ას-461-702-08 30 სექტემბერი, 2008 წ.
ქ.თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მიხეილ გოგიშვილი (თავმჯდომარე)
ლალი ლაზარაშვილი (მომხსენებელი), ნუნუ კვანტალიანი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი (მოპასუხე) – ს. ა-ანი (წარმომადგენლები: ვ. კ-აძე, დ. ბ-იძე)
მოპასუხეები – რ. ა-ანი, ნოტარიუსი რ. გ-ია
მოწინააღმდეგე მხარეები (მოსარჩელეები) – ს. გ-ანი, გ. ბ-ანი
მესამე პირები – რ. გ-ანი, ს. ა-ანი
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 29 აპრილის განჩინება
დავის საგანი – სამკვიდრო მოწმობისა და ჩუქების ხელშეკრულების გაუქმება
კერძო საჩივრის დავის საგანი – სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2006 წლის 20 ივნისს რუსთავის საქალაქო სასამართლოს სასარჩელო განცხადებით მიმართეს ს. გ-ანმა და გ. ბ-ანმა მოპასუხეების: რ. ა-ანის, ს. ა-ანის, ნოტარიუს რ. გ-იას, მესამე პირების – რ. გ-ანისა და ს. ა-ანის მიმართ მოსარჩელეებმა მოითხოვეს მინდობილობით რ. ა-ანის წარმომადგენელ რ. გ-ანის სახელზე 2005 წლის 2 აპრილს გაცემული სამკვიდრო მოწმობის, აგრეთვე რ. ა-ანსა (მინდობილობით წარმომადგენელი რ. გ-ანი) და ს. ა-ანს შორის 2005 წლის 20 აპრილს დადებული უძრავი ქონების ჩუქების ხელშეკრულების გაუქმება.
სასარჩელო განცხადებაში აღნიშნულია, რომ მოსარჩელეები და მოპასუხეები (რ. და ს. ა-ანები) არიან და-ძმანი. მათი მამა მ. ა-იანი გარდაიცვალა 1984 წლის 1 სექტემბერს. გარდაცვლილის საკუთრებაში იმყოფებოდა ქ. რუსთავში, ......... ქ. ¹4-ში მდებარე ბინა. მ. ა-იანის გარდაცვალებამდე და მის შემდეგაც რ. და ს. ა-ანები ცხოვრობენ რუსეთში, მამის კუთვნილ ბინაში მათ არასდროს უცხოვრიათ. ამის მიუხედავად, საჯარო რეესტრში მოხდა სადავო ბინის ს. ა-ანის სახელზე რეგისტრაცია. 2005 წლის 2 აპრილს ნოტარიუსმა რ. გ-იამ მინდობილობით რ. ა-ანის წარმომადგენელ რ. გ-ანის სახელზე გასცა სამკვიდრო მოწმობა, ხოლო 2005 წლის 20 აპრილს ამავე ნოტარიუსმა დაამოწმა რ. ა-ანს (მინდობილობით წარმომადგენელი რ. გ-ანი) და ს. ა-ანს შორის 2005 წლის 20 აპრილს თბილისში, .......... ქ. ¹4-ში მდებარე საცხოვრებელ სახლზე დადებული ჩუქების ხელშეკრულება.
მოსარჩელეები მამკვიდრებლის გარდაცვალებიდან 21 წლის გასვლის შემდეგ რუსეთში მცხოვრებ მემკვიდრეებზე სამკვიდროს გახსნას კანონშეუსაბამოდ მიიჩნევდნენ და მოთხოვნის დაკმაყოფილების სამართლებრივ საფუძვლად მიუთითებდნენ სამოქალაქო კოდექსის 1422-ე, 1424-ე მუხლებზე, რომელთა თანახმად, სამკვიდრო მიღებულ უნდა იქნეს 6 თვის განმავლობაში სამკვიდროს გასხნის დღიდან. მემკვიდრის მიერ სამკვიდრო მიღებულად ითვლება, როდესაც იგი სამკვიდროს გახსნის ადგილის სანოტარო ორგანოში შეიტანს განცხადებას სამკვიდროს მიღების შესახებ ან ფაქტობრივად შეუდგება სამკვიდროს ფლობას ან მართვას.
მოსარჩელეთა მითითებით, მოცემულ შემვთხვევაში მოპასუხეებს კანონით დადგენილ ექვსთვიან ვადაში არც განცხადება შეუტანიათ სანოტარო ბიუროში და არც ფაქტობრივად დაუფლებიან სამკვიდროს. აღნიშნული ქონების მოსარჩელეთა მიერ ფლობის ფაქტი კი დადასტურებულია სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტიებით (ს.ფ.4-7).
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 28 ნოემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა. აღნიშნულ გადაწყვეტილებას საფუძვლად დაედო სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოპასუხეების, მათი წარმომადგენლებისა და მესამე პირების (რომლებსაც სასამართლო უწყება ჩაჰბარდათ კანონით დადგენილი წესით) გამოუცხადებლობა (ს.ფ. 205-206).
დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე ს. ა-ანმა (წარმომადგენლები დ. ბ-იძე და ვ. კ-აძე) საჩივარი შეიტანა, რომლითაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის არსებითად განხილვა მოითხოვა (ს.ფ. 223-225).
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 6 მარტის განჩინებით ს. ა-ანის (წარმომადგენლები დ. ბ-იძე და ვ. კ-აძე) საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ამავე სასამართლოს 2006 წლის 28 ნოემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება (ს.ფ. 255-256).
ზემოაღნიშნული განჩინება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ს. ა-ანმა (წარმომადგენლები დ. ბ-იძე და ვ. კ-აძე), რომელმაც მოითხოვა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 28 ნოემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ ამავე სასამართლოს 2007 წლის 6 მარტის განჩინების გაუქმება, აგრეთვე საქმის არსებითად განხილვა (ს.ფ. 266-268).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 5 თებერვლის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით ს. ა-ანის (წარმომადგენლები დ. ბ-იძე და ვ. კ-აძე) სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 28 ნოემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2007 წლის 6 მარტის განჩინება (ს.ფ. 335-336).
აღნიშნულ დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე საჩივარი წარადგინა ს. ა-ანმა (წარმომადგენლები დ. ბ-იძე და ვ. კ-აძე), რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის არსებითად განახლება მოითხოვა (ს.ფ. 347-350).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 29 აპრილის განჩინებით ს. ა-ანის საჩივარი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ განუხილველად იქნა დატოვებული.
სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად მიიჩნია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 5 თებერვლის დაუსწრებელი გადაწყვეტილების ასლი ს. ა-ანს ჩაჰბარდა 2008 წლის 14 თებერვალს სამოქალაქო საპრო1ცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით. დაუსწრებელი გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადა ამოიწურა 21008 წლის 25 თებერვალს. დროის აღნიშნულ პერიოდში დაუსწრებელი გადაწყვეტილება ს. ა-ანს არ გაუსაჩივრებია.
სააპელაციო სასამართლომ არ გაზიარა საჩივრის ავტორის მითითება სასამართლო გზავნილში არსებული შეუსაბამობის გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 5 თებერვლის დაუსწრებელი გადაწყვეტილების ს. ა-ანისათვის 2008 წლის 14 თებერვალს ჩაუბარებლობასთან დაკავშირებით, რამდენადაც საქმეში არსებული მასალებით დგინდებოდა სააპელაციო სასამართლოს მიერ აღნიშნული გადაწყვეტილების მხარისათვის გაგზავნის დრო – 2008 წლის 8 თებერვალი (ს.ფ. 337), აგრეთვე, სახალხო ფოსტის მიერ გადაწყვეტილების გაგზავნის თარიღი – 2008 წლის 11 თებერვალი (ს.ფ. 340), რაც გამორიცხავდა 2008 წლის 14 თებერვალს სასამართლო გზავნილის ჩაბარების საეჭვოობას. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 5 თებერვლის დაუსწრებელი გადაწყვეტილების ასლი ს. ა-ანს ჩაბარდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით და მის მიერ გაშვებულ იქნა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გასაჩივრების კანონით დადგენილი 10 დღიანი ვადა, რაც საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველს წარმოადგენდა (ს.ფ. 355-357).
სააპელაციო სასამართლოს აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა ს. ა-ანმა (წარმომადგენლები: დ. ბ-იძე და ვ. კ-აძე), რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საჩივრის არსებითად განხილვა.
კერძო საჩივრის ავტორი დაუსაბუთებლად მიიჩნევს საჩივრის განუხილველად დატოვებას იმ პირობებში, როდესაც ს. ა-ანისათვის განკუთვნილი საფოსტო გზავნილის ჩაბარების დასტური დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაგზავნის თარიღად მიუთითებს 2008 წლის 18 თებერვალს, ხოლო ადრესატისათვის მისი ჩაბარების დროდ კი 2008 წლის 14 თებერვალს. დასახელებულ დოკუმენტში არსებული აღნიშნული შეუსაბამობა ცალსახად მიუთითებს ს. ა-ანისათვის სასამართლო გზავნილის ჩაუბარებლობაზე.
გარდა ამისა, კერძო საჩივრის ავტორი ყურადღებას მიაქცევს ს. ა-ანის რუსეთში ცხოვრების ფაქტს, რასაც საქმეში არსებული არაერთი მტკიცებულება ადასტურებს. შესაბამისად, იგი მიიჩნევს, რომ საფოსტო გზავნილის ჩაბარების დასტურზე არსებული ხელმოწერა ს. ა-ანს არ ეკუთვნის.
კერძო საჩივრის ავტორის წარმომადგენლები საჩივრის წარდგენის კანონით დადგენილი ვადის გაშვების დაუსწრებელი გადაწყვეტილების მათთვის ჩაუბარებლობას უკავშირებენ, რასაც სააპელაციო სასამართლომ ყურადღება არ მიაქცია (ს.ფ. 368).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო წარმოდგენილი კერძო საჩივრისა და საქმის მასალების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმეში არსებული საფოსტო გზავნილის ჩაბარების შესახებ შეტყობინების თანახმად, რომელსაც სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 29 აპრილის გასაჩივრებული განჩინება ეყრდნობა, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 5 თებერვლის დაუსწრებელი გადაწყვეტილების ასლი ჩაჰბარდა პირადად ს. ა-ანს 2008 წლის 14 თებერვალს, რასაც ადასტურებს აღნიშნულ შეტყობინებაზე განხორციელებული ხელმოწერა (ს.ფ.340). საფოსტო გზავნილის ჩაბარების აღნიშნული დასტურის ნამდვილობას ვერ გააქარწყლებს კერძო საჩივრის ავტორის მიერ წარმოდგენილი შინაგან საქმეთა სამინისტროს საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ოპერატიული მართვისა და სასაზღვრო ტექნოლოგიების ცენტრის საინფორმაციო-ანალიტიკური განყოფილების ცნობა, რომლის თანახმად, 2005 წლის 1 იანვრიდან 2008 წლის 23 ივლისამდე პერიოდში ს. ა-ანის საქართველოში შემოსვლისა და გასვლის ფაქტები დაფიქსირდა მხოლოდ 2005 წლის 27 მარტს და 2005 წლის 25 აპრილს აეროპორტ „თბილისისა“ და სსკგ „ყაზბეგის“ გავლით. საქმის მასალების თანახმად, ს. ა-იანი საქართველოში იმყოფებოდა სხვა დროსაც, კერძოდ, საქმეში არსებული რწმუნებულების თანახმად, 2006 წლის 30 ოქტომბერს საქართველოში მყოფმა ს. ა-ანმა თავისი ქონებრივი და არაქონებრივი ინტერესების დაცვა მიანდო დ. ბ-იძეს და ვ. კ-აძეს (ს.ფ. 137). ამდენად, ზემოთ დასახელებულ ცნობას საკასაციო სასამართლო ვერ განიხილავს როგორც სხვა პერიოდში ს. ა-ანის საქართველოში ყოფნის შეუძლებლობის დამადასტურებლად.
გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველი ვერ გახდება კერძო საჩივრის ავტორის მარტოოდენ მითითება საფოსტო გზავნილის ჩაბარების დასტურზე არსებული ხელმოწერის სიყალბის შესახებ, რამდენადაც აღნიშნულის დამადასტურებელ მტკიცებულებებზე კერძო საჩივრის ავტორი ვერ უთითებს და არც წარმოუდგენია. საკასაციო სასამართლოს აღნიშნული ხელმოწერის ნამდვილობაში ეჭვის შეტანის საფუძველი ამ შემთხვევაში არ აქვს.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 5 თებერვლის დაუსწრებელი გადაწყვეტილება საფოსტო გზავნილის ჩაბარების დასტურზე ასახულ დროს – 2008 წლის 14 თებერვალს ჩაჰბარდა პირადად ს. ა-ანს, ხოლო საჩივარი ზემოაღნიშნულ გადაწყვეტილებაზე ს. ა-ანმა წარმომადგენლების მეშვეობით 2008 წლის 17 აპრილს შეიტანა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 237-ე მუხლის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადაა 10 დღე, ამ ვადის ათვლა იწყება იმ დღიდან, როდესაც მხარეს ამ კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით ჩაჰბარდა დაუსწრდებელი გადაწყვეტილების ასლი. ამ ვადის გასვლის შემდეგ დაუსწრებელი გადაწყვეტილება შედის კანონიერ ძალაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრვლების უფლება ქარწყლდება კანონით დადგენილი ან სამართლის მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ, საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ განუხილველი რჩება.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან ს. ა-ანმა გაუშვა დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე საჩივრის წარდგენის კანონმდებლობით დადგენილი ვადა, თბილისის სააპელაცო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 29 აპრილის განჩინებით საჩივარი სწორად იქნა დატოვებული განუხილველად.
საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის წარმომადგენელთა არგუმენტს სასამართლო გადაწყვეტილების მათთვის ჩაუბარებლობის მიზეზით საჩივრის წარდგენის ვადის გაშვების თაობაზე, რამდენადაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსში 2007 წლის 28 დეკემბრის კანონით განხორციელებული ცვლილებების შესაბამისად, რომელიც მოქმედებდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 5 თებერვლის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დროისათვის, მხოლოდ უშუალოდ მხარისათვის გზავნილის ჩაბარება უკვე ითვლება საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებულ ჩაბარებად და მას შესაბამისი საპროცესო შედეგები უკავშირდება.
საკასაციო სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მსჯელობას ს. ა-ანისათვის დაუსწრებელი გადაწყვეტილების 2008 წლის 18 თებერვალს გაგზავნის შესახებ. საქმის მასალებით უდავოდ დასტურდება როგორც სააპელაციო სასამართლოს მიერ აღნიშნული გადაწყვეტილების მხარისათვის გაგზავნის დრო – 2008 წლის 8 თებერვალი (ს.ფ.337), ისე სახალხო ფოსტის მიერ გადაწყვეტილების გაგზავნის თარიღი – 2008 წლის 11 თებერვალი (ს.ფ.340).
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ს. ა-ანის (წარმომადგენლები: ვ. კ-აძე და დ. ბ-იძე) კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 29 აპრილის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.