ას-472-783-09 4 აგვისტო, 2009 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ლ. ლაზარაშვილი, ნ. კვანტალიანი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – ი. მ-შვილი, ლ. მ-შვილი, ნ. მ-შვილი, ჰ. მ-შვილი
წარმომადგენ. _ კ. ბ-ძე
მოწინააღმდეგე მხარე – გ. დ-ძე
გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 24 მარტის განჩინება
განმცხადებლის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება
დავის საგანი _ ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2000 წლის 27 სექტემბერს გ. დ-ძესა და გ. მ-შვილს შორის დაიდო იპოთეკის ხელშეკრულება, რომლითაც იპოთეკით დაიტვირთა გ. მ-შვილის საკუთრებაში არსებული ბინა სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების _ 15200 აშშ დოლარის უზრუნველსაყოფად. სესხის დაბრუნებისათვის გათვალისწინებული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ კრედიტორმა _ გ. დ-ძემ მოითხოვა იპოთეკით დატვირთული ბინის რეალიზაცია. გ. მ-შვილმა თავის მხრივ შეგებებული სარჩელით მიმართა სასამართლოს და გ. დ-ძესთან დადებული იპოთეკის ხელშეკრულების ბათილად ცნობა მოითხოვა. შეგებებულ სარჩელში მიეთითა, რომ 2000 წლის 27 სექტემბერის იპოთეკის ხელშეკრულების დადებაში მონაწილეობდა საშუამავლო ფირმის წარმომადგენ. ლ. ჟ-ენტი, რომელმაც გ. მ-შვილს მოტყუებით დაადებინა აღნიშნული ხელშეკრულება.
2002 წლის 12 ივნისს სააპელაციო პალატამ დააკმაყოფილა გ. დ-ძის სარჩელი იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების რეალიზაციის თაობაზე. ხოლო გ. მ-შვილის უფლებამონაცვლეებს: ი. ლ. ნ. და ჰ. მ-შვილებს უარი ეთქვათ იპოთეკის ხელშეკრულების ბათილად ცნობაზე უსაფუძვლობის გამო.
2007 წლის 1 ნოემბერს აწ გარდაცვლილი გ. მ-შვილის უფლებამონაცვლეებმა: ი. ლ. ნ. და ჰ. მ-შვილებმა განცხადებით მიმართეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2002 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება მოითხოვეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 24 მარტის განჩინებით ი. ლ. ნ. და ჰ. მ-შვილების განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ არ დაკმაყოფილდა. სასამართლომ აღნიშნა, რომ ახალი გარემოება და მტკიცებულება მხოლოდ მაშინ შეიძლება გახდეს საქმის წარმოების განახლების საფუძველი, თუ იგი არსებობდა გადაწყვეტილების მიღებამდე და მხარემ არ იცოდა მისი არსებობის შესახებ. ამიტომ განმცხადებლის მიერ მითითებული გარემოება არ ჩაითვლება ახლად აღმოჩენილად, რადგან აპელანტები სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას მიუთითებდნენ მასზე, თუმცა ვერ შეძლეს ამის დადასტურება. განმცხადებლების მიერ მტკიცებულების სახით წარმოდგენილი განაჩენი, რომლითაც ლ. ჟ-ენტი ცნობილ იქნა დამნაშავედ გ. მ-შვილის მიმართ თაღლითობაში, გამოტანილია 2006 წლის 23 თებერვალს, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ (2002 წლის 12 ივნისის შემდეგ) და ამიტომ ის ვერ იქნება გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი. ხოლო, განმცხადებლების მოსაზრება იპოთეკის ხელშეკრულების ყალბად ცნობის თაობაზე, პალატამ არ გაიზიარა, რადგან სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას აპელანტები სადავოდ ხდიდნენ მხოლოდ იპოთეკის ხელშეკრულებით უზრუნველყოფილი სესხის ოდენობას და არ უარყოფდნენ აღნიშნული ხელშეკრულების ნამდვილობას.
2009 წლის 11 მაისს ი. ლ. ნ. და ჰ. მ-შვილებმა კერძო საჩივრით მომართეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატას და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 24 მარტის განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება მოითხოვეს.
კერძო საჩივარში მითითებულია, რომ იპოთეკის ხელშეკრულება გ. დ-ძესა და გ. მ-შვილს შორის გაფორმდა ლ. ჟ-ენტის შუამავლობით, რომელმაც მოატყუა გ. მ-შვილი და თაღლითური გზით გააფორმებინა იპოთეკის ხელშეკრულება გ. დ-ძესთან 15 200 აშშ დოლარზე, ხოლო რეალურად გ. მ-შვილს მისცა 7 000 აშშ დოლარი. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 4 სექტემბრის განაჩენით ლ. ჟ-ენტს სხვა დანაშაულებრივ ეპიზოდებთან ერთად ბრალად შეერაცხა გ. მ-შვილის მიმართ თაღლითობა. განაჩენით დადგენილია, რომ ლ. ჟ-ენტმა თაღლითურად გამოსძალა ფული გ. მ-შვილს ზემოხსენებული იპოთეკის ხელშეკრულების დადებისას.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2009 წლის 12 ივნისის განჩინებით ი. ლ. ნ. და ჰ. მ-შვილების კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ საქმის ზეპირი განხილვის გარეშე შეისწავლა საქმის მასალები, კერძო საჩივრის სამართლებრივი საფუძვლები და თვლის, რომ ი. ლ. ნ. და ჰ. მ-შვილების კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპქროცესო კოდექსის 423-ე მუხლის თანახმად სასამართლოს განაჩენი შეიძლება გახდეს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების საფუძველი მხოლოდ ,,ა”-,,გ” ქვეპუნქტებში აღნიშნული საფუძვლებით. ასეთი საფუძვლების არსებობაზე არც განცხადების ავტორი მიუთითებს და განაჩენიდანაც არ იკვეთება.
რაც შეეხება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის ,,ვ” ქვეპუნქტის გამოყენებას, ამ ნორმის შესაბამისად სასამართლოს განაჩენი მხოლოდ მაშინ შეიძლება იყოს მნიშვნელოვანი, როდესაც განაჩენით არის დადგენილი საქმისათვის მნიშვნელოვანი ახალი გარემოებები, რომელიც არსებობდა საქმის განხილვის დროს, რომელიც ადრე რომ ყოფილიყო წარმოდგენილი სასამართლოში გამოიწვევდა მხარის სასარგებლო გადაწყვეტილების გამოტანას და რომელთა შესახებ მხარემ არ იცოდა და არც შეიძლება სცოდნოდა სამოქალაქო საქმის განხილვის დროს.
დადგენილია, რომ გ. მ-შვილსა და გ. დ-ძეს შორის დაიდო იპოთეკით უზრუნველყოფილი სესხის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც გამსესხებელმა გ. დ-ძემ გ. მ-შვილს ასესხა 15200 აშშ დოლარი 6 თვის ვადით, ამ უკანასკნელმა კი სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დატვირთა თავის სახელზე რიცხული ბინა (აეროდრომის დასახლება ¹7, სახლი 21). გ. მ-შვილმა ვერ შეძლო სესხის დადგენილ ვადაში დაბრუნება, რის გამოც სასამართლომ გადაწყვიტა მოეხდინა იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების აუქციონის წესით რეალიზაცია.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 4 სექტემბრის განაჩენით დადგენილია, რომ ლ. ჟ-ენტმა მოაწყო გ. დ-ძისა და გ. მ-შვილის შეხვედრა, რათა გაფორმებინათ იპოთეკით უზრუნველყოფილი სესხის ხელშეკრულება. აღნიშნული ხელშეკრულება დაიდო 15200 აშშ დოლარის სესხებაზე, მაგრამ რეალური თანხა, რაც ლ. ჟ-ენტმა გ. დ-ძეს გამოართვა იყო 9500 აშშ დოლარი, საიდანაც მხოლოდ 7000 აშშ დოლარი გადასცა გ. მ-შვილს, რომელსაც 6 თვის განმავლობაში დარიცხული პროცენტებით უნდა შეედგინა 15200 აშშ დოლარი. აქვე მითითებულია, რომ ლ. ჟ-ენტმა ხელშეკრულების გაფორმების მომენტისათვის 2500 აშშ დოლარი გამოართვა გ. მ-შვილს, რისი დაბრუნებაც ვეღარ შეძლო. აღნიშნულიდან გამომდინარე, ლ. ჟ-ენტი ცნობილი იქნა დამნაშავედ თაღლითობაში და დაეკისრა 8200 აშშ დოლარის გადახდა გ. მ-შვილის უფლებამონაცვლის _ ლ. მ-შვილის სასარგებლოდ.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონულ სასამართლოში გ. მ-შვილის მიერ წარდგენილი შეგებებული სარჩელიდან ირკვევა, რომ მან იპოთეკის ხელშეკრულების დადებამდე მოვალე _ გ. მ-შვილი წინასწარ იყო ინფორმირებული, რომ 2000 წლის 27 სექტემბერს დადებულ იპოთეკის ხელშეკრულებაში მითითებული და მისთვის გადაცემული თანხები სხვადასხვა იქნებოდა. მიუხედავად ამისა, იგი დათანხმდა იპოთეკით დაეტვირთა მისი კუთვნილი ბინა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს, კრედიტორსა და მოვალეს ერმანეთის მიმართ გააჩნიათ ვალდებულებები, რომლებიც უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ვალდებულების ძალით, რომელიც წარმოიშობა მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულებით, კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება ან მისგან თავის შეკავება. მოვალე თავის მხრივ ვალდებულია შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული კრედიტორის მოთხოვნა. მოცემულ შემთხვევაში, იპოთეკის ხელშეკრულების მხარეებს წარმოადგენენ გ. დ-ძე და გ. მ-შვილი, რომელთაც ერთმანეთის მიმართ გააჩნდათ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები. ის გარემოება, რომ ლ. ჟ-ენტმა მოატყუა მოვალე _ გ. მ-შვილი და თაღლითური გზით გამოსძალა ფული, არ გამორიცხავს კრედიტორის უფლებას მოითხოვოს შესრულება და მოვალის ვალდებულებას _ შეასრულოს კრედიტორის მოთხოვნა. ლ. ჟ-ენტი არ წარმოადგენს ხელშეკრულების მხარეს, ამიტომ ხელშეკრულების შესრულება ვერ იქნება დამოკიდებული მის თაღლითურ ქმედებებზე. ის ფაქტი, რომ ლ. ჟ-ენტს ბრალად შეერაცხა გ. მ-შვილის მიმართ თაღლითობა, ამ უკანასკნელს უფლებას აძლევს მოითხოვოს თაღლითობით მიყენებული ზიანის ანაზღაურება, მაგრამ არა გ. დ-ძესთან დადებული იპოთეკის ხელშეკრულების ბათილად ცნობა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად არ დააკმაყოფილა ი. ლ. ნ. და ჰ. მ-შვილების განცხადება და არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ი. ლ. ნ. და ჰ. მ-შვილების კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
უცვლელად დარჩეს მოცემულ საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 24 მარტის განჩინება;
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.