Facebook Twitter

ას-463-775-09 6 ივლისი, 2009 წელი

¹ ქ.თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე)

მოსამართლეები:

ნ. კვანტალიანი (მომხსენებელი), ლ. ლაზარაშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი _ მ. ღ-შვილი (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე _ შპს ,,ილია ჭავჭავაძის სახელობის თბილისის უნივერსიტეტი” (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 21 აპრილის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

მ. ღ-შვილმა სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს ,,ილია ჭავჭავაძის სახელობის თბილისის უნივერსიტეტის” მიმართ და მოითხოვა მოპასუხის ბრძანების გაუქმება, იძულებითი განაცდურის, ასევე შრომის წიგნაკში სათანადო ჩანაწერის შეუსრულებლობისა და მისი გაცემის დაყოვნებისათვის კომპენსაციის ანაზღაურება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 18 დეკემბრის განჩინებით მ.ღ-შვილს უარი ეთქვა ბრძანების გაუქმებისა და სამუშაოზე აღდგენის მოთხოვნის ნაწილში სარჩელის წარმოებაში მიღებაზე, ხოლო დანარჩენ ნაწილში ამავე სასამართლოს 2008 წლის 4 იანვრის განჩინებით სარჩელი მიღებულ იქნა წარმოებაში.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 1 მაისის განჩინებით, სასამართლოს მთავარ სხდომაზე მხარეთა გამოუცხადებლობის გამო, მ. ღ-შვილის სარჩელი დარჩა განუხილველად, რაზეც მ.ღ-შვილმა შეიტანა კერძო საჩივარი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 11 აგვისტოს განჩინებით გასაჩივრებული განჩინება დარჩა უცვლელად.

2008 წლის 20 აგვისტოს მ.ღ-შვილმა განცხადებით მიმართა სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 21 აგვისტოს განჩინებით ზემოხსენებული განცხადება დარჩა განუხილველად, რაზეც მ.ღ-შვილმა შეიტანა კერძო საჩივარი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2008 წლის 11 დეკემბრის განჩინებით კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

2009 წლის 20 თებერვალს მ.ღ-შვილმა განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 21 აგვისტოს განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება, ხოლო 2009 წლის 8 აპრილს მოითხოვა 2009 წლის 31 მარტის სხდომის ოქმში შენიშვნების შეტანა. ამავე სასამართლოს 2009 წლის 8 აპრილის განჩინებით ზემოხსენებულ სხდომის ოქმზე შეტანილი შენიშვნები არ იქნა გაზიარებული.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 21 აპრილის განჩინებით მ.ღ-შვილის შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა სხდომის გადადების თაობაზე და ამავე რიცხვის განჩინებით მისი განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო დარჩა განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო: სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ მ.ღ-შვილს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო მისი განცხადების სასამართლოს მთავარ სხდომაზე განხილვის დრო კანონით დადგენილი წესით ეცნობა, თუმცა განმცხადებელი სასამართლოს მიერ დადგენილ დროს საქმის განხილვაზე არ გამოცხადდა. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა მ.ღ-შვილის განცხადება საქმის განხილვის გადადების შესახებ და არ დაეთანხმა განმცხადებლის არგუმენტს, რომ სასამართლოს უნდა ჩაეტარებინა ჯერ მოსამზადებელი სხდომა და მხოლოდ ამის შემდეგ დაენიშნა საქმის განხილვა მთავარ სხდომაზე. პალატამ მიიჩნია, რომ საკითხს, მომზადებულია თუ არა საქმე მთავარ სხდომაზე განსახილველად, წყვეტს სასამართლო, ამასთან, მხარეს ჩაბარდა 2009 წლის 31 მარტის სასამართლო სხდომის ოქმი, სადაც აღნიშნული საკითხი ამომწურავადაა განმარტებული. სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ მოცემულ შემთხვევაში საქმის განხილვის გადადების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 216-ე მუხლით გათვალისწინებულ წინაპირობებზე განმცხადებელს არ მიუთითებია, რის გამოც განცხადება საქმის განხილვის გადადების შესახებ არ უნდა დაკმაყოფილდეს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 425-ე, 229-ე და 275-ე მუხლების საფუძველზე სასამართლომ დასაბუთებულად მიიჩნია უნივერსიტეტის წარმომადგენლის შუამდგომლობა მ.ღ-შვილის ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების განუხილველად დატოვების თაობაზე, ვინაიდან განმცხადებელს თავისი გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის შესახებ სასამართლოსათვის არ უცნობებია.

სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 21 აპრილის სხდომის ოქმში შენიშვნების შეტანის მოთხოვნით მ.ღ-შვილმა განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს. ამავე სასამართლოს 2009 წლის 4 მაისის განჩინებით განცხადება არ დაკმაყოფილდა.

მ.ღ-შვილმა კერძო საჩივარი შეიტანა სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 31 მარტის განჩინებაზე, რომლითაც სასამართლო სხდომა გადაიდო 2009 წლის 21 აპრილს, 8 აპრილის განჩინებაზე, რომლითაც არ დაკმაყოფილდა განცხადება 31 მარტის სხდომის ოქმში ცვლილებების შეტანის თაობაზე, 21 აპრილის განჩინებაზე, რომლითაც სასამართლო სხდომის გადადების თაობაზე მ.ღ-შვილის განცხადებას უარი ეთქვა, 4 მაისის განჩინებაზე, 21 აპრილის სასამართლო სხდომის ოქმში შენიშვნების შეტანის თაობაზე განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, ასევე 2009 წლის 21 აპრილის იმ განჩინებაზე, რომლითაც ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადება დარჩა განუხილველად.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 8 ივნისის განჩინებით კერძო საჩივარი სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 21 აპრილის განჩინების გაუქმების მოთხოვნის ნაწილში მიღებულ იქნა წარმოებაში, დანარჩენ ნაწილში კი ამავე სასამართლოს 2009 წლის 21 მაისის განჩინებით დარჩა განუხილველად.

მ.ღ-შვილმა ზემოხსენებული კერძო საჩივარი დააფუძნა შემდეგ გარემოებებს: სააპელაციო სასამართლომ არასათანადოდ მოამზადა საქმე და ისე ჩანიშნა მთავარი სხდომა, იგი ვალდებული იყო, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2321 მუხლის საფუძველზე, უპირველესად, მ.ღ-შვილის სასარგებლოდ მიეღო დაუსწრებელი გადაწყვეტილება მაშინ, როდესაც მოწინააღმდეგე მხარემ არ წარადგინა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო განცხადებაზე შესაგებელი და ვერ უარყო მითითებულ განცხადებაში დაფიქსირებული გარემოებანი. სასამართლომ დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-216-ე მუხლები, 284-ე მუხლის მესამე ნაწილი და 2009 წლის 31 მარტის სასამართლო სხდომაზე არ იმსჯელა მ.ღ-შვილის შუამდგომლობაზე საქმის განხილვის მოუმზადებლობის გამო მისი გადადების შესახებ. აღნიშნულის სანაცვლოდ სასამართლო სხდომა გადაიდო იმ მოტივით, რომ მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენელს პროცესში მონაწილეობის მისაღებად სათანადო უფლებამოსილება არ გააჩნდა. აღნიშნული სახის საკითხი კი სწორედ მოსამზადებელ სხდომაზე უნდა შემოწმებულიყო, რაც სააპელაციო პალატამ უგულებელყო. 2009 წლის 21 აპრილის სასამართლო სხდომაზე პალატამ დაუსაბუთებლად არ დააკმაყოფილა მ.ღ-შვილის შუამდგომლობა საქმის განხილვის გადადების შესახებ, რადგან არ მიუთითებია, თუ რატომ არ წარმოადგენდა მ.ღ-შვილის მიერ მითითებული გარემოებანი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 216-ე მუხლით გათვალისწინებულ საქმის განხილვის გადადების წინაპირობებს. აღსანიშნავია, რომ სასამართლო პრაქტიკის ანალიზის თანახმად, უმეტესად საქმის განხილვის გადადება გამოწვეულია მისი არასათანადო მომზადებით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3-4 მუხლების შესაბამისად, მ.ღ-შვილმა თავად განსაზღვრა თავისი მოთხოვნის საფუძვლები და ის მტკიცებულებანი, რომლებსაც აღნიშნული მოთხოვნები ეფუძნება, ამავე კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად კი, ამ მტკიცებულებათა უარყოფა მოწინააღმდეგე მხარის მოვალეობას წარმოადგენდა. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილში სასამართლოს მიერ გამოყენებულ სხვა ნორმებთან ერთად მითითებული არ არის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 285-ე მუხლი, რომლის დანაწესებსაც გასაჩივრებული განჩინება ასევე უნდა შეესაბამებოდეს. სააპელაციო სასამართლომ არასწორად გამოიყენა საქმის პირველი ინსტანციის სასამართლოში განხილვის მომწესრიგებელი ნორმები და არ გამოიყენა ზემოხსენებული კოდექსის 387-ე მუხლის პირველი ნაწილი. განსახილველ შემთხვევაში არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის “ე” ქვეპუნქტით გათვალისწინებული აბსოლუტური საფუძველი.

მოცემული საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო მ. ღ-შვილის განცხადების განხილვა სააპელაციო სასამართლოს მთავარ სხდომაზე დაინიშნა 2009 წლის 21 აპრილს, რის შესახებ განმცხადებელს კანონის მოთხოვნათა დაცვით ეცნობა. აღნიშნულის მიუხედავად, მ.ღ-შვილი საქმის განხილვაზე არ გამოცხადდა და არც თავისი გამოუცხადებლობის მიზეზი სასამართლოს არ აცნობა, არამედ მან განცხადებით მიმართა სააპელაციო პალატას საქმის განხილვის გადადების შესახებ იმ მოტივით, რომ სასამართლო ვალდებული იყო მთავარ სხდომამდე დაენიშნა მოსამზადებელი სასამართლო სხდომა.

სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 21 აპრილის განჩინებით მ.ღ-შვილის შუამდგომლობა საქმის განხილვის გადადების თაობაზე არ დაკმაყოფილდა, ხოლო მოწინააღმდეგე მხარის შუამდგომლობის საფუძველზე სააპელაციო სასამართლომ 2009 წლის 21 აპრილის განჩინებით მ.ღ-შვილის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო განუხილველად დატოვა განმცხადებლის გამოუცხადებლობის გამო.

საკასაციო სასამართლოს 2009 წლის 8 ივნისის განჩინებით წარმოებაში მიღებულ იქნა მ.ღ-შვილის კერძო საჩივარი მხოლოდ სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 21 აპრილის განჩინებაზე ამ უკანასკენლის ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ, დანარჩენ ნაწილში კი კერძო საჩივარი საკასაციო პალატის 2009 წლის 21 მაისის განჩინებით დარჩა განუხილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მ. ღ-შვილის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო პალატამ სავსებით სწორად იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე მუხლითა და 275-ე მუხლის “გ” ქვეპუნქტით, რომელთა თანახმად საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით. ამასთან, სასამართლო, მხარის განცხადებით ან თავისი ინიციატივით, განუხილველად დატოვებს სარჩელს, თუ სასამართლო სხდომაზე მოსარჩელე (განმცხადებელი) არ გამოცხადებულა, ხოლო მოპასუხე თანახმაა, სარჩელი (განცხადება) განუხილველად იქნეს დატოვებული. დასახელებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილია, განუხილველად დატოვოს სააპელაციო საჩივარი იმ შემთხვევაში, როდესაც აპელანტი, რომელსაც სასამართლო უწყება კანონით დადგენილი წესით ჩაბარდა, საქმის განხილვაზე არასაპატიო მიზეზით არ გამოცხადებულა და არც თავისი გამოუცხადებლობის მიზეზი სასამართლოსათვის არ უცნობებია. ამდენად, ვერ იქნება გაზიარებული კერძო საჩივრის არგუმენტი, რომ სასამართლომ არასწორად გამოიყენა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ის ნორმები, რომლებიც საქმის პირველი ინსტანციის სასამართლოში განხილვას ეხება და არ იქნა გამოყენებული სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვის სპეციალური ნორმები.

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია და არც კერძო საჩივრის ავტორი არ უარყოფს, რომ მ.ღ-შვილს 2009 წლის 21 აპრილის სასამართლო სხდომის შესახებ კანონის მოთხოვნათა დაცვით ეცნობა, თუმცა იგი სასამართლოს მიერ დანიშნულ დროს საქმის განხილვაზე არ გამოცხადდა და არც აღნიშნულის საპატიო მიზეზი სააპელაციო პალატისათვის არ უცნობებია.

სადავო სასამართლო სხდომაზე მ.ღ-შვილის გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზად ვერ ჩაითვლება მის მიერ შეტანილი განცხადება საქმის განხილვის გადადების შესახებ, რასაც მხარე იმ მოტივით მოითხოვდა, რომ სასამართლოს მთავარ სხდომამდე უნდა ჩაეტარებინა მოსამზადებელი სასამართლო სხდომა. უნდა აღინიშნოს, რომ მითითებული შუამდგომლობის წარდგენა შესაძლებელი იყო მ.ღ-შვილის მიერ პირადად, საქმის განხილვისას, რაც მხარეს არ განუხორციელებია.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 205-ე მუხლის შესაბამისად, თუ წარმოდგენილი წერილობითი მასალები მოსამართლეს აძლევს ვარაუდის საფუძველს, რომ შეიძლება მხარეებმა საქმე მორიგებით დაამთავრონ, მოპასუხემ ცნოს სარჩელი ან მოსარჩელემ უარი თქვას სარჩელზე, აგრეთვე თუ, მოსამართლის აზრით, სასამართლო განხილვისათვის საქმის სათანადოდ მომზადების ინტერესები ამას მოითხოვს, მოსამართლე უფლებამოსილია მხარეთა წერილობითი მასალების მიღებიდან 5 დღის განმავლობაში, დანიშნოს მოსამზადებელი სხდომა. მითითებული ნორმის სამართლებრივი ანალიზი ცხადყოფს, რომ გარკვეული წინაპირობების არსებობისას მოსამზადებელი სასამართლო სხდომის დანიშვნა სასამართლოს უფლება და არა მოვალეობაა, რაც უშუალოდ საქმის კონკრეტული გარემოებების გათვალისწინებით უნდა გადაწყდეს.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საფუძველს მოკლებულია კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრება, რომ სასამართლო ვალდებული იყო, მთავარი სასამართლო სხდომის დანიშვნამდე ჩაეტარებინა მოსამზადებელი სასამართლო სხდომა და სავსებით დასაბუთებულია სააპელაციო პალატის მსჯელობა, რომ საქმის განსახილველად მომზადების საკითხს წყვეტს უშუალოდ სასამართლო.

რაც შეეხება მ.ღ-შვილის მითითებას, რომ გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილში სააპელაციო სასამართლომ არ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 285-ე მუხლზე, რომლის მოთხოვნებსაც განჩინება უნდა აკმაყოფილებდეს, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ განჩინების სარეზოლუციო ნაწილში მიეთითება მხოლოდ ის საპროცესო ნორმები, რომელთა უშუალო საფუძველზეც საქმეზე ესა თუ ის გადაწყვეტილება მიიღება, შესაბამისად, ყველა საპროცესო ნორმის ასახვა განჩინების სარეზოლუციო ნაწილში სავალდებულო არ არის.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი: B

საკასაციო სასამართლომ იხელმძრვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მ. ღ-შვილის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 21 აპრილის განჩინება დარჩეს უცვლელად.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.