Facebook Twitter

ას-472-820-07 17 ივლისი, 2007 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

მოსამართლე: მ. ცისკაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – თ. თ-ი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ნ. ა-ი (მოსარჩელე)

დავის საგანი – ბინიდან გამოსახლება

გასაჩივრებული სასამართლოს განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 21 მაისის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის განხილვა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

ნ. ჩ-მ 2004 წლის აპრილში სარჩელით მიმართა სასამართლოს მოპასუხე თ. თ-ის მიმართ და მოითხოვა მისი ბინიდან გამოსახლება.

ქ.თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 29 ივნისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით თ. თ-ი გამოსახლებულ იქნა ბინიდან მდებარე, მესამე მასივი, ..., კორპუსი ¹.., ბინა ¹196-დან.

ზემოაღნიშნულ გადაწყვეტილებაზე საჩივარი შეიტანა თ. თ-მა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით.

ქ.თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 26 ივლისის განჩინებით უარი ეთქვა თ. თ-ს საჩივრის დაკმაყოფილებაზე, ხოლო დაუსწრებელი გადაწყვეტილება დარჩა ძალაში, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა თ. თ-მა. მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004 წლის 24 დეკემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა ქ.თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 26 ივლისის განჩინება.

დაუსწრებელი გადაწყვეტილება გაასაჩივრა თ. თ-მა და მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის წარმოების განახლება.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 25 თებერვლის განჩინებით სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 84-ე მუხლის შესაბამისიად, არასათანადო მოსარჩელე ნ. ჩ-ე შეიცვალა სათანადო მოსარჩელე _ ნ. ა-ით, ხოლო ამავე კოდექსის 89-ე მუხლის თანახმად, ნ. ჩ-ე საქმეში ჩაერთო მესამე პირად დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე; იმავე სასამართლოს განჩინებით გაუქმდა სააპელაციო პალატის 2004 წლის 24 დეკემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და განახლდა საქმის წარმოება.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 31 მაისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით ნ. ა-ის სარჩელი დაკმაყოფილდა. თ. თ-ი თანმხლებ პირებთან ერთად გამოსახლებულ იქნა ბინიდან მდებარე ქ.თბილისი, მე-3 მასივი, ... კორპ. ¹..., ბინა ¹196-დან და დაევალა ბინის პირვანდელ მდგომარეობაში აღდგენა. ამ გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ 2006 წლის 14 აგვისტოს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას განცხადებით მიმართა ნ. ა-ის წარმომადგენელმა მ. ჯ-მ, რომლითაც მოითხოვა, რომ თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 31 მაისის დაუსწრებელ გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობის გასწორება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 18 ოქტომბრის განჩინებით დაკმაყოფილდა ნ. ა-ის განცხადება; გასწორდა თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 31 მაისის დაუსწრებელი გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მეორე აბზაცი და სიტყვები „თ.თ-ი თანმხლებ პირებთან ერთად გამოსახლებულლ იქნას ბინიდან მდებარე, თბილისი, მე-3 მასივი, ... კორპ. ¹..., ბინა ¹196-დან“ შეიცვალა სიტყვებით „თ.თ-ი თანმხლებ პირებთან ერთად გამოსახლებულ იქნას ბინიდან მდებარე, თბილისი, ვარკეთილი მე-3 მასივი, ... კორპ. ¹..., ბინა ¹196-დან“.

ზემოაღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა თ. თ-მა, რაც საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2007 წლის 24 იანვრის განჩინებით არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 18 ოქტომბრის განჩინება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 21 მაისის განჩინებით ნ. ა-ის განცხადება ამავე პალატის 2005 წლის 31 მაისის დაუსწრებელი გადაწყვეტილების განმარტების შესახებ დაკმაყოფილდა; დაუსწრებელი გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი “სარჩელი დაკმაყოფილდეს. თ.თ-ი თანმხლებ პირებთან ერთად გამოსახლებულ იქნას ბინიდან მდებარე თბილისი, ვარკეთილი, მე-3 მასივი, ზ/პლატო კორპ. ... ბ 196-დან” განიმარტა იმდაგვარად, რომ “სარჩელი დაკმაყოფილდეს. თ. თ-ი თანმხლებ პირებთან ერთად გამოსახლებულ იქნას ბინიდან მდებარე თბილისი, ვარკეთილი, მე-3 მასივი, ... კორპ. ... ბინა 196-დან”.

თ.თ-მა კერძო საჩივარი შეიტანა ზემოაღნიშნულ განჩინებაზე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2007 წლის 25 ივნისის განჩინებით თ. თ-ს დაევალა ამ განჩინების ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის _ 50 ლარის ჩარიცხვის ქვითრის წარმოდგენა. აღნიშნული განჩინებით მას განემარტა, რომ სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში კერძო საჩივარი არ დაიშვებოდა და დარჩებოდა განუხილველი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების განხილვის, კერძო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად თვლის, რომ თ. თ-ის კერძო საჩივარი განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმის მასალებით დადგენილია, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2007 წლის 25 ივნისის განჩინებით თ. თ-ს დაევალა ამ განჩინების ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის _ 50 ლარის ჩარიცხვის ქვითრის წარმოდგენა. აღნიშნული განჩინებით მას განემარტა, რომ სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში კერძო საჩივარი არ დაიშვებოდა და დარჩებოდა განუხილველი (ს.ფ. 219-220). მოცემული განჩინება საქმეში მითითებულ მისამართზე გაეგზავნა კერძო საჩივრის ავტორს (ს.ფ. 222), რაც 2007 წლის 29 ივნისს ჩაბარდა თ-ს (ს.ფ. 223), ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კერძო საჩივრის ავტორს შეეძლო განჩინებაში მითითებული ხარვეზი გამოესწორებინა 2007 წლის 6 ივლისის ჩათვლით. მიუხედავად ამისა, მას განჩინებაში მითითებული ხარვეზი არ გამოუსწორებია სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველად დარჩება.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მოცემულ შემთხვევაში ეს ნორმა ვრცელდება კერძო საჩივარზე.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ თ. თ-ის კერძო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი დაუშვებლობის გამო.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-420-ე მუხლით, 396-ე მუხლის მესამე ნაწილით, 284-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

თ. თ-ის კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 21 მაისის განჩინებაზე დარჩეს განუხილველი.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.