ას-468-816-07 23 ივლისი, 2007 წ.
ქ.თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
მოსამართლე თ. თოდრია
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – ა. ტ-ი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ნ. შ-ე (მოსარჩელე)
დავის საგანი – ქონების პირველადი რეგისტრაციისათვის გაწეული ხარჯების ანაზღაურება
გასაჩივრებული სასამართლოს განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 26 აპრილის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის განსახილველად მიღება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ა. ტ-მა სარჩელით მიმართა სასამართლოს ნ. შ-ის მიმართ და მოითხოვა ქონების პირველადი რეგისტრაციისათვის გაწეული ხარჯების ანაზღაურება. ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 8 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით, ა. ტ-ს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ მოპასუხის გამოუცხადებლობის გამო, მოპასუხე ნ. შ-ს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 800 ლარის გადახდა, ხოლო სასარჩელო მოთხოვნას უძრავი ქონების პირველადი რეგისტრაციის დავალდებულების თაობაზე ეთქვა უარი უსაფუძვლობის გამო.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ა. ტ-ს წარმომადგენელმა გ. გ-მ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 26 აპრილის განჩინებით ა. ტ-ს წარმომადგენლის – გ. გ-ის სააპელაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩა განუხილველად.
ზემოაღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა ა. ტ-მა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2007 წლის 22 ივნისის განჩინებით ა. ტ-ს დაევალა ამ განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის სახით 50 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის წარმოდგენა. განჩინებით მას განემარტა, რომ სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში კერძო საჩივარი განუხილველი დარჩებოდა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების განხილვის, კერძო საჩივრის შემოწმების შედეგად თვლის, რომ ა. ტ-ს კერძო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის საფუძველზე საკასაციო სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ა. ტ-ს კერძო საჩივრის დასაშვებობა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2007 წლის 22 ივნისის განჩინებით ა. ტ-ს დაევალა ამ განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის სახით 50 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის წარმოდგენა. განჩინებით კერძო საჩივრის ავტორს განემარტა, რომ სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში კერძო საჩივარი განუხილველი დარჩებოდა (ს.ფ. 103-104). მოცემული განჩინება საქმეში მითითებულ მისამართზე ა. ტ-სა და მის წარმომადგენელ გ. გ-ს გაეგზავნა 2007 წლის 26 ივნისს (ს.ფ. 105-106), რაც კერძო საჩივრის ავტორს პირადად ჩაჰბარდათ 2007 წლის 2 ივლისს (ს.ფ. 107). კერძო საჩივრის ავტორს შეეძლო განჩინებაში მითითებული ხარვეზი გამოესწორებინა 2007 წლის 9 ივლისის ჩათვლით, მაგრამ, როგორც, საქმის მასალებით ირკვევა, კერძო საჩივრის ავტორს საკასაციო სასამართლოსთვის არ წარმოუდგენია სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველად დარჩება.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მოცემულ შემთხვევაში ეს ნორმა ვრცელდება კერძო საჩივარზე.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ა. ტ-ს კერძო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლით, 396-ე მუხლის მესამე ნაწილით, 284-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ა. ტ-ს კერძო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 26 აპრილის განჩინებაზე დარჩეს განუხილველი;
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.