ას-474-861-07 16 ივლისი, 2007 წ.
.თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე)
მოსამართლეები:
ნ. კვანტალიანი (მომხსენებელი), მ. ცისკაძესაქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი _ ვ. ქ-ა
მოწინააღმდეგე მხარე _ შპს “ .. ..” (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 10 აპრილის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა
დავის საგანი – უფლებამონაცვლედ ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
შპს “ .. ..” სარჩელი აღძრა სასამართლოში ქ.თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს სამეწარმეო რეესტრის მიმართ კოოპერატივ “ .. ..” უფლებამონაცვლედ ცნობის შესახებ.
ქ.თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილებით შპს “ .. ..” სარჩელი დაკმაყოფილდა და მოსარჩელე ცნობილ იქნა კოოპერატივ “ .. ..” უფლებამონაცვლედ.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ვ. ქ-მ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 10 აპრილის განჩინებით ვ.ქ-ს სააპელაციო საჩივარი ცნობილ იქნა დაუშვებლად შემდეგ გარემოებათა გამო: სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 364-ე მუხლით და მიიჩნია, რომ ვ.ქ-ა საქმეში არც მხარეს და არც დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის მქონე მესამე პირს არ წარმოადგენს, ამდენად, მას სააპელაციო საჩივრის შეტანის უფლებამოსილება არ ჰქონდა.
სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე ვ.ქ-მ შეიტანა კერძო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება, საქმეში დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის მქონე მესამე პირად ჩაბმა და სააპელაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა შემდეგი საფუძვლით: რაიონული სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება უშუალოდ ეხება ვ. ქ-ს ინტერესებს, კერძოდ, შპს “ .. ..” სამოქალაქო სარჩელით მოითხოვა კოოპერატივ “ .. ..” კუთვნილი შენობიდან ვ.ქ-სა და სხვათა გამოსახლება. საპასუხოდ მოპასუხეებმა შეგებებული სარჩელით მოითხოვეს შპს “ .. ..” რეგისტრაციის გაუქმება. ამდენად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება გავლენას იქონიებს მითითებული დავის გადაწყვეტაზე, რის გამოც ვ.ქ-ს უნდა მიეცეს ქ.თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ვ. ქ-ს კერძო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კი უნდა დარჩეს უცვლელი შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 364-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს პირველი ინსტანციით გამოტანილი გადაწყვეტილება მხარეებმა და მესამე პირებმა დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით შეიძლება კანონით დადგენილ ვადაში გაასაჩივრონ სააპელაციო სასამართლოში. მითითებული ნორმა ადგენს რა სააპელაციო საჩივრის შეტანის უფლებამოსილების მქონე პირთა წრეს, სხვა პირთა მიერ სააპელაციო საჩივრის შეტანას არ ითვალისწინებს.
მოცემულ შემთხვევაში ვ ქ-ა განსახილველ სამოქალაქო საქმეში შპს “ .. ..” სარჩელის გამო ქ.თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს სამეწარმეო რეესტრის მიმართ არც მხარეს და არც დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის მქონე მესამე პირს არ წარმოადგენს. ამასთან, აღსანიშნავია, რომ მხარის მიერ გასაჩივრებული რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება ვ.ქ-ს მიმართ გამოტანილი არ არის და მის კანონიერ ინტერესებს არ ხელყოფს.
ამდენად, სავსებით დასაბუთებულია სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა, რომ ვ. ქ-ს სააპელაციო საჩივრის შეტანის უფლება არ გააჩნია და მისი სააპელაციო საჩივარი მართებულად დარჩა განუხილველი.
ასევე დაუსაბუთებელია კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა საქმეში დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის მქონე მესამე პირად ჩართვის შესახებ, ვინაიდან სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა საკასაციო ინსტანციაში პირის მხარედ ან მესამე პირად საქმეში ჩართვას არ ითვალისწინებს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ვ. ქ-ს კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 10 აპრილის განჩინება დარჩეს უცვლელი.
სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.