Facebook Twitter

ას-474-715-08 21 ივლისი, 2008 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მიხეილ გოგიშვილი (თავმჯდომარე)

მოსამართლეები:

ნუნუ კვანტალიანი (მომხსენებელი), ლალი ლაზარაშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი _ შპს «ს.-ი», შპს «ა.-ი», ტ. ქ.-ა

მოწინააღმდეგე მხარე _ სს «თ.-ი»

გასაჩივრებული განჩინება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 24 მარტის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი _ ვალდებულების შესრულება, იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაცია

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სს «თ.-მა» სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს «ს.-ის», შპს «ა.-ის», დ. ს.-ს, ტ. ქ.-სა და ნ. თ.-ის მიმართ კრედიტის დაბრუნებისა და იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციის შესახებ.

ფოთის საქალაქო სასამართლოს 2002 წლის 18 სექტემბრის გადაწყვეტილებით სს «თ.-ის» სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, შპს «ს.-ის» დაეკისრა სესხის ძირითადი თანხის _ 34699,41 აშშ დოლარისა და პროცენტის _ 2880,53 აშშ დოლარის გადახდა. დავალიანების დასაფარად დადგინდა იპოთეკით დატვირთული შემდეგი ქონების რეალიზაცია: ქ.ზუგდიდში, ...-ის ქ.¹228-ში მდებარე ტ. ქ.-ს საცხოვრებელი ბინა, ქ.ზუგდიდში ...-ის ქ.¹17-ში მდებარე დ. ს.-ს საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი და მასზე მდებარე ნაგებობები, შპს «ს.-ის» საკუთრებაში არსებული ქ.ზუგდიდში, ...-ის ქ.¹17-ში მდებარე ... აგრეგატი.

მოცემული საქმე არაერთხელ იქნა განხილული სხვადასხვა ინსტანციის სასამართლოს მიერ.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004 წლის 19 მაისის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით შპს «თ.-ის» სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს _ 6032 აშშ დოლარის მოპასუხისათვის დაკისრებისა და მოქალაქე ნ. თ.-ის საცხოვრებელი სახლის საჯარო აუქციონზე რეალიზაციის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში გაუქმდა და ამ ნაწილში სს «თ.-ის» სარჩელი დაკმაყოფილდა, შპს «ს.-ის» მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა პირგასამტეხლოს _ 6032 აშშ დოლარის გადახდა და დადგინდა ნ. თ.-ის საცხოვრებელი სახლის საჯარო აუქციონზე რეალიზება.

სს «თ.-მ» განცხადებით მიმართა სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვა ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2004 წლის 19 მაისის გადაწყვეტილებაზე სააღსრულებო ფურცლის დუბლიკატის გაცემა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 24 მარტის განჩინებით სს «თ.-ის» განცხადება დაკმაყოფილდა და დადგინდა სააღსრულებო ფურცლის დუბლიკატის გაცემა ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2004 წლის 19 მისის გადაწყვეტილებაზე შემდეგ გარემოებათა გამო: სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2007 წლის 7 სექტემბრის წერილზე სს «თ.-ის» მიმართ, რომლითაც ირკვევა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ გაცემული ¹2/ბ-187-04-05 სააღსრულებო ფურცელი სს «თ.-ის» კრედიტორული დავალიანების გამო ნ. თ.-ის მიმართ რეგისტრირებული არ არის და საქმეზე სააღსრულებო წარმოება არ მიმდინარეობს. პალატამ ასევე გამოარკვია, რომ სამეგრელო-ზემოსვანეთის სააღსრულებო ბიუროში არ შესულა არც ძირითადი სესხის ნაწილში სააღსრულებო ფურცელი. სასამართლომ იხელმძღვანელა «სააღსრულებო წარმოებათა შესახებ» კანონის 23-ე მუხლით და ჩათვალა, რომ სს «თ.-ის» მოთხოვნა საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე შპს «ს.-მ», შპს «ა.-მ» და ტ. ქ.-მ შეიტანეს კერძო საჩივარი და მოითხოვეს მისი გაუქმება შემდეგი საფუძვლებით: სადავო სააღსრულებო ფურცელში მოვალე ტ. ქ.-ს მისამართი არასწორადაა მითითებული და დაუზუსტებელია, ვინაიდან ტ.ქ.-ა ...-ის ქ.¹228-ში არ ცხოვრობს. ამასთან, გასაჩივრებული განჩინება უსამართლოა, რადგან გადახდევინება მიექცა დ. ს.-სა და ტ. ქ.-ს მთელ ქონებაზე, რა დროსაც არ იქნა გათვალისწინებული «სააღსრულებო წარმოებათა შესახებ» კანონის 45-ე მუხლის მეორე ნაწილი.

მოცემულ საქმეზე ირკვევა, რომ ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004 წლის 19 მაისის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით შპს «ს.-ის» სს «თ.-ის» სასარგებლოდ დაეკისრა 6032 აშშ დოლარის გადახდა და დადგინდა ნ. თ.-ის საცხოვრებელი სახლის საჯარო აუქციონზე რეალიზება, რაზეც ამოიწერა სააღსრულებო ფურცელი.

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს მიერ 2007 წლის 7 სექტემბერს გაცემული ¹01/07-03-391 ცნობით დასტურდება, რომ ქუთაისის საოლქო სასამართლოს მიერ გაცემული ¹2-187-04-05 სააღსრულებო ფურცელი სს «თ.-ის» საკრედიტო დავალინებაზე ნ. თ.-ის მიმართ რეგისტრირებული არ არის და მასზე სააღსრულებო წარმოება არ მიმდინარეობს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს «ს.-ის», შპს «ა.-ისა» და ტ. ქ.-ს კერძო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

«სააღსრულებო წარმოებათა შესახებ» კანონის 20-ე მუხლის თანახმად, სააღსრულებო წარმოება არ დაიშვება სააღსრულებო ფურცლის გარეშე. სააღსრულებო ფურცელი გაიცემა იმ გადაწყვეტილებაზე, რომელიც ამ კანონით ექვემდებარება აღსრულებას. ამავე კანონის 23-ე მუხლით კი, სააღსრულებო ფურცლის დაკარგვის შემთხვევაში სასამართლოს, რომელმაც გასცა პირველი ეგზემპლარი, შეუძლია გასცეს დუბლიკატი. მითითებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება ხდება შესაბამის გადაწყვეტილებაზე სააღსრულებო ფურცლის გაცემისა და სააღსრულებო ბიუროში წარდგენის გზით, რის საფუძველზეც იხსნება სააღსრულებო წარმოება. ამასთან, კანონმდებელი ითვალისწინებს სააღსრულებო ფურცლის დაკარგვის შემთხვევაში მისი დუბლიკატის გაცემის შესაძლებლობას იმავე სასამართლოს მიერ, რომელმაც თავდაპირველი სააღსრულებო ფურცელი გასცა.

მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალებში წარმოდგენილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2007 წლის 7 სექტემბრის ¹01/07-03-391 ცნობით დასტურდება, რომ ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004 წლის 19 მაისის კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებაზე გაცემული სააღსრულებო ფურცელი სააღსრულებო ბიუროში არ დარეგისტრირებულა და მასზე სააღსრულებო წარმოება არ დაწყებულა.

ამდენად, ზემოაღნიშნული კანონის დანაწესის შესაბამისად, სს «თ.-ის» მოთხოვა სააღსრულებო ფურცლის დუბლიკატის გაცემის თაობაზე დასაბუთებულია და სააპელაციო სასამართლომ მართებულად გაიზიარა.

საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებას, რომ გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს, რადგან სააღსრულებო ფურცელში ტ. ქ.-ს მისამართი არასწორადაა მითითებული, ამასთან, აღსრულება მიექცა დ.ს.-სა და ტ.ქ.-ს მთელ ქონებაზე, რაც «სააღსრულებო წარმოებათა შესახებ» კანონის 45-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით დაუშვებელია. სადავო სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე სასამართლო გადაწყვეტილებით შპს «ს.-სათვის» დაკისრებული თანხის დასაფარად გადახდევინება მიექცა ნანა თოფურიძის საცხოვრებელ სახლზე და არა დ.ს.-სა და ტ.ქ.-ს ქონებაზე. ამდენად, კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრება დაუსაბუთებელია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

შპს «ს.-ის», შპს «ა.-ისა» და ტ. ქ.-ს კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 24 მარტის განჩინება დარჩეს უცვლელი.

სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.