აღნიშნული უფლების შესახებ, ყველა იმ პირს, ვინც ფლობს შპს “ბ-ს” ქონების მიკუთვნებულ რაიმე ნივთს ან ვალდებულია მოვალის მიმართ რაიმეს შესრულებაზე, აეკრძალა ნივთის დაბრუნება ან ვალდებულების შესრულება და დაევალა შესრულება მხოლოდ გაკოტრების მმართველის მიმართ, დადგინდა 2007 წლის 25 იანვარს, 14.00 საათზე, ამბროლაურის რაიონულ სასამართლოში კრედიტორთა პირველი კრების მოწვევა, სადაც უნდა შემოწმდეს კრედიტორთა მოთხოვნები, აგრეთვე, მოსმენილ იქნეს გაკოტრების მმართველის მოხსენება ვალაუვალი მოვალის გადახდისუუნარობის წარმოშობის მიზეზების, არსებული მდგომარეობისა და კრედიტორთა პირველ კრებამდე განხორციელებული ღონისძიებების შესახებ.

საწარმოს კრედიტორთა კრებაზე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის ქუთაისის საგადასახადო ინსპექციამ, საგადასახადო კოდექსის 87-ე მუხლის მე-14 პუნქტისა და მე-16 მუხლის “მ” ქვეპუნქტის საფუძველზე, მოითხოვა გაკოტრების საქმის წარმოების შეწყვეტა, რაც ამავე სასამართლოს 2007 წლის 2 მარტის განჩინებით არ დაკმაყოფილდა.

სასამართლოს განჩინება საგადასახადო ინსპექციამ გაასაჩივრა კერძო საჩივრით.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 30 აპრილის განჩინებით კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული განჩინება დარჩა უცვლელი შემდეგ გარემოებათა გამო: სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ საქმის ფაქტობრივი გარემოება იმის შესახებ, რომ შპს “ბ-ს” მიმართ არსებობდა “გაკოტრების საქმის წარმოების შესახებ” მე-2 მუხლით დადგენილი საფუძვლები. სასამართლოს მითითებით, კერძო საჩივრის ავტორმა სადავოდ გახადა ის გარემოება, არის თუ არა საგადასახადო კოდექსის 87-ე მუხლსა და “გაკოტრების საქმეთა წარმოების შესახებ” კანონის მე-2, 291 მუხლებს შორის კოლიზია, ამასთან, ნიშნავს თუ არა საგადასახადო კოდექსის დასახელებული დანაწესი იმას, რომ სასამართლო ვალდებულია, შეწყვიტოს გაკოტრების საქმის წარმოება იმ შემთხვევაში, თუ საწარმოს ზედავალიანება წარმოშობილია სახელმწიფოს წინაშე შესასრულებელი საგადასახადო ვალდებულებებიდან. სასამართლომ აპელანტის მოსაზრება ზემოხსენებულ მუხლებს შორის კოლიზიის თაობაზე არ გაიზიარა და ჩათვალა, რომ სახელმწიფოს საგადასახადო ვალდებულებების არსებობა თავისთავად არ გამორიცხავს საწარმოს მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების დაწყებას. “გაკოტრების საქმეთა წარმოების შესახებ” კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის “ა1” ქვეპუნტის საფუძველზე პალატამ მიიჩნია, რომ საწარმოს მიმართ გაკოტრების საქმის წარმოება შეიძლება გაიხსნას იმის მიუხედავად, აქვს თუ არა მას ვალი ბიუჯეტის წინაშე და ეს ვალი შეიტანება გაკოტრების ტაბულაში. გასაჩივრებული განჩინების გამოტანისას მოქმედი საგადასახადო კოდექსის 87-ე მუხლის მე-14 ნაწილისა და მე-16 ნაწილის “გ” ქვეპუნქტის სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე სასამართლომ ჩათვალა, რომ საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, გადასახადის გადაუხდელობისას დააყადაღოს მოვალის ქონება თუ გადამხდელი ცდილობს გამოცხადდეს გაკოტრებულად, ამდენად, გადასახადის გადამხდელის გადახდისუუნარობის ფაქტი არ უნდა იყოს დამდგარი, არამედ გადასახადის გადამხდელი უნდა ცდილობდეს მივიდეს გადახდისუუნარობამდე და მიზნად ისახავდეს გადასახადების გადახდისაგან თავის არიდებას. პალატამ მიიჩნია, რომ სწორედ ამ მოქმედებების პრევენციისათვის, გადასადახდის გადამხდელის მიერ კანონდარღვევით გადახდისუუნაროდ გამოცხადების თავიდან ასაცილებლად, გამოიყენება საგადასახადო ყადაღა. პალატის მოსაზრებით, ამ შემთხვევაში საგადასახადო ორგანოს მიერ მოვალის მიმართ მოთხოვნის წაყენება და მისი ქონების დაყადაღება უზრუნველყოფს გადასახადის გადამხდელის მიერ საგადასახადო ვალდებულების შესრულებას, თუმცა გადასახადის გადამხდელის მიერ გაკოტრების საქმის წარმოების გახსნა ზოგადად გადასახადის გადახდას საფრთხეს ვერ შეუქმნის, ხოლო, თუ გადასახადის გადამხდელი ფაქტობრივად გაკოტრებულია, მის მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების გახსნა სწორედ არსებული ვალდებულების შესრულებასა და კრედიტორთა ინტერესების დაკმაყოფილებას ემსახურება და არა ვალდებულების შესრულებისაგან თავის არიდებას. სასამართლოს მითითებით, საგადასახადო კოდექსის ზემოხსენებული მუხლებიდან გამომდინარეობს, რომ თუ გადასახადის გადამხდელი გადასახადის გადახდისათვის თავის არიდების მიზნით ეცდება გაკოტრებას ან, ამავე მიზნით, უსაფუძვლოდ მის მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების გახსნას, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, გაკოტრების საქმის გახსნამდე მოსთხოვოს გადამხდელს გადასახადის გადახდა, ხოლო მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში დააყადაღოს მისი ქონება. სასამართლომ მიიჩნია, რომ საგადასახადო კოდექსი გადასახადის გადამხდელის ქონების დაყადაღებისას მის მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების გახსნის შესაძლებლობას არ ზღუდავს. განსახილველ შემთხვევში პალატამ ჩათვალა, რომ საგადასახადო სამსახურის მიერ შპს “ბ-ს” ქონების დაყადაღების მიუხედავად, საწარმო ვალდებული იყო, მიემართა სასამართლოსათვის გაკოტრების საქმის წარმოების გახსნის მოთხოვნით, წინააღმდეგ შემთხვევაში, “მეწარმეთა შესახებ” კანონის 14.1.3 მუხლისა და სისხლის სამართლის კოდექსის 207-ე მუხლის საფუძველზე შესაძლოა საწარმოს ხელმძღვანელობის პასუხისმგებლობის საკითხი დამდგარიყო. ამდენად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ შპს “ბ-ს” ზედავალიანების დადგენის პირობებში რაიონულმა სასამართლომ გაკოტრების საქმის წარმოების გახსნის შესახებ მხარის მოთხოვნა მართებულად დააკმაყოფილა.

სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის ქუთაისის საგადასახადო ინსპექციამ შეიტანა კერძო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება და შპს “ბ-ს” მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების შეწყვეტა შემდეგი საფუძვლებით: გასაჩივრებული განჩინება მიღებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მეორე ნაწილის “ა”, “ბ” ქვეპუნქტების, 394-ე მუხლის “ე” პუნქტისა და ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მესამე ნაწილის “ა” და “გ” ქვეპუნქტების დარღვევით. სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ 2007 წლის 23 თებერვლის გადაწყვეტილებით საგადასახადო ინსპექციის მიმართ, შპს “ბ-ს” დავალიანების გამო, საზოგადოების ქონება დაყადაღდა და გადაუხდელი გადასახადების მობილიზებისათვის დადგინდა მისი რეალიზაცია, რაც ვერ მოხერხდა ამბროლაურის რაიონული სასამართლოს მიერ 2006 წლის 19 დეკემბერს გახსნილი გაკოტრების საქმის წარმოების გამო, ვინაიდან “გაკოტრების საქმეთა წარმოების შესახებ” კანონის მე-7 მუხლის მეოთხე ნაწილის მიხედვით, საზოგადოების მიმართ აღსრულების ღონისძიება შეჩერდა. სასამართლომ დაარღვია საგადასახადო კოდექსის 87-ე მუხლის მე-14 ნაწილი და მე-16 ნაწილის “გ” ქვეპუნქტი. დასახელებული ნორმა საგადასახადო ორგანოს მხრიდან მოვალე ორგანიზაციის ქონებაზე ყადაღის დადების შემთხვევაში ავტომატურად გულისხმობს გაკოტრების საქმის წარმოების შეწყვეტას. ამასთან, გაკოტრების საქმის წარმოება მოცემულ შემთხვევაში ქონებაზე ყადაღის დადების შემდეგ გაიხსნა. “ნორმატიული აქტების შესახებ” კანონის 25.2 მუხლის შესაბამისად, პალატას საგადასახადო კოდექსის ზემოთ დასახელებული ნორმისათვის უპირატესობა უნდა მიენიჭებინა “გაკოტრების საქმეთა წარმოების შესახებ” კანონთან მიმართებაში.

საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლებისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის ქუთაისის საგადასახადო ინსპექციის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო სასამართლომ დაადგინა და მხარეს სადავოდ არ გაუხდია ის გარემოება, რომ შპს “ბ-ს” მიმართ არსებობდა “გაკოტრების საქმის წარმოების შესახებ” მე-2 მუხლით დადგენილი გაკოტრების საქმის წარმოების გახსნის საფუძვლები, კერძოდ, შპს “ბ.” იყო გადახდისუუნარო და გააჩნდა ზედავალიანება.

სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმების საფუძვლად კერძო საჩივრის ავტორი მიიჩნევს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 87-ე მუხლის მე-14 ნაწილის დანაწესს, რომელიც, მხარის მოსაზრებით, საგადასახადო ორგანოს მხრიდან მოვალე ორგანიზაციის ქონებაზე ყადაღის დადების შემთხვევაში ავტომატურად გულისხმობს გაკოტრების საქმის წარმოების შეწყვეტას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. ამდენად, საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთებულობაზე იმსჯელებს მხოლოდ კასატორის მიერ მითითებული საფუძვლების გათვალისწინებით.

საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებას და სრულად ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს განმარტებას გასაჩივრებული განჩინების გამოტანისას მოქმედი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 87-ე მუხლის მე-14 და მე-16 ნაწილების შინაარსს “გაკოტრების საქმის წარმოების შესახებ” კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის “ა1” დანაწესთან მიმართებაში, კერძოდ, საგადასახადო კოდექსის აღნიშნული ნორმებით, თუ აღიარებული საგადასახადო დავალიანების არსებობისას საგადასახადო ორგანოს საკმარისი საფუძველი აქვს მიიჩნიოს, რომ გადასახადის გადახდევინებას საფრთხე ემუქრება, მას უფლება აქვს, მოითხოვოს გადასახადის დაუყოვნებლივ გადახდა და მისი გადაუხდელობის შემთხვევაში ყადაღა დაადოს მოვალის ქონებას. საგადასახადო ორგანომ მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება მიიჩნიოს, რომ გადასახადის გადახდევინებას საფრთხე ემუქრება, თუ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო აგენტი ან სხვა ვალდებული პირი ცდილობს გამოცხადდეს გაკოტრებულად. “გაკოტრების საქმის წარმოების შესახებ” კანონით კი გაკოტრების სასამართლომ მოთხოვნების ცხრილის საფუძველზე უნდა შეადგინოს გაკოტრების ტაბულა, რომელშიც შეიტანება საქმის წარმოების გახსნამდე გადასახდელი გადასახადები და მოსაკრებლები, აგრეთვე, საერთაშორისო ორგანიზაციების მოთხოვნები.

საგადასახადო კოდექსის მითითებული ნორმების ანალიზი ცხადყოფს, რომ საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, გადასახადის გადამხდელის მიერ უსაფუძვლოდ გაკოტრების საქმის წარმოების გახსნის მცდელობისას მოსთხოვოს მას გადასახადების გადახდა და წინააღმდეგ შემთხვევაში დააყადაღოს მისი ქონება. გადასახადის გადამხდელის ქონების დაყადაღება წარმოადგენს ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის საშუალებას და ადასტურებს ვალდებულების არსებობას. ამასთან, აღნიშნული ნორმების არსებობა საწარმოს მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების გახსნის შესაძლებლობას არ ზღუდავს. კერძო საჩივრის ავტორი ვერ უთითებს ნორმაზე, რომელიც ადგენს უფლებამოსილი ორგანოს მიერ საგადასახადო ყადაღის გამოყენების შემთხვევაში გადამხდელის მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების გახსნის აკრძალვას. მსგავს დანაწესს საგადასახადო კოდექსი არ შეიცავს, შესაბამისად, დაუსაბუთებელია კერძო საჩივრის არგუმენტი “ნორმატიული აქტების შესახებ” კანონის 25.2 მუხლის გამოყენების თაობაზე იმ მოტივით, რომ საგადასახადო კოდექსს “გაკოტრების საქმეთა წარმოების შესახებ” კანონთა მიმართებაში უპირატესობა უნდა მიენიჭოს.

“გაკოტრების საქმეთა წარმოების შესახებ” კანონის მე-18 მუხლის პირველი ნაწილის “ა1” ქვეპუნქტის მიხედვით, გაკოტრების საქმის წარმოების გახსნის შემდეგ გაკოტრების ტაბულაში შეიტანება გადასახადებისა და მოსაკრებლების ვალდებულება, რაც უზრუნველყოფს საგადასახადო დავალიანების დაფარვასაც. ამდენად, გაკოტრების საქმის წარმოების გახსნა ემსახურება რა სწორედ კრედიტორთა ინტერესების დაკმაყოფილებას, გადასახადების გადახდის ხელშემშლელ გარემოებად არ უნდა იქნეს მიჩნეული.

საკასაციო პალატა ასევე იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ შპს “ბ.” ვალდებული იყო, გაკოტრების საქმის წარმოების გახსნა მოეთხოვა, რათა თავიდან აეცილებინა საწარმოს ხელმძღვანელობის მიმართ “მეწარმეთა შესახებ” კანონის 14.1.3 მუხლითა და სისხლის სამართლის კოდექსის 207-ე მუხლით გათვალისწინებული მატერიალური და სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა “გაკოტრების საქმის წარმოების შესახებ” კანონის 31-ე მუხლის მესამე ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის ქუთაისის საგადასახადო ინსპექციის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 30 აპრილის განჩინება დარჩეს უცვლელი.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.