ას-467-815-07 10 სექტემბერი 2007 წ.
ქ.თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მიხეილ გოგიშვილი (თავმჯდომარე)
მ. ცისკაძე (მომხსენებელი), ნუნუ კვანტალიანი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის შემომტანი პირი – შპს “ .. ..” (მოპასუხე)
წარმომადგენელი _ გ. ი-ი
მოწინააღმდეგე მხარე – თ. თ-ი, ი. ც-ა და ე. გ-ი (მოსარჩელეები)
გასაჩივრებული სასამართლოს განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 7 მაისის განჩინება
დავის საგანი _ სახელფასო დავალიანების ანაზღაურება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და მათი საჩივრის დასაშვებობის შესამოწმებლად საქმის ხელახალი განხილვისათვის იმავე სასამართლოსათვის დაბრუნება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
თ. თ-მა, ი. ც-მ და ე. გ-მა 2005 წლის თებერვალში სასარჩელო განცხადებით მიმართეს სასამართლოს მოპასუხე შპს “ .. ..” მიმართ და მოითხოვეს მოპასუხე ორგანიზაციისათვის სახელფასო დავალიანების გადახდა. მოსარჩელეებმა სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება მოითხოვეს იმ საფუძვლით, რომ წლების განმავლობაში მუშაობდნენ მოპასუხე ორგანიზაციაში ... თანამდებობაზე და ხელფასის სახით იღებდნენ 56 ლარს. 2000 წელს ... რეგისტრაციაში გატარდა შპს-ს სახით, რის შემდეგაც მათ ხელფასი შეუმცირდათ. 3 წლის განმავლობაში 4-5 თვის გარდა მათთვის ეს შემცირებული თანხაც არ მიუციათ, რის გამოც რამდენჯერმე მიმართეს საავადმყოფოს ადმინისტრაციას, მაგრამ უშედეგოდ, პასუხი არ მიუღიათ. მოსარჩელეების განმარტებით, მოპასუხე ორგანიზაციის დავალიანება თ.თ-ს მიმართ შეადგენს 1503 ლარს, ე.გ-ს მიმართ 1600 ლარს, ხოლო ი.ც-ს მიმართ _ 1620 ლარს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 2 ოქტომბრის გადაწყვეტილებით თ. თ-ს, ი. ც-ს და ე. გ-ს სასარჩელო მოთხოვნა ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. მოპასუხეს მოსარჩელე თ. თ-ს სასარგებლოდ დაეკისრა ორი თვის გამოსასვლელი თანხა 60 (სამოცი) ლარი, 2000 წლის აპრილის თვის მიუღებელი ხელფასი 30 ლარი და 83 თეთრი, მაისის თვის 21 ლარი და 81 თეთრი; მოპასუხეს მოსარჩელე ე. გ-ს სასარგებლოდ დაეკისრა ორი თვის გამოსასვლილი თანხა 60 ლარი, 2000 წლის აპრილის თვის მიუღებელი ხელფასი 34 ლარი და 45 თეთრი, მაისის თვის 27 ლარი და 11 თეთრი; მოპასუხეს მოსარჩელე ი. ც-ს სასარგებლოდ დაეკისრა ორი თვის გამოსასვლელი თანხა 60 ლარი, 2000 წლის აპრილის თვის მიუღებელი ხელფასი 22 ლარი და 35 თეთრი, მაისის თვის 33 ლარი და 19 თეთრი.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა თ. თ-მა, ი. ც-მ და ე. გ-მა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 24 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით თ. თ-ს, ე. გ-სა და ი. ც-ს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 2 ოქტომბრის გადაწყვეტილება თ. თ-ს, ე. გ-სა და ი. ც-ს სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; თ. თ-ს, ე. გ-სა და ი. ც-ს სარჩელი მიუღებელი ხელფასის ანაზღაურების თაობაზე დაკმაყოფილდა. შპს “ .. ..” მოსარჩელე თ. თ-ს სასარგებლოდ დაეკისრა 1391 ლარის, ე. გ-ს სასარგებლოდ 1479 ლარის და ი. ც-ს სასარგებლოდ 1505 ლარის გადახდა.
დაუსწრებელი გადაწყვეტილებაზე საჩივარი შეიტანეს შპს “ .. ..” დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ბ.კ-მ და მთავარმა ბუღალტერმა გ. ი-მა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 23 თებერვლის განჩინებით შპს “ .. ..” დირექტორის მოვალეობის შემსრულებელს ბ. კ-სა და გ.ი-ს დაევალათ ამ განჩინების ასლის გადაცემის მომენტიდან 10 დღის ვადაში საჩივრის ხარვეზის შევსება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 238-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა”, “გ”, “დ” და “ე” ქვეპუნქტებისა და ამავე მუხლის მეორე ნაწილის მოთხოვნათა შესაბამისად, ასევე ბ. კ-ის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების (დირექტორობის) დამადასტურებელი სამეწარმეო რეესტრის ამონაწერისა და გ.ი-სათვის შპს “ .. ..” სახელით საჩივრის შეტანის უფლებამოსილების მინიჭების დამადასტურებელი მინდობილობის წარმოდგენა. განჩინებით საჩივრის ავტორს განემარტა, რომ სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში საჩივარი აღარ მიიღებოდა დაუშვებლობის გამო.
შპს “ .. ..” გენერალურმა დირექტორმა ზ. ქ-მ 2007 წლის 28 მარტს განცხადებით მიმართა სააპელაციო სასამართლოს და წარუდგინა მის მიერ გაცემული მინდობილობა იმის შესახებ, რომ მოცემული საქმის სააპელაციო საჩივართან დაკავშირებით საქმის წარმოების უფლებამოსილებას ანიჭებს საავადმყოფოს მთავარ ბუღალტერს გ. ი-ს და დირექტორს ბ. კ-ს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 10 აპრილის განჩინებით შპს “ .. ..” გაუგრძელდა საჩივრის ხარვეზის შევსების ვადა ამ განჩინების ჩაბარებიდან 10 დღით და დაევალა ამ ვადაში საჩივრის ხარვეზის შევსება საქართველოს სამოქალქო საპროცესო კოდექსის 238-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა”, “გ”, “დ” და “ე” ქვეპუნქტების შესაბამისად, ასევე გ. ი-სა და ბ. კ-სათვის შპს “.. ..” სახელით საჩივრის შეტანის უფლებამოსილების მინიჭების დამადასტურებელი მინდობილობის და ზ. ქ-ს წარმომადგენლობითი უფლებამოსილების (დირექტორობის) დამადასტურებელი სამეწარმეო რეესტრის ამონაწერის წარმოდგენა. საჩივრის ავტორს განემარტა, რომ სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში საჩივარი აღარ მიიღებოდა დაუშვებლობის გამო.
შპს “ .. ..” გენერალურმა დირექტორმა ზ. ქ-მ 2007 წლის 27 აპრილს მიმართა განცხდებით სააპელაციო სასამართლოს და ხარვეზის შევსების მიზნით წარადგინა ცნობა იმის თაობაზე, რომ საჩივარი სააპელაციო სასამართლოში შეტანილია შპს “ .. ..” მთავარი ბუღალტრის ი-ს მიერ, მან სასამართლოს ასევე წარუდგინა გ. ი-ს სასამართლო სხდომაზე საპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის დამადასტურებლი ცნობა და ასევე მოცემული საქმის თაობაზე სხვა დოკუმენტები.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 7 მაისის განჩინებით შპს “ .. ..” საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 24 იანვრის დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე დარჩა განუხილველი დაუშვებლობის გამო. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ შპს “ .. ..” დირექტორს სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში ხარვეზი არ შეუვსია, კერძოდ, მის მიერ არ იქნა წარმოდგენილი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 238-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნათა შესაბამისად ჩამოყალიბებული საჩივარი, ასევე არ იქნა წარმოდგენილი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 98-ე მუხლის შესაბამისად ჩამოყალიბებული მინდობილობები გ. ი-სა და ბ. კ-სათვის შპს “ .. ..” სახელით საჩივრის შეტანის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე და 63-ე მუხლებით და ჩათვალა, რომ ვინაიდან საჩივრის ავტორმა შპს “ .. ..” სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში არ შეავსო ხარვეზი, მისი საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 24 იანვრის დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე განუხილველად უნდა დარჩეს დაუშვებლობის გამო.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 7 მაისის განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა შპს “ .. ..” წარმომადგენელმა გ. ი-მა, რომლითაც მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 23 თებერვლის და 7 მაისის განჩინებების გაუქმება და მისი საჩივრის დასაშვებობის შესამოწმებლად საქმის ხელახალი განხილვისათვის დაბრუნება. კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, მათ მიერ შევსებულია სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზი. კერძო საჩივარში აღნიშნულია, რომ სასამართლო სხდომაზე მათი გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო მისი, როგორც მოპასუხის წარმომადგენლის მძიმე ავადმყოფობით, სასამართლო სხდომაზე მონაწილეობა ვერ მოახერხა მათი საზოგადოების დირექტორმა ზ.ქ-მ, რადგან მიმდინარეობდა საავადმყოფოს ლიკვიდაცია და დავალებული ჰქონდა მისი ხელმძღვანელობა, ხოლო სხვა თანამშრომლები ლიკვიდაციის გამო დროებით დათხოვნილი იყვნენ სამსახურიდან, რის გამოც ვერ მოხერხდა სხვა წარმომადგენლის გამოყოფა სასამართლო პროცესზე მონაწილეობისათვის. კერძო საჩივრის ავტორმა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლის პირველ ნაწილზე მითითებით განმარტა, რომ მოცემულ შემთხვევაში დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები იურიდიულად რამდენად ამართლებენ მოსარჩელეთა მოთხოვნას არ არის საფუძვლიანად დასაბუთებული. კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, კერძოდ გამოყენებულია უკვე გაუქმებული შრომის კანონთა კოდექსის 96-ე მუხლი. სასამართლოს მოცემული დავის გადაწყვეტისას უნდა გამოეყენებინა ახალი შრომის კოდექსი, რომლის მე-7 თავი ახლებურად აწესრიგებს შრომის ანაზღაურების ფორმას და ოდენობას, გაცემის დროს და ადგილს. ამავე კოდექსის 32-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად კი დასაქმებულის ბრალით გამოწვეული იძულებითი მოცდენა არ ანაზღაურდება. მათ პირველი ინსტანციის, ასევე სააპელაციო სასამართლოებში მიუთითეს, რომ მოსარჩელეები სისტემატურად არღვევდნენ შრომის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოვალეობებს და აცდენდნენ სამსახურს, შესაბამისად, როგორც ხელშეკრულებით იყო გათვალისწინებული ეძლეოდათ ანაზღაურებაც, რაც დასტურდება საქმეში არსებული უწყებებით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო პალატა საქმის მასალების განხილვის, კერძო საჩივრის მოტივების შემოწმების შედეგად თვლის, რომ შპს “ .. ..”-ს წარმომადგენლის კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს; მოცემულ საქმეზე უნდა გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 7 მაისის განჩინება და საქმე მისი საჩივრის დასაშვებობის შესამოწმებლად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შემდეგ გარემოებების გამო:
საკასაციო პალატს დაუსაბუთებლად მიაჩნია სააპელაციო სასამართლოს მოსაზრება იმის შესახებ, რომ ვინაიდან შპს “ .. ..”-ს დირექტორმა სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში არ შეავსო ხარვეზი, კეძოდ, არ წარმოადგინა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 98-ე მუხლის შესაბამისად ჩამოყალიბებული მინდობილობები გ. ი-სა და ბ. კ-სათვის, ამიტომ ამ ორგანიზაციის საჩივარი იმავე სასამართლოს 2007 წლის 24 იანვრის დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე დაუშვებელია. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 98-ე მუხლის I ნაწილის თანახმად უფლებამოსილება სასამართლოში საქმის წარმოების შესახებ უფლებას აძლევს წარმომადგენელს მარწმუნებლის სახელით შეარულოს ყველა საპროცესო მოქმედება, გარდა სარჩელის აღძვრისა, არბიტრაჟისათვის საქმის გადაცემისა, სასარჩელო მოთხოვნაზე მთლიანად ან ნაწილობრივ უარის თქმისა, სარჩელის ცნობისა, სარჩელის საგნის შეცვლისა, მორიგებისა, სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრებისა, სააღსრულებო ფურცლის გადასახდევინებლად წარდგენისა, მიკუთვნებული ქონების ან ფულის მიღებისა. წარმომადგენლის უფლებამოსილება ამ მუხლში აღნიშნული თითოეული მოქმედების შესრულებისათვის სპეციალურად უნდა იქნეს აღნიშნული მარწმუნებლის მიერ გაცემულ მინდობილობაში. როგორც საქმის მასალებით ირკვევა შპს “ .. ..” გენერალურმა დირექტორმა ზ. ქ-მ 2007 წლის 27 აპრილს მიმართა განცხდებით სააპელაციო სასამართლოს და ხარვეზის შევსების მიზნით წარადგინა ცნობა იმის თაობაზე, რომ საჩივარი სააპელაციო სასამართლოში შეტანილია შპს “ .. ..” მთავარი ბუღალტრის ი-ს მიერ (ს.ფ. 263); ხოლო ს.ფ. 268-269-ზე წარმოდგენილია ორგანიზაციის გენერალური დირექტორის ზ. ქ-ს მინდობილობები, რომლითაც იგი ენდობა მთავარ ბუღალტერს გ. ი-ს და ბ. კ-ს რათა წარმართონ სააპელაციო სასამართლოში საავადმყოფოს მომჩივან თანამშრომელთა საქმიანობა სახელფასო მონაცემების შესახებ. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებებზე, რომ სააპელაციო სასამართლომ საერთოდ არ შეაფასა ზემოაღნიშნული დოკუმენტები, არ იმსჯელა მათი შინაარსიდან გამომდინარე ხომ არ არის გამოხატული მარწმუნებლის ნება გ. ი-სა და ბ. კ-სათვის საჩივრის შეტანის უფლებამოსილების მინიჭების თაობაზე.
სააპელაციო სასამართლომ შპს “ .. ..” საჩივარი იმავე სასამართლოს 2007 წლის 24 იანვრის დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე დაუშვებლად მიიჩნია იმ საფუძვლითაც, რომ საჩივრის ავტორმა სასამართლოს მიერ დათქმულ ვადაში არ შეავსო ხარვეზი და არ წარმოადგინა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 238-ე მუხლის I ნაწილის მოთხოვნათა შესაბამისად ჩამოყალიბებული საჩივარი. საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო პალატამ საერთოდ არ იმსჯელა ს.ფ.264-ზე წარმოდგენილ შპს “ .. ..” გენერალური დირექტორის ზ. ქ-ს მიერ ხარვეზის შევსების მიზნით სააპელაციო სასამართლოს სახელზე 2007 წლის 27 აპრილს წარდგენილი იმ დოკუმენტის თაობაზე, სადაც იგი მიუთითებს გ. ი-ს სააპელაციო პალატის სხდომაზე გამოუცხადებლობის მიზეზების შესახებ.
ყოველივე ზემოაღნიშნული მიუთითებს იმაზე, რომ სააპელაციო პალატის განჩინება შპს “ .. ..” საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ დაუსაბუთებელია, რის გამოც იგი უნდა გაუქმდეს და საჩივრის დასაშვებობის შესამოწმებლად დაუბრუნდეს იმავე პალატას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე, 284-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
დაკმაყოფილდეს შპს “ .. ..”-ს კერძო საჩივარი.
გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 7 მაისის განჩინება და შპს “ .. ..”-ს საჩივრის დასაშვებობის შესამოწმებლად საქმე დაუბრუნდეს იმავე პალატას.
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.