Facebook Twitter

¹ას-460-772-09 22 ივნისი, 2009წ.

თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),

ლ. ლაზარაშვილი (მომხსენებელი), ნ. კვანტალიანი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი (მოსარჩელე) _ უ. ხ-შვილი

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) _ სს « .. ..»

გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 27 მარტის განჩინება

სარჩელის საგანი _ დარიცხული თანხის გადახდისგან გათავისუფლება, გადახდილი თანხის უკან დაბრუნება, ხელშეკრულების დადების დავალდებულება, მრიცხველის გამოცვლა.

კერძო საჩივრის დავის საგანი _ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2008 წლის 15 ოქტომბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას სარჩელით მიმართა უ. ხ-შვილმა მოპასუხე სს « .. ..-ის» წინააღმდეგ და მოითხოვა დარიცხული თანხისგან გათავისუფლება, გადახდილი თანხის უკან დაბრუნება, ხელშეკრულების დადების დავალდებულება და მრიცხველის გამოცვლა. მოსარჩელემ სარჩელის საფუძვლად მიუთითა შემდეგ ფაქტებზე: სს « .. ..-ის» წარმომადგენლების მიერ 2005 წლის 9 თებერვალს განხორციელებული შემოწმების საფუძველზე შედგა აღრიცხვიანობის აქტი, რის საფუძველზეც იმ დროისათვის მოხმარებული ელექტროენერგიის ჩვენება შეადგენდა 7880კვ/სთ-ს, რაც გამოიხატა 258, 64 ლარში. 2008 წლის 8 იანვარს შედგენილი აქტით აღრიცხული ჩვენება იყო 21441 კვ/სთ და გადასახდელი თანხა - 576,22 ლარი. აღნიშნული დავალიანება დაირიცხა არა ძველ მრიცხველზე, არამედ ახალზე. აღნიშნულის შესახებ მოსარჩელისათვის არ ყოფილა ცნობილი, ამასთან ერთად სს « .. ..-ის» მიერ დადასტურებულია მრიცხველის ვარგისიანობა. ამ საფუძვლის არსებობის გამო მოსარჩელემ 2008 წლის 8 იანვარს შედგენილ აქტზე, სადაც ირიცხებოდა 576, 22 ლარი, ხელი არ მოაწერა. სს « .. ..-ის» მიერ მოხდა ძველ მრიცხველზე არსებული დავალიანების გადმოტანა ახალ მრიცხველზე და 2008 წლის 8 ნოემბრიდან 14 იანვრამდე გადასახდელმა თანხამ შეადგინა 3529,23 ლარი.

მოსარჩელის მითითებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 10 აპრილის გადაწყვეტილებით იგი გათავისუფლდა 2008 წლის 14 იანვრის მდგომარეობით დარიცხული თანხის 3529,23 ლარიდან 3270,59 ლარის გადახდისაგან, ხოლო 258,64 ლარის გადახდისაგან გათავისუფლებაზე უარი ეთქვა. აღნიშნული გადაწყვეტილების მიღებამდე 2008 წლის 14 იანვრიდან მოსარჩელეს ახალ მრიცხველზე კვლავ დაერიცხა 455,89 ლარი, ხოლო 2088 წლის 23 სექტემბერს 556,29 ლარი.

მოსარჩელემ მოუთითა, რომ მისი ოჯახი, როგორც 1989 წლის 9 აპრილს დაზარალებული, 2000 წლიდან 2005 წლამდე სარგებლობდა ელექტროენერგიაზე 100% შეღავათით, ასევე ზამთრის პერიოდისათვის დახმარებით _ 334 ლარით. 2008 წლის 18 ივლისის მდგომარეობით სს « .. ..-მა» დავალიანების სახით დაუფიქსირა 759,08 ლარი და განახორციელა ამ ვალის გადანაწილება, რითაც მოსარჩელეს მიმდინარე გადასახადთან ერთად ნაწილ_ნაწილ უნდა დაეფარა გადანაწილებული ვალი, რასაც მოსარჩელე არ ეთანხმებოდა (ტ.1 ს.ფ. 1-10).

2008 წლის 27 ოქტომბერს მოსარჩელემ დააზუსტა მოთხოვნა და მიუთითა, რომ 2008 წლის იანვრიდან სექტემბრის ჩათვლით მის მიერ მოხმარებული ელექტროენერგია შეადგენს 118 კვ/სთ, რაც 16-20 ლარის ოდენობას შეადგენდა (ტ.1 ს.ფ. 25-27).

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ 2009 წლის 30 იანვრის გადაწყვეტილებით უ. ხ-შვილის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. მოსარჩელე გათავისუფლდა სს « .. ..-ის» მიერ დარიცხული ვალიდან 61 ლარის გადახდისგან, ხოლო სხვა დანარჩენ მოთხოვნებზე მოსარჩელეს უარი ეთქვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ საქმეზე დადგენილად მიიჩნის შემდეგი გარემოებები: 2008 წლის 10 აპრილის გადაწყვეტილებით უ. ხ-შვილის სარჩელი დაკმაყოფილდა, სასამართლო გადაწყვეტილებით განისაზღვრა, რომ 2008 წლის იანვრის მდგომარეობით უ. ხ-შვილს სს « .. ..-ის» მიმართ გააჩნდა ძველი დავალიანება 258,64 ლარი. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიერ სადავოდ ქცეული 759,08 ლარი შედგება გადაწყვეტილი სამრთლებრივი დავის შედეგად დადგენილი გადასახდელი თანხის - 258,64 ლარის და 2008 წლის იანვრის შემდგომ წარმოშობილი დავალიანებისაგან.

სასამართლო სხდომაზე მოპასუხის წარმომადგენელმა დაადასტურა, რომ გადანაწილებული ვალიდან მხოლოდ 61 ლარზე შესაძლოა ყოფილიყო მოსარჩელის პრეტენზია დასაბუთებული. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლის თანახმად, ერთი მხარის მიერ ისეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება, რომელზეც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას. აქედან გამომდინარე, მოსარჩელის მოთხოვნა დაკმაყოფილებას ექვემდებარება 61 ლარის გადახდისაგან გათავისუფლების ნაწილში.

სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა ფაქტობრივად გადახდილი გადანაწილვადებული ვალის უკან დაბრუნების ნაწილში დაუსაბუთებელი იყო. სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის მოთხოვნა ინდივიდუალური ხელშეკრულების დადებისა და მრიცხველის გამოცვლის დავალდებულების შესახებ (ტ.1. ს.ფ. 48-55).

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა უ. ხ-შვილმა და მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 30 იანვრის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრული დაკმაყოფილება. აპელანტმა მიუთითა, რომ სს « .. ..» არ გააჩნდა ძველი მრიცხველის გაუქმების და ახალი მრიცხველის დაყენების მიზეზი და ახალ მრიცხველში დაფიქსირებული თანხის ოდენობა არ შეესაბამება მის მიერ გამოყენებულ ელექტროენერგიას (ტ.1. ს.ფ. 59-69) .

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 4 მარტის განჩინებით უ. ხ-შვილს დაევალა სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის შევსება, კერძოდ, სახელმწიფო ბაჟის გადახდა დავის საგნის ღირებულების 4%-ის ოდენობით, მაგრამ არანაკლებ 150 ლარისა, ან დადგენილი წესით სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში რეგისტრაციისა და შემწეობის აღების დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარმოდგენა სასამართლოში (ტ.2. ს.ფ. 2-4).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 27 მარტის განჩინებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლის შესაბამისად, უ. ხ-შვილის სააპელაციო საჩივარი განუხილველად იქნა დატოვებული.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ განჩინებით დადგენილი ხარვეზის შევსების ვადა ამოიწურა ისე, რომ აპელანტს ხარვეზი არ გამოუსწორებია, რაც გამორიცხავს სააპელაციო საჩივრის განსახილველად მიღებას. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლის პირველი ნაწილის თანხმად, თუ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ესა თუ ის პირობა არ არსებობს, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ (ტ.2 ს.ფ. 7-9).

სააპელაციო სასამართლოს აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა უ. ხ-შვილმა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სახელმწიფო ბაჟის გადახდევინება შეღავათით, რადგან არ აქვს შემოსავალი (ტ.2 ს.ფ. 15).

D

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, კერძო საჩივრის საფუძვლების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ უ. ხ-შვილის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 27 მარტის განჩინება, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმის მასალებით დადგენილია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 4 მარტის განჩინება ხარვეზის შესახებ უ. ხ-შვილს ჩაჰბარდა 2009 წლის 7 მარტს. განჩინებით დადგენილი ხარვეზის შევსების ვადა ამოიწურა 16 მარტს, რომელიც იყო სამუშაო დღე _ ორშაბათი. აღნიშნულ ვადაში სააპელაციო საჩივრის ხარვეზი აპელანტს არ შეუვსია, კერძოდ, სააპელაციო სასამართლოში სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი არ წარუდგენია.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ მოცემულ შემთხვევაში სწორად გამოიყენა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილი, რომლის თანახმად, თუ სააპელაცო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს, ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება.

მოცემულ შემთხვევაში აპელანტმა არ გადაიხადა სახელმწიფო ბაჟი სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამ ვადაში არც რაიმე შუამდგომლობით მიუმართავს სააპელაციო სასამართლოსთვის. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. ვინაიდან უ. ხ-შვიმა სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში არ შეავსო სააპელაციო საჩივრის ხარვეზი, მითითებული ნორმის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ სწორად დატოვა სააპელაციო საჩივარი განუხილველად.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს უ. ხ-შვილის სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმებისას კანონი არ დაურღვევია, რის გამოც არ არსებობს კერძო საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. უ. ხ-შვილის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 27 მარტის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.