Facebook Twitter

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

№271აპ-17 ქ. თბილისი

კ. თ-ზ, 271აპ-17 4 ოქტომბერი, 2017 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),

ნინო გვენეტაძე, პაატა სილაგაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 22 თებერვლის განაჩენზე ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ ადილარ წირღვავას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 26 სექტემბრის განაჩენით თ. კ., –ნასამართლობის არმქონის, – ქმედება საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდა სსკ-ის 178-ე მუხლის 1-ლ ნაწილზე და მიესაჯა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობით, 4 წლის გამოსაცდელი ვადით; მასვე სასჯელის ვადაში მოხდილად ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო – 2015 წლის 11 აგვისტოდან იმავე წლის 24 აგვისტოს ჩათვლით. გაუქმდა თ. კ-ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება – გირაო და გირაოს უზრუნველსაყოფად ი. კ-ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (მდებარე თ-ის რაიონის სოფელ ს-ში, ს/კ – --) 5000 ლარის ღირებულების წილს მოეხსნა ყადაღა.

2. აღნიშნული განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 22 თებერვლის განაჩენით დარჩა უცვლელად.

3. პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, თ. კ-ეს ბრალი დაედო ძარცვაში, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლებაში მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი ბინაში უკანონო შეღწევით, რაც გამოიხატა შემდეგში:

· 2015 წლის 9 აგვისტოს, დილის საათებში, ქ-ში, დ. ა-ის გამზ. №--ში მდებარე ფ. კ-ის დროებითი საცხოვრებელი ოთახიდან თ. კ. აშკარად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დაეუფლა ფ. კ-ის თანხას – 140 ლარს.

4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა პროკურორმა ადილარ წირღვავამ.

5. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით ბრალდების მხარე ითხოვს გასაჩივრებული განაჩენის გაუქმებას, თ. კ-ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და სასჯელის განსაზღვრას მისი პიროვნული მახასიათებლების გათვალისწინებით.

6. მსჯავრდებულ თ. კ-ის ინტერესების დამცველი, ადვოკატი თ. ი. შესაგებლით ითხოვს საკასაციო საჩივრის – დაუკმაყოფილებლად, ხოლო გასაჩივრებული განაჩენის – უცვლელად დატოვებას.

7. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

8. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არც ერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

9. საკასაციო საჩივრისა და საქმის შესწავლის შედეგად საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს გარემოება, რომლის გამოც საქმეს ექნებოდა არსებითი მნიშვნელობა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.

10. პროკურორი ადილარ წირღვავა ვერ უთითებს ისეთ სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო პალატის განმარტებას. საკასაციო პალატა სრულად ეთანხმება და იზიარებს სააპელაციო პალატის განაჩენის მოტივაციას კასატორის საჩივარში მითითებული არგუმენტების უსაფუძვლობის დასაბუთების თვალსაზრისით. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას (მაგალითისათვის იხ. №419აპ-14) და არც საკასაციო პალატის მიერაა მოსალოდნელი ამ საქმეზე პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება. პალატა დამატებით აღნიშნავს, რომ თ. კ-ეს არ მიუმართავს არანაირი უკანონო ხერხისთვის ღია სახლში შესასვლელად და არც ჰქონდა ამის საჭიროება, ვინაიდან საცხოვრებელი სახლი ეკუთვნოდა მსჯავრდებულის ბიძას, რომელთანაც იგი ხშირად დადიოდა და ღამესაც ათევდა.

11. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით სრულად დადასტურდა თ. კ-ის ბრალეულობა საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, რის გამოც ბრალდების მხარის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

12. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ ადილარ წირღვავას საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე

პ. სილაგაძე