ას-465-813-07 23 ივლისი, 2007 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე)
ნ.კვანტალ.ნი (მომხსენებელი), მ. ცისკაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი _ ს. შ-ი
წარმომადგენელი – დ. გ-ი
მოწინააღმდეგე მხარე _ ლ. თ-ა, ნოტარიუსი თ. გ-ი
გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 24 აპრილის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის დაბრუნება იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად
დავის საგანი _ გარიგების ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
თ. ვ-ის კანონიერმა წარმომადგენელმა ლ. მ-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში ნოტარიუს თამილა გ-სა და ლ. თ-ს მიმართ თ.ვ-სა და ლ.თ-ს შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის შესახებ შემდეგი საფუძვლით: სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის 2005 წლის 8 სექტემბრის ¹44 დასკვნის თანახმად, მოსარჩელე თ. ვ-ს 2002 წლიდან დაუდგინდა ფსიქიკური დაავადება, რის გამოც მას არ შეუძლია შეიგნოს თავისი მოქმედების შედეგები. .... საქალაქო სამსახურის კომისიამ თ. ვ-ს დაუნიშნა მეურვე ლ. მ-ი. მოსარჩელე საკუთრების უფლებით ფლობდა ქ.თბილისში, ... ქ.¹15-ში მდებარე ოროთახიან ბინას. 2005 წლის 16 თებერვალს თ. ვ-მა აღნიშნული ბინა მიჰყიდა მოპასუხე ლ. თ-ს, რომელმაც ისარგებლა მოსარჩელის ფსიქიკური მდგომარეობით და სადავო უძრავი ნივთი მიიღო ყოველგვარი საფასურის გადახდის გარეშე. სადავო ხელშეკრულება დამოწმდა ნოტარიუს თ. გ-ს მიერ. მითითებული გარიგება ბათილია, ვინაიდან თ.ვ-ს არ შეეძლო მისი დადების ნება გამოევლინა.
საქმეში დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე მესამე პირად ჩაება ქ.თბილისის მერიის ... ორგანო.
მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 13 აპრილის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა და სადავო ნასყიდობის ხელშეკრულება ცნობილ იქნა ბათილად.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ლ. თ-მ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
2006 წლის 6 დეკემბერს სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მიმართა ს. შ-მა, რომელმაც განმარტა, რომ 2006 წლის 29 მარტს თ. ვ-ი გარდაიცვალა. 2001 წლის 5 მაისის ანდერძის თანახმად, ს. შ-ი წარმოადგენს მის მემკვიდრეს, რის გამოც იგი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის საფუძველზე, საქმეში ჩაბმულ უნდა იქნეს მოსარჩელის უფლებამონაცვლედ. განმცხადებელმა წარმოადგინა თ. ვ-ის გარდაცვალების მოწმობისა და 2001 წლის 5 მაისის ანდერძის ასლები, ასევე ქ.თბილისის ნოტარიუს მ. ჩ-ის მიერ გაცემული 2006 წლის 20 ნოემბრის ¹... ცნობა იმის შესახებ, რომ 2006 წლის 14 სექტემბერს ს.შ-მა მიმართა ნოტარიუსს თ.ვ-ის სამკვიდროს მისაღებად.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 24 აპრილის განჩინებით ს. შ-ს შუამდგომლობა თ. ვ-ის საპროცესო უფლებამონაცვლედ ცნობის შესახებ არ დაკმაყოფილდა, ხოლო თ.ვ-ის საპროცესო უფლებამონაცვლედ დადგინდა საქართველოს ... სამინისტრო შემდეგ გარემოებათა გამო: სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ თ.ვ-ი გარდაიცვალა 2006 წლის 29 მარტს. მისი გარდაცვალებიდან გასულია კანონით დადგენილი სამკვიდროს მიღების ექვსთვიანი ვადა, ამდენად, სასამართლოს შეუძლია იმსჯელოს მის საპროცესო უფლებამონაცვლეობაზე. სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ ქ.თბილისის მერიის შესაბამისმა სამსახურმა 2006 წლის 7 ნოემბრის გადაწყვეტილებით ლ. მ-ს, სამოქალაქო კოდექსის 1300-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, თ.ვ-ის მეურვეობა შეუწყვიტა. საქმეში წარმოდგენილი ქ.თბილისის ნოტარიუს მ. ჩ-ის მიერ გაცემული 2007 წლის 10 იანვრის ცნობის მიხედვით, სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ ქ.თბილისი, ... ქუჩა ¹15-ში მდებარე სადავო ქონებაზე, რომელიც სადავო ნასყიდობის დადებამდე თ.ვ-ის საკუთრებას წარმოადგენდა, სამკვიდრო მოწმობა არავის სახელზე არ გაცემულა. სასამართლოს მითითებით, ს. შ-ი საპროცესო უფლებამონაცვლედ ცნობას ითხოვს თ.ვ-ის 2001 წლის 5 მაისის ანდერძის საფუძველზე, თუმცა მამკვიდრებელმა აღნიშნული ანდერძი გააუქმა 2004 წლის 2 ივნისს შედგენილი ახალი ანდერძით, რომელიც თავის მხრივ თ.ვ-ის განცხადებით ასევე ძალადაკარგულად იქნა ცნობილი ნოტარიუს ე.მ-ის მიერ. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 1343-ე და 1444-ე მუხლებით და მიიჩნია, რომ თ. ვ-ის უფლებამონაცვლე არ დადგენილა, ამდენად ასეთად უნდა დადგინდეს საქართველოს ... სამინისტრო.
სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე ს. შ-ის წარმომადგენელმა დ. გ-მა შეიტანა კერძო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის დაბრუნება იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად შემდეგი საფუძვლით: სააპელაციო სასამართლომ არ მიიღო მხედველობაში, რომ 2001 წლის 5 მაისს თ.ვ-მა კანონით დადგენილი წესითა და ფორმით მთელი თავისი ქონება, მათ შორის, სადავო ბინა, უანდერძა ს. შ-ს. მართალია, მამკვიდრებელმა 2004 წლის 2 ივნისის ახალი ანდერძით გააუქმა აღნიშნული საანდერძო განკარგულება, მაგრამ მოგვიანებით თავისი განცხადებით გააუქმა ასევე 2004 წლის 2 ივნისის ანდერძიც. სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ 2002 წლიდან თ. ვ-ი ცნობილ იქნა ქმედუუნაროდ და ამ მომენტიდან მის მიერ შედგენილ ანდერძსა და გარიგებებს იურიდიული ძალა ვერ მიენიჭება. გასაჩივრებული განჩინების არგუმენტს წარმოადგენს ნოტარიუს მ.ჩ-ის ცნობა, რომ თ.ვ-ის სამკვიდრო არავის არ მიუღია. ფაქტობრივად, ს.შ-მა ნოტარიუსს სადავო მემკვიდრეობის მისაღებად კანონის მოთხოვნათა დაცვით მიმართა, თუმცა სამკვიდრო მოწმობა ვერ გაიცა, რადგან სამკვიდრო ქონებაზე სასამართლოში დავა მიმდინარეობს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ს. შ-ს წარმომადგენელ დ. გ-ს კერძო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სადავო ან სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი სამართლებრივი ურთიერთობიდან ერთ-ერთი მხარის გასვლის შემთხვევაში (მოქალაქის გარდაცვალება, იურიდიული პირის რეორგანიზაცია, მოთხოვნის დათმობა, ვალის გადაცემა და სხვა) სასამართლო დაუშვებს ამ მხარის შეცვლას მისი უფლებამონაცვლით. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საქმეში მონაწილე მხარის გარდაცვალებისას, კანონით განსაზღვრული გარკვეული შეზღუდვების გათვალისწინებით, უნდა დადგინდეს მისი უფლებამონაცვლე, რომელიც განსახილველ დავაში გარდაცვლილი მხარის ადგილს დაიკავებს.
მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალებში წარმოდგენილი გარდაცვალების მოწმობით ირკვევა, რომ 2006 წლის 29 მარტს გარდაიცვალა მოსარჩელე თ. ვ-ი.
ქ.თბილისის ნოტარიუს მ. ჩ-ის მიერ 2007 წლის 10 იანვრის გაცემული ცნობის მიხედვით, თ. ვ-ის სამკვიდროში შემავალი ქ.თბილისში, ... ქუჩა ¹15-ში მდებარე სადავო უძრავი ქონება დასახელებული ნოტარიუსის სამოქმედო ტერიტორიაზე მდებარეობს და აწ გარდაცვლილი თ. ვ-ის სამკვიდრო არავის არ მიუღია.
ასევე საქმის მასალებით დასტურდება, რომ ... საქალაქო სამსახურმა 2006 წლის 7 ნოემბრის გადაწყვეტილებით ლ. მ-ს თ. ვ-ზე მეურვეობა შეუწყვიტა.
დაუსაბუთებელ. კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრება, რომ იგი თ. ვ-ის მემკვიდრეა 2001 წლის 5 მაისის ანდერძის საფუძველზე, ვინაიდან საქმის მასალებით დასტურდება, რომ აღნიშნული ანდერძი მამკვიდრებელმა გააუქმა 2004 წლის 2 ივნისის ახალი საანდერძო განკარგულებით და მიუხედავად იმისა, რომ თ. ვ-ის განცხადებითვე გაუქმდა 2004 წლის 2 ივნისის ანდერძიც, სამოქალაქო კოდექსის 1399-ე მუხლის თანახმად, ს. შ-ს სახელზე გაცემულ 2001 წლის 5 მაისის ანდერძს იურიდიული ძალა ვერ მიენიჭება. მითითებული ნორმის მიხედვით, ანდერძი, რომელიც გაუქმდა შემდგომში შედგენილი ანდერძით, არ შეიძლება აღდგენილ იქნეს იმ შემთხვევაშიც კი, თუ უფრო გვიან შედგენილი ანდერძი შემდგომში გაუქმდება განცხადების შეტანით. F
ამდენად, სააპელაციო სასამართლომ სავსებით მართებულად უთხრა უარი ს. შ-ს საქმეში მოსარჩელე თ. ვ-ის უფლებამონაცვლედ ჩაბმაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ს. შ-ს წარმომადგენელ დ. გ-ს კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 24 აპრილის განჩინება დარჩეს უცვლელი.
სახელმწიფო ბაჟი გადახდილ..
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.